"ისეთი რამეები მინახავს, მსხვერპლიც კი გავმხდარვარ" - კვირის პალიტრა

"ისეთი რამეები მინახავს, მსხვერპლიც კი გავმხდარვარ"

"ბედისწერა ალბათ არსებობს. ყველაფერი ხდება ისე, როგორც უნდა მოხდეს. ცხოვრებაში მქონია მომენტები, როცა მითქვამს: აი, ბედი რა არის", - ამბობს მსახიობი ნანა შონია. რაზე ოცნებობს, რა დროს უჩუყდება გული, რას არ გააკეთებს არანაირი თანხის სანაცვლოდ და რის გამო საყვედურობენ მეგობრები? - ამ ყველაფერს მის მიერ დასრულებული წინადადებებიდან შეიტყობთ.

- დაბადების თარიღი...

- ...აუცილებელია ვთქვა?

- ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი... - ...ბალერინა, მაგრამ მსუქანი ბავშვი ვიყავი და ბალეტზე ამის გამო ვერ დავდიოდი. ეს სურვილი ჩემში იმდენად მძაფრი იყო, სახლში ვცეკვავდი. თვალს ვადევნებდი გამოსვლებს, ვათვალიერებდი წიგნებს... ახლობლის ოჯახში ერთი წიგნი გადაფურცვლით იმდენად გავცვითე, ბოლოს მაჩუქეს. უკვე ნახევრად დაშლილი ფურცლები ავკინძე, სათუთად ვინახავდი. ღამე, როცა ყველას ეგონა, მეძინა, ჩუმად ვათვალიერებდი. სამწუხაროდ, სახლი რომ დამეწვა, ეს წიგნიც მაშინ განადგურდა.

- ბედნიერი ვარ, რომ... - ...დებთან და ჩემს ოჯახთან ერთად ვცხოვრობ. ჩვენ სიხარულს თუ გასაჭირს, ერთად ვიზიარებთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

- კოლეგები ჩემზე ამბობენ... - ...რომ კეთილგანწყობილი ადამიანი ვარ.

- ოჯახის წევრები ამბობენ... - ...იმავეს, მაგრამ ამატებენ, რომ ძალიან დარდიანი და "მსხვრევადი" ბუნების პატრონი ვარ. მგრძნობიარე გახლავართ, ყველაფერს მძაფრად განვიცდი.

- თვისება, რომელიც ჩემში ყველაზე მეტად მომწონს... - ...ყველაფრის პატიება შემიძლია.

- თვისება, რომელიც არ მომწონს და ვცდილობ გამოვასწორო... - ...პრობლემებს ვამძაფრებ.

- ვრისკავ... - ...ხშირად, რადგან ჩემი პროფესია ამას მოითხოვს. ყველა როლის თამაში რისკია.

- ჩემი პირველი წარმატება... - ...იყო თეატრალურში ჩაბარება. ძალიან მაღალი ქულები მივიღე და ამით დავამტკიცე, რომ ამ საქმის კეთება შემიძლია.

- ჩემს წარმატებაში ყველაზე დიდი წვლილი მიუძღვის... - ...მეტყველების პედაგოგ ბაბულია ნიკოლაიშვილს. მან გამიჩინა საკუთარი თავის რწმენა, პროფესიაში თავდაჯერებულობა. ჩემს წარმატებაში ასეთივე დიდი წვლილი მიუძღვის გიზო ჟორდანიას.

- ყოველთვის მაქვს სურვილი... - ...ადამიანებთან ურთიერთობის.

- მეშინია... - ...ბევრი რამის, განსაკუთრებით ომის მეშინია.

- ბოლოს ვიტირე... - ...რამდენიმე დღის წინ, ქუჩაში წელში მოხრილი მოხუცი მიდიოდა, ვუყურებდი და ცრემლები მომდიოდა, თან მრცხვენოდა, არ მინდოდა ვინმეს სხვაგვარად ეფიქრა.

- ამ წუთში ძალიან მინდა ვიყო... - ...ბედნიერი. მინდა ვიყო ზღვაზე, სიცხეს ვერ ვუძლებ. მთაში დასვენებას ყოველთვის ზღვის სანაპიროზე ყოფნა მირჩევნია.

- ვნანობ... - ...მიმნდობი ადამიანი ვარ, ამის გამო გული არაერთხელ მტკენია. რა ვქნა, ადამიანებისგან სივერაგეს ვერ ვუშვებ. ვნანობ, როცა კონკრეტულ სიტუაციებში მეუბნებოდნენ: ძალიან ნუ ენდობიო და კეთილის მსურველებს არ დავუჯერე. თურმე, მეტად დაკვირვებული უნდა ვყოფილიყავი. ადამიანების შეცნობა არ მიჭირს, მაგრამ მათი მხრიდან ბოროტებას ვერ ვუშვებ, ეს ჩემთვის ძალიან უცხოა. მიკვირს, ამ გზას რატომ ირჩევენ? სიბოროტე სისულელეც არის. ისე არავის აზარალებს, როგორც თავად ბოროტების ჩამდენს. არ მესმის, რატომ უნდა აირჩიო ეს გზა, როცა შეგიძლია იყო კეთილი, ადამიანები გაახარო, გააბედნიერო. ბერი პაისი წერს: ადამიანის გულში გაჩენილი ერთი კარგი ზრახვა საათობით ლოცვის ტოლფასიაო.

- მე ვარ შეუმდგარი... - ...ბალერინა.

- წონასწორობას ვკარგავ... - ...როცა ვაწყდები თავხედობას, უსამართლობას. ამ დროს შემიძლია ვიჩხუბო კიდეც.

- სიყვარული ეს... - ...არის ღმერთი, ამაზე დიდი ხომ არაფერი არსებობს. ჩვენ ამ გზით უნდა ვიაროთ, ბევრი სიყვარული გავცეთ, მივიღოთ, გავანაწილოთ, ასე ცხოვრება ადვილია, სასიამოვნოა. (იხილეთ სრულად)