"სანდრო ალბათ იცინის, როცა საკუთარ მეგობრებს დღეს "ნაცების" გვერდით ხედავს..." - კვირის პალიტრა

"სანდრო ალბათ იცინის, როცა საკუთარ მეგობრებს დღეს "ნაცების" გვერდით ხედავს..."

"სანდრო ალბათ იღიმის, რომ მისი მეგობრები "ნაცები" გახდნენ", - ასე გამოეხმაურა სანდრო გირგვლიანის მამა, გურამ გირგვლიანი "ფეისბუკის" პირად გვერდზე რუსთაველზე მიმდინარე აქციას. როგორც ჩანს, მან "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერების გვერდით სანდროს უახლოესი მეგობრები იხილა და ამით გაკვირვებულმა მათ გასაგონად დაწერა ეს ერთწინადადებიანი სტატუსი. ეტყობა ვისი მისამართითაც იყო ნათქვამი, იმანაც გაიგო, რადგან მოგვიანებით მან ეს პოსტი წაშალა კიდეც.

ჩვენ დავუკავშირდით ბატონ გურამ გირგვლიანს და ვცადეთ გაგვერკვია, ვისმა გამოჩენამ ატკინა გული?

- მე აწი გული ვინ ან რამ უნდა მატკინოს, ალბათ მიხვდით, ეს ირონიული პოსტი იყო და სიტყვა ღიმილი ბრჭყალებში სპეციალურად არ ჩავსვი, გამგები ისედაც მიხვდება. ვიღაც თუ ფიქრობს, რომ ეს მის გასაგონად არის ნათქვამი, ეს მისი პრობლემაა. თვითონ თუ ამოიცნეს თავიანთი თავი, თავიანთ გულში ჩაიხედონ. უბრალოდ გამიკვირდა ამ ხალხის "ნაციონალების" გვერდით ყოფნა. "ნაციონალები" კი ისე იქცევიან, თითქოს საერთოდ არ ყოფილა არც 7 ნოემბერი, არც 26 მაისი და სხვა განვითარებული მნიშვნელოვანი მოვლენები ჩვენს ქვეყანაში. მართლა "მაგრები" ყოფილან. არ მეგონა, ასეთი მაგრები თუ იყვნენ და ამდენს გაბედავდნენ, გასაოცარია ასე რომ დგანან ისინი დღეს ისევ ქუჩაში ხალხის გვერდით. ეს პოსტი დავწერე მხოლოდ იმისთვის, რომ გამგებმა გაიგოს. მეტი სხვა მიზანი არ მქონდა.

- ადრესატებს ვერ დაასახელებთ? - ვერ დავასახელებ ადრესატებს, რა საჭიროა, თვითონ მიხვდებიან. იქ ისეთი ხალხი ვნახე, რომელიც სანდროს სახლში ხშირად მოჰყავდა, რომლებთანაც სანდრო მეგობრობდა და მართლა გაიცინებს სანდრო ახლა მათ თუ უყურებს. თუ ამოიცნობენ თავს, დაფიქრდნენ...

- თქვენი ოჯახის ადვოკატი შალვა შავგულიძეც ხომ არ იყო ერთ-ერთი ადრესატი და საერთოდ რას იტყვით იმაზე, რომ ბატონი შალვა დღეს ამ პარტიის გვერდზე დგას? - შალვა ჩვენი ოჯახის ძალიან ახლობელი იყო. ჩემი მეუღლე და ბატონი შალვა ერთად გაიზარდნენ. მათ მშობლებსაც კარგი ურთიერთობა ჰქონდათ ერთმანეთთან, სულ ახლობლობდნენ. მე შალვასთან არანაირი პრეტენზია არ მაქვს. მან ჩემი შვილის საქმეში ყველაფერი გააკეთა, რაც კი შეეძლო ადვოკატს გაეკეთებინა. 5-იანს ვუწერ ბატონ შალვას და ამ საქმის კიდევ ორ ადვოკატს. სამივემ მაქსიმუმი გააკეთეს, ძალიან რთული სამუშაო ჩაატარეს. ჩვენ საქმეში შალვა შავგულიძე პირნათელია. მადლობა მათ, ის გააკეთეს, რაც მათ მოეთხოვებოდათ. "ნაცები" კი ჩემთვის ყოველთვის არაადამიანები იყვნენ, მაგრამ დღეს "ქართულმა ოცნებამაც" თავისი სახე გამოაჩინა ბოლომდე, თუმცა ამას ვამბობდი 2015 წელსაც, მაგრამ არავის ახსოვს ეს წარსული.

- თქვენთვის "ქართული ოცნება" გაუტოლდა "ნაცმოძრაობას"?

- ეს ბინძური პოლიტიკაა და არ ვაპირებ ამაზე ლაპარაკს. ევროპიდან და ამერიკიდან რა მოთხოვნებიც არის, იმას ასრულებენ, სხვა გზა არ აქვთ. ამიტომ არის, რომ ასე მკაფიოდ მოქმედებენ. ვითომ ახალი დანამატია "ევროპული საქართველო", სახელი შეიცვალეს და ვითომ დაავიწყდა ხალხს, რას აკეთებდნენ ისინი. თითქოს ხალხს ამნეზია სჭირს. "ოცნების" ბრალია ამდენს რომ ბედავენ "ნაცები". შექმნეს გმირი ნიკა მელიას სახით. ვის რაში სჭირდება ეს ყველაფერი? "ნაცების" აღზევება დიდწილად "ქართული ოცნების" ბრალია. დადგმული სპექტაკლი იყო რაც ხდებოდა ეს დღეები, გინდა პარლამენტში და გინდა - სხვაგან. "ნაციონალებს" დაავიწყდათ რაც ხდებოდა მათ დროს, რას სჩადიოდნენ?!

