"სულ ამბობდა, სანდროს გარეშე ვერ ვიცოცხლებო და 10 წუთიც ვერ გაძლო..." - ერთი საოცარი სიყვარულის ისტორია - კვირის პალიტრა

"სულ ამბობდა, სანდროს გარეშე ვერ ვიცოცხლებო და 10 წუთიც ვერ გაძლო..." - ერთი საოცარი სიყვარულის ისტორია

გასულ წელს 78 წლის ასაკში გარდაიცვალა ქართველი რეჟისორი, დრამატურგი, თეატრალური უნივერსიტეტის პროფესორი, საქართველოს სახალხო არტისტი სანდრო მრევლიშვილი. ამ ტრაგიკულ ამბავს, რეჟისორის გარდაცვალებიდან რამდენიმე წუთში მეორე უბედურება მოჰყვა - გულის შეტევით სანდრო მრევლიშვილის მეუღლე, მანანა ჭელიძე გარდაიცვალა.

სანდრო მრევლიშვილის მიერ დაარსებული თეატრის "რუსთაველის 19"-ის მსახიობი სოფო მეძმარიაშვილიმა ემოციური პოსტი დაწერა "ფეიბუკის" პირად გვერდზე:

"მინდა სევდიანი მაგრამ საოცარი ისტორია მოგიყვეთ სიყვარულზე... ალბათ წიგნში თუ წაგიკითხავთ ან ფილმში გინახავთ მსგავსი სიყვარული, სიყვარული, რომელიც გაცოცხლებს და გკლავს, გრძნობა, რომელიც ძალიან მდიდარია ემოციებით და გრძნობა, რომელიც ყველას არ შეუძლია, მითუმეტეს ისე, როგორც ეს ქალბატონმა მანანამ შეძლო! სულ ამბობდა სანდროს გარეშე ვერ ვიცოცხლებო, ხოდა ვერ იცოცხლა!!! 10 წუთიც ვერ გაძლო... დარწმუნებული ვარ ახლა ისევ ერთად ხართ, ისევ ისე გიყვართ ერთმანეთი! მიყვარხართ მე თქვენ!

AMBEBI.GE-მ რამდენიმე ინტერვიუში, ოჯახის ახლობლები, თეატრალები ბატონ სანდროს და ქალბატონ მანანას იხსენებენ და ამბობენ, რომ ეს არის ტრაგედია, რომელსაც საოცარი რომანტიზმი ახლავს...

სანდრო მრევლიშვილი, რეჟისორის ძმისშვილი:

- ისეთი ადამიანები იყვნენ, რომლებიც ვერასდროს დაგავიწყდება. მანანა ბიცოლა სულ ამბობდა, სანდროს რომ რამე დაემართოს, ვერ გადავრჩებიო... მართლაც, როგორიც "რომეო და ჯულიეტას" ფინალია, დაახლოებით ისე დასრულდა მათი ურთიერთობაც. თუმცა, ზეციურ სამყაროში ისინი ცხოვრებას აგრძელებენ... ჩვენთვის ეს ყველაფერი ძალიან მძიმეა, მაგრამ ხანდახან ვფიქრობთ, რომ ალბათ მათთვის ასე ჯობდა... ასეთი ამბები მხოლოდ ზღაპრებში და კინოში ხდება ხოლმე.

სანდრო ძალიან უშუალო, მეგობრული, თბილი ადამიანი იყო, მანანაც საოცარი მეგობარი, ვერ ვგრძნობდით, რომ უფროსს ველაპარაკებოდით, მასთან ნებისმიერ პრობლემაზე, საკითხზე შეგვეძლო საუბარი. მიუხედავად ასაკობრივი სხვაობისა, თანამედროვე ადამიანი იყო, სულ ყვებოდა რაღაც სახალისო ისტორიებს. პრობლემასაც რაღაც იუმორისტულად გადაწყვეტდა.

ახლა ფოტოებს რომ ვათვალიერებდით, აღმოვაჩინეთ ასეთი სურათი, რომელსაც აწერია, რომ "ჩვენ იქაც ვითამაშებთ". მჯერა, ისინი იქ უკვე ერთად არიან...

მარი არღუთაშვილი, მსახიობი, სანდრო მრევლიშვილის სტუდენტი:

- ბატონი სანდრო ბოლო ორი წელი ავადმყოფობდა, თუმცა რეპეტიციები მხოლოდ ერთი კვირის წინ შეგვიწყდა... რეპეტიცია თეატრშიც გვქონდა და მასთან სახლშიც. სიარული უჭირდა და გვეუბნებოდა - ექიმები გარეთ გამოსვლას მიკრძალავენო, მაგრამ დაავადებას არ უდრკებოდა, განსაცდელს თავს არ უხრიდა, სულ საქმიანობდა...

ბატონი სანდრო ჩვენი პედაგოგი იყო, მასთან ურთიერთობა თეატრალურ უნივერსიტეტში დავიწყეთ და რომ დავამთავრეთ, ბატონ სანდროსთან რეპეტიციები არ შეგვიწყვეტია, მის მიერ დაარსებულ თეატრში "რუსთაველის 19"-ში გადმოვინაცვლეთ.... სულ თავიდან, პირველკურსელებს გვითხრა, რომ უზომოდ გვყვარებოდა ჩვენი პროფესია და ვყოფილიყავით ღირსეული მოქალაქეები. სცენაზე მოქალაქეები უნდა იდგეთ და გქონდეთ პასუხისმგებლობაო - იყო მისი რჩევა!

"მოქმედება და მხოლოდ მოქმედება არის თეატრის ძალის მიმცემი", - ილიას ცნობილი სიტყვები ასე ჰქონდა გადაკეთებული და აუდიტორიაში კედელზე ეკიდა. ეს პირველი შთაბეჭდილებები დღემდე მოგვყება და სულ გვახსოვს... მისი შეგონება იყო ასევე, - არავინ გაბედოთ თეატრალური ინტრიგები, გაიზრდებით და გაიგებთ, რა არის ეს, ჩემთან ენის მოსატანად არავინ მოხვიდეთო. გაგრძელება