"მე და ნოდარი ბავშვზე არასდროს ვლაპარაკობდით... მე რომ საქეიფოდ მეგონა, თურმე, ზაზას საფლავზე ათენებდა ხოლმე"
26-06-2019
"მე და ნოდარი ბავშვზე არასდროს ვლაპარაკობდით... მე რომ საქეიფოდ მეგონა, თურმე, ზაზას საფლავზე ათენებდა ხოლმე"
"ნოდარი სიცილით იტყოდა ხოლმე: თქვენ რა იცით ჩემი ფასიო. რა თქმა უნდა, არ ვიცოდით მისი ფასი!"

ერთხელ, ნოდარ დუმბაძის შემოქმედებაზე საუბრისას, მისმა უფროსმა ქალიშვილმა, მანანა დუმბაძემ მითხრა: მამას თავისი ტრაგიზმი საყოველთაო სევდაში გადაჰქონდა, ანუ ისეთ სევდაში, რომელიც ჩვეულებრივია ყველა ადამიანისთვის. ეს კი არავის ამძიმებდა, ყველა ითავისებდა, რადგან ყველაფერს, შვილის სიკვდილსაც კი, თავის ნაწარმოებებში აღწერდაო.

ბატონ ნოდარზე ბევრისგან მსმენია, ძალიან უბრალო ადამიანი იყოო. თურმე, საკუთარ თავს ხშირად ადარებდა იუმორის მამად აღიარებულ
მწერალს, მარკ ტვენს და არა მარტო იმით, რომ მისგან ბევრი რამ ისწავლა, ცხოვრებითაც ძალიან მგვანებიაო.

მახსოვს, დუმბაძეებთან ერთ-ერთი სტუმრობისას ძალიან ბევრი ვისაუბრეთ წარსულზე, რომელიც დიდი სიხარულიც იყო, სიყვარულიც და დიდი სევდაც. და ვისაუბრეთ უამრავი ტრაგედიის, ტკივილის გადამტან ადამიანზე, ნოდარ დუმბაძეზე, 56 წლის განმავლობაში ტკივილთან ერთად
სიცოცხლის დიდი სიყვარული, ხალისი და იუმორი რომ დაიტია.


ნანული გუგუნავა-დუმბაძე, ნოდარ დუმბაძის მეუღლე:
- ერთხელ ოჯახში გამოგვიცხადა: ჭკუა რომ გქონდეთ, მე რომ ქაღალდებს ვყრი, შეინახავდით, ჩემს ყველა ფრაზას კი საგულდაგულოდ ჩაიწერდითო. სხვათა შორის, ის რომ ქაღალდებს ყრიდა, ჩუმად ვიპარავდი, მერე რომ არ დაეხია. ხანდახან ისე დაჭმუჭნიდა, ვეღარც გახსნიდი. ბევრი ასეთი ქაღალდი გვაქვს შემონახული, თუმცა თვითონ არაფერი იცოდა ამის შესახებ. სიცილით იტყოდა ხოლმე: თქვენ რა იცით ჩემი ფასიო. რა თქმა უნდა, არ ვიცოდით მისი ფასი!
ნოდარ დუმბაძე ცოლ-შვილთან ერთად გულრიფში
თავდაპირველად, თურმე, ერთოთახიან ბინაში ცხოვრობდნენ ბატონი ნოდარი, ქალბატონი ნანული და მათი ორი შვილი - მანანა და ზაზა, რომელიც საკმაოდ პატარა, 5 წლის ასაკში გარდაიცვალა. ლამის ყოველდღე დუმბაძეებს უამრავი ადამიანი სტუმრობდა. ნოდარ დუმბაძის პირველი ნაწარმოები "მე, ბებია, ილიკო და ილარიონიც" იქ დაწერილა. მერე 3-ოთახიან ბინაში გადასულან და მწერალს არც იქ ღირსებია სამუშაო ოთახი: მის კაბინეტში მანანას ეძინა და გაკვეთილებსაც იქ ამზადებდა ანუ კაბინეტი მანანას "სამუშაო ოთახი" გამხდარა. მანანამ მიამბო: მამას თუ წერა მოუნდებოდა, სასტუმრო ოთახის მაგიდას მიუჯდებოდა ხოლმე. ერთადერთი, "ჩემი კაბინეტის" მაგიდის უჯრებში ეწყო მამას ნივთები. იმ უჯრებზე ვგიჟდებოდი. მამა ყოველთვის კეტავდა, მაგრამ ზოგჯერ გასაღები რომ ჩარჩებოდა შიგ, სასწრაფოდ ვაღებდით მე და ჩემი უმცროსი და, ქეთინო და ვათვალიერებდით. ძალიან საინტერესო ნივთებს ინახავდა იქ, მათ შორის, ბლოკნოტებსაც, სადაც ფუნაგორიები ეწერა. მას არ გვაკითხებდა, რადგან უმეტესობაში უწმაწური სიტყვები იყოო.

