"როგორც ყველა ქართველი, ვარ პოლიტიკოსი, ხანდახან ზოგზე უფრო ნიჭიერი" - კვირის პალიტრა

"როგორც ყველა ქართველი, ვარ პოლიტიკოსი, ხანდახან ზოგზე უფრო ნიჭიერი"

ერთ-ერთი, ვინც სცენიდან პარლამენტის სხდომებზე გადაინაცვლა, მომღერალი, კომპოზიტორი და მხატვარი ნუგზარ ერგემლიძეა. ინტერვიუზე შესათანხმებლად დავურეკე თუ არა, პირველად ის მითხრა, ოღონდ არ მკითხო, პოლიტიკაზე რას ფიქრობო.

- პოლიტიკაში რომ იყავით, იმ პერიოდზე მაინც დაგელაპარაკებით-მეთქი.

- ე, დაიწყოოო... - მერე, ვხუმრობ, რაზეც გნებავთ, ვისაუბროთო.

- ასე მგონია, "ჩემი ცოლის დაქალებიდან" თქვენი პერსონაჟის, გოგი კირვალიძის დიალოგს თავად ადგენთ.

- არა, მიწერენ. ამ სერიალში თავდაპირველად მიშა მშვილდაძემ დამპატიჟა, კინოში გინდა გადაღებაო? სინჯებზე რომ ცოტა ნასვამი მივედი, ვიღადავეთ, გადავიღეთ და დამამტკიცეს.

- გოგი როგორი მამაა, ვხედავთ, თქვენ როგორი მამა ხართ? - ცუდი, იმიტომ, რომ მინდა უკეთესი ვიყო.

სკოლა ბათუმში დავამთავრე, ახლაც ბათუმში ვარ. კარგი ყრმობა მქონდა. ბიძაჩემი საბურთალოზე ცხოვრობდა. ერთხელ ვესტუმრე, 10 წლის ვიყავი მაშინ, რომ გადავიხედე და გაჩირაღდნებული საბურთალო დავინახე, ერთადერთი მაღალსართულიანი კორპუსი, მომეწონა ეს ქალაქი. ბიძაჩემს ვუთხარი, მაცხოვრე შენთან-მეთქი. იმან, კიო, მითხრა.

- როდის ჩამოხვედით თბილისში საცხოვრებლად? - სტუდენტობისას. სამხატვრო აკადემია დავამთავრე, დიზაინერი ვარ პროფესიით. იმ პერიოდში ეს სასწავლებელი თავისუფლების ერთგვარი კუნძული იყო. ჩარჩოებს არ ვემორჩილებოდით. გრძელ თმას ვატარებდი. ერთხელ მილიციამ დამიჭირა და რომ ვუთხარი, მხატვარი ვარ-მეთქი, გამიშვა. პატივს გვცემდნენ მხატვრებს.

ოჯახში ბებია და დედა მღეროდნენ. პირველი აკორდები ბებიამ მასწავლა შვიდსიმიან გიტარაზე. "ორერა" მიყვარდა, "ბიტლზი"... მუსიკალურში არასდროს მივლია. ჩემი პირველი მასწავლებელი ჩემი მეზობელი სოსო ბარდანაშვილი იყო, ახლა ისრაელშია. სწორედ მან წარმადგინა რობერტ ბარძიმაშვილთან, ოღონდ როგორც პოეტი. ჩემს ლექსებზეა დაწერილი სიმღერები: ""ნატვრის ხე", "გულმართალი კაცი მიყვარს",""თუკი გესიზმრები",""მოდიოდა თეთრი გოგო"... ერთ დღესაც ბარძიმაშვილმა თითქმის ერთად გამოიტანა სამსჯავროზე ეს სიმღერები. რობერტი დიდი პროდიუსერი იყო. მე "ბაკურიანს" ხუმრობით ვმღეროდი, მან კი მითხრა, ეს ჰიტიაო. მერე სად აღარ ვიყავი, ტელევიზიაშიც ვმუშაობდი.

