"ხალხმა ამ მოვლენების გამო ფსიქოლოგიური ტრავმა მიიღო... ღირდა ეს ყველაფერი ამად?"
"ხალხმა ამ მოვლენების გამო ფსიქოლოგიური ტრავმა მიიღო... ღირდა ეს ყველაფერი ამად?"
ფოტო:ნიკო ლეკიშვილი
"პლეხანოვზე გავლა აღარ მინდა, არაბებსა და თურქებს აქვთ ნაყიდი და იქაურობა ბორდელებად არის გადაქცეული, რომ შეხედო, გული გაგისკდება..."

ნიკო ლეკიშვილი 1993-1995 წლებში თბილისის მერად და პრემიერ-მინისტრის მოადგილედ, ხოლო 1995-1998 წლებში საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო მინისტრად მუშაობდა. შეიძლება ითქვას, მასზე კარგად თბილისის თითოეული ქუჩა და სადარბაზო არავინ იცის. რა გამოწვევების წინაშე დგას დღეს თბილისი, "კვირის პალიტრას" ნიკო ლეკიშვილი ესაუბრა.

- ბატონო ნიკო, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ან მანამდეც თუ გაიხსენებთ ვინმეს, ვისაც შეიძლება
ვუწოდოთ ქალაქის დიდი მმართველი?

- ჩემი აზრით, თბილისის ყველა დროის ყველაზე ძლიერი მმართველი თენგიზ მენთეშაშვილი იყო. როცა ქალაქის კომიტეტის პირველი მდივანი ვიყავი, მაშინ ქალაქის საბჭოს თავმჯდომარე იყო მერი, რომელსაც აზრს შედარებით ნაკლებად ეკითხებოდნენ. თენგიზ მენთეშაშვილი ყველაზე მაგარი მერი იყო. აი, რასაც თქვენ ხედავთ ძველ თბილისში,
ყველაფერი მაგის დროს გაკეთდა. თბილისობაც მაშინ დაარსდა, თბილისის "დინამოც" მაშინ გახდა თასების მფლობელთა თასის მფლობელი და თეატრის აღორძინებაც სწორედ იმ პერიოდს უკავშირდება.


- ყველაზე მეტად რომელი მერის პერიოდში შეიცვალა ქალაქმა იერი?
- ძირითადად, 2000-იანი წლების მერე, მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების მოსვლის შემდეგ. მანამდეც იყო დარ­ღვევები, მაგრამ ამის მერე უფრო თავისუფლად გასცემდნენ მშენებლობის ნებართვებს. არ უნდა გააკეთო ის, რაც არ ეკადრება ამ ქალაქს. ახლა რომ ამბობენ, გენგეგმა არ იყოო, 2000 წლამდე არსებობდა,­ რომლის გაგრძელებაც შეიძლებოდა. იმ გენგეგმის მიხედვით, ქალაქის ცენტრში შეზღუდული იყო მრავალსართულიანი შენობების აშენება. სპორტული მოედნების გასხვისება და მათი ფუნქციის შეცვლა აკრძალული იყო, მაგრამ ეს კანონი გააუქმეს და, ფაქტობრივად, სტადიონებზევე დაიწყეს მშენებლობები. მთაწმინდისკენ ასახვევი რომ არის, უგემოვნო შენობები ჩააკვეტეს. ახლა მეორე უბედურება დაიწყო კრწანისის რაიონში, სადაც მშენებლობები მიდის. გარდა ამისა, კლდეებს შლიან, რაც ცუდ ტექტონიკურ ძვრებს გამოიწვევს. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ეს შენობები უგემოვნოა, მათი არქიტექტურული სახე ძალიან ცუდია.

ჭავჭავაძის პროსპექტზე შენობები ხუთსართულიანზე მეტი არ უნდა ყო­ფილიყო. ახლა გაივლი, ხუთსართულიანი სახლია, მერე ოცსართულიანი მოჰყვება, შემდეგ ისევ ხუთსართულიანი და ისევ ოციანი. ჟვანიას ასახვევში კლდეების მოჭრა შეიძლება? შეიძლება ისეთი მეწყერი წამოვიდეს, რომ მთელი უბანი ან ნახევარი თბილისი ჩაიტანოს.


