"გული მიკვდება - ჩამოვიდა ერთი რუსი და არივ-დარია ყველაფერი" - კვირის პალიტრა

"გული მიკვდება - ჩამოვიდა ერთი რუსი და არივ-დარია ყველაფერი"

იმ პოლიციელებს მინდა მივმართო, რომლებიც სახეში უმიზნებდნენ ბავშვებს ტყვიას: შვილო, დედის მოფერება არ გახსოვთ?! ადამიანური სიკეთე არავისგან გახსოვთ?! საიდან მოგროვდა ამხელა სიავე და ბოროტება თქვენში? ბავშვს რომ სახეში ტყვიას უმიზნებ, რა მნიშვნელობა აქვს რეზინისაა თუ კაუჩუკის?

პოეტ ერეკლე საღლიანს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე სასაუბროდ დავუკავშირდით. რა თქმა უნდა, ინტერვიუ 20-21 ივნისის მოვლენების შეფასებით დავიწყეთ.

ერეკლე საღლიანი

- პირველი დანაშაული, რომელიც ჩაიდინეს, რუს დეპუტატ სერგეი გავრილოვის პარლამენტში მიყვანა გახლდათ. ეს დაუშვებელი იყო! შემდგომ უკვე პარლამენტის სპიკერის სკამზე მისი დასმა ცინიზმია და სხვა არაფერი. არ გამოვრიცხავ, რომ ეს შეგნებული პროვოკაცია იყო.

- ვისი? - სამწუხაროდ, ყველასგან მოველი პროვოკაციას. უპირველესად, ჩვენი სიბეცით რუსეთმა ისარგებლა და ასეთი ვითარება შექმნა. წარმოიდგინეთ, რამდენად უსუსურები ვართ, გული მიკვდება - ჩამოვიდა ერთი რუსი ველიკოდერჟავნიკი და არივ-დარია ყველაფერი. შემდგომ, რა თქმა უნდა, ბუნებრივია, ახალგაზრდობამ თავისი გულისტკივილი გამოხატა, გამოვიდა ქუჩაში. სავალალო ის იქნებოდა, რეაგირება რომ არ ჰქონოდათ ყოველივეზე. რაკი არის რეაგირება, ეს ნიშნავს, რომ ქართველ ხალხში საბრძოლო სული ჯერ კიდევ არ არის ჩამკვდარი. თუმცა მერე უკვე ეს ახალგაზრდობის პროტესტი როგორ გამოიყენეს იმ პარტიებმა, რომელთაც თავის დროზე საქართველოს ტერიტორიები ხონჩით მიართვეს რუსეთს და მთავარი სტრატეგიული ობიექტები რუსეთს მიჰყიდეს, ეს სხვა საკითხია.

რაც შეეხება პარლამენტზე შტურმს, რომელიც იმ ღამით ვიხილეთ, დიდებულ ქართველ მწერალს გურამ გეგეშიძეს აქვს თავის რომანში "სტუმარი" ნათქვამი: "ფანატიზმი აქტიურია, მოქმედების წყურვილი ახრჩობს, სურს გავრცელდეს, გაიშალოს და ერთადერთი გახდეს". აი, ამას ცდილობდა "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლება - გაშლილიყო, გავრცელებულიყო და ერთადერთი გამხდარიყო, მაგრამ იმისთვის, რომ ეს მოახერხო, მარტო ფანატიზმი არ კმარა. არადა, წარმოიდგინეთ, რა უნდა გააკეთო ისეთი, რომ ამხელა ვეებერთელა რეიტინგიდან მინიმუმამდე დახვიდე.

იმაში, რაც მოხდა პარლამენტის წინ, თანაბრად ვაკისრებ პასუხისმგებლობას როგორც ხელისუფლებას, ისე "ნაციონალურ მოძრაობას" და მათ დანამატებს.

"ნაციონალური მოძრაობის" მესვეურებმა ამ მოვლენებში მღვდელი გაპონის მოვალეობა შეასრულეს. კარგად გვახსოვს 1905 წლის 9 იანვარს განვითარებული მოვლენები, რომელიც ისტორიაში სისხლიანი კვირის სახელით შევიდა. გაპონმა მიიტყუა გაფიცულები და შემდგომ მეფის კაზაკებს დაახოცვინა.

