"ახლა კაცები უფრო მეტს ჭორაობენ, ვიდრე ქალები. ქალები უფრო სასტიკები გახდნენ, მამაკაცები - ჭორიკანები" - კვირის პალიტრა

"ახლა კაცები უფრო მეტს ჭორაობენ, ვიდრე ქალები. ქალები უფრო სასტიკები გახდნენ, მამაკაცები - ჭორიკანები"

დანაყბედი, მითქმა-მოთქმა, ენაობა, ძრახვა, კილვა - ასეა განმარტებული სიტყვა "ჭორი" ლექსიკონში. ადამიანებს უყვართ ურთიერთობები, აინტერესებთ ერთმანეთის ცხოვრება და რა თქმა უნდა, საუბრისას ხშირად უყვებიან ერთმანეთს, ვინ დაქორწინდა, ვის ვისგან შეეძინა ბავშვი, ვინ ვისთან იჩხუბა და ა.შ. ეჭვი მაქვს, ჭორაობა მეტ-ნაკლებად ყველას უყვარს. რატომ გვიზიდავს ჭორაობა და ვინ უფრო მეტს ჭორაობს - ქალები თუ კაცები, ამას ჩვენი რესპონდენტებისგან შეიტყობთ.

ნინო მინდორაშვილი, გეშტალტ-ფსიქოლოგი:

- ჭორაობაში ადამიანები ზღვარს ვერ ვიცავთ. საცდური უფრო მეტია განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მეგობრებთან ერთად დაჯდები დროის გასატარებლად და განსატვირთად. თან რა ხდება: მაგალითად, მე გეუბნებით რაღაც ამბავს, რომელსაც თქვენ გადასცემთ სხვას, მაგრამ ინფორმაცია უკვე ფორმას იცვლის და მახინჯდება. გარკვეულ დეტალებს ამატებთ, რომ სხვა კუთხით წარმოჩინდეს ამბავი, უფრო მძაფრად, უფრო ემოციურად. თანაც, ჩვენ ყველაფერი ხომ არ გვამახსოვრდება? ბუნებრივია, რაღაც დეტალები გვავიწყდება და იმიტომ, რომ სიტუაციის ნათელი სურათი შევქმნათ, თვითონ ვუმატებთ - აი, შენ არ იცი, იქ რა ხდებოდა და ა.შ. - ამ მიზეზით... ზოგჯერ გაგონილს ურთიერთობების ასაწყობად, გასართობად, იუმორით ვამატებთ რაღაცებს და ასე ვიღებთ ჭორს.

- კაცები უფრო მეტს ჭორაობენ თუ ქალები? - ჭორაობენ ქალებიც, კაცებიც და ბავშვებიც. არ აღიარებენ, მაგრამ კაცებსაც უყვართ ჭორაობა. მათ ბევრი ისეთი რამ იციან, რაც გამკვირვებია. არსებობენ ჭორიკანობისკენ მიდრეკილი ადამიანები, ამაში გაჰყავთ მთელი ცხოვრება. ერთფეროვან ყოველდღიურობას მრავალ ფერს ამით სძენენ. იკითხავთ, რატომო? ასეთ ადამიანებს აქვთ ფსიქოლოგიური კომპლექსები, არარეალიზებულები არიან, თვითშეფასების პრობლემა აქვთ, დაკარგული ადამიანები არიან და იმის ნაცვლად, რომ თავიანთ პრობლემებზე იფიქრონ, სხვაში ეძებენ ცუდს. ჭორს ბევრჯერ სკანდალიც მოჰყვება. სკანდალში კი ეხვევიან ისინი, ვინც პოპულარობისთვის ექსცენტრიკულად იქცევიან და კიდევ ის ადამიანები, რომლებიც მასისგან რაღაცით გამოირჩევიან.