- ლეიბორისტებთან როგორ მოხვდით? - ახალგაზრდობაში ავთო ხვიჩიამ, იპოლიტე ხვიჩიას შვილიშვილმა, გამაცნო სოსო შატბერაშვილი. მისი შვილის ნათლია ვარ.

- პარლამენტში რომ მოხვიდოდით, ამაზე ოდესმე გიფიქრიათ? - მე არა ვარ სტრატეგი პოლიტიკოსი, რომელიც ცვლის რაღაცებს, მაგრამ როგორც ყველა ქართველი, ვარ პოლიტიკოსი, ხანდახან ზოგზე უფრო ნიჭიერი.

- როგორი უნდა იყოს კარგი პოლიტიკოსი? - ჭკვიანი, გინდა პოლიტიკოსი იყავი და გინდა ბიბლიოთეკარი.

- ცხოვრებამ რა გასწავლათ? - ხომ იცით, სწავლა სიბერემდეო. მეც ვსწავლობ.

ბევრი ამბობს, რომ ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრი ზაზა პაპუაშვილი უკეთესი მსახიობია, ვიდრე პოლიტიკოსი. ყველაზე დასამახსოვრებელი მოვლენა, რაც მომღერალ ზაზა ხუციშვილის პოლიტიკაში მოსვლის პერიოდიდან გვახსენდება, ალბათ, მაინც პოლიტიკური კარიერის დასაწყისში შესრულებული "ქართული ოცნების" საარჩევნო სიმღერაა.

ჯგუფ "სახემაც" შემატა სახეები ქართულ პოლიტიკას - დათო ხუჯაძე სულ რამდენიმე საათით იყო "აღორძინების" დეპუტატი, სანამ "ვარდების რევოლუცია" მოუსწრებდა, გოგა ხაჩიძე კი "ნაციონალური" მმართველობის დასაწყისში ხაშურის გამგებლის მოადგილე, შემდეგ მცხეთა-მთიანეთის მხარეში იყო რწმუნებული, მერე სამცხე-ჯავახეთის მხარეში, ბოლოს კი გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრად მოგვევლინა.

თუ "ნატვრის ხიდან" მარიტას სიყვარულით შეპყრობილი გედია და შეთე ერთმანეთის მოწინააღმდეგეები იყვნენ, ცხოვრებაში მათი როლების შემსრულებლები ერთი და იმავე პოლიტიკური პარტიის წევრებად მოგვევლინენ. ზაზა კოლელიშვილი - "ქართული ოცნების" საკრებულოს მაჟორიტართა სიაში მოხვდა, სოსო ჯაჭვლიანი კი პარლამენტში. ეს უკანასკნელი არაერთი ფრთიანი ფრაზის ავტორია, რომელთაგან იბიარდის თემაზე ყველაზე პოპულარული აღმოჩნდა.""მე იბიარდზე ვერასოდეს ვერ ვიქნები - მე ერთგული მეუღლე ვარ. ეს თქვენი გუნდი დადიოდა ამ "იბიარდზე" 10 წლის განმავლობაში. ეს "იბიარდობა" ეტყობა ქვეყანას. ამიტონ ნაიბიარდები ქვეყნის გამოყვანა სტაგნაციიდან ძალიან ძნელია. ჩვენ ვეცდებით საღი აზრების იმპლემენტირება გავაკეთოთ", - განაცხადა ჯაჭვლიანმა სესიაზე. ამ ფრაზით მან ბი-ბი-სის ეთერში მოხვედრაც კი მოახერხა - არხმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქართველ დეპუტატს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი სიტყვა "ბორდელში" აერია.

კიდევ ერთი მომღერალი, რომელიც პოლიტიკაში მოვიდა, სოფო ხალვაშია. ის ბათუმის მერის მოადგილეა.

მომღერალი ზურა ხაჩიძე კი ახლახან სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორის მოადგილედ დაინიშნა. მანამდე, 2016 წელს, ის საქართველოს პარლამენტის არჩევნებში იყრიდა კენჭს""პატრიოტთა ალიანსიდან", ბორჯომისა და ასპინძის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იყო, თუმცა ვერ გაიმარჯვა.