იმ პოლიციელებს მინდა მივმართო, რომლებიც სახეში უმიზნებდნენ ბავშვებს ტყვიას: შვილო, დედის მოფერება არ გახსოვთ?! ადამიანური სიკეთე არავისგან გახსოვთ?! საიდან მოგროვდა ამხელა სიავე და ბოროტება თქვენში? ბავშვს რომ სახეში ტყვიას უმიზნებ, რა მნიშვნელობა აქვს რეზინისაა თუ კაუჩუკის?

ერთი რამეც უნდა აღვნიშნო - წლების განმავლობაში კოაბიტაციამ, ჩახუტების პოლიტიკამ მოიტანა ის, რომ ერთ მშვენიერ დღეს უკვე ამ გარკვეულმა ჯგუფმა კინაღამ პარლამენტის შენობაც აიღო და ამ უსუსურ ხელისუფლებას უკვე აღარაფერი დარჩენოდა, გარდა იმისა, რომ მომიტინგეები დაერბია.

- ხომ შეიძლებოდა წყლის ჭავლის გამოყენება, რაში დასჭირდათ ასეთი სისასტიკე? - ისტორიას ქმნიან ფაქტები და არა მოსალოდნელი ვარიანტები. ასე რომ მივუდგეთ, შეიძლებოდა ეს მიტინგიც არ ყოფილიყო, არც წყლის ჭავლი დაგვჭირვებოდა და არც ცრემლსადენი გაზი. ჩვენ ახლა ვლაპარაკობთ ფაქტზე და არა იმაზე, რა შეიძლებოდა მომხდარიყო. დანაშაული იყო, რაც მოხდა. ახალგაზრდები დასახიჩრდნენ.

დავფიქრდეთ ერთ რამეზე - როდემდე უნდა ავირჩიოთ ხელისუფლება ქუჩაში?! როდემდე უნდა მართავდეს საქართველოს ქუჩაში არჩეული ხელისუფლება?! ასეთმა ხელისუფლებამ რაც დაგვმართა, კარგად ვხედავთ. აღიარება არ გვინდა, მაგრამ რაც ჩვენ ვართ, ისეთი ხელისუფლება გვყავს. ასეა. გავა დრო და თუ არ მოგვწონს, გამოვხატოთ ნება, გადაწყვეტილება და არჩევნების გზით დავამტკიცოთ, რომ შეიძლება ხელისუფლების შეცვლა.

ეს აქცია ხელისუფლებისთვის გამომაფხიზლებელი უნდა იყოს. ბოლოს და ბოლოს, გადასინჯონ, ვინ ჰყავთ ასეთი მტერი, რომელმაც ასეთი აქცია აუგორა. ხომ უნდა დაფიქრდნენ ამაზე?! ან პარლამენტის შენობაში რომ შეჰყავთ იმ ქვეყნის დეპუტატი, რომელმაც საქართველოს ტერიტორიების 20%-ის ოკუპაცია მოახდინა, გისვამენ მას სპიკერის სკამზე, ისე, რომ აზრზე ვერ მოდიხარ, რა გამოვდივართ მაშინ?! ანუ მიზეზს ისევ ჩვენს თავში უნდა ვეძებდეთ.

ვფიქრობ, უნდა დასრულდეს საქართველოში ერთპარტიული დიქტატი. მაშინ უკვე ვერც ერთი პოლიტიკური ძალა ვერ გაბედავს იმას, რასაც დღეს ბედავენ. ერთპიროვნულად არ შეიძლება გადაწყდეს ქვეყნის ბედი. ამაში მთელმა ერმა უნდა მიიღოს მონაწილეობა. მთლიანად უნდა შეიცვალოს სისტემა - დარღვეულია სულიერი წონასწორობა, საშუალებას არ იძლევა, რომ ადამიანი იყოს მშვიდად, ქვეყანა იყოს მშვიდად, აღმშენებლობის გზას დაადგეს. მიტინგიდან საპარლამენტო აზროვნებაზე უნდა გადავიდეთ.

