"მიუხედავად მამაჩემის წინააღმდეგობისა, როგორც კი რუსეთში უნივერსიტეტი დავამთავრე, საქართველოში დავბრუნდი" - კვირის პალიტრა

"მიუხედავად მამაჩემის წინააღმდეგობისა, როგორც კი რუსეთში უნივერსიტეტი დავამთავრე, საქართველოში დავბრუნდი"

26 წლის მოდელი თათია თექთურმანიძე საქართველოში 3 წლის წინ დაბრუნდა ოჯახთან ერთად. თავისუფალ დროს უყვარს კითხვა, ასევე ჩოგბურთის თამაში და გემრიელი რამეების მომზადება. როგორც ჩანს, კარგადაც გამოსდის ეს საქმე, რადგან "მასტერშეფის" ჟიურის მოწონებას იმსახურებს.

- პირველად როდის გააცნობიერე, რომ მომხიბვლელი ქალი ხარ? - ო, ღმერთო, მგონი ახლაც არ მაქვს ჩემს თავზე ისეთი წარმოდგენა, რომ განსაკუთრებულად ლამაზი ვარ. 14 წლიდან ჩოგბურთს პროფესიონალურად ვთამაშობდი და საერთოდ არ მაინტერესებდა გაპრანჭვები და ა. შ. გულახდილად გითხრა, ჩემი შინაგანი სამყარო უფრო მეამაყება, ვიდრე ვიზუალი, რადგან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ ადამიანობას. სარკეში რომ ვიყურები, რა თქმა უნდა, მომწონს ჩემი თავი, მაგრამ იმავდროულად, საკმაოდ კრიტიკულიც ვარ საკუთარი თავის მიმართ.

- პროფესიით იურისტი ყოფილხარ. კიდევ რას გვეტყვი შენზე? - საქართველოში დავიბადე, მაგრამ რუსეთში გავიზარდე. დაახლოებით 4-5 წლის ვიქნებოდი, როდესაც აქედან წავედით. წელიწადში ორჯერ ჩამოვდიოდი საქართველოში, მაგრამ ქართული წერა-კითხვა, საუბარი ძალიან კარგად ვიცი, რაც დედაჩემის დამსახურებაა. მას უნდოდა, ქართული კარგად მცოდნოდა. 3 წლის წინ, მიუხედავად მამაჩემის წინააღმდეგობისა, როგორც კი როსტოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი დავამთავრე, საქართველოში დავბრუნდი. მამას უნდოდა, სამსახური იქ დამეწყო, რადგან იქ უფრო მეტი პერსპექტივა იყო განვითარებისთვის, მაგრამ ძალიან მიყვარდა ჩემი ქვეყანა, ყოველთვის მქონდა ნოსტალგია და ამიტომაც, ჩამოსვლა გადავწყვიტე.

- ბევრ დროს უთმობ გარეგნობას? როგორ გგონია, გარეგნობაზე ზრუნვას ბევრი ფული სჭირდება? - თავის მოვლა, რა თქმა უნდა, მიყვარს. განსაკუთრებით ძვირად ღირებულ პროცედურებს არ ვიტარებ, ჯერჯერობით არც მჭირდება, მაგრამ ვფიქრობ, ყველამ უნდა იზრუნოს საკუთარ თავზე, რასაც სურვილის შემთხვევაში, მცირე თანხითაც მოახერხებ.

- გაიხსენე წარმატება, რომელიც არ გავიწყდება... - 14 წლის ვიყავი, დედამ სამოდელო სკოლაში რომ მიმიყვანა. იქ გვასწავლიდნენ მაკიაჟის გაკეთებას, სამსახიობო ხელოვნებას, იყო აერობიკა, ფიტნესი. სილამაზის კონკურსებზე გავდიოდი და ნელ-ნელა ვიხვეწებოდი. სლავური წარმოშობის გოგონები ძალიან ლამაზები არიან და ადრე, როცა ამ სფეროში გამოუცდელი და დამწყები ვიყავი, არასდროს მქონდა გამარჯვების იმედი. მე, ქართველს, ვინ გამამარჯვებინებს-მეთქი? - ვფიქრობდი. კონკურსში - "ფოტომოდელი 2012" რუსეთის არაერთი ქალაქიდან მონაწილეობდნენ გოგონები და ისე მოხდა, რომ მე გავიმარჯვე. ეს ჩემთვის შოკი იყო, 19-20 წლის ვიყავი მაშინ. ამ გამარჯვებამ მართლაც დიდი სტიმული მომცა.

