"მალავენ, რომ რუსი ტურისტები არიან, ამბობენ უკრაინელები ვართო" - კვირის პალიტრა

"მალავენ, რომ რუსი ტურისტები არიან, ამბობენ უკრაინელები ვართო"

დაცარიელებული რიყის პარკი, ხელმოცარული გიდები და სიხალვათე ნარიყალას საბაგიროს რიგში - ეს ბოლოდროინდელი პოლიტიკური მოვლენების თბილისია

- Здравствуйте, вы из России?

- Мм...

- Нет, из Италии.

- Не пугайтесь, скажите, вы же из России?

- ....

ასე არიდებენ თავს რუსი ტურისტები კითხვას: "რუსეთიდან ხართ?" დაცარიელებული რიყის პარკი, ხელმოცარული გიდები და სიხალვათე ნარიყალას საბაგიროს რიგში - ეს ბოლოდროინდელი პოლიტიკური მოვლენების თბილისია. "კვირის პალიტრის" ჟურნალისტებმა გადავწყვიტეთ თავად გვენახა, ვინ და რატომ ზარალდება რუსეთ-საქართველოს შორის ავიამიმოსვლის აკრძალვით, როგორ გამოიყურება ტურისტული უბნები და რას ფიქრობენ ჯერ კიდევ თბილისში მყოფი რუსი ტურისტები პუტინის საგარეო პოლიტიკაზე.

გეზი რიყის პარკისკენ ავიღეთ. რუსი ტურისტების მკვეთრი ნაკლებობა აქ შესამჩნევია, ამას ტურიზმის სფეროში მომუშავე შორენა ხოსრუაშვილიც გვიდასტურებს.

"რუსი ტურისტების ნაკადმა იკლო და ეს ჩვენს ჯიბეზეც აისახა"

შორენა ხოსრუაშვილი: - მე ტურისტებს მტკვარზე კატარღით გასეირნებას ვთავაზობ - ე.წ. თბილისის ტურს. ახლა პირველი საათია და ჯერჯერობით არავინ გვყავს, არადა, ამ დროს უკვე წასული ვიყავი ხოლმე. რიყის პარკი თითქმის ცარიელია, აღარ შემოდიან ტურისტები, რადგან იციან, რომ აქ აქციებია, ზოგს აშინებენ, რომ ჩახვალთ, მოგკლავენ, გესვრიანო, დაშინებულია ხალხი. ტურისტებისგან აგრესია არ იგრძნობა, რადგან მათ უყვართ საქართველოში ჩამოსვლა, ჩვენსა და რუს ხალხს შორის ურთიერთობას პოლიტიკოსები ვერ დაძაბავენ. ამ დროს საბაგიროს ასასვლელთან რიგები დგას ხოლმე, ჯერ კიდევ აქციების დაწყების წინ აქაურობა ტურისტებით იყო გადაჭედილი. ახლა მხოლოდ ირანელები, არაბები, ინდოელები და ეგვიპტელები დადიან.

რუსი ტურისტების ნაკადმა იკლო და ეს ჩვენს ჯიბეზეც აისახა. თითქმის 5 წელია ეს ტური გვაქვს, ჩემი შემოსავლის წყაროც ეს იყო.

პუტინის განცხადების შემდეგ რუსი ტურისტები გაიყვანეს, დაჯავშნილი რეისები გადადეს, სასტუმროების მეპატრონეები, რომლებიც სტუმრებს რუსეთიდან იღებდნენ, ჩივიან, ჯავშნები გაგვიუქმეს, ცარიელია სასტუმროებიო.

პეტერბურგიდან მწერს ერთი ტურისტი, რომელიც ხშირად ჩამოდის ხოლმე, ძალიან ვნერვიულობ, რა მოხდა, რატომ დაიძაბა მანდ ასე სწრაფად ვითარებაო.

"ფორუმებზე ყურადღებით წავიკითხეთ, რას წერდა ხალხი და გადავწყვიტეთ, საქართველოში ჩამოვსულიყავით"

- რუსეთში სპეციალურად აგროვებენ ნეგატიურ ინფორმაციას საქართველოში ტურისტულ მომსახურებაზე, - საუბარში ჩაგვერთო კიდევ ერთი პრომოუტერი, ირაკლი ღლონტი: - გუშინ დავაბინავე რუსი ტურისტები, რომლებსაც დაჯავშნილი ჰქონდათ ტური და აღარ გააუქმეს, ამბობდნენ, ჩამოვედით და ჩვენი თვალით ვნახეთ, რომ რუსეთში გავრცელებული ინფორმაცია სიცრუეაო. ფაქტია, რუსეთში გარკვეული ჯგუფები ხალხის დაშინებას ცდილობენ.

რიყის პარკიდან ბამბის რიგისკენ წავედით - დაცარიელებული პარკი, და უჩვეულო სიწყნარე მშვიდობის ხიდზე, სადაც მხოლოდ უსაქმოდ დარჩენილი პრომოუტერები თვლემდნენ. ხიდის ბოლოს, ცივი სასმელების ჯიხურთან, რუს ტურისტებს წავაწყდით.