ოთო ნემსაძე, მომღერალი:

- რა თქმა უნდა, ქალები უფრო მეტს ჭორაობენ. თუ ფსიქოლოგები იძახიან, რომ ჩვენ უფრო მეტს ვჭორაობთ, არ ვეთანხმები მათ. აბა, რანაირად? ჩემი ცოლი და დედაჩემი რომ დასხდებიან, დილიდან საღამომდე ვერ რჩებიან ლაპარაკს. მე სად უნდა ვიჭორაო ან როდის? კაცის ჭორაობაც მომისმენია, მაგრამ კაცი ერთხელ იტყვის რაღაცას და მორჩა, ქალი - ცხრაასჯერ (იცინის), საქმეს ძირისძირობამდე გაარჩევს და ბოლომდე ჩაჰყვება. ჭორაობას მე ვეძახი, როცა ვინმეზე ლაპარაკობ ისე, რომ იმან არ იცის. განსაკუთრებით მწარეები არიან ის ქალები, რომელთაც ასაკობრივი კრიზისი აქვთ. იჭორავეთ ქალებო, კარგია ეგ, ცუდი კი არ არის, ცუდი ენერგიისგან იცლებით მაგ დროს...

გიორგი სუხიტაშვილი, მომღერალი:

- ჭორაობა ალბათ, უფრო ქალებს უყვართ. მე არასდროს მიყვარდა ბევრი ლაპარაკი, მით უფრო, პირად ცხოვრებაზე. არც პირს უკან ვინმეზე რამის თქმა მიყვარს და თუ რამეს ვიტყვი, ე.ი. უკვე პირშიც მაქვს ნათქვამი მისთვის. ჩემი აზრით, მამაკაცები კი არ ჭორაობენ, უფრო ტრაბახობენ რაღაც-რაღაცებზე.

- გაუბრაზებიხარ ჭორებს?

- ყოფილა ასეთი შემთხვევაც. თავიდან უფრო მტკივნეულად აღვიქვამდი, მერე მივხვდი, რომ ამას ყურადღება არ უნდა მიაქციო.

ნიკა კაკაბაძე, პაროდისტი:

- კაცებსაც უყვართ ჭორაობა, მაგრამ უფრო გულახდილი თუ ვიქნები, მგონი, ქალები მეტს ჭორაობენ. კაცები საუბრობენ სპორტის სახეობებზე, ქალებზე, პოლიტიკოსებზე. რაც შემეხება მე, ნაკლებად მიყვარს საუბარი, არ ვარ ჭორიკანა და ენაწყლიანი მოსაუბრე.

ნინო ჩხეიძე, მომღერალი:

- დაუფიქრებლად გეტყვით, რომ კაცები უფრო ბევრს ჭორაობენ. ისინი ჩვენ გვაბრალებენ ამას, მაგრამ სულ ტყუილად. ვფიქრობ, მათაც არანაკლები ცნობისმოყვარეობა ახასიათებთ...

თამუნა ლეკვეიშვილი, მსახიობი:

- ჭორიკანა კაცები რამდენიც გინდა, იმდენი შემხვედრია, რამდენი რამდენზეა, ვერ გეტყვი ზუსტად. გენდერულ ბალანსს დავიცავ ამ შემთხვევაში და ვიტყვი, რომ ორივე თანაბრად ჭორიკანობს. როგორც კაცები ამბობენ, მარტო ქალები ვართ ჭორიკანები, მაგრამ ასე არ არის.

პაატა თედიაშვილი, მომღერალი:

- დაახლოებით 20-21 წლის ვიყავი, როდესაც ერთ-ერთი სიმღერა ჩავწერე. მაშინ არ იყო სოცქსელები, მაგრამ ამის მიუხედავად, ბევრმა გამლანძღა, მათ შორის ცნობილმა ქორეოგრაფებმაც. ქართულ რადიოში მიმიწვიეს, გამლანძღეს და გამომიშვეს. სკანდალი გამოიწვია რეჩიტატივში სვანურმა ტექსტმა: "შინავორგილი, ვორგისი ვოსა,/ ღმერთმა მე ფრთები საფრენად მომცა,/ რომ ჩემი ქვეყნის სილამაზე მენახა,/ ჩემი დარდი და ოცნება შენა ხარ,/ ამდენი, რამდენი საოცარი ფერები,/ ყველგან მეფერება, თავს ვეღარ ვერევი,/ მენატრება, რაც უფრო ახლოს და შორსაა,/ შინა ვორგილი, ვორგილი, ვოსა". სვანებიც ძალიან გამიწყრნენ ამის გამო. მოკლედ, იყო ბევრი კრიტიკა, რამაც ვფიქრობ, უფრო შეუწყო ხელი ჩემს წარმატებას.