"ოცნებას" დასასჯელი რომ დაესაჯა თავის დროზე, აქამდე არ მივიდოდა საქმე. დღეს "ნაციონალები"თავს ყველაზე კარგად გრძნობენ. მაგალითად, ნიკა მელია გმირი გახადა "ოცნებამ" და ის სასამართლომაც გამოუშვა, არადა, კადრები არსებობს, როგორ მოუწოდებს პარლამენტში შესვლისკენ ხალხს... ყველამ ვნახეთ 3 საათი მიდიოდა ამ ხალხის მოგერიება... სიბინძურეა პოლიტიკა. "ნაცმოძრაობაში" ყოველთვის არაადამიანები იყვნენ, მაგრამ "ოცნებამაც" თავისი სახე გამოაჩინა.

სამი საათის მერე გაისროლეს რეზინის ტყვიები, მაგრამ ესროლეს არა იმათ, ვინც აგრესიის ორგანიზატორები იყვნენ, არამედ ესროლეს  ხალხს, ეს არის ცუდი. ყველაფერი ავიწყდება "ნაცმოძრაობას" და დღეს ასე ომახიანად გამოდის მისი ჩადენილი დანაშაულების მიუხედავად, არადა, 26 მაისს მე პირადად მირტყამდნენ უმოწყალოდ და სასტიკად გამისწორდნენ.

- 26 მაისის გამო ზის ციხეში ვანო მერაბიშვილი და რატომ არ უნდა დაისაჯოს გიორგი გახარიაო, ამბობენ "ნაცმოძრაობის" ლიდერები. თქვენი აზრით, არ უნდა დადგეს გახარიას პასუხისმგებლობის საკითხი?

- ძალიან ჭკვიანი კაცი იყო ადეიშვილი სხვებისგან განსხვავებით, იცოდა თავისი დანაშაული, გადადგა და მოშორდა აქაურობას, წავიდა საქართველოდან და დღემდე დაუსჯელია. თავისთვის სწორი ნაბიჯი გადადგა. სწორად გადადგა კობახიძეც, ახლა გახარიასგან ველოდები უფრო მეტ ინფორმაციას. სამართლებრივ საკითხს აქვს დიდი მნიშვნელობა. ძალიან მნიშვნელოვანია იმის გარკვევა ვინ გასცა ბრძანება, ვინ ისროდა დამიზნებით მასას და არა - ლიდერებსო... უნდა ალაპარაკდეს შინაგან საქმეთა მინისტრი და თქვას ის, რაც იცის. გახარიამ უნდა დადოს ჭეშმარიტება, კარგად თქვა გია ხუხაშვილმა, "დურაკები" არიან "ნაცები", პირიქით, დავტოვებდი გახარიას, ვიღაცას ხომ უნდა ეჩხუბო, ოპონენტი ხომ გჭირდება, რომ აგინოო... სიმართლე გითხრათ, დიდი მოლოდინი მე არ მაქვს. 2015 წლის მერე  "ქართული ოცნების" არანაირი იმედი არ მაქვს, მათი ხელისუფლებაში მოსვლიდან 7 წელზე მეტი გავიდა და დღესაც არ არის გამოძიებული ჩემი შვილის მკვლელობის საქმე, რა მოლოდინი უნდა მქონდეს? მათ აწყობთ ხმას რომ არ ვიღებ. ფიქრობენ, კარგია გურამი რომ გაჩერებულია. დამკვეთი არ არის დასჯილი, დამნაშავეები არ არიან დასჯილები, საქმე არ გამოიძიეს ამდენი წელია. დათა ახალაია კარგად არის და დაუსჯელი გარეთ დადის, გია ალანია თავისუფალია, ვანო მერაბიშვილის ცოლი, თაკო სალაყაია, რომელსაც პირდაპირ ხელი დაადეს, რომ მისი შეკვეთით მოხდა ყველაფერი, კარგად გრძნობს თავს, არავის დაუსჯია...

ყველამ ყველაფერი კარგად იცის, "ქართულ ოცნებაში კვლავაც ბლომად არიან ჩანერგილები "ნაციონალები" და ამაზე ხმას არავინ იღებს. წარმოიდგინეთ, მიხეილ სააკაშვილი აცხადებდა აქციის დღეს პირდაპირი კონტაქტი მაქვს სპეცრაზმთანო. რა ქვია ამას? მერე ისე მოიქცნენ, რომ ხალხსაც თითქმის შეეცოდა ნიკა მელია, წარმოიდგინეთ, წიოდა, კიოდა, მიშაზე უფრო მაგარი ვარ მეო და იმიჯი შეუქმნეს ნიკა მელიას. დანარჩენებიც ხომ კარგად არიან, მამამთავარი ბოკერიაც მშვენივრად გრძნობს თავს და სხვებიც.

მურუსიძე დღემდე მოსამართლეა, მაგაზე ლაპარაკიც აღარ მინდა. უვადოდ აირჩიეს სასამართლოში ეს ადამიანი. ის დღემდე დაუსჯელია, რადგან ყველაფერი იცის და ის იყო და არის დაკვეთების შემსრულებელი, როგორც "ნაცმოძრაობის" დროს, ასევე "ქართული ოცნების" ხელისუფლებისას.

ჩემი ოჯახი იყო ჩემთვის ყველაფერი, ჩემი ოჯახით ვარსებობდი, ახლა ვცხოვრობ მხოლოდ იმისთვის, რომ სიკეთე აკეთოს სანდროს ფონდმა. ოჯახი გამინადგურეს, ამდენი წელი გავიდა და დაუსჯელია ყველა. მერაბიშვილი რომ დაიჭირეს, ამაზე მადლობელი უნდა ვიყო?

(სპეციალურად საიტისთვის)