"მხოლოდ მესამე დღეს გამოჩნდა ქართველი ქალბატონი, რომელიც ჩემ შვილს დაეხმარა... ბავშვი როგორ დამიბრუნდება, არ ვიცი" - კვირის პალიტრა

"მხოლოდ მესამე დღეს გამოჩნდა ქართველი ქალბატონი, რომელიც ჩემ შვილს დაეხმარა... ბავშვი როგორ დამიბრუნდება, არ ვიცი"

იტალიაში, კერძოდ კი ქალაქ რომში საქართველოდან სამოგზაუროდ წასული ბებია და შვილიშვილი ქვეყანაში არ შეუშვეს. ამის შესახებ ინფორმაცია, ბავშვის დედამ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

ანანო ჭიქაბერიძის განცხადებით, მისი 9 წლის შვილი, ბარბარე ვაშაკიძე უკვე რამდენიმე დღეა ბებიასთან ერთად იტალიის აეროპორტში ათევს ღამეებს. აეროპორტში ღამით ცივა, ბარბარეს კი პლედიც არ ჰქონდა, რომ გამთბარიყო. როგორც დედა გვიყვება, ბავშვის ბებიას ოფიციალური 90-იანი დღის ვიზის დასრულებამდე ორი დღე ჰქონდა დარჩენილი, რის გამოც ბებია-შვილიშვილი ქვეყანაში არ შეუშვეს.

- საქმე ის არის, რომ დედაჩემმა, რომელიც საქმიანი ვიზიტით უცხოეთში არაერთხელ ყოფილა, ამჯერად იტალიაში უკვე ბარბარეს წაყვანა გადაწყვიტა სამოგზაუროდ. ბავშვს ძალიან უხაროდა, - უკვე დიდია და ცუდი რატომ უნდა იყოს, თუ ბევრ რამეს ნახავს! სამწუხაროდ, ჩვენი შეცდომის გამო ბარბარე იტალიაში არ შეუშვეს, - აღმოჩნდა რომ დედას ოფიციალური 90-დღიანი ვიზის დასრულებამდე მხოლოდ 2 დღეს ჰქონდა დარჩენილი და მიზეზი ეს იყო. რაც, სამწუხაროდ, დათვლილი არ ჰქონდა. ასე რომ ბებია-შვილიშვილი 5 დღით იტალიის აეროპორტში აღმოჩნდნენ.

- რატომ 5 დღით? - იმიტომ რომ ეს ტურისტული ვიზიტი იყო და დედას 5 დღით იტალიაში ყოფნის შემდეგ უკვე თურქეთში ავიარეისზე ჰქონდა აღებული ბილეთი, რომ საქართველოში დაბრუნებულიყო.

- რატომ საელჩოს არ სთხოვეთ დახმარება? - ვთხოვე, თუმცა სიტუაცია ვერ შეიცვალა, მათ თურქეთის ავიარეისზე ბილეთების გადაცვლა შემომთავაზეს, რაც 700 დოლარი ღირდა. ეს თანხა კი ჩვენ არ გვქონდა. ასე რომ დედაჩემი და ჩემი გოგონა აეროპორტში დარჩნენ ღამის გასათევად, სადაც ნორმალური ძილი შეუძლებელია. თუმცა მთავარი პრობლემა ის იყო, რომ აეროპორტში ციოდა და დედაჩემი და ბავშვი 3 დღის განმავლობაში გაიყინნენ. ბავშვს პლედიც კი არ ჰქონდა რომ დაეფარებინა. ამიტომ გაცივდა, დედაჩემს კი ცისტიტი დაემართა საკმაოდ სერიოზული ფორმით.

- ბავშვისთვის პლედის მიტანა რატომ იყო ასეთი რთული? - არ ვიცი, ვერ გეტყვით. ძალიან ვნერვიულობ. მხოლოდ მესამე დღეს გამოჩნდა ქართველი ქალბატონი, რომელიც ამ აეროპორტში მუშაობდა და პლედი ბარბარეს მან მიუტანა. ბავშვი როგორ დამიბრუნდება არ ვიცი. სამწუხაროდ, იტალიაში უკვე ის სიტუაციია, რაც აქამდე ისრაელში ხდებოდა. ამავე აეროპორტის საკნებში ქართველები არიან, რომლებიც ქვეყანაში არ შეუშვეს და დახმარებას ითხოვენ მათ შორის, დიაბეტიანი ადამიანიც არის, რომელიც მძიმე მდგომარეობაშია.

ჩვენ დავუკაშირდით საგარეო საქმეთა სამინისტროს, სადაც გვითხრეს, რომ მათთვის ბარბარე ვაშაკიძის მდგომარეობის შესახებ ცნობილია და შესაბამისი ზომები მიღებულია.

(სპეციალურად საიტისთვის)