საპატრიარქო ხელისუფლებას მიმართავს - კვირის პალიტრა

საპატრიარქო ხელისუფლებას მიმართავს

საქართველოს საპატრიარქო ხელისუფლებას მიმართავს თხოვნით, მაქსიმალური ლოიალობა გამოიჩინონ 21 ივნისს აქციის დროს დაკავებული პირების მიმართ. აღნიშნულის შესახებ საპატრიარქოს განცხადებაშია ნათქვამი.

"კიდევ ერთხელ გამოვთქვამთ გულისტკივილს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით და თანავუგრძნობთ ყველა დაზარალებულს.

ამასთან, მივმართავთ ხელისუფლებას, კანონის შესაძლებლობის ფარგლებში, გამოიჩინონ მაქსიმალური ლოიალობა განსასჯელთა მიმართ.

მართალია, მათი ნაწილი უკვე გათავისუფლდა, მაგრამ ვთხოვთ, იყვნენ შემწყნარებელნი იმ სხვა დაკავებულთადმიც, რომელნიც, გულწრფელ ემოციებს აყოლილნი, ჩაერთნენ პროცესებში. ღმერთმა დალოცოს სრულიად საქართველო"- ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.

ამას გარდა, საპატრიარქო თხოვნით მიმართავს მრევლს, შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, წელს საქართველოში ამჯობინონ დასვენება.

"ა.წ. 19 ივნისიდან განვითარებულმა მოვლენებმა, შეიძლება ტურისტული მომსახურების სფეროში ჩართული არაერთი ჩვენი მოქალაქე სერიოზულად დააზარალოს, რადგან ბევრ მათგანს აღებული აქვს საბანკო კრედიტი და პრობლემები შეექმნება მის დაფარვაში. ამიტომაც, ვთხოვთ ხელისუფლებას და ბანკების ხელმძღვანელებს, ვიდრე ვითარება შეიცვლება, მაქსიმალურად გაუწიონ შეღავათი ტურისტულ სექტორში დასაქმებულ კრედიტორებს. ამასთან, ვთხოვთ ჩვენს მრევლს, – შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, წელს ამჯობინეთ დასვენება საქართველოში", - ნათქვამია განცხადებაში.

"ინტერპრესნიუსი"