რას ჰყვებოდა "კვირის პალიტრასთან" 20 ივნისის ღამეს მძიმედ დაშავებული ახალგაზრდა, რომელიც ახლახან გამოვიდა კომიდან? - კვირის პალიტრა

რას ჰყვებოდა "კვირის პალიტრასთან" 20 ივნისის ღამეს მძიმედ დაშავებული ახალგაზრდა, რომელიც ახლახან გამოვიდა კომიდან?

20 ივნისის აქციის დარბევისას მძიმედ დაშავებული  31 წლის ფლორისტი დავით ფარადაშვილი კომიდან გამოვიდა, რის თაობაზეც  AMBEBI.GE-ს მისი და თამარ ფარადაშვილი ესაუბრა.

"კომიდან გამოვიდა, დღეს გააღვიძეს" - აღნიშნა თამარ ფარადაშვილმა 26 ივანისს.

დავით ფარადაშვილი აქციის დარბევის ღამეს უმძიმესი დაზიანებებით შეიყვანეს კლინიკაში და ამ დრომდე მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. ახალგაზრდა მამაკაცს პლასტმას-კაუჩუკის ტყვია საფეთქელთან მოხვდა, რამაც თავის ტვინის მძიმე დაზიანება გამოიწვია.

დავით ფარადაშვილი რეგიონულ ჰოსპიტალშია მოთავსებული, მას რამდენიმე ოპერაცია ჩაუტარდა. ოპერაციაში მონაწილეობა მიიღეს ისრაელიდან და თურქეთიდან ჩამოსულმა ექიმებმა.

"შუბლში აქვს ნასროლი, საფეთქელის ზემოთ, რამაც დაუმსხვრია ძვლები, გამოიწვია ტვინზე სისხლჩაქცევები და უმძიმესი მდგომარეობა. ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით ჩამოყავთ უცხოეთიდან ექიმები, შეიკრიბება კონსილიუმი და გადაწყდება, აქ ჩაუტარებენ ოპერაციას თუ გადაიყვანენ საზღვარგარეთ. უკვე ჩამოსული არიან თურქი სპეციალისტები, ველოდებით ექიმებს ისრაელიდან და დღეს გადაწყდება, რა იქნება", - ამის შესახებ თამარ ფარადაშვილმა AMBEBI.GE-სთან საუბარში რამდენიმე დღის წინ განაცხადა.

"კვირის პალიტრის" არქივში ვიპოვეთ ინტერვიუ ახალგაზრდა ფლორისტთან, რომლესაც გთავაზობთ:

"დროთა განმავლობაში აღმოვაჩინე, რომ ჩემი ჰობით შეიძლებოდა დამატებითი შემოსავალი მქონოდა. დავიწყე ფოთლოვანი მცენარეების გამრავლებაც"

თბილისის ერთ-ერთ უბანში 200 კვმ-ზე გაშენებული სათბური აღმოვაჩინეთ. კაქტუსების, სუკულენტებისა და სხვა ფოთლოვან მცენარეთა მრავალფეროვნება დავით ფარადაშვილის დამსახურებაა. მისი ყვავილების სათბური ფერადოვნებითა და საინტერესო ჯიშის მცენარეებით გამოირჩევა.

- 11 წლის ვიყავი, როცა მე და ჩემმა მეგობარმა გადავწყვიტეთ, ყვავილები გადაგვერგო, მაშინ კაქტუსების მხოლოდ რამდენიმე სახეობა მქონდა. ერთმანეთს ვეჯიბრებოდით და იშვიათ ჯიშებს ვაგროვებდით.

- რამდენი სახეობის კაქტუსი გაქვთ?

- 100-მდე სახეობის, მაქვს იშვიათი ჯიში - ლეხტენბერგია, ის ჯვარედინი დამტვერვით მრავლდება. 17 წლის რომ გავხდი, მუშაობა დავიწყე და მცენარეებს დიდ დროს ვეღარ ვუთმობდი, ბევრი კარგი სახეობა გამეყინა, მაგრამ დროთა განმავლობაში აღმოვაჩინე, რომ ჩემი ჰობით შეიძლებოდა დამატებითი შემოსავალი მქონოდა. დავიწყე ფოთლოვანი მცენარეების გამრავლებაც. გავიტანე გამოფენაზე და კარგი შედეგიც მივიღე.

- პილარგონიის სხვადასხვა სახეობა გაქვთ, როგორ უვლით მათ?

- პილარგონიას გამოიყენებენ როგორც პარფიუმერიაში, ასევე მედიცინასა და კულინარიაშიც. მის ფოთლებს ხშირად არომატიზატორებადაც ხმარობენ. არის ვარდისებრი, ხუჭუჭა, თეთრი, წითელი, ვარდისფერი და ასევე გარდამავალი ფერის პილარგონიაც.

- ჯუჯა ვარდებიც გქონიათ...

- ჯუჯა ვარდები ნაკლებად გავრცელებულია, არადა, შეიძლება კლუმბებში გამოიყენო და სკვერები გაალამაზო, შეიძლება ქოთანშიც გაზარდო. ყინვაგამძლეა, მინიატიურული ფოთოლი და ყვავილი აქვს, თუმცა მაქვს ჯიში დიდი ზომის ყვავილითაც.

პილარგონიებს კალმით ვამრავლებ, ორი კვირტი მიწაში უნდა მოხვდეს და ერთ მიწის ზემოთ უნდა იყოს, პრაქტიკიდან გამომდინარე, კალმებს უკვე თვალის ზომით ვჭრი, ვარდების გამრავლებაც კალმით ხდება.

მცენარის მოვლისას ნუ დაგენანებათ მისი გასხვლა, აუცილებლად უნდა მოვაშოროთ ის ღეროები, რომლებიც აკარგვინებენ ფორმას და ის ყვავილიც, რომელმაც თავისი შესაძლებლობები ამოწურა. ზოგიერთი მცენარის გამრავლება დამტვერვით ხდება, თუმცა საკოლექციო ჯიშები მხოლოდ კალმით მრავლდება. იხილეთ სრულად