მერაბ მამარდაშვილს აქვს გენიალური სიტყვები, მიტინგი არ არის ის ადგილი, სადაც შეიძლება აზროვნების აქტი შედგესო, აზროვნება უნდა დავიწყოთ ყველამ.

ჩვენ კი 1988 წლიდან დღემდე მიტინგს ვერ გავცდით - მიტინგია ჩვენი ქმედებაც, აზროვნებაც, სამწუხაროდ, ზნეობაც - ყველაფერი.

- ნიკა მელიას გარშემო განვითარებულ მოვლენებზე რას ფიქრობთ? - მე ვერავის დაჭერას ვერ დავუჭერ მხარს, მაგრამ კანონი უნდა კანონობდეს. მეორე რამეც არის, იქნებ მელიაზე გაცილებით დიდი დამნაშავენი არიან ისინი, ვინც ასეთი სიტუაცია შექმნეს?!

მე, მაგალითად, ამ აქციის ლიდერად ვერ აღვიქვამდი ნიკა მელიას, იმიტომ, რომ ამ აქციას თავიდან ძალიან კარგად უძღვებოდნენ ახალგაზრდები. მერე, როდესაც პოლიტიკური პარტიები ჩაერთვნენ, მათ აამტუტეს ვითარება, არ მისცეს ახალგაზრდებს საშუალება თავიანთი პროტესტი გამოეთქვათ.

ვერავის დაჭერას ვერ დავუჭერ მხარს, ეს საკითხი ხელისუფლების გადასაწყვეტია და, რა თქმა უნდა, ფაქტების საფუძველზე - რასაც ახლა მე ვუყურებ, არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ეს კაცი დააპატიმრონ.

- მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომა-არგადადგომის საკითხზე რას ფიქრობთ? - ესეც ხელისუფლების გადასაწყვეტია. ტელევიზიით კი მოვუსმინე მის გამოსვლას, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. მას არ უნდა დაეშვა დარბევა. ძალიან მძიმე ვითარებაა, მაგრამ ისევ ვიმეორებ, ის, რომ ხელისუფლებას სხვა გზა აღარ დარჩა, გარდა დარბევისა, უსუსურობაა. არ შეიძლება შენს ხალხს იარაღის ენაზე ელაპარაკო.

- პოლიციელების გადაცდომებზე მინისტრმა პასუხი არ უნდა აგოსო, ესეც ითქვა. - უმეტეს შემთხვევაში ძველი კადრები არიან თანამდებობებზე, მათ კი ჰქონდათ ბრძანება, მაგრამ არ არის გამორიცხული, რომ გადაამეტეს, თუმცა ესეც ისევ და ისევ ხელისუფლების ბრალია.

კონსტანტინე გამსახურდიას სიტყვები მახსენდება, მუდამ სხვის ტაშ-ფანდურზე ვბუქნაობდით და ამიტომაც ატყდებოდა საქართველოს ყოველთვის სხვაგან დატეხილი ჭირიო. აი, ეს ხდება დღესაც, სამწუხაროდ.

რაც შეეხება ხელისუფლებას, ყველაზე მეტად ხალხს რაც აღიზიანებს, ის არის, რომ ხელისუფლებას არ გააჩნია თავისი პოზიცია, არადა, აუცილებელია. დინებას კი არ მისდევს, ბრმად არის მინდობილი. და კიდევ, ახალგაზრდების აქტიურობა ანომალიურ აქტიურობაში არ უნდა გადაიზარდოს, საღ აზრს უნდა ემყარებოდეს.

გამოსავალს ვხედავ იმაში, რომ ორივე ძალა კომპრომისზე უნდა წავიდეს, თორემ ყოველივე მძიმედ აისახება ჩვენს ყოველდღიურობაზე, ეკონომიკურადაც ჩავვარდებით, სადამდე ავარდა ლარი, ხომ ხედავთ. ჩვენი ხვალინდელი დღე ყოველგვარ პოლიტიკურ ინტერესებზე მაღლა უნდა დავაყენოთ!