ნანული გუგუნავა-დუმბაძე: "გარდაცვალებამდე ის ფუნაგორიებიც დახია: ჩემ შემდეგ ეს არავინ უნდა წაიკითხოსო. სხვადასხვა ადამიანზე ქილიკობდა იმ ფუნაგორიებში და მისი სიკვდილის შემდეგ რომ ვინმე ნაწყენი არ დარჩენილიყო, ასე არჩია...

ნოდარი იშვიათად, მაგრამ კატეგორიულიც იყო ხოლმე. საერთოდ კი, რომ არ მოსწონდა, ისეთს არასდროს გავაკეთებდი. როცა მატერიალური მდგომარეობა გამოგვისწორდა, მის ფინანსებს მე განვკარგავდი. თვითონ ერთხელაც არ მისულა შემნახველ სალაროში ფულის გამოსატანად. ძალიან მენდობოდა და იცოდა, რაც არ სიამოვნებდა, იმას არასდროს გავაკეთებდი. ძალიან მინდოდა ძვირფასი საყურის შეძენა, ჩემს ყველა ახლობელს ბრილიანტის საყურე ეკეთა. ერთხელაც დავიჩივლე: არც შვილებს, არც მე საყურეები არ გვაქვს-მეთქი და იცით, რა მიპასუხა? ნანული, მე უსაყუროდ მომწონხარ და თუ სხვას გინდა, მოეწონო, ფული შენს ხელშია და იყიდე ის საყურეო. ამის შემდეგ წავიდოდი საყიდლად და ბრილიანტის გამო ნოდარს ვაწყენინებდი?

- ეჭვიანი იყო?
- არა. რა ჰქონდა საეჭვიანო? მე შენ გეტყვი და, სადმე მის გარეშე დავდიოდი! არც მე ვეჭვიანობდი. ერთი ქალიც ვერ დადებს თავს, რომ მისი ქმარი სხვა ქალს არ გაარშიყებია. 35 წელიწადს ვიცხოვრეთ ერთად და არც მაშინ, არც დღემდე მსგავსი არაფერი გამიგია ნოდარზე და არც მაინტერესებს. ისე იცხოვრა, არაფერი უგრძნობინებია, არასდროს შეურაცხყვივარ და ვის აქვს უფლება, რამე მითხრას?! ვინმემ რომ რამის თქმა გამიბედოს, "მოვკლავ"!

