"ვისაც ჩემნაირი ტრაგედია არ გადაუტანია, ვერც გაიგებს, რატომ ვიყავი დონორობისთვის მზად" - კვირის პალიტრა

"ვისაც ჩემნაირი ტრაგედია არ გადაუტანია, ვერც გაიგებს, რატომ ვიყავი დონორობისთვის მზად"

"თუ შეიძლება თვალის გადანერგვა და შეთავსებადი ვიქნები რომელიმე ბავშვისთვის, მზად ვარ, ვიყო დონორი ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე. უბრალოდ ხეიბარი ქალისა და დედის მიზანია ნაკლები დამახინჯებული ახალგაზრდა. მე მზად ვარ, თვალი დავუთმო, რომელსაც შევეთავსები. გამოიკვლიეთ და მე მზად ვარ დონორობაზე", - ეს სიტყვები შორენა მშვენიერაძეს ეკუთვნის, ქალს, რომელსაც 12 წლის ასაკში ინსულტი დაემართა და წელს ქვევით მოწყდა.

- 40 წლის ვარ. ბაკურიანში, სოფელ ანდეზიტში ვცხოვრობ. მყავს მეუღლე და 7 წლის შვილი. გათხოვებამდე ფოთში ვცხოვრობდი. 1992 წლის 4 აპრილს ფოთში კიტოვანის ჯარი შემოვიდა. მაშინ სკოლის მოსწავლე ვიყავი, მეშვიდეკლასელი. სკოლიდან გამოგვიშვეს. იქ ცენტრალური ტრასა გადიოდა. ტანკები პორტიდან შემოჰყავდათ, ზღვით. ქალაქკომთან უნდა გაჩერებულიყვნენ, ანუ ცენტრალური ტრასა უნდა გაევლოთ. წინ მე მივრბოდი, ტანკი უკან მოდიოდა. ბავშვი როცა ხარ, ვერ აცნობიერებ, რომ ეს ტანკი შენ არ მოგდევს. ამ სტრესის გამო ინსულტი მივიღე, წელს ქვემოთ მოვწყდი. 5 აპრილს შეტაკება დაიწყო. ათი დღე ვერ გამიყვანეს სახლიდან. მერე მამას მეგობარმა იარაღის ძალით ქუთაისის საავადმყოფომდე მიმიყვანა, ბავშვს ხომ არ მოვკლავო. არ მიმიღეს, უთხრეს, რაღას მოგყავდათ, უკვე მომაკვდავიაო. კუჭ-ნაწლავი არ ფუნქციონირებდა, მუცელი გამებერა, დავსივდი, წყლულები გამიჩნდა და საშინელი შესახედი ვიყავი. მერე თბილისში გადამიყვანეს.

- რა დიაგნოზი დაგისვეს? - ინსულტი რომ დამმართვია, ეს 2010-ში გავიგეთ, მანამდე დამიდგინეს პოლირადიკულური ნევრიტი, ანუ ნერვული სისტემის დარღვევა შიშის ნიადაგზე. წელიწადი და ორი თვე ვიწექი საავადმყოფოში. დაიწყო რეაბილიტაცია, მასაჟები, პარაფინი, ელექტროშოკი და როგორღაც აღმიდგინეს ნერვის მინიმუმი (დაახლოებით 15%), რადგან დაგვიანებული იყო იმ ათი დღის გამო. ბარძაყის მიდამოებში მქონდა შეგრძნება, მუხლს ქვემოთ - აღარ. მერე მგრძნობელობა თანდათან აღმიდგა. სპეციალური, ორთოპედიული ფეხსაცმელი არ ჩავიცვი, ვიუკადრისე, ამას ექიმებს ვერ დავაბრალებ. ეს ჩემი სიჯიუტის ბრალი იყო. ხელჯოხით მყარად დავდიოდი, საქმესაც ვაკეთებდი, სამსახურიც დავიწყე, მაგრამ 25 წელს რომ გადავცდი, წონაში მოვიმატე, ამან კი ფეხის კიდურების დეფექტი გამოიწვია, მყესი შიგნით შემიბრუნდა და ოპერაცია დამჭირდა. მამაჩემმა ვერ გაუძლო ჩემს მდგომარეობას და შიმშილით მოიკლა თავი საავადმყოფოში.

- ახლა როგორი მდგომარეობა გაქვთ? - მყესი გავისწორე, მაგრამ თითები მოხრილი და დეფორმირებული მაქვს. მხოლოდ მარცხენა ფეხზე გავიკეთე ოპერაცია, ოთხი ათასამდე დაჯდა, მეორეს უსახსრობის გამო ვერ ვიკეთებ. ადრე თუ სიჯიუტის გამო არ ჩავიცვი ორთოპედიული ფეხსაცმელი, ახლა ვეღარც ვიყიდი. ოპერაციას რა უნდა, მაგრამ მერეა რთული - მასაჟები, ხელშეწყობა, ყველაფერი ფულთან არის დაკავშირებული.