- გამარჯობა, რუსეთიდან ხართ? - ვეკითხებით ტურისტებს. - დიახ, მე ანდრეი ვარ, მოსკოვიდან, ოჯახთან ერთად ვისვენებ საქართველოში.

- ჩვენ ჟურნალისტები ვართ, გვაინტერესებს, როდის ჩამოხვედით და როგორ ისვენებთ? - გადასარევად ვისვენებთ... სამი დღის წინ ჩამოვედით, აქედან მივდივართ ქუთაისში, მერე ბათუმში. ვიცით, რომ აქ დაძაბული სიტუაციაა და სანამ ჩამოვიდოდით, ისე შეგვაშინეს, ყველა ჯავშანი გავაუქმეთ, შემდეგ ყურადღებით წავიკითხეთ, რას წერდა ხალხი და გადავწყვიტეთ, ჩამოვსულიყავით.

ყველაფერი, რასაც რუსეთის ტელევიზია გადმოსცემს, ტყუილია. იქ ძალიან ამწვავებენ რეალურ სიტუაციას, რომ რუსეთის მოქალაქეებისთვის საქართველო არ არის უსაფრთხო ქვეყანა. ეს ხომ სისულელეა. ჩვენც დავრწმუნდით, რომ ეს ტყუილია.

აი, ბავშვებთან ერთად ჩამოვედით... ისეთი სტუმართმოყვარეობით გამოირჩევით, ასეთს სად ნახავთ რუსეთში? ჩვენთან სპეციალური ფორუმებია, სადაც ჩემი თანამემამულეები შთაბეჭდილებებს წერენ, რომ ყველაფერი კარგად არის საქართველოში, რომ აქ უსაფრთხოდ ვართ.

- პირველად ხართ საქართველოში? - პირველად ვართ და იმედია, ბოლოჯერ არა. დღევანდელი აქაური სიტუაცია პოლიტიკური თამაშია. რუსეთის ინტერესი ჩანს. პუტინმა იმხელა ხიდი ააგო და ახლა ითხოვს, ტურისტები ყირიმში ჩავიდნენ, მიუხედავად ამისა, ვისაც საქართველოში დასვენება გვინდა, მაინც ჩამოვალთ. პირველ დღეს, როდესაც ინფორმაცია გავრცელდა, პანიკა იყო. სამწუხაროდ, ამას ბევრი იჯერებს.

პრომოუტერებისა და გიდების გარდა, ტურისტების სიმცირეა კაფე-რესტორნებში, ამის დასტური თითქმის ცარიელი ბამბის რიგი იყო.

შექმნილ პრობლემებზე საუბარს არ ერიდებიან ტურისტული კომპანიებიც.

"ძალიან დაბნეული ვართ ტურიზმის სფეროს მუშაკები"

გიორგი ლომიძე, ტურისტული კომპანიის წარმომადგენელი:

- ტურიზმი ძალიან მგრძნობიარეა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების მიმართ, განსაკუთრებით, როცა ეს ეხება უსაფრთხოებას, არა აქვს მნიშვნელობა, რომელი ქვეყნიდან გეყოლება ტურისტი, რადგან პატარა არეულობაც კი მოქმედებს მათ განწყობაზე. ალბათ, თქვენც არ წახვიდოდით იქ, სადაც უსაფრთხოდ არ იგრძნობდით თავს.

ჩემი სტატისტიკიდან, რომელიც მეგობრების კომპანიებსა და კოლეგა გიდების ინფორმაციას ეყრდნობა, შემიძლია ვთქვა, რომ უკვე 35-40 პროცენტით შემცირდა შემოსვლა, სასტუმროების ჯავშნების თითქმის ნახევარი გაუქმებულია. ეს "ნალოლიავები" ტურიზმი და ტურისტები რამდენიმე წლით უკან გადავისროლეთ. ეს მხოლოდ ჩემი აზრი არ არის, ქალაქს ეტყობა.

ისინი, ვინც საქართველოში მოგზაურობის შემდგომ რუსეთში ბრუნდებიან, ერთგვარად ჩვენი ლობისტები ხდებიან. მათაც აშფოთებთ გავრცელებული ინფორმაცია. საქართველოში დარჩა რუსი ტურისტების ის ნაწილი, ვისაც ტური უკვე ნაყიდი ჰქონდა.

აქ მყოფები მალავენ, რომ რუსები არიან, ამბობენ, უკრაინელები ვართო. წარმოიდგინეთ, როცა ისეთ ქვეყანაში ხარ, რომელზეც ამ მასშტაბის საინფორმაციო შეტევაა! მსგავს სიტუაციას დიდი ქვეყნებიც ვერ უმკლავდებიან.

არ დავმალავთ და ვიტყვით, რომ ძალიან დაბნეული ვართ ტურიზმის სფეროს მუშაკები.

ნინო წიფურია

ნინო ბურჭულაძე