"ახლაც არ ვიცი ვისგან ჰქონდათ მითითება... რა საფრთხე უნდა შემექმნა ჩემი ქვეყნისთვის?!" - რატომ არ შემოუშვეს საქართველოში ჯოხარ დუდაევის თანამებრძოლი?
"ახლაც არ ვიცი ვისგან ჰქონდათ მითითება... რა საფრთხე უნდა შემექმნა ჩემი ქვეყნისთვის?!" - რატომ არ შემოუშვეს საქართველოში ჯოხარ დუდაევის თანამებრძოლი?
რამდენიმე დღის წინ შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციამ საქართველოში არ შემოუშვა და უკან გააბრუნა საფრანგეთიდან სტუმრად ჩამოსული თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კავკასიოლოგიის ლაბორატორიის დამაარსებელი, ზვიად გამსახურდიასა და ჯოხარ დუდაევის თანამებრძოლი - დამოუკიდებელი ჩეჩნეთის პირველი პარლამენტის დეპუტატი, მათე ციხესაშვილი. ქუთაისის აეროპორტში იგი დიდხანს ამაოდ ცდილობდა გაერკვია თუ რატომ არ უშვებდნენ ქვეყანაში, სადაც დაიბადა და გაიზარდა. ბატონი მათე პანკისშია დაბადებული, აქ ჰყავს სანათესაო და სამეგობრო, სწორედ მათ სანახავად ჩამოვიდა, მაგრამ ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე დაატოვებინეს
საქართველო. იძულებული გახდა გერმანიაში ჩაფრენილიყო, ამბობს, რომ ამით შეურაცხყოფილია და ამ დრომდე უშედეგოდ ელის კონკრეტული მიზეზის დასახელებას.

- ბატონო მათე, რა განგიმარტეს მესაზღვრეებმა?
- 22 ივნისს გერმანიიდან ქუთაისის აეროპორტში ჩამოვფრინდი. ღამის სამი საათი იყო დაწყებული ქუთაისის აეროპორტში რომ შემაჩერეს. მითხრეს, ცოტა ხანი გაჩერდიო. ყველა მგზავრი გავიდა
აეროპორტიდან და ამის შემდეგ მითხრეს, რომ არ შემიშვებდნენ საქართველოში. მე საფრანგეთში პოლიტიკური თავშესაფარი მაქვს და ფრანგული პასპორტით გადვაადგილდები. ამ წლის თებერვალში ვიყავი ჩამოსული საქართველოში, მაშინ უპრობლემოდ შემიშვეს და დავბრუნდი ისევ უკან, ჩემს პასპორტში შესვლა-გამოსვლა დაფიქსირებულია, არანაირი დარღვევა არ მქონია და გაუგებარია რატომ არ შემიშვეს. ბოლო დროს სამჯერ ვიყავი ჩამოსული. მოვითხოვე ტრანზიტულ ზონაში გადაყვანა, თუ დანაშაული მაქვს ჩადენილი, მაშინ დამიჭირეთ, თუ დარღვევა მაქვს ამიხსენით, არადა გადამიყვანეთ ტრანზიტის ზონაში და აქედან ფეხს არ მოვიცვლი სანამ ჟურნალისტებთან არ შემახვედრებთ, ადვოკატს არ მომიყვანთ და რაც მთავარია, მიზეზს არ მეტყვით-მეთქი. მოვითხოვე, დამაკავშირეთ საგარეო საქმეთა სამინისტროს ან საფრანგეთის საელჩოს-მეთქი, მაგრამ არავითარი საშუალება არ მომცეს, ამის უფლება არ გვაქვსო. მომცეს ქაღალდი, სადაც ეწერა გერმანიაში რომ ჩახვალთ იქ გადმოგცემს პასპორტს სტიუარდესაო. მიზეზს ვეკითხებოდი, მხოლოდ ამას ამბობდნენ, ჩვენ გვაქვს მითითება და ვერ შემოგიშვებთო. ახლაც არ ვიცი ვისგან ჰქონდათ მითითება. ეს იყო შს სამინისტოს სასაზღვრო პოლიცია. თუ შენი ნებით არ ახვალ თვითმფრინავში, ჩვენ ძალით აგიყვანთო, ჭიდაობას ხომ არ დავიწყებდი. წინააღმდეგობის გაწევას აზრი არ ჰქონდა, 5 საათი მომიწია ქუთაისის აეროპორტში ყოფნა და ამის შემდეგ დამაბრუნეს გერმანიაში. დანართის ფურცელი გადმომცეს გერმანიაში, გერმანელებიც დაინტერესდნენ ჩემი საქმით, მათაც მოსთხოვეს განმარტება საქართველოს წარმომადგენელს, მაგრამ ვერც იმათმა მიიღეს პასუხი. არავითარი პასუხი არ მაქვს დღემდე.

