ბრიგადა # 0911 - ჟურნალისტი პროფესიას იცვლის - კვირის პალიტრა

ბრიგადა # 0911 - ჟურნალისტი პროფესიას იცვლის

გიორგი თუხარელი: "კმაყოფილი პაციენტის მადლიერ თვალებს არაფერი შეედრება"

უკვე იმდენი ხანია, სასწრაფოს 0911 ბრიგადასთან ერთად "ვმოგზაურობ", რომ თავისუფლად შემიძლია სტატისტიკაც ვაწარმოო. ამ ხნის განმავლობაში, ფაქტობრივად, შევისწავლე ამა თუ იმ კატეგორიის ადამიანთა ქცევები და ახლა მინდა, ერთ-ერთ ასეთ "კატეგორიაზე" მოგიყვეთ.

მოგეხსენებათ, ასაკოვანი ადამიანები უფრო ხშირად საჭიროებენ დახმარებას და გამოძახებების დიდი ნაწილიც სწორედ მათზე მოდის. ვერც წარმოვიდგენდი (ალბათ, სტატისტიკაც არ არსებობს), თუ 80 წელს გადაცილებული ამდენი გაუთხოვარი ქალი გვყავდა. სანამ მათზე მოგიყვებით, მინდა სისტემაში ჩაუხედავებს მოგახსენოთ, რომ როდესაც თქვენ 112-ში რეკავთ და ოპერატორს მისამართს, დაავადების სიმპტომებს აწერინებთ, ამის შემდეგ სწორედ 112-ის ოპერატორი განსაზღვრავს პრიორიტეტებს, რომელ პაციენტთან როდის გაუშვას ბრიგადა და რომელი მათგანი უფრო საჭიროებს გადაუდებელ დახმარებას. ასე ვთქვათ, აწესებს რიგს, თუ ძალიან ბევრი გამოძახებაა. ამას რატომ გიყვებით, ახლავე აგიხსნით:

88 წლის პაციენტთან მისამართის გადმოცემიდან 8 წუთში ვიყავით, მაგრამ ქალი ბუზღუნით შეგვხვდა, ნახევარი საათია, გელოდებითო. აღმოჩნდა, რომ წნევის გაზომვა სჭირდებოდა. ჩემი აპარატი ურევს, რადგან წნევას ვიზომავ და არა მაქვს მაღალი, გადამოწმება მინდაო. გაუზომეს წნევა და მართლაც ნორმაში აღმოაჩნდა. ამის მიუხედავად, წუწუნი არ შეუწყვეტია, დაგვიანებით რომ მოხვედით, რომ მოვმკვდარიყავი, რას იტყოდით მერეო? არადა, დროულად მივედით, მაგრამ, როგორც ჩანს, 112-ის გამჭრიახი ოპერატორი მიხვდა, რომ ტყუილად გვიძახებდნენ და ამიტომ გადმოგვცა მისამართი მაშინ, როცა მისი რიგი მოვიდა.

გაიცანით გიორგი თუხარელი

0911 ბრიგადის ყველაზე ახალგაზრდა წევრი, ჯერჯერობით უმცროსი ექიმი, გიორგი თუხარელი 28 წლისაა. "ჯერჯერობით" იმიტომ, რომ სწავლის მეორე ეტაპზეა - სამედიცინო უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ რეზიდენტურას ორთოპედია-ტრავმატოლოგიაში გადის და კოლეგები დიდ წარმატებას უწინასწარმეტყველებენ.

- მამა ექიმია, პროფესორი, დედა - ექთანი. ბავშვობიდან ვხედავდი, როგორ ეხმარებოდა მამა გაჭირვებულ ხალხს, რომლებსაც ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდათ. კმაყოფილი პაციენტის მადლიერი თვალები ყველაზე დიდი ბედნიერებაა ექიმისთვის.

"სასწრაფოში" 6 წელია, ვმუშაობ. სტუდენტობაში სხვადასხვა კლინიკაშიც მიმუშავია, თუმცა "სასწრაფო" ძალიან დიდ გამოცდილებას გაძლევს. არ მინდოდა მშობლებზე დამოკიდებული ვყოფილიყავი, თუმცა ისინი ყველაფერს აკეთებენ ჩემს პროფესიონალ ექიმად ჩამოყალიბებისთვის. რეზიდენტურის ფულს ჩემი ხელფასით ვიხდი და მაქსიმალურად ვცდილობ, ჩემივე რესურსი ჩავდო განათლებასა და პროფესიულ ზრდაში.

