"მეუღლის გარდაცვალებამ ჩემი ცხოვრება შეცვალა" - კვირის პალიტრა

"მეუღლის გარდაცვალებამ ჩემი ცხოვრება შეცვალა"

ქართული შოუბიზნესის დაბადებასთან ერთად საზოგადოებას კარგად ახსოვს ვერიკო ტურაშვილის კლიპი "წვიმა მოგონებებს ასველებს". პირველად მომღერალი ეკრანებზე 2000 წელს გამოჩნდა და უკვე 19 წელია თავის საქმეს არ ღალატობს. როგორ დაიწყო შემოქმედებითი გზა და როგორ მოახერხა შოუბიზნესისთვის ყველაზე რთულ ჟამს მაინც ემღერა, ამის შესახებ ვერიკო ტურაშვილი გვესაუბრება:

"მეუღლის გარდაცვალებამ ჩემი ცხოვრება შეცვალა"

- ჩემს პირველ სიყვარულს რომ შევხვდი, 20 წლის ვიყავი. 5 წელი ვიყავით ერთად, მის გარდაცვალებამდე. ჩემი ნამღერი სიმღერის ტექსტები ამიხდა, მაგალითად, როცა "წვიმა მოგონებებს ასველებს", თუ ტექსტს დაუკვირდებით, ნამდვილად ამიხდა. მეუღლის გარდაცვალებამ სხვა ადამიანად მაქცია, ეს რომ არა, შეიძლება არ ვყოფილიყავი ასე ძლიერი. ვიცი, რომ თუ არ გავაკეთებ რამეს ჩემი შვილებისთვის, ოჯახისთვის, სხვა ვერავინ გამიკეთებს.

"დღეს მუსიკოსს თავის რჩენა შეუძლია"

- ხშირად ვამბობ ხოლმე, ქართულად ან სიყვარულზე უნდა იმღერო, ან სამშობლოზე-მეთქი, მე სიყვარულზე ავირჩიე. ვცდილობ წელიწადში ერთხელ ან ორჯერ მაინც სიმღერა გამოვუშვა. წინა წლებთან შედარებით უკეთესობა იგრძნობა ქართულ შოუბიზნესში და ამას ჰოლდინგ "ფორტუნას" მუსიკალურმა დაჯილდოება "ოქროს ტალღამაც" შეუწყო ხელი, დიდი მოტივაცია მისცა ქართველ შემსრულებლებს. იმ დროს, როცა შოუბიზნესს ძალიან უჭირდა, მე მაინც სიმღერით ვირჩენდი თავს, კარგ მუსიკოსებთან ერთად სხვადასხვა კლუბში, ობიექტებზე ვატარებდით კონცერტებს.

ქართულ შოუბიზნესს უფრო მეტად განვითარების პოტენციალი აქვს. დღეს უკვე მუსიკოსს თავისი პროფესიით თავის რჩენა შეუძლია, ვარსკვლავურად ვერ იცხოვრებს, მაგრამ თავს ირჩენს.

რა რესურსი სჭირდება მომღერალს, რომ ახალი კლიპი გამოუშვას? ახალ კლიპს ყოველთვის სჭირდება ფინანსური რესურსი, არსებობენ ადამიანები, რომლებიც გვერდით მიდგანან და არის რაღაცები, რაშიც ფულს არ ვიხდი. გარდა ამისა, კორპორატიულებზე, დაბადების დღეებზე, ნათლობასა თუ ქორწილზე მიპატიჟება და სიმღერა ჩვეულებრივი ამბავია. (იხილეთ სრულად)