"მოხედეთ ილიას!" - კვირის პალიტრა

"მოხედეთ ილიას!"

"ამით მაინც ჩამოვირეცხოთ ილიას წინაშე ჩადენილი ცოდვა"

12 სექტემბერს, ილიას მკვლელობის დღეს ისევ წიწამურს მივაშურეთ. ილია ჭავჭავაძის მემორიალთან ახლოს მისულებს ქართული ტკბილხმოვანი სიმღერა შემოგვესმა. გოგო-ბიჭებს ხელში ცოცხები და ბარები მოემარჯვებინათ და ღიღინით აცლიდნენ მემორიალს მოძალებულ ნარ-ეკალს. საფეხურებიდან აყრილი ფილები გვერდზე ლამაზად დაეწყოთ.

სრულიად საქართველოს ჩოხოსანთა საზოგადოების მდივანი იაგო შიოლაშვილი:

- ვნახეთ "კვირის პალიტრაში" გამოქვეყნებული წერილი და გვეწყინა და გაგვიხარდა კიდეც. გვეწყინა იმიტომ, რომ დაგვასწარით ამ პრობლემაზე ქვეყნის გასაგონად განგაშის ატეხა და გაგვიხარდა ის, რომ ასეთ მნიშვნელოვან საკითხს თვალი არ მოუხუჭეთ. ჩვენი საზოგადოების საპატიო თავმჯდომარე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორეა. მასთან აგვისტოს ბოლოს ვიყავით. ვუამბეთ, რა მდგომარეობაშიც იყო ილია ჭავჭავაძის მემორიალი და მისგან კურთხევა მივიღეთ, რომ დაგვესუფთავებინა აქაურობა და მის კეთილმოწყობაზეც გვეზრუნა.

აქ რომ ამოვედით, მივხვდით, რომ ვიღაც უკვე ნამყოფი იყო. ბალახი ამოგლეჯილი და ფილებიც გადაადგილებული დაგვხვდა. როგორც ჩანს, ვიღაცამ აქაურობა სახელდახელოდ დაასუFფთავა, მაგრამ ნაგვის გატანაზე აღარ იზრუნა.

საზოგადოების წევრები ვფიქრობთ სპეციალური ანგარიშის გახსნას ბანკში და მოსახლეობისაგან შემოწირული თანხით მემორიალისა და განათების მოწყობას. ვიმედოვნებთ, თქვენი აქტიურად ჩარევის შედეგად გამოგვეხმაურებიან სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლები და ბიზნესმენები და ეს საქმე ისე დასრულდება, როგორც ილიას ეკადრება. მადლობა თქვენს გაზეთს, რომ ასეთ პრობლემებს საქვეყნოდ ახმაურებთ.

ოთარ გოგიტიძე, სრულიდ საქართველოს ჩოხოსანთა საზოგადოების უხუცესთა საბჭოს თავმჯდომარე:

- 5 თეთრი ან 1 ლარიც რომ გაიღოს ყველა ქართველმა, დიდი საქმე იქნება. ილია წმინდანია, რომელიც უფალმა მოგვივლინა და ვერ მოვუარეთ, სანამ ცოცხალი იყო. მის მემორიალს მაინც მივხედოთ.

ომარ მხეიძე, სახალხო არტისტი, საპატიო თბილისელი, ეროვნული პრემიის ლაურეატი: - ილიას მემორიალის სავალალო მდგომარეობა თითოეული ქართველის ბრალია და არა მარტო ხელისუფლების. რა უშლიდათ, მოსულიყვნენ და მიეხედათ ამ წმინდა ადგილისათვის. მეც ვიდანაშაულებ თავს, რომ თქვენი წერილის გამოქვეყნებამდე არ მოვედი. რაც დღეს გავაკეთეთ, ზღვაში წვეთია. ილია ერის მამა იყო, მის მოძღვრებას უნდა გავყვეთ და ეს მიგვიყვანს გამარჯვებამდე.

მMერაბ კირკიტაძე, სრულიად საქართველოს ჩოხოსანთა საზოგადოების ერთ-ერთი დამფუძნებელი: - წიწამურთან ახლოს აგარაკი ჰქონდა დოდო აბაშიძეს. ერთხელ, ყვარყვარეს როლზე მუშაობისას ვესტუმრე. ჩაფიქრებული იჯდა ეზოში, მიწას ქექავდა ჯოხით. თავი ასწია და უცებ ილიაზე დაიწყო ლაპარაკი. ბევრს ვფიქრობ და იმ დასკვნამდე მივდივარ, რომ ქართველებს ილიასნაირი არავინ გვყოლია. სამშობლოს შეწირული კაცი იყოო. მსხვერპლი თუ არ გაიღე, გმირი ვერ გახდები. ილია ჭავჭავაძემ კი ყველაფერი გაიღო სამშობლოსათვის. ქართველებს დიდი ცოდვა გვაქვს მისი სულის წინაშე. ილიას მკვლელობის გამო ყველა თაობას მართებს მონანიება. მისი წმინდანად შერაცხვით უწმინდესმა და უნეტარესმა სცადა ამ ცოდვის ტვირთი მოეხსნა ერისთვის. მან ჩამოგვრეცხა ილიას წინაშე ჩადენილი ცოდვა, მისი დაუფასებლობა. უწმინდესის წყალობით დღეს შეგვიძლია არა მხოლოდ ილიას ძეგლს, არამედ ილია მართლის ხატსაც მოვუყაროთ მუხლი. ღმერთმა დალოცოს თქვენი გაზეთი მართლის თქმისათვის. თქვენ აკეთებთ იმას, რასაც ილია გვასწავლიდა, - მოყვარეს თუ სახეზე რამე აცხია, სარკე მიუტანე და ჩაახედეო. ჩვენი საზოგადოების პრობლემა ისაა, რომ სიმართლეს არ ვამბობთ. თქვენ კი გაქვთ ამის გაბედულება.

პრეზიდენტი თავს იწონებს სტუმრებთან ილიას სურათის ფონზე. ის უცხოელი კი ხედავს, რომ ილიას მემორიალი მოუვლელია. რას იფიქრებენ ჩვენზე? გGანა ილიას ძეგლის მიხედვის საშუალება არ არის ჩვენს ქვეყანაში?

პ.ს. ვტოვებთ წიწამურს და იმედი მოგვყვება, რომ ქართველობა გამოიღვიძებს და "მიხედავს ილიას". აქაურობა ისე დამშვენდება, როგორც ერის მამას, მამულისთვის დამაშვრალ ილია მართალს ეკადრება.

"მოხედეთ ილიას!".