"ტიფლისის უნიკა" - მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ღირებული მარკა - კვირის პალიტრა

"ტიფლისის უნიკა" - მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ღირებული მარკა

"ტიფლისის უნიკას" უკანასკნელი სამი ეგზემპლარი ცნობილი კოლექციონერის, კარლ ფაბერჟეს ვაჟის წყალობით შევიდა მსოფლიოს ყველა კატალოგში, ბოლოს კი შვეიცარიელი კოლექციონერის, ზბიგნევ მიკულსკის კოლექციაში აღმოჩნდა"

მას შემდეგ, რაც კაცობრიობამ საფოსტო მარკა შექმნა, თითქმის ორი საუკუნეა გასული, ამ ხნის განმავლობაში შექმნილი ზოგიერთი მარკის ფასი ასტრონომიულ ციფრებს აღწევს. საფოსტო მარკები საფოსტო მომსახურებისთვის გაწეული ხარჯების ასანაზღაურებლად შეიქმნა, პირველად ინგლისში 1848 წელს დაიბეჭდა, მერე კი მთელ მსოფლიოში გავრცელდა. ამასობაში მათზე დატანილმა უამრავმა სიმბოლომ ხალხის ყურადღება მიიზიდა, რასაც მარკის მატერიალური ღირებულების მაგიური მნიშვნელობაც დაერთო. ასე რომ, საფოსტო მარკის კოლექციონერობას თანდათან უამრავმა ადამიანმა მიჰყო ხელი. ფილატელისტები დედამიწის თითქმის ყველა ქვეყანაში აღმოჩნდნენ, მათ შორის საქართველოშიც. მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი და ძვირად ღირებული მარკა "ტიფლისის უნიკა" თბილისში 1856 წელს დაიბეჭდა, რამდენიმე თვით ადრე, ვიდრე რუსეთში. თბილისი ხომ უამრავი უცხოელი ჩამოდიოდა და მათ სახელზეც უამრავი წერილი შემოდიოდა, კონვერტებზე მარკებით.

შარშან ევროპის 54 ქვეყნის მარკებს შორის კონკურსზე ქართული მარკა "ბესლეთის ხიდი" გავიდა მეორე ადგილზე. ასე რომ, თბილისელი კოლექციონერები ქართული საფოსტო მარკების ისტორიითაც იწონებენ თავს. მათ შორის, ვლადიმერ ბალასანიანი, რომელიც საფოსტო მარკებს უკვე 55 წელია აგროვებს.

- თბილისელი კოლექციონერების ძველი თაობა დიდი ხალხი იყო. მაგალითად, ირაკლი ყაუხჩიშვილი მთელ ამიერკავკასიაში ყველაზე სერიოზულ ფილატელისტად ითვლებოდა. თბილისში ბევრი ძლიერი კოლექციონერი იყო. ამ ამბავს ისიც განაპირობებდა, რომ მსოფლიოსთან მაშინდელი ურთიერთობის ერთ-ერთი გზა სწორედ საფოსტო მარკები იყო, მარკებზე აღბეჭდილი სიმბოლოებით კი შეიძლებოდა ბევრ ქვეყანაზე ინფორმაციის გაგება. სხვათა შორის, როდესაც ბოლშევიკებმა რუსეთის იმპერია დაიპყრეს, ბევრი უცხოეთში წასული ემიგრანტი სწორედ საფოსტო მარკებს ავრცელებდა საზღვარგარეთ, რათა მის ქვეყანაზე საზღვარგარეთ ხალხს რაიმე გაეგო. დღეს უკვე ეს ნიუანსი ცოტათი შეცვლილია, თუმცა, ჩემი მეგობარი, რომელიც რამდენიმე ათეული წლის წინ წავიდა ამერიკაში, ქართულ მარკებს ისევ აგროვებს.

"ტიფლისის უნიკა" მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ძვირად ღირებულ მარკად ითვლება, მისი ფასი 500.000 დოლარია. ამ მარკაზე კავკასიის გუბერნიის გერბი იყო გამოსახული. როდესაც თბილისში უცხოური წერილი შემოვიდოდა, მას კონვერტიანად ახალ კონვერტში ჩადებდნენ და ზემოდან "ტიფლისის უნიკას" დააწებებდნენ. წერილს, ჯერ გარე კონვერტს შემოაცლიდნენ, მერე კი მომდევნოს. ასე ნადგურდებოდა "ტიფლისის უნიკას" მარაგიც. ბოლო დრომდე ამ სერიიდან მხოლოდ სამი მარკა ითვლებოდა შემორჩენილად. თუმცა ბოლო წლებში გაირკვა, რომ კიდევ ორი გადარჩენილა. თუ არ ვცდები, ერთ-ერთი პარიზის მუზეუმში ინახება.

