"მაშინ ჩვენმა ოჯახმა საკმაოდ დიდი ტრავმა მიიღო" - სამშობლოში დაბრუნებული დიზაინერი და-ძმის საერთაშორისო წარმატება
"მაშინ ჩვენმა ოჯახმა საკმაოდ დიდი ტრავმა მიიღო" - სამშობლოში დაბრუნებული დიზაინერი და-ძმის საერთაშორისო წარმატება
"ისეთი ისტორია, ეთნოკულტურა გვაქვს, დიზაინერს გამოსაგონებლად უცხოეთში წასვლა არ დასჭირდება"

ბრენდ Baltazar Chéri-ის ("ბალთაზარ შერი") შემქმნელებზე ინფორმაციას ქართულ ინტერნეტსივრცეში ვერსად წავაწყდი. ახლობლისგან შევიტყვე, რომ მისი შემოქმედები თბილისში დაბადებული ნიჭიერი და-ძმა - თემურ და თეკლა თვალავაძეები არიან და ამჟამად თბილისში ცხოვრობენ. საოცრად თბილი და მოკრძალებული ახალგაზრდები აღმოჩნდნენ და გამიხარდა, ემიგრაციაში გაზრდილები, წარმატებულები საცხოვრებლად და სამუშაოდ სამშობლოში რომ დაბრუნდნენ. - პირად ცხოვრებაზე ლაპარაკს ინტერვიუში თავს ვარიდებთო, მითხრეს, - თუმცა მენდვნენ და ექსკლუზიური
ინტერვიუ მაინც ჩავწერეთ.

თემური:
- თბილისში დავიბადე და მოსკოვში 1990-იან წლებში წავედი. მაშინ ჩვენმა ოჯახმა საკმაოდ დიდი ტრავმა მიიღო - დაგვაყაჩაღეს და რადგან მოსკოვში სახლი გვქონდა, მშობლებმა იქ წაგვიყვანეს, თუმცა გადატანილი ტრაგედიით გამოწვეული შიში დიდხანს გაგვყვა. თბილისშიც ვისწავლე, სახელმწიფო უნივერსიტეტში, დიპლომატიურზე და ფრიადოსანი ვიყავი. მეამაყება,
ქალბატონ მარიკა ლორთქიფანიძეს გამორჩეულად რომ ვუყვარდი. მოსკოვში, ხელოვნების აკადემიაში ვსწავლობდი. მერე, 18 წელი საქართველოში აღარ ჩამოვსულვარ. აქ დაბრუნების ერთ-ერთი მიზეზი სწორედ საქართველოს ისტორიისადმი ჩემი უსაზღვრო სიყვარული იყო. მიმაჩნია, რომ ჩვენს ქვეყანას ისეთი ისტორია, ეთნოკულტურა, ფოლკლორი აქვს, რომ ნებისმიერ დიზაინერს გამოგონებისთვის უცხოეთში წასვლა არც უნდა დასჭირდეს. მშობლებმა ჩვენი მომავლის შესაქმნელად ყველაფერი გააკეთეს, დაბრუნება კი, გარდა ისტორიის სიყვარულისა, განაპირობა დედამ, რომელიც კარგა ხანია, საქართველოში ცხოვრობს. მას ყოველთვის უნდოდა, საქართველოში ღირებული რაიმე გაგვეკეთებინა, ისეთი, რაც არა მარტო მის გულს გაახარებდა, არამედ - საქართველოს. დედას ყოველთვის სჯეროდა ჩვენი შესაძლებლობების, მაგრამ ეს სხვასაც უნდა ერწმუნა. ამის ჯანსაღი ამბიცია ჩვენც გვქონდა.
თემურ თვალავაძე
თეკლა:

- მუშაობა ცნობილი ბრენდებით დაინტერესებულ, პრესტიჟულ სავაჭრო კომპანიაში დავიწყეთ და 8-ათასიან კოლექტივში მოდის სფეროს მართვა ჩაგვაბარეს, ბრენდ-მენეჯერები ვიყავით.

თემური:
- დაბრკოლებები დავძლიეთ და იმ კომპანიაში 14 საინტერესო, წარმატებული წელი გავატარეთ. მთავარია, და-ძმა ერთად ვიყავით, რაც დაბრკოლებების გადალახვაში მნიშვნელოვანი იყო.