- გერმანიაში გადმოცემულ დოკუმენტში რა ეწერა?
- საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე ვიზის გაცემაზე და საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის გადაწყვეტილებაა, სადაც ჩემი პასპორტის მონაცემებია მითითებული და წერია უარი ეთქვას შემოსვლაზეო, მაგრამ მიზეზი არ არის განმარტებული.

- რას უკავშირებთ არ შეშვებას?
- თებერვალში მამა დამეღუპა, იქ ვიყავი გასვენებაში ჩამოსული და უკან დავბრუნდი, მაშინ არ შემქმნია პრობლემა და ამიტომაც ძალიან ვარ დაინტერესებული გავიგო, თუ რატომ მეთქვა უარი.

- თქვენ საქართველოში გაზრდილი ხართ, აქაური მოქალაქეობა არ გაქვთ?
-2008 წელს საქართველოს მოქალაქეობა მოვითხოვე, მაგრამ უარი მეთქვა. როცა საქართველოში კანონიერი ხელისუფლება დაამხეს, მაშინ სსრკ კავშირი იყო და მერე მომიწია ქვეყნიდან წასვლა და არ მაქვს მოქალაქეობა. ძალიან დიდხანს ველოდი თანხმობას, გამუდმებით ვრეკავდი, მაგრამ პასუხი არ ჩანდა. მერე იძულებული გავხდი საფრანგეთისთვის მიმემართა და საფრანგეთის ხელისუფლებამ მომცა პოლიტიკური თავშესაფარი 2011 წელს. ჩემი სტატიები იბეჭდება სხვადასხვა პრესაში, ყველა წერილში ვწერ საქართველოს საშველი არ არის, თუ არ აღდგა კანონიერი ხელისუფლება- მეთქი. შევარდნაძის პერიოდიდან მოყოლებული დღემდე არსებული ხელისუფლება უკანონოა. დიდი შეხება მაქვს აფხაზეთის მხარესთან. როცა აფხაზეთის ომი დაიწყო მე ვიყავი აფხაზეთში ოზგანთან. იმ ღამეს აფხაზებმა თავიანთი უშიშროების კონცეფციაში ჩაწერეს, ჩვენ დაველაპარაკებით საქართველოს კანონიერ ხელისუფლებასო. მაშინ არძინბა იყო პრეზიდენტი.

- აფხაზეთში მაშინ როგორ აღმოჩნდით?
- ცხონებული ზვიად გამსახურდიას და ჯოხარ დუდაევის დავალებით ვიყავი მე მაშინ აფხაზეთში ჩასული. ნანახი მაქვს 5 პუნქტიანი დადგენილება იყო შედგენილი, ხელი მოაწერა კონფედერაციამაც რომ ომი შეჩერებულიყო აფხაზეთში და ომისწინანდელ პერიოდში დაბრუნებილიყო ორივე მხარე. იჩქერიის პრეზიდენტი ჩავიდა კიდეც შევარდნაძესთან მოლაპარაკებაზე, მაგრამ უარი თქვა შევარდნაძემ. ეტყობა იმის გამო, რომ გროზნოში მყოფმა საქართველოს დევნილმა პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ მიაღწია ამას. ამ წლების მანძილზე ეროვნული მოძრაობიდან დაწყებული ყველაფერში აქტიურად ვიყავი ჩართული და ვცდილობ პერიოდულად გამოვაქვეყნო იმ რეალურ ფაქტებზე დაყრდნობით მასალები მედიაში, რომ ხალხმა იცოდეს სიმართლე. ბევრი რამე გამიკეთებია ჩემი ქვეყნისთვის, სადაც პირველად 21 წლიანი ემიგრაციიდან დავბრუნდი. დღეს კი არ მიშვებენ საქართველოში, მითხარით რატომ?

