"სირცხვილია, ქართველი ესროდა ქართველს რუსის გამო... მთავრობამ არ დაგვინდო" - კვირის პალიტრა

"სირცხვილია, ქართველი ესროდა ქართველს რუსის გამო... მთავრობამ არ დაგვინდო"

მოდელმა თეკლა ჩიჯავაძემ, ისევე, როგორც ბევრმა სხვა ადამიანმა, 20 ივნისის აქციის შესახებ თავისი აზრი გამოხატა: "წადით "ნაცებიც" და "ქოცებიც" და ვინმე ნორმალური ადამიანი გამოჩნდეს, თორემ უკვე გაუსაძლისია ამ ქვეყანაში ცხოვრება, სადაც ქართველები ერთმანეთს ვეტაკებით რუსის გამო!"

გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან, რომელიც ჟურნალში "გზა" დაიბეჭდა:

"ეს ჩვენი, ქართველების უდიდესი შეურაცხყოფაა და გასაკვირი არცაა, რომ ხალხი გარეთ გამოვიდა. მომხდარის შემდეგ გავაანალიზე, რომ მთავრობა ისევ წარსულში გვაბრუნებს და ეს ძალა სასწრაფოდ არის შესაცვლელი. სირცხვილია, ქართველი ესროდა ქართველს რუსის გამო. 20 ივნისი ჩემთვის მძიმე გასახსენებელია. იქ ვიყავი, როდესაც ცრემლსადენი გაზი გაუშვა პოლიციამ. შუა და უკანა რიგებში მდგარი ადამიანები ვერ ვაანალიზებდით, რატომ გვესროდა სპეცრაზმი გაზის შუშხუნებს, რადგან ჩვენ წინა რიგებში მომხდარ გაწევ-გამოწევაში არ ვმონაწილეობდით, ვიდექით მშვიდობიანად. მთავრობამ კი არ დაგვინდო..."

"მთავრობა იმართება ერთი პირისგან, რომელსაც არ აქვს ქართული მენტალური ხასიათი, ქვეყანასა და ხალხს არათუ პროგრესისკენ, არამედ რეგრესისკენ მიათრევს. მათი არასწორი ნაბიჯების შედეგად ხალხი ღარიბდება, რაც თავისთავად, ქვეყნის გაღარიბებას იწვევს და ეს ყველაფერი ქაოსს ქმნის..."

"თითქოს ერთ ტერიტორიაზე გვკეტავენ და სურთ, გაღარიბებულ ხალხზე იბატონონ. 2012 წელს მთავრობის ცვლილება ძალიან სწორი და წინგადადგმული ნაბიჯი იყო, მაგრამ როგორც ყველა ნორმალურ ქვეყანაში, საჭიროა, რომ 8 წელში ერთხელ შეიცვალოს მთავრობა, რადგან მათი მმართველობა ტირანიაში არ გადაიზარდოს..."

"მე მყავს 3 წლის გოგო და 2 თვის ბიჭი. მათ, პირველ რიგში, ვასწავლი ჰუმანურობას, სიყვარულსა და ყველაფერ ღირებულს, რაც გაგვაჩნია ადამიანებს. დედა, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი ფიგურაა ყველას ცხოვრებაში და ყოველთვის ვეცდები, ვიყო მათთვის საუკეთესო მეგობარი. პატრიოტიზმი კი, ჩემი აზრით, არ ისწავლება, ეს ყველა ჩვენგანში თავისით ჩნდება გარემოდან გამომდინარე. ჩვენი შვილები თავად სწავლობენ იმ ადგილის სიყვარულს, სადაც იბადებიან და იზრდებიან..."

სტატიას სრულად ჟურნალ "გზის" 4 ივლისის ნომერში წაიკითხავთ.

ნინო ჯავახიშვილი