როცა თბილისის მერი ვიყავი, მაშინ საერთოდ არ იყო მშენებლობა. არ იყო მოთხოვნა, სხვა პრობლემების წინაშე იდგა დედაქალაქი - ფორმირებები, ყაჩაღობები და უბედურება ტრიალებდა. ერთი-ორი ნებართვა მაინც გაიცა, ისიც ძალიან პატარა შენობებზე. შეცდომა დავუშვი - რომ არ წამოვსულიყავი, შეიძლებოდა ეს უბედურება არც მომხდარიყო. როცა თბილისის მერი ხარ, იმხელა სიყვარულს გრძნობ ხალხისგან, სხვა ვერანაირი თანამდებობისგან ამას ვერ მიიღებ: ვერც პრეზიდენტობიდან, ვერც პრემიერ-მინისტრობიდან. სულ სხვა ქალაქი და ამბებია აქ.

თბილისი ფაქტობრივად, ორ მთას შორისაა­ მოქცეული. ბუნებრივია, მაღალი შენობები უნდა არსებობდეს, 20-სართულიანიც და თუ გნებავთ, 50-იანიც, მაგრამ ამისთვის არის ისეთი ტერიტორიები, სადაც არ არის ისეთი პრობლემები, როგორიც ცენტრშია. შეზღუდულია სანიაღვრე ქსელებისა და კანალიზაციის მომსახურება, როდესაც გათვლილია 100 ათას მოსახლეზე­ და უცბად 500 ათასი ხდება, იწყება პრობლემები­ - სანიაღვრე ქსელები წყალს არ ატარებს, კანალიზაციის პრობლემაა, დენს მეტად მოიხმარენ, მანქანებს­ მოძრაობა უჭირთ, არც საპარკინგე ადგილებია. ახლა ჭავჭავაძის პროსპექტზე, ფაქტობრივად, იძულებითი სამუშაოები მიმდინარეობს გამტარიანობის გასაზრდელად. მაღალ შენობებს პატარა მილები დახვდა და... ამ საკითხებს რომ მიჰყვები და მიხვდები, რა არის გასაკეთებელი,­ ესე იგი, იცი ქალაქის პრობლემები. ამიტომაც ვამბობ, რომ კალაძე ეფექტური მერია.

- არასწორი განაშენიანების გარდა, კიდევ რა გამოწვევების წინაშე დგას თბილისი?
- გამწვანების პრობლემაა. მაგალითად, მრგვალი ბაღის გარშემო არაჩვე­ულებრივი კამერული რაიონი, სადაც ორსართულიანი კერძო სახ­ლების ეზოებში ხილის 15-20 ხე მაინც იდგა, ახლა უბედურებად გადააქციეს. კომუნისტები, რა, ხეებს ვერ დაჭრიდნენ? არც არავის შეეკითხებოდნენ, მაგრამ არ მოჭრეს, რადგან ესმოდათ, რა იყო ეს ქა­ლაქი, ეს ეკოლოგიური რაიონი... მთელი ვერა გაანადგურეს - თითო ეზოდან 15-20 ნარგავი გაქრა. ვიანგარიშე და ვერაზე 20 ათასი ხე არის მოჭრილი...
მოსაგვარებელია ტრანსპორტისა და ეკოლოგიის პრობლემები... პარიზში, შანზელიზეს გარდა, ყველა ქუჩა ცალმხრივია. ჩემი მერობის დროს თბილისის ქუჩებიც ცალმხრივი იყო. მერე ვიღაცამ მოინდომა, პლეხანოვზე "მარშრუტკებს" ჩამოეხვია და მოძრაობა ორმხრივი გახდა. ახლა რომ გადაიკეტა ჭავჭავაძე, მოძრაობა­ ცალმხრივია და ასე ჯობია... რაც შეეხება ეკოლოგიურ საკითხებს, ბევრი ბაღი კეთდება და ძალიან კარგია, მაგრამ მანქანებს რა უნდა ეშველოს, არ ვიცი.