თეკლა:

- ტრაბახად ნუ ჩამითვლით, მაგრამ ჩვენს კომპანიაში ყველა თემოსა და ჩემს ჩაცმულობაზე იღებდა სწორებას, რჩევებსაც გვეკითხებოდნენ. ეს უდიდესი პასუხისმგებლობა იყო. ტრენინგებსაც ვატარებდით მოდის აქტუალურ საკითხებზე, ტენდენციებზე...

თემური:
- კომპანიის ვიზუალური მხარისა და კულტურული ცხოვრების გაძღოლა - კოლექციების შერჩევა, vip-shopper-ის მომსახურება ჩვენ გვევალებოდა. თავდაუზოგავი შრომით ნელ-ნელა მივიწევდით წინ და დიდ გამოცდილებას ვიღებდით, რაც გვიფასდებოდა კიდეც. კომპანიის ხელმძღვანელს ძალიან დავუახლოვდით და მისი მადლიერები ვართ. მერე სხვა ასპარეზზე გასვლის დროც მოვიდა და მოსკოვშივე შევქმენით საკუთარი ბრენდი Baltazar Chéri - "სათნო ეშმაკი". ზოგადად, ტანსაცმელი დიდი ცდუნებაა და ამიტომ უფრო ეშმაკისეულია. თუმცა ვცდილობთ, მომხმარებლებს ის ცდუნებად არ ექცეთ და მხოლოდ გასაყიდი ნივთი კი არ იყოს, არამედ საშუალება, რითიც ადამიანები საკუთარ სივრცეში წარადგენენ თავს. ასე გვწამს: ჯერ პიროვნებაა და შემდეგ - მასზე მორგებული სამოსი. სხვათა შორის, სამოდელო კუთხით თეორიული ცოდნა არ მიმიღია, კერვაც არ შემისწავლია, მაგრამ ბავშვობიდან ჩემი მთავარი მოდელი თეკლა იყო, ჩაცმის სტილსაც ვურჩევდი და ჩემი დიზაინით პირველი კაბაც მისთვის შეიკერა, თანაც - ქაღალდის. არც ესკიზებს ვხატავ. დიზაინს გონებაში წარმოვიდგენ ხოლმე და ჩემი კარნახით სხვა ადამიანი იხატავს ყველაფერს. პირველად შევქმენი წითელი კაბა, ხელით გაწყობილი, რომელიც ჩვენი შესანიშნავი მეგობრების წყალობით მსოფლიოს წამყვანმა დიზაინერმა ვალენტინო გარავანიმ ნახა და მანვე "მონათლა": - იდეალურია და ჩემს კაბებთან ერთად ყოფნას იმსახურებსო. ასე აღმოჩნდა ჩემი კაბა მის სამოსთან ერთად დაკიდებული. ამგვარმა სტიმულმა განაპირობა შემდეგი ნაბიჯიც, საკმაოდ ამბიციური - ჩვენ ავირჩიეთ პირველი ხაზი, სამოსი იქნებოდა პირველი კლასის, მაღალბიუჯეტიანი ანუ ყველასთვის ვერ შეიქმნებოდა.
ვალენტინოს რჩეული წითელი კაბა
პირველი ჩვენება ბრენდის შექმნიდან ნახევარ წელიწადში მოსკოვში მოვაწყვეთ, შოუს რეჟისორებიც თავად ვიყავით. 4 000 ადამიანი გვესწრებოდა. განვავითარეთ ქალის ხაზი და ხარისხიანი ქსოვილით ვქმნიდით მოდელებს არა განსაზღვრული გარშემოწერილობის ან ასაკის, არამედ უბრალოდ - "ბედნიერი ქალებისთვის", რომლებსაც თუნდაც სიმსუქნე არ დააკომპლექსებდათ და დიეტებით არ დაისტრესებოდნენ. ეს უფრო დიდი გამოწვევაა, ვიდრე იდეალური ტანი. მინდოდა, კონკრეტულ ქალბატონს საკუთარი თავი ახლებურად, სხვა რაკურსით დაენახა. საკმაოდ საინტერესო მომხმარებელი შევიძინეთ. ქალის ხაზს უკვე მამაკაცის ხაზიც მოჰყვა მოსკოვსა და თბილისში. ქალის ხაზი ლონდონშიც განვავითარეთ და იქ დღესაც ძალიან მაღალი დონის ქალბატონებს