რა შეიძლება გააფუჭოს სიცხემ ავტომანქანაში
რა შეიძლება გააფუჭოს სიცხემ ავტომანქანაში
გახსოვდეთ! ჰაერის მაღალი ტემპერატურის დროს არავითარ შემთხვევაში არ დატოვოთ ავტომანქანაში მცირეწლოვანი ბავშვები და შინაური ცხოველები! მაშინაც კი, როცა "ხუთი წუთით" გადიხართ!

ბოლო დღეებში სიცხემ ოფიციალურად დაადასტურა, რომ ზაფ­ხული მხოლოდ კალენდარზე არ დამდგარა. ჰაერის ტემპერატურის მატებასთან ერთად კი ავტომანქანების მფლობელებსაც მეტი ყურადღება მართებთ. რა საფრთხე შეიძლება შეუქმნას სიცხემ ავტომანქანასა და მის მძღოლს? არც ისე ცოტა, როგორც გგონიათ. ცხადია, მაღალ ტემპერატურაზე იზრდება ავტომობილის სავალი ნაწილისა და გაგრილების სისტემის მწყობრიდან გამოსვლის რისკიც, მაგრამ
ამჯერად მანქანის სალონში არსებულ რისკებზე ვილაპარაკებთ­ და ვეცდებით, ყველა მათგანი ჩამოვთვალოთ:

სმარტფონები და სხვა სახის ტექნიკა


გაჯეტები სახიფათოა იმ მხრივ, რომ სიცხეში არსებობს მათი ელემენტების გადახურების საშიშროება. ეს, თავის მხრივ, ზრდის სალონის დაზიანებისა და შესაძლო აალების საშიშროებასაც. ამიტომაც, ნუ დატოვებთ ტექნიკას ავტომანქანაში, შეიძლება მზის სხივებს
გადაურჩეს, მაგრამ "ხელმრუდების" ყურადღებას მაინც მიიქცევს.

ავტოკალამი და კოსმეტიკა


მაღალი ტემპერატურის დროს გამდნარი კალმიდან გამოსული მელანი ტოვებს ლაქას, რომლის მოშორებაც ძალიან რთულია როგორც ნაჭრის ან ტყავის, ისე პლასტმასის დეტალებიდანაც. იმავეს თქმა შეიძლება კოსმეტიკურ საშუალებებზეც პაპანაქებაში, მით უმეტეს, თუ კოსმეტიკა (და ავტომანქანაც!) ძვირად ღირებულია...

მზისგან დამცავი საშუალებები და სათვალე


რაც უნდა გასაკვირი იყოს, საშუალებები, რომლებმაც მზისგან უნდა დაგვიცვან, ხშირად თვითონ ვერ უძლებენ მაღალ ტემპერატურას! კრემების "ადუღებული" ტუბები სკდება და სალონს ცხიმიანი ლაქებით "ალამაზებს", სათვალის მინებს კი გარკვეულ ვითარებაში ლინზის ფუნქციის შესრულება და მზის სხივების ერთ წერტილში კონცენტრირება შეუძლიათ... და რაც მერე მოხდება, ნამდვილად გაგაოცებთ...

სანთებელა და აეროზოლი


ნუ დატოვებთ სანთებელას ავტ­ომობილის მზით გაცხელებულ სალონში, განსაკუთრებით მაღალ ტემპერატურაზე, რადგან არსებობს მათი აფეთქების რისკი. განსაკუთრებით საშიშია იაფფასიანი, "ერთჯერადი" სანთებელები, რომლებსაც ხანძრის გამოწვევაც შეუძლიათ. დაახ­ლოებით ასეთივე­ სარისკოა აეროზოლის ბალონები (მაგალითად, თმის ლაქი), რომელთა ანოტაციაშიც პირდაპირ არის გაფრთხილება:""არ გააცხელოთ!" ან "არ დატოვოთ პირდაპირ მზის სხივებზე!" გაცხელებისას აირი ფართოვდება და შეუძლია იოლად გახეთქოს მეტალის გარსი. ასეთ დროს ლაქსაც კი შეუძლია სალონის დაზიანება, უფრო "რთულ" ნივთიერებებზე" რომ აღარაფერი ვთქვათ.

შუშა და პლასტმასა


მზის პირდაპირი სხივები აზიანებს როგორც ავტომანქანის საღებავს, ისე მის პლასტმასის დეტალებსაც, მათ შორის სალონშიც! ამიტომაც საქარე მინა და ტორპედო მზისგან დამცავი ამრეკლით დაფარეთ. მის გარეშე მზეზე რამდენიმე საათის განმავლობაში მდგომ ავტომანქანის სალონში შესაძლოა ტემპერატურამ 90 გრადუსსაც მიაღწიოს! ასეთ დროს კანს საჭე და სავარძლები წვავს, ფილტვებს­ - გავარვარებული ჰაერი. ამიტომაც, სანამ საჭეს მიუჯდებით, ჩასწიეთ შუშები და სალონი გაანიავეთ. მაშინვე ნუ მიუშვერთ საქარე მინას კონდიციონერის ცივი ჰაერის ნაკადს - ტემპერატურის მკვეთრმა­ ცვლილებამ შესაძლოა მინაზე ბზარი გააჩინოს.


აგრესიული რომ არ გახდეთ


ადამიანების უმეტესობა სიცხეს ძნელად უძლებს. უპირველესად სტრესს გულ-სისხლძარღვთა სისტემა იღებს. ასეთ გარემოში კიდევ უფრო უჭირთ შინაურ ცხოველებს, რომელთა თერმორეგულაცია განსხვავებულია ადამიანის ორგანიზმისგან. გარდა ამისა, მაღალი ტემპერატურა დამღუპველად მოქმედებს როგორც ფიზიოლოგიაზე, ისე ადამიანის ფსიქიკაზეც.

ამერიკელი ფსიქოლოგის, დეივიდ მაიერსის მტკიცებით, ჰაერის ტემპერატურის უმნიშვნელო მატებაც კი საზოგადოებაში მნიშვნელოვნად ზრდის აგრესიას!
მაიერსის წიგნში "სოციალური ფსიქოლოგია. ინტენსიური კურსი""ნათქვამია: "ცხელ ფინიქსში (არიზონის შტატი) ის მძღოლები, რომელთა ავტომანქანებს კონდიციონერი არა აქვთ, გაცილებით ხშირად უსიგნალებენ წინ მიმავალ ავტომობილებს!"

ასე რომ, თუ არ გსურთ, უფრო აგრესიული გახდეთ, გაითვალისწინეთ ჩვენი (ზოგიერთი მაინც) რჩევა. გახსოვდეთ, რომ ჰაერის მაღალი ტემპერატურის დროს არავითარ შემთხვევაში არ დატოვოთ ავტომანქანაში მცირეწლოვანი ბავშვები და შინაური ცხოველები! მაშინაც კი, როცა "ხუთი წუთით" გადიხართ!
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
რომელი საარჩევნო სისტემაა თქვენთვის მისაღები ყველაზე მეტად?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
რომელი საარჩევნო სისტემაა თქვენთვის მისაღები ყველაზე მეტად?
თვის კითხვადი სტატიები