მარკის უკანასკნელი სამი ეგზემპლარი ცნობილი კოლექციონერის, კარლ ფაბერჟეს ვაჟის წყალობით შევიდა მსოფლიოს ყველა კატალოგში, ბოლოს კი შვეიცარიელი კოლექციონერის, ზბიგნევ მიკულსკის კოლექციაში აღმოჩნდა. ეს იშვიათობა საკუთარი თვალით მაქვს ნანახი 1997 წელს მსოფლიო მარკების გამოფენაზე უცხოეთში. იქ მიკულსკიც გავიცანი, მარკების უმდიდრესი კოლექციონერი და უდიდესი ექსპერტი, ურომლისოდ მარკებს ფასი ვერ დაედებოდა. ჩვენს ნაცნობობაში ძალიან საინტერესო ამბავიც მოხდა: ერთ-ერთ კოლექციონერს უნიკალური მარკის ეგზემპლარი აღმოაჩნდა. დახედვისთანავე ვიგრძენი, რომ რაღაც ისე ვერ იყო და ვუთხარი, მგონი, ყალბი უნდა იყოს-მეთქი. მთხოვა, შენ ხომ იცნობ ზბიგნევ მიკულსკის, მისწერე, იქნებ მან გამარკვიოსო. მიკულსკის ფოტო ფოსტით გავუგზავნე და როგორც კი მიიღო, დამირეკა, ნამდვილი არ არისო, მერე კი წერილიც გამომიგზავნა ფაქტის დასადასტურებლად.

- ანუ, მარკას ისევე აყალბებენ, როგორც ფულის კუპიურებს? - საფოსტო მარკა ჩვეულებრივი ფასიანი ქაღალდია. მარკის ღირებულება ხანდაზმულობაზე ან მასზე აღბეჭდილ სიმბოლოებზე კი არ არის დამოკიდებული, არამედ იმაზე, რამდენად იშვიათია. მაგალითად, დამოუკიდებელი საქართველოს პირველ მარკებში იყო წმინდა გიორგის მარკები, რომლებიც დღეს ბევრ კოლექციაშია, მაგრამ ჩვეულებრივი ფასი აქვს; თუმცა ამ სერიაში არსებობს ისეთი მარკაც, რომელიც დიდი ფასი ღირს - იმის გამო, რომ შეცდომით დაიბეჭდა წმინდა გიორგის ისეთი მარკა, რომელზეც ცხენი ჩანს, მხედარი კი არა.

- ანუ, იმისთვის, რისთვისაც სტამბის მბეჭდავები შეიძლება უხელფასოდ დარჩნენ, მარკის ღირებულება იზრდება? - ამის უნიკალური ამერიკული მაგალითი არსებობს, რომელსაც "ამობრუნებული ჯენი" ჰქვია. ეს ბორბლებზე ამობრუნებული ამერიკული საფრენი აპარატი "კერტის ჯენი" გახლავთ, რომელიც მბეჭდავებმა შეცდომით, ამოტრიალებული დაბეჭდეს და დაისაჯნენ კიდეც, დღეს ამ მარკის ფასი მილიონი დოლარია, არადა, იყო დრო, 24 ცენტი ღირდა.

- ქართულ მარკებში თუ არის სხვა მსგავსი იშვიათობები? - არის რამდენიმე მარკა, სადაც მარკის ნომინალები გადახრილია იმ ადგილიდან, სადაც უნდა იყოს. ამით ამ მარკების ფასი იზრდება. თუმცა ჩემთვის არანაკლებ საინტერესოა, რომ ამ მარკების სრულყოფილი კოლექცია მქონდეს. მარკების მიხედვით ისტორიის სვლას ადევნებ თვალს. მაგალითად, დამოუკიდებელი საქართველოს პირველ მარკებზე დამოუკიდებელი სახელმწიფოს ცხოვრების წესი და ნომინალებია ასახული: წმინდა გიორგი, ქართველი ქალის, საქართველოს დე იურე აღიარება... მერე კი ბოლშევიკურ ქართულ მარკაზე გაჩნდა წარწერა "დამშეულთა სასარგებლოდ", მოგეხსენებათ, ამ სახელმწიფოს ქვეყანაში შიმშილი შემოჰყვა და ეს მარკაზეც აისახა. 1993 წელს კვლავ განახლდა დამოუკიდებელი საქართველოს მარკების ბეჭდვა, რისი ერთ-ერთი მონაწილე მეც ვიყავი, მოგვიანებით მარკები სახელმწიფოს ხელში გადავიდა.

- მარკის დაცულობა თუ არის გარანტირებული, როდესაც საერთაშორისო გამოფენებზე მიაქვთ. - საერთაშორისო გამოფენებზე მონაწილეებს უგზავნიან რამდენიმე სასტუმროს სიას, რომელთაგან ყველას სპეციალური დაცვა აქვს. რაც შეეხება დღევანდელ საფოსტო მარკების აუქციონებს, ყველაზე მასშტაბური ამერიკული აუქციონია და მასზე დარეგისტრირება ძალიან ძნელია. აქ მსოფლიოს მრავალ მარკას შორის გასაყიდად გამოტანილ იშვიათ ქართულ მარკებსაც ნახავთ. დროდადრო ვცდილობ ამ აუქციონიდან მარკების შეძენას, მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელ ფილატელისტებს ამისთვის მცირე სახსრები გვაქვს.