მუშაობის პერიოდში ბევრი მადლობა მაქვს მიღებული და ბევრიც გადარჩენილი სიცოცხლე, წარმატებული რეანიმაციები, რის გამოც ადმინისტრაციამ რამდენჯერმე ფულადი ჯილდოთი დამიფასა შრომა.

- მახსოვს, მომიყევით, შედეგიანი რეანიმაციის შემდეგ პაციენტის შვილისგან საყვედური რომ მიიღეთ. - პაციენტი შუახნის მამაკაცი იყო და გულის უკმარისობის გამო დაგვირეკეს. რთული მდგომარეობა ჰქონდა და კლინიკაში გადაყვანა გადავწყვიტეთ. ფარით ჩავიყვანეთ და კიბეზე ჩასვლისას გონი დაკარგა. სასწრაფოდ მოვათავსეთ მანქანაში და დავიწყე რეანიმაცია. ამასობაში შვილი დარბოდა გარეთ (ახალგაზრდა მამაკაცი), მამაჩემი მოკვდაო, ყვიროდა. პაციენტი, ფაქტობრივად, საიქიოდან გამოვაბრუნეთ. ძლივს მოვიყვანეთ შვილი, რომ კლინიკაში მამას გამოჰყოლოდა. პაციენტი კლინიკის ექიმებს ჩავაბარეთ და ჩვენ უკან გამოვბრუნდით. შვილი გარეთ იდგა და როცა მძღოლმა მანქანა დაქოქა, ჩხუბით მოგვვარდა, აქ რომ დაქოქეთ მანქანა, გამონაბოლქვი გვაწუხებსო. მადლობის მაგიერი იყო, მამა რომ გადავურჩინეთ.

ერთხელ ახალი წლის ღამეს გამოგვიძახა პაციენტმა, რომელსაც სტუმრები ჰყავდა დაპატიჟებული და რაღაც მიზეზების გამო კერძების მომზადება ვერ მოასწრო. საავადმყოფოში გადასაყვანად გამოგვიძახა, სტუმრებთან სირცხვილი რომ არ ეჭამა - ასე საპატიო მიზეზი ექნებოდა...

მოჯადოებული მერხი

სარაჯიშვილის მეტროს მიმდებარედ, გაჩერებასთან, ერთი უბრალო მერხი დგას. უბრალო იმიტომ, რომ ხისგან გამოჩორკნილი დასაჯდომი აქვს, რომელიც მიწაში ჩასობილ ორ მორზეა დაჭედებული. უბრალო ეძახე და როგორც აღმოჩნდა, ბევრი ადამიანის მშველელი კი ყოფილა.

ქალს სამარშრუტო ტაქსიში გონი დაუკარგავს. მგზავრების დახმარებით აზრზე რომ მოსულა, სწორედ ამ სკამთან ჩამოუსვამს მძღოლს და იქვე მყოფი ხალხისთვის უთქვამს, მიხედეთო. ჩვენც სწორედ მათ გამოგვიძახეს. მისულებს გამხდარი, ფარატინა ქალი დაგვხვდა. როგორც აღმოჩნდა, იმის გამო, რომ წამალი ვერ იყიდა, 3 დღე არ დაულევია წნევის დამწევი პრეპარატი. მაიამ ჰკითხა, დღეს ჭამეთ რამეო? ქალი დაფიქრდა და თავი გადააქნია, არაო, მერე დაამატა, ჯერ არაო... გიორგიმ შესვენებისთვის ნაყიდი ხაჭაპური მიაწოდა. თქვენი შიმშილი არ შეიძლება და ეს მიირთვითო. უხერხულად რომ არ ეგრძნო თავი, არ შევიმჩნიეთ, რომ მივხვდით, მშიერი იყო...