მე სამსახურში ყოველთვის ფე­ხით დავდიოდი. სახლიდან მარ­ჯანიშვილის მეტრომდე ფეხით მი­ვდიოდი, მერე ჩავდიოდი მეტროში, ამოვდიოდი რუსთაველზე და იქ­იდან ისევ ფეხით ვაგრძელებდი გზას.

თბილისის დაბინძურებაზე იმანაც იმოქმედა, რომ ტექდათვალიერება გააუქმეს, ახლა კი აღადგინეს, მაგრამ მანქანებმა ამდენი წლის განმავლობაში ხომ დააბინძურა და დააზიანა გარემო.

პლეხანოვზე გავლა აღარ მინდა, არაბებსა და თურქებს აქვთ ნაყიდი და იქაურობა ბორდელებად არის გადაქცეული, რომ შეხედო, გული გაგისკდება...

- უგულავას მერობის პერიოდზე რას იტყვით?
- უგულავას პრობლემა იყო სააკაშვილი, რომელიც ყველაფერში ერეოდა. გმირთა მოედანზე, ცენტრში რომ მონუმენტი დგას, ვიცი, რომ მიშამ საიდანღაც ჩამოიტანა სურათი და გასცა ბრძანება, ასეთი უნდა დავდგათო. რა ექნა უგულავას... რიყეზე "ფუქსასის ბოთლებიც" ასე წამოჭიმეს...

- რამდენად ეფექტური მერი იყო ნარმანია?
- ნარმანია ცდილობდა რაღაცებს, მაგრამ ყველა წამოესია... მართალია, თბილისში ჩაწერილი არ იყო, მაგრამ ამას მნიშვნელობა არა აქვს. სხვათა შორის, პარიზის მერი, ან იდალგო, ესპანელია. იქ დაიბადა და ცხოვრობდა, მაგრამ პარიზის მერია. ზოგიერთი თბილისშიც რომ დაიბადოს, თბილისელი ვერ გახდება. კახა კალაძე გრძნობს ამ ქალაქს. დღეს მას თამამად შეიძლება დავარქვა თბილისის პატრონი.

ტაქსებთან დაკავშირებულ რეფორმას მივესალმები, მაგრამ შენიშვნებიც მაქვს. უპირველეს ყოვლისა, მრიცხველები უნდა დააყენონ. ახლა რომ ჩაჯდები ტაქსიში და მძღოლი გეუბნება, აქამდე ათი ლარი ღირს და იქამდე შვიდიო, ეს ვინ დაადგინა? უცხოელებს ატყუებენ და გაცილებით მეტს ახდევინებენ. მრიცხველი რომ იქნება, არც უცხოელის საგინებელი გავხდებით და არც ქართველის. გარდა ამისა, ვფიქრობ, რაღაც ფორმა უნდა ეცვათ. არ შეიძლება, შლოპანცებითა და შორტით იჯდე საჭესთან. ჩემი მერობის დროს ცენტრალურ რაიონებში: სადგურის მოედანზე, დიღომში, პლეხანოვზე, რუსთაველზე, 23 ათასი ჯიხური იდგა. ყველა ავიღეთ, მაგრამ კი არ გადაგვიყრია, სხვაგან გადავიტანეთ, რომ ხალხს შემოსავლის წყარო არ დაეკარგა. აი, ასე ნელ-ნელა კეთდება ყველაფერი და ამას დრო სჭირდება.

- ბატონო ნიკო, ახლა ბოლოდროინდელ მოვლენებზე ვისაუბროთ. პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე გავრილოვის დასმა რაზე მიუთითებს?
- პარლამენტში ამ ღონისძიების ჩატარება შეცდომა იყო.

- კობახიძის გადადგომა დაგვიანებული ხომ არ იყო?
- ასეთი რაღაც რომ ხდება, უნდა გადადგე. ეს არ მესწავლება, იმიტომ, რომ თანამდებობიდან არაერთხელ გადავმდგარვარ. კობახიძე რომ გადამდგარიყო, ასეთი ტრაგიკული შედეგები არ გვექნებოდა. როგორც კი ჩამოვიდა, უნდა გაეკეთებინა განცხადება, რომ პოსტს ტოვებდა. მაშინ ახალი მოთხოვნები აღარ იქნებოდა.

