"ამ ეტაპზე გამორიცხულია დადასტურება, რისგან მიიღეს 20 ივნისს დაშავებულმა პაციენტებმა დაზიანებები" - კვირის პალიტრა

"ამ ეტაპზე გამორიცხულია დადასტურება, რისგან მიიღეს 20 ივნისს დაშავებულმა პაციენტებმა დაზიანებები"

ცალსახად გამორიცხულია ამ ეტაპზე იმის დადასტურება, თუ რისგან მიიღეს პაციენტებმა დაზიანებები და ეს ექსპერტიზის შედეგების შემდეგ გახდება ცნობილი, - ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ხელმძღვანელმა, ავთანდილ თალაკვაძემ 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, დღეის მდგომარეობით სამედიცინო დაწესებულებებში რჩება 6 პაციენტი, მათ შორის 3 განაგრძობს მკურნალობას "რეგიონალურ ჰოსპიტალში".

"ერთ-ერთი პაციენტის მდგომარეობა, საგრძნობლად გაუმჯობესდა, გადაყვანილია პალატაში და რამდენიმე დღეში გაეწერება კლინიკიდან. რაც შეეხება ორ პაციენტს, რომლებიც გადმოყვანილი არიან ალადაშვილის კლინიკიდან ერთ-ერთ პაციენტს ჩაუტარდა განმეორებითი ნეიროქირურგიული ოპერაცია მისი მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია, მოიხსნა მართვითი სუნთქვის აპარატიდან, კონტაქტურია და იგეგმება მისი უახლოეს პერიოდში საზღვარგარეთ გამგზავრება რეაბილიტაციისთვის. რაც შეეხება მესამე პაციენტს, მისი ჰემოდინამიკა დადებითია , რჩება რეანიმაციულ განყოფილებაში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ", - განაცხადა თალაკვაძემ.

მანვე ისაუბრა იმ პაციენტების შესახებ, რომლებიც საზღვარგარეთ მკურნალობენ.

"ერთ-ერთ პოლიციელთან მიმართებაში ორშაბათს იგეგმება სამი ოპერაციული ჩარევა. მეორე პოლიციელს აქვს თვალის დაზიანება, იყო თვალის დაკარგვის რისკი და მიმდინარეობს რეაბილიტაცია. მესამე პაციენტი, რომელიც იმყოფება მიუნხენის საუნივერსიტეტო კლინიკაში, გადის დიაგნოსტიკურ კვლევებს. უახლოეს დღეებში რამდენიმე პაციენტის საზღვარგარეთ გამგზავრება კიდევ იგეგმება", - აღნიშნა საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ხელმძღვანელმა.

"ინტერპრესნიუსი"