ცოტა ხანში მოკეთდა და დაგვემშვიდობა, თუმცა ჩვენ დავრჩით, რადგან იმავე მერხზე მამაკაცი და ქალი ისხდნენ და საშველად გვიხმობდნენ. ქალს გული აწუხებდა, დედა ჰყოლია ცუდად და შეტყობინება მიუღია, რომ ავადმყოფი დამძიმდა. მასაც მანქანაში აღმოვუჩინეთ დახმარება.

ამ ადგილზე გამოძახებაზე იმავე დღეს, ასე, ღამის 12 საათზე ისევ მივედით. მერხზე თავგატეხილი მთვრალი მამაკაცი იჯდა. შუბლიდან ჩამოდენილი სისხლით ჰქონდა სახე მოსვრილი.

ექიმებმა სისხლი მოსწმინდეს, ჭრილობა გაუსუფთავეს. მამაკაცი თან ხუმრობდა, ფეხი წამოვკარი და წავიქეცი, მარა მთვრალი კი არა ვარ, ბნელა და ვერაფერი გავარჩიეო. შემდეგ მაია ექიმს გვარი ჰკითხა და რომ გაიგო, ქურდაძე იყო, უეცრად მოიშორა ექიმის ხელები. ცოლი მყავს ქურდაძე და თქვენ მე ხეირს არ დამაყრით, მოგზავნილები ხართო. ბევრი ხვეწნის შემდეგ მაიამ და გიორგიმ ძლივს მოახერხეს მისთვის თავის შეხვევა. ცოტა ხანში პაციენტი დაგვემშვიდობა და ბარბაცით წავიდა. რამდენიმე ნაბიჯის მერე სახვევი მოიგლიჯა, "ეს აღაარ გვჭირ-დე-ბაა", დამარცვლით თქვა და გადააგდო.

შემდეგი მორიგეობის დროს იმავე მერხზე ახალგაზრდა მამაკაცთან გამოგვიძახეს, რომელსაც აშკარად "ლომკა" ჰქონდა. იქვე ახალგაზრდა ქალი შევნიშნეთ, რომელიც ახლოს მოსვლას ვერ ბედავდა. მასთან ისე მივედი, პაციენტს რომ არ დავენახე. ცოლი ვარ, რომ დამინახოს, შესაძლოა საცემრად გამოიწიოს, ასეთ დროს ვერიდები და ბავშვსაც ვარიდებო, მითხრა მან.

- რა გამოსავალს ნახულობთ ხოლმე? - ან წამალი უნდა იშოვოს, ან ნარკოლოგიურში უნდა გადავიყვანოთ, მაგრამ იქ ყოფნა ძალიან ძვირი ჯდება და საშუალება არა გვაქვს.

მაიამ პაციენტს დაუყვავა, მაგრამ ის მაინც არ მშვიდდებოდა - აგინებდა ნარკოლოგიურის ექიმებს, სახელმწიფოს, რომ კლინიკაში დაწოლა ძვირი ჯდება და საშუალება არ ჰქონდა "ლომკის" მოხსნის. ჩვენს ექიმებს მხოლოდ ამას ეხვეწებოდა, დამამშვიდებელი და ტკივილგამაყუჩებელი გამიკეთეთო. მერე ცოტა ხნით დამშვიდდა და ცოლმაც გაბედა მოახლოება.

მერხი, რომელზეც მოგიყევით, სამარშრუტო ტაქსების ბოლო გაჩერებაა. ერთ-ერთ მძღოლს გამოველაპარაკე:

- ეს სკამი, გენაცვალე, მოჯადოებულია. ვინც ავადაა, ვისაც შია, ყველა აქ მოდის. თუ ვინმეს გული შეაწუხებს, ჩამოჯდება და მერე ჩვენ ვიძახებთ "სასწრაფოს". მძღოლებიც ხშირად ვაკეთებთ "პერერივს" ამ სკამზე, ღამით კი შეყვარებული წყვილები იკავებენ აქ ადგილს. ხშირად უსახლკაროებს საწოლის მაგივრობასაც უწევს.

შემდეგ ნომერში მამის მკვლელ ქალზე მოგიყვებით, კიდევ თაღლითობისთვის დაკავებულ ქალზე, რომელსაც ბევრი საინტერესო ამბავი აქვს.

მარი ჯაფარიძე