"აქვს თუ არა დავით გრიგორიანს ტყვია მიბჯენით ნასროლი, ამაზე ჩემი კომენტარი უპასუხისმგებლო იქნება" - კვირის პალიტრა

"აქვს თუ არა დავით გრიგორიანს ტყვია მიბჯენით ნასროლი, ამაზე ჩემი კომენტარი უპასუხისმგებლო იქნება"

აქვს თუ არა დავით გრიგორიანს ტყვია მიბჯენით ნასროლი, ამაზე ჩემი კომენტარი უპასუხისმგებლო იქნება, - ასე უპასუხა "ინტერპრესნიუსს" კითხვას საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ხელმძღვანელმა, ავთანდილ თალაკვაძემ. მისი თქმით, ექსპერტიზამ უნდა დააზუსტოს, საერთოდ იყო თუ არა გრიგორიანის დაზიანებები ტყვიის ბრალი.

"ამ ნაწილთან დაკავშირებით, გამოძიებისა და ექსპერტიზის გარეშე ნებისმიერი რამის თქმა არის უპასუხისმგებლო განცხადება. შესაბამისად, ეს უკვე არის გამოძიებისა და ექსპერტიზის ნაწილი. სწორედ გამოძიებამ და ექსპერტიზამ უნდა დაადასტუროს, რა მანძილიდან მოხდა გასროლა, ან საერთოდ მოხდა თუ არა გასროლა, ან ხომ არ არის დაზიანებები რაიმე ბლაგვის საგნისგან და ა.შ. შესაბამისად, ამ ყველაფრის პროგნოზირება წინასწარ გამორიცხულია. ამ ეტაპზე რამის დადასტურება ჩემს სფეროს სცილდება, ეს არის გამოძიებისა და ექსპერტიზის ნაწილი", - განაცხადა ავთანდილ თალაკვაძემ. ის ასევე გამოეხმაურა ინფორმაციას, რომლის თანახმადაც გრიგორიანთან მისი ოჯახის წევრების შეშვება არ ხდება.

"ეს არის გამორიცხული. მისი ოჯახის წევრები გუშინაც იყვნენ პალატაში, ესაუბრნენ დაშავებულს, დღესაც მივლენ. ოჯახის წევრებთან არანაირი სახის შეზღუდვა არ ყოფილა და არ იქნება. სრული კავშირი აქვს ოჯახს პაციენტთან. რაც შეეხება ოჯახისა და მედიის ურთიერთობას - ოჯახის წევრების სურვილი იყო, რომ არ ჰქონოდათ კომუნიკაცია მედიასთან. ეს მათი პოზიციაა და ჩვენ არ გვაქვს უფლება ჩავერიოთ მათ გადაწყვეტილებაში, ისევ როგორც ჩვენ არ გვაქვს უფლება გავცეთ იმაზე მეტი ინფორმაცია, რისი უფლებაც კანონით გვაქვს. ჩვენს მიერ იყო შეთავაზებული, რომ თუ კომუნიკაციას დააპირებდნენ, ეთქვათ ის, რაც რეალობა იყო. იქიდან გამომდინარე, რომ ეს კომუნიკაცია არ იყო, ვრცელდებოდა არასწორი ინფორმაცია", - განაცხადა ავთანდილ თალაკვაძემ.

შეგახსენებთ, რომ რეგიონულ ჰოსპიტალში 20 ივნისის აქციის დროს დაშავებული, დავით გრიგორიანი რჩება. მას დაზიანებები თავის არეში აქვს მიღებული. მისი მდგომარეობა რამდენიმე დღის განმავლობაში მძიმე იყო. ვრცელდება ინფორმაცია, რომ გრიგორიანს ჭრილობა დამიზნებით, ახლო მანძილიდან აქვს მიყენებული.

"ინტერპრესნიუსი"