- 2018 წელს რუსეთის საერთაშორისო სილამაზის კონკურსის - "მის ოფისი 2018"-ის ფინალშიც გახვედი. - ამ კონკურს ჰქონდა პირობა, რომ უნდა გქონოდა უმაღლესი განათლება და აუცილებლად უნდა ყოფილიყავი დასაქმებული ოფისში. მოკლედ, უნდა ყოფილიყავი ლამაზიც, დასაქმებულიც, განათლებულიც, ანუ კონკურსი ამსხვრევდა იმ სტერეოტიპს, რომ ლამაზი ქალი სულელია. ჩატარდა მოსკოვში, ბევრი ანკეტა გაიგზავნა საქართველოდან, მაგრამ მონაწილეებს თვითონ არჩევდნენ. მოვხვდი ამ კონკურსის ტოპხუთეულში და ძალიან კმაყოფილი ვიყავი შედეგით. "მის ინტერნეიშენალშიც" ვმონაწილეობდი, თურქეთში ტარდებოდა. ეს იყო კონკურსი, რომლის განმავლობაშიც მგონი მართლა პრინცესებად ვგრძნობდით თავს, დაცვა დაგვყვებოდა, პრესაში აქტიურად იბეჭდებოდა ჩვენზე. მაშინაც ფინალურ ხუთეულში მოვხვდი და ვფიქრობ, კარგად წარმოვაჩინე საქართველო.

- როგორი ხასიათი გაქვს? საუბრისას ახსენე, წარმოშობით მოხევე ვარო.

- ასეა, სტეფანწმინდადან ვარ, მოხევე და ხასიათიც შესაბამისი მაქვს - სისხლის აღება რომ შეიძლებოდეს, ავიღებდი, ისეთი გაბრაზება ვიცი (იცინის).

- ასეთი საშიში ქალი ხარ?

- სხვათა შორის, ბევრი რამ შემიძლია ვაპატიო ადამიანს, მაგრამ თუ გავბრაზდი, მაშინ...

- დაოჯახებული არ ხარ, ხომ? - ჯერ არა, ამ ეტაპზე შეყვარებულიც არ ვარ.

- თვისება, რომელიც არ მოგწონს შენში... - არ მომწონს, რომ ძალიან ემოციური ვარ, ყველა მეცოდება, ყველაფერი გულთან ახლოს მიმაქვს. ასე რომ, ხშირად მიჩუყდება გული და ცრემლები სულ "გამზადებული" მაქვს.

- და რა მოგწონს? - ის, რომ განსხვავებული ადამიანი ვარ, ვფიქრობ, ძალიან სამართლიანიც. მეამაყება, რომ არასდროს არავინ მომიტყუებია, არავისთვის მიღალატია და ცუდ მდგომარეობაში არ ჩამიყენებია, ყოველთვის ღირსეულად ვიქცევი. ჩემი გადმოსახედიდან, რაც ადამიანს არ უნდა ეშლებოდეს ურთიერთობებში, მე არასდროს შემშლია. ვცდილობ, ისე მოვექცე სხვას, როგორც მე მინდა მომექცნენ. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ საკუთარ თავთან ყოველთვის მართალი ვიყო.

- როდესაც სხვებს ეშლებათ, მაშინ რა ხდება? - ადრე ცუდი რეაქცია მქონდა, მწყინდა, ვარკვევდი, რატომ მოიქცა ასე და ა.შ. მოკლედ, ძალიან განვიცდიდი მომხდარს, მაგრამ ახლა აღარ ვნერვიულობ - გულის სიღრმეში ყველამ იცის, ცუდად რომ იქცევა და ამას რაც უფრო მშვიდად შეხვდები, უფრო მიახვედრებ, რა შეეშალა.

- გარშემო მყოფები ყველაზე ხშირად რას გსაყვედურობენ? - "ფეთქებადი" და ჯიუტი რომ ვარ, ამას მსაყვედურობენ მეგობრებიც და მშობლებიც, განსაკუთრებით დედა, რომელიც ჩემთვის ნომერი პირველი კრიტიკოსია. სხვას არც ვაძლევ გაკრიტიკების უფლებას. ცოტა დამშვიდდიო, - მეუბნებიან ხოლმე მეგობრები მაშინ, როდესაც ძალიან გაბრაზებული ვარ, განსაკუთრებით გაცნობის პროცესი მიშლის ნერვებს. არ მომწონს, როდესაც კაცი, უზარმაზარი საქორწილო რგოლით ხელზე, მოდის და გვეუბნება, - გოგოებო, ცოტა ხანს თქვენთან ჩამოვჯდები და გაგიცნობთო. აი, აქ უკვე ბინდი მეკვრება თვალებზე (იცინის) და ვჩხუბობ. კაცების მიმართ საერთოდ ძალიან კრიტიკული ვარ.

- როგორი მამაკაცები მოგწონს? - ასე ვერ ვიტყვი, არ ვიცი, შეიძლება, რაღაც პატარა დეტალმა გამაღიზიანოს - დგომამ, მანერამ, მოძრაობამ. არ მომწონს არასერიოზული ბიჭები. ჩამოყალიბებული უნდა იყოს, ჭკვიანი, მოაზროვნე; უნდა იცოდეს, რა უნდა სხვისგანაც და თავისი თავისგანაც, სიმპათიურიც იყოს, არ არის პრობლემა. მამას ძალიან უყვარს დედა და დედოფალივით ექცევა. ასეთ გარემოში გავიზარდე. სიყვარულისა და პატივისცემის ისეთი მაგალითი მქონდა თვალწინ, მეც იმასვე მოვითხოვ მეორე ნახევრისგან. ვერ ავიტან, ვიღაცას ნაკლებად ვუყვარდე. ისე უნდა ვუყვარდე, როგორც მამას - დედა.