- ხომ არ უკავშირებთ ამას რომელიმე ფაქტს?
- არ ვიცი რა ვთქვა, მგონი ჰესების მშენებლობას უკავშირდება ეს ყველაფერი. პანკისის ხეობაში 3 ჰესია აშენებული, ხადორი 2 წყლისგან განადგურებულია და ამის მიზეზი არის მშენებელების არაკომპეტენტურობა და არაპროფესიონალიზმი. ვერ ააშენეს ისეთი, როგორც საჭირო იყო, წაიღო წყალმა და არავის აღუდგენია. ხადორი მეოთხე ჰესის მშენებლობას რა ხმაური მოყვა, ეს ყველასთვის ცნობილია. ამაზე ჩემი აზრი მეც დავაფიქსირე სოციალურ ქსელებში. მე საქართველოში დავიბადე და გავიზარდე, დავამთავრე ისტორიის ფაკულტეტი, დავამთავრე ასპირანტურა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გავხსენი კავკასიელ ხალხთა ისტორიის კათედრა. არქეოლოგიის ცენტრში ვმუშაობდი მეცნიერ თანამშრომლად. ზვიად გამსახურდიას პრეზიდენტობის დროს ახმეტაში პრეფექტის მოადგილე ვიყავი. ყოველთვის ჩართული ვიყავი საქართველოს კეთილდღეობაში და ასეთ ადამიანს საქართველოს მოაქალაქეობაზე უარს მეუბნებიან და ქვეყანაში არ მიშვებენ.

მე გავაცანი ბატონი ზვიად გამსახურდია ჯოხარ დუდაევს, მაშინ ზვიადი პრეზიდენტი იყო, ჯოხარი ვილნიუსიდან იყო დაბრუნებული. ზვიადთან სამსახურში ჩემი შესვლა-გამოსვლა არ იყო პრობლემა, რადგან ის მაგზავნიდა ხან ჩრდილო კავკასიაში, ხან აფხაზეთში. კონფედერაციის ხალხთან ბევრი საქმე გაგვიკეთებია მაღალ დონეზე. ზუგდიდში ყველაზე მძიმე პერიოდში ვიყავი პრეზიდენტ გამსახურდიასთან. ომის პერიოდში დრანდიდან 48 ოჯახი გავიყვანე სოჭში და იქ არც ერთი ტყვე არ იხვრიტებოდა ჩვენი ჩარევის შემდეგ.
პანკისის ხეობაში რაც მოხდა, ეს ფაქტი დავგმე. მთელი უბედურებაა, რომ ქვეყნის მართვა არ იციან და ისე ინიშნებიან თანამდებობაზე და არ იციან თავიანთი ვალდებულებები. სუსის თანამშრომელს რა ესაქმება ჰესთან ეს მაინტერესებს მე, ან შს სამინისტროს. გახარია რომ იძახის ეკონომიკის სამინისტრომ მომმართაო. რა უნდოდათ იქ, მითხარით. გახარიას შევხვედრილვარ მოსკოვში. მამამის ვიცნობ, დიდი ზვიადისტი იყო, ძალიან ერთგული ადამიანი და დიდ პატივს ვცემ. ერთ-ერთი რესტორანში ვიყავით მოსკოვში, როცა იქ გიორგი გახარიაც მოვიდა. მაშინ თქვეს, აქ სწავლობსო. 1991 წლის ამბებს გეუბნებით. მის გასაგონადაც ვამბობ, არ შეიძლებოდა პანკისში სპეცრაზმის შეყვანა. კვირა დღეს, ბზობის დიდი დღესასწაულია და შენ შეგყავს სპეცრაზმი, მაშინ ჯარებოში მობილიზებული იყო კიდევ დამატებით 500 სპეცრაზმელი, ეს ინფორმაცია მომაწოდეს და გავავრცელე, ეტყობა ეს ფაქტები არ ესიამოვნათ. მაშინ პირდაპირ ვთქვი, პანკისის მოვლენების ასეთი განვითარება უნდა "ქართულ ოცნებას"-მეთქი. მადლობა ღმერთს, რომ ავიცილეთ სისხლისღვრა და გადავრჩით. ასეთ რამეს ჩავდივართ და მერე გამოვალთ და ვიტყვით ყველა საქართველოს ემტერებაო, საქართველოს ემტერება უცოდინრობა, უთავობა.

- საქართველოში კონკრეტულ საქმეზე მიდიოდით?
- საქართველოში დაბადებული და გაზრდილი ვარ. ჩემს მეგობრებთან მივდიოდი, ისინი მელოდებოდნენ ქუთაისში, მერე იქიდან ვაპირებდი სამეგრელოში წასვლას, იქიდან ვგეგმავდი პანკისში და კახეთში ჩასვლას. გეგმები დიდი მქონდა, ჩამოვედი რომ დამესვენა საქართველოში, ვყოფილიყავი ჩემი სკოლის და სტუდენტობის მეგობრებთან, შევხვედროდი მეცნიერებს. კავკასიური წრის შექმნას ვაპირებთ და ბევრი გეგმა მქონდა, მაგრამ უკან გამომიშვეს. შეურაცხყოფილი ვარ. პასუხს ველოდები, მაგრამ არ ჩანს. კვირა რომ არ ყოფილიყო მე არ ვაპირებდი საქართველოს დატოვებას, ვითხოვდი ტრანზიტულ ზონაში დარჩენას, სანამ არ მეტყოდნენ მიზეზს, მაგრამ ძალოვნებმა მითხრეს, თუ თქვენი ნებით არ გადახვალთ თვითმფრინავში, იძულებული გავხდებით ძალით ჩაგსვათო.

