"საარჩევნო კონცერტებზე მიმღერია, მაგრამ არასდროს გამოვსულვარ პოლიტიკური ლოზუნგებით" - კვირის პალიტრა

"საარჩევნო კონცერტებზე მიმღერია, მაგრამ არასდროს გამოვსულვარ პოლიტიკური ლოზუნგებით"

ზოგჯერ მომღერალი ღალატობს თავის სტილს, ვიღაცას ეს ფინანსურად უღირს, ვიღაცას იმიტომ, რომ მიღებული ანაზღაურებით ის გააკეთოს, რაც მისი სტილისთვის არის ჩვეული. მე მაინც მგონია, მუსიკა ყველასთვის ხარისხიანად შეიძლება "გააკეთო", ისე, რომ ყველას მოეწონოს

ქართული შოუბიზნესის დაბადებასთან ერთად საზოგადოებას კარგად ახსოვს ვერიკო ტურაშვილის კლიპი "წვიმა მოგონებებს ასველებს". პირველად მომღერალი ეკრანებზე 2000 წელს გამოჩნდა და უკვე 19 წელია თავის საქმეს არ ღალატობს. როგორ დაიწყო შემოქმედებითი გზა და როგორ მოახერხა შოუბიზნესისთვის ყველაზე რთულ ჟამს მაინც ემღერა, ამის შესახებ ვერიკო ტურაშვილი გვესაუბრება:

"იყო დრო, როცა შეგეძლო ისე გეცხოვრა, როგორც "ვარსკვლავობას" შეეფერებოდა"

- 17 წლის ვიყავი, როცა პირველი გიჟური პოპულარობა მომიტანა სიმღერამ "მიდიან დღეები", რომელიც აჩიკო მეფარიძეს პირველ სოლო კონცერტზე შევასრულე. აჩიკო თავის პირველ ალბომზე მუშაობდა, როცა მე როგორც ბექვოკალი მივედი, გავიცანით ერთმანეთი და ძალიან მალე დუეტის ჩაწერა შემომთავაზა. 2003-ში იყო კლიპი "წვიმა მოგონებებს ასველებს". მაშინდელი ჰონორარი დღევანდელზე 3-ჯერ ან 5-ჯერ მეტი იყო. შეგეძლო ისე გეცხოვრა, როგორც მაშინდელ "ვარსკვლავობას" შეეფერებოდა. უამრავი კონცერტი იმართებოდა, შემდეგ კომპანია "არტ იმედი" ჩამოყალიბდა და ერთ-ერთი პირველი ვიყავი, ვინც კონტრაქტი გააფორმა.

\მერე, შოუბიზნესზე მეტად სხვა რაღაცებმა წამოიწია წინ, პოლიტიკა და პოლიტიკოსები გახდნენ ვარსკვლავები. მე მიმღერია სხვადასხვა საარჩევნო კონცერტზე, მაგრამ არასდროს გამოვსულვარ პოლიტიკური ლოზუნგებით, მიმღერია საარჩევნო კლიპშიც. ძალიან ბევრი ვიცი, მათ შორის მეც, როდესაც დიდხანს ვერაფერს აკეთებ, გარდა საარჩევნო კონცერტებზე გამოსვლისა, იმიტომ, რომ ქვეყანაში სხვა არაფერი ხდება, რა უნდა ქნას მომღერალმა?

ყოველთვის გავურბივარ საარჩევნო ლოზუნგებით გამოსვლას. რა თქმა უნდა, პირადი სიმპათიები მაქვს, მაგრამ ამაზე არ ვილაპარაკებ.

"მეუღლის გარდაცვალებამ ჩემი ცხოვრება შეცვალა"

- ჩემს პირველ სიყვარულს რომ შევხვდი, 20 წლის ვიყავი. 5 წელი ვიყავით ერთად, მის გარდაცვალებამდე. ჩემი ნამღერი სიმღერის ტექსტები ამიხდა, მაგალითად, როცა "წვიმა მოგონებებს ასველებს", თუ ტექსტს დაუკვირდებით, ნამდვილად ამიხდა. მეუღლის გარდაცვალებამ სხვა ადამიანად მაქცია, ეს რომ არა, შეიძლება არ ვყოფილიყავი ასე ძლიერი. ვიცი, რომ თუ არ გავაკეთებ რამეს ჩემი შვილებისთვის, ოჯახისთვის, სხვა ვერავინ გამიკეთებს.