- სოციალური დახმარება არ გეძლევათ? - საკუთარი სახლი არა მაქვს, მაზლის სახლში ვარ ჩაწერილი. ამიტომ მეწერება მაღალი ქულები. მეუღლეს მიწის ნაკვეთი აქვს, მაგრამ იმის საშუალება არა გვაქვს, სახლი ჩავდგათ.

- ეს ისტორია იყო თქვენი ინიციატივის წინა პირობა? - იმ წლების საშინელებამ დამაინვალიდა. ახლა 40 წლის ქალმა, რომელსაც ის ბავშვები შვილებად შეეფერება, მზად ვარ თვალი გავიღო. პოსტი იმიტომ დავდე, რომ იმ უწყებებს ენახათ, ვისაც ხელეწიფება ასეთი ოპერაციის ჩატარება.

ჩემს ინიციატივას უარყოფითად მხოლოდ ერთი ადამიანი გამოეხმაურა, ისიც ახალგაზრდა (მის სახელსა და გვარს არ დავასახელებ), იმ დასისხლიანებულ ბავშვებზე ქილიკობდა, მიხსნიდა, რომ ხალხის ემოციებმა ხიბლში ჩამაგდო, ისე გამოუვიდა, თითქოს ეს ყველაფერი დავგეგმე, რომ მინდოდა ხალხს გმირად შევერაცხე, არადა, ჩემი მიზანი ეს არ ყოფილა. თვალებდათხრილი, დასისხლიანებული ბავშვები რომ დავინახე, გამახსენდა 1992 წელი, როგორი დასივებული, რომ იტყვიან, ნახევრად დამპალი ვიყავი, ყველა მხრიდან ჩირქი და სისხლი მდიოდა, სიკვდილ-სიცოცხლის ხიდზე გავდიოდი. შეიძლება სახლიდან გამოსული სრულიად ჯანმრთელი გოგო ცალთვალა დაბრუნდეს შინ ან ერთ საათში მეორე ჯგუფის ინვალიდად იქცეს, რა მნიშვნელობა აქვს კიდურით, თვალით, ყურით თუ რით, ვისაც ეს არ გადაუტანია, ვერც გაიგებს, რატომ ვიყავი მზად, რომელიმე მათგანისთვის, რომლისთვისაც დონორად გამოვდგებოდი, ნაკლი დამეფარა.

ეს სისხლიანი ფირი რომ ვნახე, 1992 წელს ფოთის დარბევა გამახსენდა.

არ მინდოდა ის ჯოჯოხეთი, რომელიც მე გამოვიარე, ამ ბავშვებს გაევლოთ, ამიტომაც გამოვთქვი დონორობის სურვილი. ამბიცია, ვაიმე, გმირი და საზოგადოებაში ცნობილი გავხდე-მეთქი, არასდროს მქონია. ვისაც ეს ტკივილი არ გამოუცდია, ამას ვერ გაიგებს. ასეთი ადამიანი სხვისი დახმარების სურვილს რომ გამოთქვამს, არ უნდა იყოს გასაკვირი. ასობით კომენტარი ვნახე "ფეისბუკზე", მწერდნენ მადლობისა და აღფრთოვანების კომენტარებსა და წერილებს. უდიდეს მადლობას ვუხდი ყველას, ვინც ჩემი გულწრფელი სურვილი დაინახა.

- რას ფიქრობთ ივნისის აქციებზე? - 90-იანი წლებიც მახსოვს, სააკაშვილის პერიოდიც და დღევანდელ უსამართლობასაც ვხედავ. არც ერთი მთავრობის დანაშაულზე თვალი არ დამიხუჭავს. ჩემებურად გავაპროტესტე 7 ნოემბერიც, 26 მაისიც, რაც შეეხება პარლამენტთან მიმდინარე ბოლო აქციებს, პროტესტი მქონდა გავრილოვამდეც, სარალიძისა და თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეებზეც; გახარიას გამოც, ბევრი უსამართლობის გამო. საბედნიეროდ, ძალიან კარგი და ჭკვიანი თაობა მოდის, "ნაცებმა" და "ქოცებმა" დროა გზა დაუთმონ ახალგაზრდებს, რომლებსაც არც სისხლში და არც უსამართლობაში არა აქვთ ხელი გასვრილი. ასეთები უნდა იყვნენ, რომ მერე არ წამოაძახონ, შენ ეს ქენიო და ყელში არ ამოადინონ ის 9 თუ 7 წელი.

ესაუბრა

ნათია სიბაშვილი