"რუსმა ვიზიტორებმა ივლისსა და აგვისტოში ყველა ჯავშანი გააუქმეს - უმძიმეს მდგომარეობაში აღმოვჩნდით" - კვირის პალიტრა

"რუსმა ვიზიტორებმა ივლისსა და აგვისტოში ყველა ჯავშანი გააუქმეს - უმძიმეს მდგომარეობაში აღმოვჩნდით"

შეკვეთილში მდებარე სასტუმროების მფლობელები პარლამენტთან მიმდინარე აქციების ფონზე შექმნილ ვითარებას აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ ჯერ მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სესიაში მონაწილე რუსი დეპუტატების გაძევების და შემდგომ აქციებზე გაკეთებული განცხადებების საფუძველზე განვითარებული მოვლენების ფონზე, ზღვისპირა ზოლში მდებარე სასტუმროების მეპატრონეები უმძიმეს მდგომარეობაში აღმოჩნდნენ.

შეკვეთილში მდებარე სასტუმრო "საბას" მეპატრონე ნონა საბაძე "ინტერპრესნიუსთან" აცხადებს, რომ რუსმა ვიზიტორებმა ივლისსა და აგვისტოში ყველა ჯავშანი გააუქმეს.

"უმძიმეს მდგომარეობაში აღმოვჩნდით, აბსოლუტურად ცარიელია სასტუმროები, 30 000 დავხარჯე ბოლო პერიოდში იმისთვის, რომ ინფრასტრუქტურა გამეუმჯობესებინა და სეზონს უკეთ დავხვედროდით, მოვიმარაგეთ პროდუქტები თუ სხვა საშუალებები, ახლა კი, სასტუმრო აბსოლუტურად ცარიელია. ძირითადად, სწორედ რუს ტურისტებზე ვმუშაობთ და მასიურად აუქმებენ ჯავშნებს. ჯავშნებს აუქმებენ არა მხოლოდ ის ვიზიტორები, ვინც ჩამოსვლას თვითმფრინავით გეგმავდა, არამედ ისინიც, ვინც მანქანით მოდიოდა. თვლიან, რომ რუსი ტურისტების მიმართ საქართველოში აგრესიაა და უსაფრთხოების გარანტიებს ეჭვქვეშ აყენებენ. გამოვლენ ახლა და კამათს დამიწყებენ, მაგრამ ამ ყველაფრით მხოლოდ სასტუმროები არ ვზარალდებით, ყველას შეეხება. ყველა ამ მდგომარეობაშია ირგვლივ. ვეძებ, იქნებ არსებობდეს სასტუმროების ასოციაცია ან მსგავსი რამ, რომ ჩვენი უფლებების დაცვა შევძლოთ", - განაცხადა სასტუმრო ,,საბას" მფლობელმა ნონა საბაძემ.

"ინტერპრესნიუსი"