ქართული კინოს ტრიუმფი შანხაიში - კვირის პალიტრა

ქართული კინოს ტრიუმფი შანხაიში

სალომე დემურია: "როცა მთავარ ჯილდოს იღებ და თანაც, ორჯერ, ამაზე სასიამოვნო რა უნდა იყოს!"

რეჟისორ დიტო ცინცაძის ფილმმა "ჩაისუნთქე-ამოისუნთქე" შანხაის საერთაშორისო კინოფესტივალზე ორი უმაღლესი ჯილდო მოიპოვა. ფილმი ფესტივალის ჟიურის უმაღლესი ჯილდოთი - გრან-პრით დაჯილდოვდა, მთავარი როლის შემსრულებელს, სალომე დემურიას კი პრიზი ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის მიენიჭა. თანამედროვე კინოინდუსტრიის ამ პრესტიჟულმა ჯილდომ დაადასტურა, რომ ქართული კინოს ტრადიციები გრძელდება. ჩვენ სალომე დემურიას დავუკავშირდით და ვთხოვეთ, შანხაის ფესტივალისა და ფილმის შესახებ ეამბა.

- ყველანი ბედნიერები ვართ, ვინც კი თუნდაც პატარა წვლილი შეიტანა ამ ფილმის გადაღებაში. შანხაის ფესტივალი მსოფლიოს ერთ-ერთი პრესტიჟული კინოფესტივალია, რომელიც არც დროს და არც თანხას არ იშურებს ფეიერვერკის მოსაწყობად. კონკურსზე 15 ფილმი იყო წარმოდგენილი. როცა ასეთ სიტუაციაში მთავარ ჯილდოს იღებ და თანაც - ორჯერ, ამაზე სასიამოვნო რა უნდა იყოს!

- როგორც ცნობილია, ფილმის რეჟისორი დიტო ცინცაძე გერმანიაში საქმიანობს. - გერმანიაშია, მაგრამ საქართველოში ხშირად ჩამოდის და ფილმებს იღებს. ჩვენი ფილმის სცენარი ქალზეა, რომლმაც ცხოვრება დანაშაულით გაიმრუდა, ამიტომაც სასჯელი მოიხადა, თუმცა, ნორმალურ ცხოვრებაში დაბრუნებას ვეღარ ახერხებს. იმიტომ კი არა, რომ არ უნდა, იმიტომ, რომ ის აღარ უნდათ. საკუთარი ოჯახის წევრებიც კი უნდოდ უყურებენ ნაპატიმრალს...

სანამ როლის თამაშს დავიწყებდი, თემის შესახებ უამრავი ლიტერატურა წავიკითხე და შემრცხვა, რომ აბსოლუტურად არაფერი ვიცოდი ასეთი ადამიანების ტკივილებზე, არადა, დანაშაულის შემდეგ ნორმალურ ცხოვრებაში დაბრუნების პრობლემა ყველა ქვეყანაშია.

- და, ალბათ, ფილმშიც ამ სიმძიმის განცდით ითამაშეთ.

- დიახ. გადაღებები თბილისსა და ჭიათურაში მიმდინარეობდა და იოლი არ იყო. რეჟისორ დიტო ცინცაძეს სჩვევია, სათქმელი სწრაფად, თუმცა ძალიან სწორად თქვას. ამ შემთხვევაშიც ასე იყო და ფილმი მშვენიერი გამოვიდა, მაგრამ უნდა ვაღიარო, რომ ასეთ ჯილდოს მაინც არ ველოდი. ამასთანავე, ქართული დელეგაცია ჯილდოსთვის ორჯერ ავიდა სცენაზე, და ეს მაშინ, როცა იყო ხალხი, რომელთაც ჯილდო არ მიუღიათ. ასე რომ, მართლაც ბედნიერები ვართ.

- და დაამტკიცეთ, რომ ქართული კინოს წარმატებები გრძელდება. - როცა ქვეყანაში ორი ასეთი პრესტიჟული ჯილდო ჩამოდის, რასაკვირველია, გრძელდება!