"13"-ის შტურმი ჰოლივუდში - კვირის პალიტრა

"13"-ის შტურმი ჰოლივუდში

რეჟისორ გელა ბაბლუანისთვის ეს რიცხვი ბედნიერი გამოდგა

"ეს არ არის ფილმი უბრალოდ ცუდ ბიჭებზე, მათი ამბავი გაიძულებს იაზროვნო, იფიქრო ნანახზე და დასკვნები გააკეთო"

"ცოტა უცნაური ბიჭია. არავინ იცის, როდის რას გადაწყვეტს," - ასე ახასიათებდა რამდენიმე წლის წინ ცნობილი კინორეჟისორი თემურ ბაბლუანი თავის უფროს ვაჟს, რომელიც მამის პროფესიული მემკვიდრეც გახდა. ევროპულ და ამერიკულ კინოსამყაროში უკვე არავინ დაობს, რომ გელა ბაბლუანი სრულიად განსხვავებული ხედვისა და ხელწერის მქონე რეჟისორია.

გელა ბაბლუანის ქართულ-ფრანგულმა ფილმმა "13" და ამავე სახელწოდების ამერიკულმა, ჰოლივუდურმა რიმეიქმა ჩასაფრებული მაყურებელიც კი გააუვნებლა. უცხოეთში არ ვიცი, მაგრამ საქართველოში ამერიკული "13"-ის მსოფლიო პრემიერის გამართვამდე ხშირად მესმოდა, რომ ჰოლივუდური ვერსია ევროპულის გადამღერება იქნებოდა. თუმცა, აღმოჩნდა, რომ ბაბლუანმა ორი სრულიად განსხვავებული ერთი დასახელების ფილმი შექმნა. მათ საერთო მხოლოდ სათაური და ძირითადი მოტივი აქვთ.

ჰოლივუდური რემეიქის სიუჟეტი ისევ "რუსული რულეტკის" მიხედვით ვითარდება. სასიკვდილო წრეზე დგას 13 მამაკაცი და ერთმანეთისთვის კეფაზე აქვთ მიბჯენილი იარაღი. აქ იღბალს აქვს მნიშვნელობა. თუ კეფასთან მიბჯენილი იარაღის მფლობელს სასხლეტზე თითის გამოკვრამდე მის უკან მდგომი მოკლავს, შენ გადარჩები... ბოლოს ერთმანეთის  პირისპირ ორი ადამიანი რჩება. ისევ იღბალი... ისევ არავინ იცის, ვინ გადარჩება.

KvirisPalitra.Geსისხლიანი სანახაობის მონაწილეები ფულის გულისთვის ეთამაშებიან სიკვდილს, მათი უბედურებით კი სხვები ერთობიან და სასიკვდილოდ განწირულებზე ისე ჩადიან ფსონებს, როგორც სანახაობისთვის გამოზრდილ ცხოველებზე.

ევროპულმა "13"-მა მსოფლიოს პრესტიჟული კინოფესტივალები დაიპყრო. ჰოლივუდურ "13"-ს დიდ ფინანსურ მოგებასაც უწინასწარმეტყველებენ. ეს არ არის ფილმი უბრალოდ ცუდ ბიჭებზე, მათი ამბავი გაიძულებს იაზროვნო, იფიქრო ნანახზე და დასკვნები გააკეთო.

მხატვრულ ფილმში მოთხრობილი ამბავი რეჟისორისა და სცენარისტის ფანტაზიის ნაყოფია. "ფილმი მძიმეშინაარსიან წიგნს ჰგავს, რომლის ნახვის შემდეგ შეიძლება აღარასოდეს მოგინდეს მისი ხელმეორედ ნახვა, მაგრამ ძალიან დიდხანს იფიქრებ ნანახზე. ეს ფილმი ცოდვებით დამძიმებული სამყაროს ანარეკლია, სადაც კაცი კაცისთვის მგელია", - თქვა ერთ-ერთმა მაყურებელმა ფილმის თბილისში გამართული პრემიერის შემდეგ.

გელამ ჰოლივუდში მუშაობის დაწყებამდე თქვა, რომ მნიშვნელოვნად შეიცვლებოდა ფილმის სცენარი. "კვირის პალიტრასთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში რეჟისორი აცხადებდა, რომ ჰოლივუდში ფილმის გადაღებაზე არ დათანხმდებოდა, თუ ისეთივე შემოქმედებით თავისუფლებას არ მისცემდნენ, როგორიც ევროპაში ჰქონდა.

"ამჟამად ვხვდები სცენარისტებს, ვარჩევ ჰოლივუდელ ვარსკვლავებს. ლაპარაკია გარი გარსიაზე, ორლანდო ბლუმზე, ლეონარდო დი კაპრიოსაც სურს თამაში. ვნახოთ, რა იქნება. არჩევანს იმაზე შევაჩერებ, რომლის ტიპაჟსაც სცენარი მოითხოვს", - ამბობდა გელა. როგორც ჩანს, ჩამოთვლილ მსახიობთაგან ვერც ერთი ვერ მოერგო ფილმის გმირებს. ამერიკულ "13"-ში ახალგაზრდა ვინსის როლს სემ რაილი ასრულებს, მასთან ერთად რეი იუნსტონის, ჯეისონ სტეტპემის, მაიკლ შენონის, მიკი რურკისა და სხვა ჰოლივუდელი ვარსკვლავების ოსტატობა ფილმის წარმატების საწინდარია.