- სტრასბურგში რას საქმიანობთ?
- სტასრასბურგში ოჯახთან ერთად ვცხოვრობ. პოლიტიკური თავშესაფარი მაქვს. იქიდან ვადევნებ თვალს საქართველოში განვითარებულ მოვლენებს. ძალიან შემტკივა გული საქართველოზე. იმედია მაღირსებენ პასუხს, თუ რატომ არ შემომიშვეს საქართველოში, რა საფრთხე უნდა შემექნა ჩემი ქვეყნისთვის?!

პ.ს. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გაცემულ დოკუმენტში წერია მხოლოდ ერთი წინადადება, ეთქვას მათე ციხელაშვილს საქართველოში შემოსვლაზე უარი, რადგან არ აკმაყოფილებს საქართველოს კანონით განსაზღვრულ სხვა მოთხოვნებსო, თუმცა არ არის განმარტებული რა მოთხოვნებს გულისხმობს სამინისტრო და რატომ არ შემოუშვა იგი საქართველოში.

(სპეციალურად საიტისთვის)

თემური
19 აგვისტო 2019 00:37
სამწუხაროდ საქართველოში ეთნოცენტრიზმი მეფობს, რაც შემოგდებული თემაა რუსეთის მიერ, რომელსაც წამოეგნენ მრავალი უგუნური საქართველოში.

დღევანდელი მთავრობა ხომ საერთოდ გადასაწყვეტია და სიმართლე გითხრათ მსურს რა ჩავუღრმავდე ამათ იდეოლოგიურ ცნებებს, მაგრამ სამწუხაროდ მხოლოდ ბრიყვი და სულგაყიდული ადამიანთა დასი შემრჩა ხელში.

საქართველოში ბუნებრივი პროცესები დაიწყო და მას ვერაფერი შეაჩერებს.

ვაინახები იყვნენ არიან და იქნებიან,ხოლო საქართველო კი როგორც ყოველთვის ითამაშებს მნიშვნელოვან როლს კავკასიაში ძმობისა და მარადიული მეგობრობისთვის.

რათქმაუნდა მრცხვენია,როდესაც ამ უთანასწორო ბრძოლაში, ქისტები იჩაგრებიან, მაგრამ მერწმუნეთ, რომ წარმავალია ყველაფერი და ძალიან მალე დავით აღმაშენებლის იდეოლოგიაზე დაფუძნდება საქართველო,რაც ასევე იქნება დიდი და დიადი აღმავლობის ხანა მთლიანად კავკასიაში.

რაც შეეხება ბნ მათე ციხესაშვილს მე პირადად ბოდიშს ვუხდი, რომ ვერ დავიცავით მისი უფლებები, მითუმეტეს,მაშინ როდესაც საქართველოზე შეყვარებული და მასზე მზრუნველი გულით ბევრი წლები აქვს დახარჯული.

პატივისცემით თემური ცათიაშვილი
...
09 ივლისი 2019 01:54
რას ჰგავს ახლა ეს? ნუთუ ზვიადის ერთგული ქართველი კაცი, რომელმაც ფაქტიურად შექმნა მასტან ერთად საქართველოს ისტორიის ერთი (დაე, თუნდაც დრამატული!) მონაკვეთი, იმის ღირსი არ იყო, რომ სამშობლოში სტუმრად მაინც შემოეშვათ? დიდი
მუხრანისა არ იყოს, "კი, მაგრამ ღმერთი აღარაა? ბნელა?" მიზეზსაც რომ არ ეუბნებიან და გაურკვევლობაში ტოვებენ, ეს კიდევ ხომ დამთრგუნველია! ეჰეი, მთავრობავ, აზრზე მოდი, რას სჩადი და ვისთან! სირცხვილია, უბრალოდ, სხვა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ!
გიორგი
04 ივლისი 2019 08:57
კანონიერი ხელისუფლება რომ დაამხეს საბჭოთა კავშირი უკვე დაშლილი იყო.

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ საპენსიო რეფორმას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ საპენსიო რეფორმას?