- ალბათ ბევრი ჭორი გაგიგია შენზე, ბრაზდები ხოლმე? - ამ ბოლო დროს მითხრეს რაღაც, ძალიან გამეცინა, მაგრამ ვეღარ ვიხსენებ, რა. "ბინდისფერია სოფელი" რომ ვიმღერე, მაშინ გავრცელდა ასეთი ჭორი: ამ ბიჭს გულმა უგრძნო, რომ კვდებოდა, ამიტომ ჩაწერა ეს სიმღერა და მართლაც ასე მოხდა, გარდაიცვალა, აი, რა არის წინათგრძნობაო. ასეთ ჭორებზე არ ვბრაზდები, აგრესიულებზე კი ბევრჯერ მიფიქრია პასუხის დაბრუნება, მაგრამ ისევ თავი შემიკავებია, აზრი არ აქვს და ამიტომ! მეორე დღეს ისევ იმავეს გააკეთებენ და იტყვიან. თუ საუბარს ჭორაობას დავარქმევთ, ჩემი მეგობრების წრეში მეც მიჭორავია, მილაპარაკია. ხომ იცით, შოუბიზნესის ამბები ყველას აინტერესებს და ათას რამეს მეკითხებიან, თუმცა არ მიყვარს კოლეგებზე რამის თქმა და ჭორაობა. რაკი ჭორაობ, ე.ი. გშურს მისი, ასე გამოდის, ხომ? ახლა მგონი, კაცები უფრო მეტს ჭორაობენ, ვიდრე ქალები. ქალები უფრო სასტიკები გახდნენ, მამაკაცები - ჭორიკანები, რაც უსაქმურობამ იცის. არაერთხელ იჭორავეს ჩემი დაოჯახების შესახებაც, მაგრამ ტყუილად...

- ახლო მომავალშიც არ აპირებ დაქორწინებას? - დაოჯახებას ყოველდღე ვაპირებ. რომ გათენდება, ვამბობ, - აი, დღეიდან უკვე სერიოზულად ვიფიქრებ-მეთქი, რადგან დედა ძალიან ნერვიულობს. ჩემი დაც გასათხოვარია და ეს სიტუაციას კიდევ უფრო ამძაფრებს (იცინის). თავიდან გარეგნობას ვაქცევდი დიდ ყურადღებას; როცა ვცეკვავდი, მაშინ უფრო ეშხიანი გოგონები მიზიდავდნენ. ახლა კი მინდა, ვიღაცამ იზრუნოს ჩემზე, თბილი და მშვიდი გარემო შემიქმნას. მოკლედ, ოლღა გურამიშვილისნაირი ადამიანი მჭირდება გვერდით.

თამო ვაშალომიძე, ფოტომოდელი: - ჭორების მეტი რა გამიგია ჩემზე... ბევრჯერ მამაკაცებს საჯაროდ ვულანძღივარ კომენტარებში და იმავე დროს, პირადში მოუწერიათ ჩემთვის და შეხვედრა უთხოვიათ. ზოგჯერ ვფიქრობ, საჯაროდ გამოვაქვეყნო ეს პირადი მიმოწერა. არა მგონია, ქალებზე ჭორიკანები იყვნენ კაცები, მაგრამ არც ჩამოუვარდებიან. მე და ჩემი დაქალი რომ დავსხდებით და ჭორაობას დავიწყებთ, ვითომ რომელიმე კაცი გვაჯობებს?

ნინო ჯავახიშვილი ჟურნალი "გზა"