"როდესაც შეგიძლია სხვებისთვის იცხოვრო იმ სამყაროში, სადაც მხოლოდ თავიანთ თავზე ფიქრობენ, ესე იგი, ძლიერი ხარ. ჩემი გმირი სწორედ ამით არის ყველასგან განსხვავებული, ის ოჯახის კეთილდღეობაზე ფიქრობს და არა პირადზე. საბედნიეროდ, ქართველში შემორჩენილია ეს თვისება და ვიმედოვნებ, არ დავკარგავთ.

ადამიანის ფასი კაპიკია, თუ ძმობა არ იცის. ოჯახი, ახლობლები არ ჰყავს, ან თუ ჰყავს, მათი ცხოვრებით არ ცხოვრობს. ოჯახის სიძლიერე და მისი არსი ხომ ის არის, რომ ერთმანეთი გვყავს. ყოველ შემთხვევაში, ჩვენ ასე გაგვზარდეს", - ამბობდა რეჟისორი პირველი "13"-ის გადაღების შემდეგ "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში. ალბათ, ეს ორიგინალური, ინდივიდუალური და ეროვნულს მოუწყვეტელი ცნობიერებაც არის მისი ფილმების პოპულარობის განმსაზღვრელი.

პირველი "13"-ის გამოსვლის შემდეგ, ფილმი სამყაროს პატარა მოდელს შეადარეს, სადაც ადამიანი გამუდმებით ბეწვის ხიდზე გადის.

რეჟისორს არ უკვირს მაყურებლის ასეთი შეფასება. ისიც მიიჩნევს, რომ ცხოვრება ბრძოლაა, ნებსით თუ უნებლიეთ, იძულებული ხარ ვიღაც გასრისო ან განზე გასწიო. რეჟისორი სიამოვნებით ძერწავს ფსიქოლოგიურ დრამას. ის არ ალამაზებს არაფერს, მაგრამ მაყურებელი არ ბოროტდება, პირიქით, საკუთარ "მე"-ში ჩაღრმავების სურვილი უჩნდება.

ამერიკული "13"-ის ნახვის შემდეგ ერთმა ისიც კი თქვა, ისეთი განცდა მქონდა, რომ ცხოვრებას ვუყურებდი ეკრანზე, მერე კი ის დარბაზიდან შინ გამომყვა და მარადიულ გაფრთხილებასავით ჩემთან დასახლდაო. რეჟისორის მიზანიც მგონი ეს იყო: "ცხოვრებაში ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული ბედზე, შანსზე, გამართლებაზე, მაგრამ შეიძლება ერთ დღეს ისეთ მდგომარეობაში აღმოვჩნდეთ, სადაც არჩევანი არ გვექნება.

ამ დროს საინტერესო და ზოგჯერ ამაზრზენიც არის ადამიანის ქცევა. გაჭირვების გამო კაცი სასიკვდილო წინადადებას თანხმდება და არავინ იცის, გაბოროტებული რას მოიმოქმედებს თავის გადასარჩენად. ჩვენ არავის განსჯის უფლება არა გვაქვს, რადგან ადამიანის საქციელის წინასწარ განჭვრეტა არ შეგვიძლია", - ამბობს გელა ბაბლუანი.

პირველი ფილმი შავ-თეთრია, მეორე - ფერადი, მაგრამ სიუჟეტი ფერადოვნების აღქმის უნარს აქვეითებს. ჩვენს დროში სიმძიმის გამო სამყაროც ხომ კარგავს ფერებს.

გელა ბაბლუანი იმითაც არის ორიგინალური, რომ ის ორჯერ შეეჭიდა 13-ს, რიცხვს, რომელსაც უამრავი ცრურწმენა უკავშირდება.

"13-ს ყველა ქვეყანაში აქვს რაღაც მნიშვნელობა. ზოგან ბედნიერების მომტანად ითვლება, ზოგან - უბედურებისა. საფრანგეთში ცდილობენ ლოტო ცამეტ რიცხვში ითამაშონ, ბედნიერი რიცხვიაო, მაგრამ 13 კაცი არ უნდა დაჯდეს მაგიდასთან, უბედურების მომტანიაო. მე მჯერა ბედისწერის. ბებიაჩემი დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა, ვინ შემოდიოდა ორშაბათს ჩვენს ოჯახში, თვის დასაწყისშიც ფეხბედნიერი უნდა გვსტუმრებოდა ვინმე.

ახალ მთვარეს აკვირდებოდა... ამ ყველაფერს ღიმილით ვუყურებდი, მაგრამ როგორც ჩანს, მაინც დაილექა ჩემს ცნობიერებაში რაღაცები", - ასეთია ბედისწერასთან გელა ბაბლუანის დამოკიდებულება. მან შეძლო ბედისწერის მართვა, ფაქტია, "13" მისი ბედნიერების რიცხვია.

ფილმის სცენარის წაკითხვისას მამამისი, თემურ ბაბლუანი დაეჭვებულა, რომ რამე გამოვიდოდა. მოგვიანებით ბატონ თემურს ამაზე ეღიმებოდა და ძალიან ბედნიერი ჩანდა შვილის წარმატების გამო. შვილი კი ამბობს, როდესაც მამა ასეთი რეჟისორი გყავს, ან მისი დონის მაინც უნდა იყო, ან არაფერი უნდა გადაიღოო.