- როგორი იყო სევდიანი ნოდარ დუმბაძე? თუნდაც მაშინ, პატარა ზაზა რომ გარდაიცვალა?
- ზაზაზე არასდროს ლაპარაკობდა. ეგ კი არა, მე რომ საქეიფოდ მეგონა, თურმე, ზაზას საფლავზე ათენებდა ხოლმე. ჩვენთან არაფერს ამბობდა, სხვებისგან ვიგებდით, რადგან საფლავი სულ სიგარეტის ნამწვით სავსე ხვდებოდათ.
ნოდარ დუმბაძე ოჯახთან ერთად, კედელზე - გარდაცვლილი ვაჟის, ზაზას ფოტო
- ბატონ ნოდარს სიკვდილთან მართლაც უჩვეულო დამოკიდებულება ჰქონდა...
- ხუმრობდა, ისე მივეჩვიე სიკვდილს, იმდენჯერ მოვხვდი "იქით", საიქიოს გზას თვალდახუჭული ვაგნებო. ალბათ, მაინც ეშინოდა სიკვდილის, მაგრამ არც ამაზე ლაპარაკობდა, ოღონდ... მე რომ ძალიან ცუდად ვიყავი, მაშინ ჰქონია დიდი განცდა, თუმცა არაფერს მაგრძნობინებდა. ერთხელ მახსოვს, შევნიშნე, ფარდასთან ზურგით იდგა და ტიროდა. მახსოვს კიდევ, მისაღებ ოთახში, დივანზე წამოწოლა უყვარდა, მე სავარძელში ვიჯექი ხოლმე. სამივე კედელზე ზაზას ფოტო გვეკიდა და ხშირად შემინიშნავს: ერთ ფოტოს მე ვუყურებდი, ერთს ნოდარი. თითქოს თვალებით ჭრიდა სურათს, მაგრამ ბავშვზე არასდროს ვლაპარაკობდით. ეს ისეთი საშინელება იყო...
საერთოდ, ნოდარისნაირ კაცს ბარე ორსაც ვერ შეხვდებით. სხვაგვარად გამორჩეული იყო ნათესავებთანაც, ოჯახშიც. უწესიერესი კაცი იყო.
ახლა ცოცხალი რომ იყოს, ორივენი ძალიან ბედნიერები ვიქნებოდით. ძალიან მიჭირს უმისოდ. ჩემი ცხოვრება ნოდარის გარეშე არ არსებობს. დღე არ გავა, მასზე და ზაზაზე არ ვფიქრობდე და მათი დაკარგვით გამოწვეულ ტკივილს არ ვგრძნობდე. ხალხს უკვირს, რომ არ ვმღერი. ერთ წვეულებაზე ვიღაცას უთქვამს, რა მოწყენილი ქალიაო. უამრავი წელიწადია, არც მიმღერია, არც მიცეკვია. არ მაქვს სამაგისოდ საქმე.
ქეთევან დუმბაძე და ნანული გუგუნავა-დუმბაძე
- ეს ბატონ ნოდარს მოეწონებოდა?
- მახსოვს, ნოდარს, სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე, საავადმყოფოში ქვრივი ქალი ეწვია, ტუჩზე პომადითა და ფერადი ტანსაცმლით. ის ქალი რომ წავიდა, ნოდარი მომიბრუნდა და, "შენც ამას იზამო!" მითხრა... დღემდე, ფაქტობრივად, შავი სამოსი მაცვია. სურვილიც არ მაქვს, სხვა ფერის შევიძინო. პომადაზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია. არასდროს ვაკეთებდი იმას, რაც არ უყვარდა. ერთადერთი, რაკი დაბადების დღის აღნიშვნა არ უყვარდა, ჩუმად ვამზადებდი ხოლმე რაღაცებს და ვმალავდი. მერე, ხალხი მაინც რომ მოდიოდა მოსალოცად, ნეტავ გენახათ, როგორ ნერვიულობდა: რა ვქნათ, ნანული, რაღაც გააკეთეო. რომ გამოვაწყობდი გამზადებულ კერძებს, იცოცხლეთ, კარგად ილხენდა სტუმრებთან ერთად. ახლაც ყოველთვის ვუხდი დაბადების დღეს. სტუმრებიც მოდიან, მაგრამ ვერ ავიტან, ვინმემ რომ იმღეროს, ისე მიჭირავს თავი, ვერავინ გამიბედავს! ერთადერთხელ ქეთინომ მგალობლები მოიყვანა და საგალობლებს როგორ დავუშლიდი!

იცით, ყოველთვის ვფიქრობ, რომ ნოდარი ცოცხალია, ვიდრე ახსოვთ და მის წიგნებს ბეჭდავენ, ასეც იქნება. ახლა, მით უმეტეს, მთაწმინდაზეა, ასე რომ, არასდროს მოკვდება. მხოლოდ იმას განვიცდი, რომ ერთად ვერ ვიქნებით: მე ვინ დამასაფლავებს მის გვერდით! "მზიურში" კი მქონდა მის გვერდით ადგილი, მაგრამ იმის გამო, მასთან ერთად რომ ვყოფილიყავი, მთაწმინდაზე დასაფლავებაზე უარი მეთქვა? ამიტომ ჩემი შვილის, ზაზას გვერდით დავსაფლავდები...

(სპეციალურად საიტისთვის)


რედაქტორის რჩევით
საერთო ჯამში როგორ შეაფასებთ 2019 წელს საქართველოსთვის?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
საერთო ჯამში როგორ შეაფასებთ 2019 წელს საქართველოსთვის?