"დღეს მუსიკოსს თავის რჩენა შეუძლია"

- ხშირად ვამბობ ხოლმე, ქართულად ან სიყვარულზე უნდა იმღერო, ან სამშობლოზე-მეთქი, მე სიყვარულზე ავირჩიე. ვცდილობ წელიწადში ერთხელ ან ორჯერ მაინც სიმღერა გამოვუშვა. წინა წლებთან შედარებით უკეთესობა იგრძნობა ქართულ შოუბიზნესში და ამას ჰოლდინგ "ფორტუნას" მუსიკალურმა დაჯილდოება "ოქროს ტალღამაც" შეუწყო ხელი, დიდი მოტივაცია მისცა ქართველ შემსრულებლებს. იმ დროს, როცა შოუბიზნესს ძალიან უჭირდა, მე მაინც სიმღერით ვირჩენდი თავს, კარგ მუსიკოსებთან ერთად სხვადასხვა კლუბში, ობიექტებზე ვატარებდით კონცერტებს.

ქართულ შოუბიზნესს უფრო მეტად განვითარების პოტენციალი აქვს. დღეს უკვე მუსიკოსს თავისი პროფესიით თავის რჩენა შეუძლია, ვარსკვლავურად ვერ იცხოვრებს, მაგრამ თავს ირჩენს.

რა რესურსი სჭირდება მომღერალს, რომ ახალი კლიპი გამოუშვას? ახალ კლიპს ყოველთვის სჭირდება ფინანსური რესურსი, არსებობენ ადამიანები, რომლებიც გვერდით მიდგანან და არის რაღაცები, რაშიც ფულს არ ვიხდი. გარდა ამისა, კორპორატიულებზე, დაბადების დღეებზე, ნათლობასა თუ ქორწილზე მიპატიჟება და სიმღერა ჩვეულებრივი ამბავია.

ჩემთვის არ არის მნიშვნელოვანი ძალიან ძვირად ღირებული ბრენდის კაბა მეცვას, შეიძლება საშუალო ფასის ჩავიცვა და ისე კარგად ვიგრძნო თავი, რომ მილიონი კომპლიმენტი მივიღო. ქართველ დიზაინერებთან ხშირად მიწევს თანამშრომლობა, ყოფილა შემთხვევები ვერ მიყიდია და უთხოვებიათ.

ჩემთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მსმენელს. სხვადასხვა სიტუაციაში სხვადასხვა სეგმენტია შენი მსმენელი, მით უმეტეს, როცა სახალხო მომღერალი გქვია, მხოლოდ ბლუზი ან მხოლოდ კონკრეტული მუსიკა რომ იმღერო, ვერ იცხოვრებ. ზოგჯერ მომღერალი ღალატობს თავის სტილს, ვიღაცას ეს ფინანსურად უღირს, ვიღაცას იმიტომ, რომ მიღებული ანაზღაურებით ის გააკეთოს, რაც მისი სტილისთვის არის ჩვეული. მე მაინც მგონია, მუსიკა ყველასთვის ხარისხიანად შეიძლება "გააკეთო", ისე, რომ ყველას მოეწონოს. ამდენი წელია სცენაზე ვდგავარ და ყველა კომპლიმენტი ისევ ისე მაბედნიერებს, როგორც კარიერის დასაწყისში იყო.

ახლა დაწყებული მაქვს ახალი მასშტაბური პროექტი. ეს სიმღერაც, ისევე როგორ წინა სიმღერა, თემო საჯაიას ეკუთვნის, სიმღერის პრემიერას კი თბილისობაზე ვგეგმავ.