ხალხმა ამ მოვლენების გამო ფსიქოლოგიური ტრავმა მიიღო. რამდენიმე ახალგაზრდამ თვალისჩინი დაკარგა, ზოგმა თვალი. პოლიციელებიც დაშავდნენ. ღირდა ეს ყველაფერი ამად? ახლა კი ვამბობთ, კობახიძემ კარგი ნაბიჯი გადადგაო, მაგრამ გაეკეთებინა ეგ სვლა ერთი დღით ადრე.

- თქვენი აზრით, ვინ უნდა აიღოს მომხდარზე პასუხისმგებლობა?
- როდესაც დაპირისპირება მოხდა, სპეცრაზმი იძულებული გახდა გამოსულიყო და ჩამდგარიყო მომიტინგეთა აგრესიულ ნაწილსა და პარლამენტს შორის. მერე ინიციატივა ჩაიგდო ოპოზიციამ, მოუწოდა პარლამენტში შესვლისკენ. პოლიციამაც დაუშვა შეცდომა, უნდა მიემართა ვიღაცას, რომ დაშლილიყვნენ, თუ არადა გამოიყენებდნენ ტექნიკას. როდესაც ხალხი დაშალეს, მერე თითქმის უნივერსიტეტამდე სდიეს. რატომ დაუშვეს მსგავსი რამ და ვინ აიღო საკუთარ თავზე ასეთი პასუხისმგებლობა, ესეც გასარკვევია. ყველამ უნდა აგოს პასუხი: იმათ, ვინც მოუწოდეს ხალხს, შეჭრილიყვნენ პარლამენტში, და იმათაც, ვინც ძალას გადაამეტეს. შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სპეცრაზმებში ძალიან ბევრი ძველი თანამშრომელია. ახლა რომ ამბობენ, ამათ გააკეთესო, რატომ დაუშვეს ეს? რაღაც ვიცი ამ ქვეყანაზე და ხელშიც მჭერია ის ტყვიები, რომელსაც იყენებდნენ ხოლმე, მაგრამ ასეთი, რაკეტის ფორმისა, ფერადი და დიდი, არ მინახავს.

- გახარიას გადადგომაზე რას ფიქრობთ?
- გახარია კარგი მინისტრია, მაგრამ, როცა ასეთი რაღაც ხდება, პასუხისმგებელი მმართველი პოლიტიკური გუნდია. ასეთი წესია, მაგრამ თუ ეს ყველაფერი ორგანიზებული იყო და იქ, შიგნით, ვიღაცებმა საბოტაჟი მოაწყვეს, მეორე საკითხია. ვფიქრობ, აქციები არ დაიშლება. ძალიან კარგი ინიციატივით გამოვიდა ივანიშვილი, რომ გადაერთონ და მოემზადონ არჩევნებისთვის.

მოამზადა ნათია სიბაშვილმა
შვიდიანი
11 ივლისი 2019 11:18
მრავალჯერ ჩატარდა გამოკითხვა წარსულში ყველაზე კარგი ქალაქის მერის სტატუსზე და ყოველთვის ნიკო ლეკიოშვილი სახელდებოდა და ეს 100%-სი ასეა. იმ გაჭირვებულ დროს, როცა ქალაქისთვის ეხლანდელი საზომით კაპიკები ირიცხებოდა ბიუჯეტიდან იგი ახერხებდა, რომ მაქსიმალურად მოერგო ეს თანხა ქალაქისთვის და საერთოდ ყოველთვის იგრძნობოდა მისი ღრმა ცოდნა და სიყვარული თბილისი მიმართ.
ალექს
11 ივლისი 2019 09:26
მოვა ნიკო !
თბილისი
11 ივლისი 2019 08:49
სხვებისგან განსხვავებით ამ კაცმა არგუმენტირებულად ახსნა რატომ არიან ნაცები ქვეყნის ყველაზე დიდი მტრები და რა დაუშავეს ამ ქვეყანას.

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეაფასებთ საქართველოში დემოკრატიის მაჩვენებელს გასულ წლებთან შედარებით?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ საქართველოში დემოკრატიის მაჩვენებელს გასულ წლებთან შედარებით?