ბოლო დღემდე ელოდებოდა როლი "მოხუც ჯამბაზებში"... - კვირის პალიტრა

ბოლო დღემდე ელოდებოდა როლი "მოხუც ჯამბაზებში"...

სხეული დრომ და სნეულებამ დაუჯაბნა, მაგრამ გული ძველებურად ახალგაზრდული ჰქონდა, ისევ უნდოდა აქტიურად ეცხოვრა, როლები ეთამაშა... სამწუხაროდ, ვეღარ გაუძლო... კარლო საკანდელიძე 82 წლისა გარდაიცვალა.

პირველად რომ ვეწვიე შინ, ერთი-ორი წლის გადასული იყო ახალ ბინაში... მაშინ მიამბო, რომ რამდენჯერმე მოინდომა ხეების გახარება ეზოში და ხან უგულო ადამიანები ხელყოფდნენ ნერგებს, ხან უყურადღებოები... ის კი მეთერთმეტე სართულიდან გადმოხედავდა და თუ თვალს შეასწრებდა, აუცილებლად საყვედურით  მიაძახებდა: შეხედეთ, ნერგია! ნუ დაამტვრევთ, ნუ გადაუვლითო!

დიდი და მცირე როგორ არ არსებობს დედამიწაზე, მაგრამ მცირესაც რომ ისე უყვარს სიცოცხლე, როგორც დიდს, ყვავილსაც რომ ისე უხარია მზის ამოსვლა, როგორც ადამიანს, ხომ უნდა გვახსოვდესო, - მითხრა.

ძალიან მგრძნობიარე ადამიანი იყო, მაგრამ ამას არ გამოხატავდა. თუმცა, მაშინ უნდა გენახათ, წარსულზე როცა ლაპარაკობდა, მამამისის მონადირე ძაღლს ან მოხდენილ ცხენს როცა  იხსენებდა... უყვარდა ცხოველებიც, მცენარეებიც, უყვარდა მთელი სამყარო!..

ახლა, როცა კარლო საკანდელიძე ზეციურ სამყოფელში გადავიდა, მისი დარგული ხე კვლავ შრიალებს, მისი ნათამაშები როლებიც ისევ განიჭებს სიამოვნებასა და სიხარულს.

თავისი ხელოვნებით ცხოვრობდა, მაგრამ   წარმატებაზე საუბარს ერიდებოდა.

თავმდაბალი იყო, სახალხო არტისტობაც თითქოს დააძალესო...

- მახსოვს, სერგო ზაქარიაძემ მითხრა, სახალხო არტისტობაზე უნდა წარგადგინოო, - მიამბობდა ძველ ამბავს თავისებური იუმორით, - მე უარი ვთქვი, რა დროს ეგ არის-მეთქი. - ეე, შე შტერო, როცა გერგება, უნდა მიიღოო, - მითხრა და შემიტანა სიაში.

ნამდვილად ერგებოდა, რადგან ყველა როლი, რომელიც ითამაშა სცენასა თუ ეკრანზე, წარმატებული იყო, მიუხედავად იმისა, რამდენი ხნით გამოჩნდებოდა, ამჩნევდი, მოგწონდა და გამახსოვრდებოდა.

ასე დაიმახსოვრა და შეიყვარა ყველამ პირველივე როლით - მენახშირე ბიჭით. მერე რა, რომ ეპიზოდური იყო, ეპიზოდური და სახასიათო როლები უფრო უყვარდა!

- "მაგდანას ლურჯასთვის" მსახიობებს არჩევდნენ. მენახშირეზე ბევრი გასინჯეს... მერე აკაკი ვასაძეს უთქვამს, სხვას რას ეძებთ, აგერ კარლო საკანდელიძე გასინჯეთო. დამიძახეს და ფილმზე დამამტკიცეს კიდეც. გამიხარდა. სახასიათო როლები მიყვარდა ძალიან. ყველაზე მეტად "დათა თუთაშხიაში" ნიკანდროს როლი მიყვარს.

ჭაბუამაც თქვა ერთ შეხვედრაზე, ჩემს დაწერილს ყველაზე მეტად კარლო საკანდელიძე ჰგავსო... სირცხვილით გავიპარე დარბაზიდან... მომერიდა ძალიან.

ღელავდა და ერიდებოდა, ვარსკვლავი რომ გაუხსნეს, თუმცა სიხარულის ცრემლი უბრწყინავდა თვალზე.

გული დასწყდა, "მოხუც ჯამბაზებში" რომ ვერ ითამაშა... ჩიოდა, ვერ შევძელი, თორემ მეც მაძლევდნენ მთავარ როლსო...

ბოლო დღემდე ელოდებოდნენ კოლეგები, რომ უკეთ გახდებოდა, სცენაზე დადგებოდა, "მოხუცი ჯამბაზების" რეპეტიციებს ერთად გაივლიდნენ და უკანასკნელი ოცნება აუსრულდებოდა ყველასათვის საყვარელ მსახიობს.

სამწუხაროდ, ვერ შეძლო...

ვერც იმას მოესწრო, რაც ძალიან ადარდებდა: საქართველოს გამთლიანებას. სნეულს თავისი ტკივილი დაავიწყა დიდმა უბედურებამ.  2008 წლის აგვისტოს შემდეგ გულმოკლული ამბობდა:

- ამ ომმა ხომ ბოლო მომიღო! ყველაფერი დამავიწყა საქართველოს უბედურებამ. ფაშისტებზე უარესი მტერი შემოგვესია...

ტკივილით სავსე წავიდა, აუხდენელი ოცნებები გაიყოლა...

კარლო საკანდელიძეს დიდუბის მწერალთა და მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალავენ.