იყალთოს სამონასტრო კომპლექსის აღდგენა-რესტავრაციის ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი დასრულდა - კვირის პალიტრა

იყალთოს სამონასტრო კომპლექსის აღდგენა-რესტავრაციის ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი დასრულდა

"ჯეოსელმა" სარესტავრაციო სამუშაოები დაასრულა

იყალთოს სამონასტრო კომპლექსში რესტავრაციის დაწყებამდე ვიყავი. ახლა როცა "ჯეოსელის" ინიციატივით ჩატარებული სამუშაოები დასრულდა, კიდევ ერთხელ ჩავედი. ნანახმა მოლოდინს გადააჭარბა. მონასტრის ეზოში შესვლისთანავე დაინახავთ, რომ ყველაფერი სხვაგვარად გამოიყურება. იყალთოს მონასტრის მთავარ ტაძარს თავისი არქიტექტურით უკვე პირვანდელი სახე დაბრუნებია.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იყალთოს სამონასტრო კომპლექსი არქეოლოგებმაც შეისწავლეს და სამეურნეო ნაგებობებისა და მიწით დაფარული ეკლესიების ნაშთები აღმოაჩინეს... მაგრამ უპირველესი ის არის, რომ იყალთო გადარჩა. ვინც იცის, რა მდგომარეობაში იყო ეს ძეგლი, მიხვდება, რამხელა საფრთხე ავიცილეთ თავიდან, - კიდევ ცოტაც და ტაძარი ჩამოინგრეოდა. საბედნიეროდ, ახლა შეგვიძლია მშვიდად ვიყოთ, იყალთო აღარ დაინგრევა. "ჯეოსელის" თანადგომითა და მართლაც უდიდესი ძალისხმევით ჩატარდა სამუშაოები, რომლებსაც საქართველოს კულტურისათვის უდიდესი ისტორიული მნიშვნელობა აქვს.

2008-2010 წლებში "ჯეოსელის" უშუალო მხარდაჭერითა და ალავერდელი მიტროპოლიტის მეუფე დავითის კურთხევით მონასტრის ტერიტორიაზე მიმდინარეობდა არქეოლოგიური და გამაგრებითი სამუშაოები: გაიწმინდა ტაძრის ფასადი, გადაიხურა სამონასტრო კომპლექსის სამივე ეკლესია. მიწის საფრის მოხსნის შემდეგ გამოჩნდა უძველესი ნაგებობების ნაშთები და მოხდა მათი კონსერვაცია. დაიწყო ძირითადი ტაძრის ინტერიერის მოწესრიგებაც.

KvirisPalitra.Geუფლისა და ამ სამუშაოების წყალობით გადარჩა ტაძარი, სადაც ღირსი მამა ზენონისა და არსენ იყალთოელის საძვალეებია - ჩვენი დიდი სიწმინდეები. გადარჩა VI საუკუნის იყალთოს მამათა მონასტერი VIII-IX საუკუნეების ღვთაების, VI საუკუნის სამებისა და XI-XII საუკუნეების ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების სახელობის ტაძრებით.

ეს ჩვენი ისტორიაა. VI საუკუნეში, მეფე ფარსმანისა და კათოლიკოს ევლავიოზის დროს, კაპადოკიის უდაბნოში მოღვაწე ცამეტი ასურელი მამა იოანე ზედაზნელის წინამძღოლობით შემოვიდა საქართველოში. მათ მიზანს წმინდა ნინოს ნაქადაგები ქრისტიანული სარწმუნოების განმტკიცება წარმოადგენდა. მათ შორის იყო მამა ზენონი - "სუეტი შუენიერისა მორჩილებისა", რომელიც იყალთოში მოღვაწეობდა და იქვე არის დაკრძალული. მისი ხსენების დღე 16 (29) ოქტომბერი გახლავთ. სწორედ 29 ოქტომბერს უმასპინძლა განახლებულმა იყალთომ დამთვალიერებლებს.

მეუფე დავითი, ამბა ალავერდელი ეპისკოპოსი:

- ამ ტაძრის რესტავრირება უმნიშვნელოვანესი, დიდი საქმეა. ვისაც ახსოვს რესტავრაციამდელი იყალთოს მდგომარეობა, მიხვდება, რაოდენ დიდია სხვაობა. ჩვენი კულტურის, ისტორიის ძეგლების მოვლა მეტად საშური საქმეა, ამიტომაც არქეოლოგიური თუ სარესტავრაციო სამუშაოები უდიდეს მასშტაბს იძენს.

- რესტავრაციის დაწყებამდე თქვენ საუბრობდით ამ სამონასტრო კომპლექსის უდიდეს სულიერ და საგანმანათლებლო მნიშვნელობაზე, ბრძანეთ, რომ მომავალში შეიძლება საგანმანათლებლო კერა აღდგეს იყალთოში.

- კეთილი სურვილი და კარგი პერსპექტივა ყველა ადამიანს აქვს, მით უმეტეს, როცა ლაპარაკია ისეთ სულიერ ძეგლებზე, როგორიცაა იყალთო, ალავერდი, გელათი... მთავარია, ფიქრი ოცნებაში არ გადავიდეს, რეალობას არ უნდა მოვწყდეთ, რისი გაკეთებაც შეგვიძლია დღეს თუ ათი წლის შემდეგ, ამისი გააზრება უნდა შეგვეძლოს. აკურთხებს ღმერთი, იყალთოში ისევ აღდგება საგანმანათლებლო კერა. თუ ავჩქარდებით და ღვთის ნებას გავასწრებთ, შედეგი არ იქნება ისეთი სრული. შრომა და ჯაფა იქნება დიდი, შრომა შედეგის გარეშე კი გულდასაწყვეტია, ამიტომ ღმერთი როგორც ინებებს, ისე იქნება.

KvirisPalitra.Ge- როცა ალავერდში მარანი განაახლეთ, მახსოვს, საზოგადოების ნაწილს ეუცხოვა მონასტერში ღვინის დაწურვის პერსპექტივა. მაშინ დიდი შრომა დაგჭირდათ, რომ მათთვის აგეხსნათ: ეს ისტორიული მარანი იყო და ღვინის წარმოება კი მონასტერში - ტრადიცია. იყალთოში ჩატარებულმა სამუშაოებმა კიდევ ერთი უძველესი მარანი გამოაჩინა. ეს მონასტრის თანადროული მარანია?

- დიახ. იმ დროს მონასტერსაც და ერსაც სჭირდებოდა მარანი. ეს იყო ცხოვრების წესი. ალავერდის ტაძრის მარნის რესტავრაციას აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა და მხოლოდ ერთი მიზეზით - საქართველოს ისტორიის უცოდინარობის გამო.

მონასტრის მარანი იმავე საზღვარში აღდგა, როგორშიც იყო. მარანი იყალთოშიც აღმოჩნდა. ჩვენ თავს არ ვიდებთ ახლის კეთებაზე. ყველაფერს თავისი დრო აქვს. შეიძლება აღდგეს მთელი მონასტრის სამეურნეო და საგანმანათლებლო ფუნქცია.

- იყალთოში აღმოჩნდა წმინდა მამათა საძვალეები.

- ის, რომ დადასტურდა საძვალეთა არსებობა, ძალიან სასიხარულოა, მაგრამ დავუშვათ, არ აღმოჩენილიყო... იერუსალიმის აღდგომის ტაძარი ჩვენგან შორს არის, მაგრამ დიდი სასოებით ვეიმედებით და მისი შეწევნის გვჯერა. აქ რომ საძვალეები არ აღმოჩენილიყო, ჩვენთვის ეს ადგილი მაინც უაღრესად წმინდა იქნებოდა. აქ მოღვაწეობდა ღირსი მამა, აქ დაიკრძალა და მისი ლოცვის მადლითა და ძალით გაჟღენთილია ეს მონასტერი. ის ფაქტი კი, რომ იყალთოში ორი წმინდა მამის ნაშთია დავანებული, ორმაგად სასიხარულოა.

ნიკა ვაჩეიშვილი, კულტურისა და ძეგლთა დაცვის დეპარტამენტის უფროსი:

- უკვე მესამე წელია მიმდინარეობს სარემონტო სამუშაოები და შედეგი მართლაც საოცარია. არა მარტო გადარჩა ტაძარი, არამედ მნიშვნელოვანი, შეუსწავლელი არქეოლოგიური მასალაც აღმოჩნდა, თანაც ტაძარმა მიიღო ძველებური სახე.

KvirisPalitra.Geდღეს ჩვენ ვიცით როგორი იყო მთავარი ტაძარი, მისი ინტერიერი, ექსტერიერი... კომპლექსის სამხრეთი ნაწილის ზოლი, რომელიც შედგება აკადემიის, სატრაპეზოსა და სხვა სამეურნეო ნაგებობებისაგან, ისევ საფრთხეშია, მოწოლილია მთა, რომელმაც შეიძლება აკადემიის კედელი გადმოანგრიოს. ამას სჭირდება სამუშაოების ჩატარება, მაგრამ ეს მეორე ეტაპის სამუშაოებია. ახლა შეიძლება მშვიდად, წყნარად გაკეთდეს ყველაფერი.

- მეცნიერებისთვის რა სიახლეები აღმოჩნდა იყალთოში?

- ჩვენ არ ვიცოდით ამ ნაგებობების ქრონოლოგია, ტაძრების თავდაპირველი სიმაღლეები, როგორი იყო მონასტრის ნაგებობები საძმოსა და მომსვლელისათვის. თქვენ ხედავთ ამ ნაგებობების ფუნქციებს, გამოჩნდა საწნახელებიც. შეიძლება დათვალო ძმობის რაოდენობა, ღვინის ლიტრაჟი... ამით რეალური სურათი იხატება, ვხვდებით, რამდენად მდიდარი ყოფილა იყალთოს მონასტრის მეურნეობა.

აღმოჩნდა უნიკალური ფერადი კრამიტი, რომლის მსგავსიც არც იყო აღმოჩენილი საქართველოში. ეს უნიკალური შემთხვევაა. რაც მთავარია, ეს კრამიტი საქართველოში მზადდებოდა. საოცარი გამოცდილება გვქონია. გამოკვლევებმა ცხადყო, რომ სამთავისის კათედრალშიც და აქაც ჰქონდათ ქურები და ისეთ კრამიტს აკეთებდნენ, რომელიც იყო ხასხასა, წყალგაუმტარი, უმაღლესი ხარისხის.

პაატა ნუცუბიძე, იყალთოს სარესტავრაციო სამუშაოების არქიტექტორი:

- იყალთოს სამონასტრო კომპლექსის სარესტავრაციო სამუშაოების ჩატარების იდეა "ჯეოსელისაგან" მოდიოდა. თავიდან საუბარი იყო მხოლოდ გუმბათიანი ტაძრის აღდგენაზე, მერე აღმოჩნდა, რომ მდგომარეობა იმდენად მძიმე იყო, რომ გაცილებით ფართომასშტაბიანი სამუშაოები უნდა ჩაგვეტარებინა. გადაწყდა მთელი სამონასტრო კომპლექსის სარესტავრაციო სამუშაოების ჩატარება. ორი წლის განმავლობაში მუშაობდნენ არქეოლოგები კახი წერეთლის ხელმძღვანელობით.

მონასტრის მთელი ინფრასტრუქტურა გამოიკვეთა. აღმოჩნდა ოთხი ეკლესია, რომელიც მიწაში იყო. დადასტურდა ორი წმინდა მამის საძვალის არსებობა იყალთოში - მამა ზენონისა და მის ფერხთით არსენ იყალთოელისა - დავით აღმაშენებლის სულიერი მოძღვრის. საფლავები აღარ გაიხსნა...

ტაძარი რკინაბეტონის უზარმაზარ ბალიშზე დაჯდა, გამოიცვალა სახურავი, დაიფარა ძვირად ღირებული ესპანური კრამიტით, რომლის ანალოგი საქართველოში არც გვაქვს. რუსი ეგზარქოსების პერიოდში ტაძარი შელესილი იყო კირით, ახლა ის სპეციალური აპარატით გაიწმინდა, დაიგო ახალი იატაკი.

- ფრესკები ხომ არ აღმოჩენილა?

- სამწუხაროდ, რუსებმა ჩამოშალეს ნალესობა და თავიდან შეათეთრეს ტაძრის კედლები. ამიტომ ფრესკები აქ აღარ აღმოჩნდება.

- სამუშაოები დასრულებულია?

- ტაძარი ძალიან ავარიული იყო, უზარმაზარი ბზარები ჰქონდა, რომელიც დღესაც მოჩანს, მაგრამ საშიში აღარაა. დღეს იყალთოს დანგრევის საფრთხე აღარ არის, თუმც გასაკეთებელი კიდევ ბევრია. ამ სამუშაოების ჩატარება უკვე უფლის ნებასა და სპონსორებზეა დამოკიდებული.

ოსმან თურანი:

- რაც მთავარია, იყალთოს ტაძარი გადარჩა. დიდი საქმე გაკეთდა. დიდი დრო წაიღო სარესტავრაციო სამუშაოებმა. ჩვენ მიჩვეული ვართ ძალიან ჩქარა მივიღოთ შედეგი, ამიტომ კომპლექსის რესტავრაციას დიდი ღელვით ვადევნებდით თვალს. ხანგრძლივად იმუშავეს რესტავრატორებმა და შედეგიც მივიღეთ: ახლა იყალთოს ტაძარს დანგრევის საფრთხე აღარ ემუქრება. სხვა სამუშაოები უკვე ნელ-ნელა შეიძლება დაიგეგმოს და გაკეთდეს. ბედნიერი ვარ, რომ ტაძრის გადარჩენაში "ჯეოსელმა" შეიტანა დიდი წვლილი.

R