- პატიება შეგიძლია? - ადრე ვფიქრობდი, ვერ ვაპატიებდი ღალატს ან სხვა რამეს, მაგრამ ახლა ვფიქრობ, ადამიანს ყველაფერს აპატიებ მანამდე, სანამ ის ამას იმსახურებს და სანამ გიყვარს.

- ვის აზრს ითვალისწინებ ყველაზე ხშირად? - ყველაზე მეტად ვენდობი დედას, მაგრამ მისი შეხედულებები ყოველთვის არ მომწონს. მე რომ სარკეში ჩავიხედები და ვიტყვი, რომ ეს კაბა ძალიან მიხდება, დედა მეუბნება, გაიხადე, მოკლეაო.

- ასეთი მკაცრი მშობლები გყავს? - საკმაოდ ტრადიციული ოჯახი მყავს, გარკვეული დოზით მკაცრებიც არიან, ალბათ იმიტომ, რომ რუსეთში ვიზრდებოდი. მათ სულ ეშინოდათ, რამე არ შემშლოდა, ცუდ გარემოში არ მოვხვედრილიყავი, იმის მიუხედავად, რომ არასდროს მქონია მიდრეკილება მავნე ჩვევებისკენ.

- კულინარიით როგორ დაინტერესდი? - გურმანი ვარ, იაპონური და ქართული სამზარეულო განსაკუთრებულად მიყვარს. 11 წლის ვიყავი, ჩემი ძმა რომ დაიბადა და დედას ხშირად ვეხმარებოდი. აბა, ეს მოამზადე, აბა, ის და მაქებდნენ კიდეც, რა გემრიელიაო, რაც ძალიან მიხაროდა. უფრო საკონდიტრო ხაზი მაინტერესებს, რადგან ტკბილეული მიყვარს. როდესაც ტორტებისა და ნამცხვრების ცხობა დავიწყე და ახლობლებს დავაგემოვნებინე, ყველას მოეწონა, მეც უფრო და უფრო მეტი ამბიცია გამიჩნდა. "მასტერშეფში" გამოსვლით მინდოდა, საჯაროდ ვყოფილიყავი იმის მაგალითი, რომ შეიძლება მოდელმა, ლამაზმა და წარმატებულმა ქალმაც იცოდეს და მოსწონდეს სამზარეულოში ტრიალი და არ იყოს ორიენტირებული მხოლოდ საკუთარ გარეგნობაზე.

- რთული აღმოჩნდა გადაცემაში მონაწილეობა, კონკურენცია? - კი, ძალიან. იმხელა სტრესია, რომ გადაღების მერე ერთი კვირა მჭირდება ძალების აღსადგენად და იმისთვის, რომ ფსიქოლოგიურად, ემოციურად "დავლაგდე". აბა, მიდი და 4 ისეთი ინგრედიენტისგან, როგორიცაა გოგრა, ბეკონი, ნადუღი და მიწის თხილის კარაქი, სახელდახელოდ გააკეთე რამე გემრიელი და ვიზუალურად დახვეწილი, იოლია? თან, შეზღუდული ხარ დროში და თან იცი, რომ მკაცრი ჟიურის წინაშე უნდა წარდგე. ყველაზე მკაცრი მაინც ლუკაა. თავიდან კონსტანტინესი უფრო მეშინოდა, ვფიქრობდი, ვაიმე, ღმერთო, ოღონდ ამას გადავურჩებოდე-მეთქი, ლევანსაც მკაცრი მზერა აქვს, მაგრამ ლუკა რომ მოდის, უკვე მინდა სხვა პლანეტაზე გადავცხოვრდე, რომ მისი კომენტარი არ მოვისმინო.

- თმა შეიკრასო, ხშირად წერენ მაყურებლები შენზე. ხომ არ გაბრაზებს მათი შენიშვნები? - ჩვენ არ ვამზადებთ რესტორნისთვის და ხალხი ამაში არ იხდის ფულს. სანიტარული ნორმები დაცული გვაქვს, მაგრამ ეს ხომ შოუა, შოუსთვის კი საჭიროა გარეგნულადაც კარგად გამოიყურებოდე. იმდენი წერდა, თმა შეიკარიო, რომ დავმორჩილდი მათ მოთხოვნას, თუმცა დარწმუნებული ვარ, სახლში ყველა ისე ამზადებს სადილს, როგორც მოსწონს და ბევრი თმასაც არ იკრავს.

- სამომავლოდ რამე გეგმები თუ გაქვს ამ მიმართულებით? - ძალიან მინდა, რეცეპტების წიგნი გამოვუშვა და ტელევიზიაში ჩემი კულინარიული გადაცემა მქონდეს. საერთოდ, სტანდარტული რეცეპტებით არაფერს ვაკეთებ, ყველაფერს საკუთარი გემოვნებით ვამზადებ და სწორედ ამ ექსპერიმენტების შედეგად დავიხვეწე.

ნინო ჯავახიშვილი ჟურნალი "გზა"