ვაცმევთ, როგორიცაა, მაგალითად, უპოპულარულესი საიუველირო ნაწარმისა და საათების ბრენდის, Cartier-ს პრეზიდენტის მეუღლე. მომხმარებლებს მოსწონთ, ჩვენი ბრენდი გახმაურებული რომ არ არის, კონფიდენციალობას რომ ვიცავთ. ბრენდი განვავითარეთ არაბეთშიც, სადაც პრინცესებს ჩვენი საქორწინო კაბები და ყოველდღიური ტანსაცმელი აცვიათ; მომხმარებლები გვყავს მილანში. ერთხანს კონტრაქტი გვქონდა ერთ-ერთ სასტუმროების ქსელთან, სადაც დახურული ჩვენებებიც მოვაწყვეთ და მათ ოთხი სეზონის უნიფორმა შევუკერეთ. საღამოს კაბების დაუვიწყარი პრეზენტაცია-ჩვენება გვქონდა Chantecler-ის მფლობელთან ერთად მილანის ქუჩაში.
პრეზენტაცია-ჩვენება მილანში
გავოცდით, როცა ჩვენმა ქართველობამ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. სწორედ მაშინ დავფიქრდით საქართველოში ჩამოსვლაზე. დედა მეუბნებოდა, ბრენდის განვითარება საქართველოში ყველაზე რთული იქნებაო. ასეცაა, შენი ერის წინაშე პასუხისმგებლობაც სხვაა. წელიწად-ნახევარია, რაც აქ ვართ, ტანსაცმელს სათამაშოებიც დავამატეთ - ქსოვილები რომ გვრჩებოდა, გადაყრას, მისგან ლამაზი ნივთების დამზადება ვამჯობინეთ. აქ ნახევარი წელი დამჭირდა გასარკვევად, რა მოსწონს ქართველ ხალხს, როგორია დღევანდელი ქართველი ქალი. თეკლა ძალიან მეხმარება, ჩემი მუზა და შესანიშნავი ქართველი გოგოა, ნამუშევრის ბოლო შტრიხიც ყოველთვის მისეულია. ახლა უკვე ქართული ემოციებით გავიჟღინთე და ამის გამოძახილია პარკას (გუჩის მიერ ჰიტლერისთვის გამოგონებული საწვიმრის ფორმა) ჩემეულ ვარიანტზე გამოსახული ერთიანი საქართველოს რუკა. პირველი პარკა მარგალიტებით გავაკეთე, რადგან ვფიქრობ, ჩვენი ქვეყნის თითოეული კუთხე სწორედ მარგალიტია და ისე მოხდა, რომ ეს პირველი პარკა სანქტ-პეტერბურგში წავიდა. ახლა კი ჩემი პარკები ბევრ ქვეყანაშია და ყველამ იცის, რომ ის უბრალოდ ლამაზი შემოსაცმელი კი არა, არამედ - ერთიანი საქართველოს რუკაა. ჩვენი უცხოელი მომხმარებელი დიდ ყურადღებას აქცევს იმასაც, რომ ტანსაცმელს "დამზადებულია საქართველოში" აწერია, ეს მათთვის პრესტიჟულია. უცხოეთში ბევრს ვყვები საქართველოზე, მათ დახურულ წვეულებებზე კი ფორტეპიანოზე ქართულ ნაწარმოებებს ვუკრავ და ყოველთვის მხოლოდ ქართულად ვმღერით, უპირველესი მაინც "ყვავილების ქვეყანაა", რომელიც ბავშვობიდან გულში მაქვს ჩამარხული, რადგან ბავშვობის ემოციის გამოძახილი და ძალიან ძვირფასია.

ირმა ხარშილაძე
ჟურნალი "გზა"

maia
04 ივლისი 2019 09:35
წარმატებები!!!!!!!!!!!!
ვამაყობ!!!!!!!!!!!

მაგრამ ფინანსები არ მეყოფა თქვენი სამოსი ვატარო და ვწუხვარ :(
ქართველი
03 ივლისი 2019 11:07
წარმატებები
მაიკო
03 ივლისი 2019 10:43
წარმატებები და ბევრი თქვენნაირი საამაყო ქართველი მინდა ვუსურვო ჩვენს სამშობლოს

რუბრიკის სხვა სიახლეები