"პოლიციის კაპიტანს ქურდი შეეჩვია და გაფენილ სარ­ეცხს თოკებიდან უხსნიდა" - უცნაური ძარცვა-ქურდობები - კვირის პალიტრა

"პოლიციის კაპიტანს ქურდი შეეჩვია და გაფენილ სარ­ეცხს თოკებიდან უხსნიდა" - უცნაური ძარცვა-ქურდობები

ჩვენს რეალობაში ხშირად ისეც ხდება, როცა კრიმინალური შემთხვევა თავისი უცნაური ფორმებით კურიოზულ ელფერს იძენს. რამდენიმე შემთხვევაზე გიამბობთ, რომლებიც ბოლო ხანს საქართველოში მოხდა, ან უცხოეთში მყოფ ქართველ კრიმინალებს გადახდათ თავს.

ძარცვა სვანურად

ეს ამბავი რამდენიმე ხნის წინ საინფორმაციო საშუალებებით გავრცელდა, ორი სვანი კანადაში რამდენიმე დღის ჩასული იყო, მეგობრებმა ინგლისური არ იცოდნენ, სამსახური ვერ იშოვეს და წვრილ-წვრილი ქურდობით ირჩენდნენ თავს. ერთ დღესაც, ქალაქში ხეტიალისას, მაღაზია შეათვალიერეს, რომელსაც სხვებისგან განსხვავებით, დაცვა არ ჰყავდა. კი გაუკვირდათ, მაგრამ უფრო გაუხარდათ და გაძარცვის გეგმაც დასახეს. მეორე დღეს, შებინდებისას, სათამაშო იარაღი და ნიღბები მოიმარჯვეს და მაღაზიას მიადგნენ. ერთ-ერთი მძარცველი გამყიდველ გოგონას მივარდა და სვანურად უყვიროდა, არ გაინძრეო. ხოლო მეორე დახლებს მიადგა. გოგონა რაღაცას ინგლისურად კი ამბობდა და იღიმებოდა, მაგრამ რას გაიგებდნენ. ათიოდ წუთში ყველაფერი დასრულდა და ბიჭებიც თავიანთ ბინაში ხელდამშვენებული დაბრუნდნენ. აქ თითქოს კურიოზული არაფერია, რომ არა მაღაზიის წინ გამოკრული აბრა, სადაც ინგლისურად ეწერა: უპოვართა მაღაზია, ყველაფერი უფასოდ\! გოგონა კი სვანებს ეუბნებოდა, რატომ გვძარცვავთ, მიბრძანდით და რაც გნებავთ, უფასოდ აიღეთო.

გოგონას თმა მოიპარეს

რაოდენ გასაოცარიც უნდა იყოს, ეს ამბავი ახლახან თბილისის სამარშრუტო ტაქსიში მოხდა... ოზურგეთელი გოგონა მიკროავტობუსში ნაწნავით ავიდა და იქიდან მოჭრილი თმით ჩამოვიდა... ამის შესახებ მისი სკოლის პედაგოგისგან გახდა ცნობილი, რომელმაც მომხდარის გამო ემოციები ვერ დამალა და სოციალურ ქსელ "ფეისბუკის" საკუთარ გვერდზე დაპოსტა. აი, რას წერს ოზურგეთელი გოგონას მასწავლებელი: "რამე თუ გამაოცებდა, არ მეგონა, მაგრამ მოდი და ნუ გაოცდები! წარმოგიდგენიათ? ჩემს მოსწავლეს სამარშრუტო ტაქსიში მოჰპარეს, არც მეტი, არც ნაკლები, თმა... უბრალოდ, მოაჭრეს ნაწნავი და წაიღეს!!!"

ქურდმა ფულს ხელი არ ახლო და საღეჭი რეზინი მოიპარა

უცნაური ქურდობა მოხდა თბილისში - კაიროს ქუჩაზე ავტომანქანა გატეხეს, საიდანაც საღეჭი რეზინი, ერთჯერადი ხელსახოცი, მეხსიერების ბარათი, სანთებელა და ბენდენა წაიღეს. როგორც დაზარალებულმა განაცხადა, მძარცველმა ხელი არ ახლო მანქანაში დატოვებულ საფულეს, რომელშიც ნაღდი ფული და საკრედიტო ბარათები იდო.

ძარცვა პოლიციის სახელით

ბათუმში, სასტუმრო "სან ჰოსტელში" ძარცვის მეტად თავხედური მცდელობა მოხდა. თვითმხილველები ჰყვებიან, რომ ღამის საათებში ორი შეიარაღებული მამაკაცი სასტუმროში ყვირილით შევარდა, თითქოს პოლიციის თანამშრომლები იყვნენ და ნარკოტიკულ ნივითიერებებს ეძებდნენ. "პოლიციელებმა" ჩხრეკის ნაცვლად ტურისტების ძარცვა დაიწყეს. სასტუმროში მყოფი სტუმრები ჰყვებოდნენ, რომ მათ კორეელ ტურისტს ძვირად ღირებული ტელეფონი წაართვეს, ტურისტი შეეწინააღმდეგა და მას ფიზიკურადაც გაუსწორდნენ. ტურისტები ამბობენ, რომ ისინი მათ ნომერში ფულსა და ძვირფასეულობას ეძებდნენ. ეჭვი, რომ ეს ადამიანები პოლიციელები კი არა, ყაჩაღები იყვნენ, სასტუმროს ადმინისტრაციას გაუჩნდა და იქვე მდებარე პოლიციის შენობიდან სამართალდამცველები გამოიძახეს. ვიდრე ისინი ადგილზე მივიდოდნენ, ერთ-ერთი მძარცველი თავად ტურისტებმა დაიჭირეს და გაკოჭეს, მეორე მძარცველმა კი გაქცევა შეძლო, თუმცა ის პოლიციამ მალევე დააკავა.

პოლიციელ ქალზე "შეყვარებული" ქურდი

ერთი უცნაური ქურდის სამიზნე არც მეტი, არც ნაკლები, პატრული ქალბატონი აღმოჩნდა, რომელიც ვაჟა-ფშაველაზე მდებარე კორპუსის პირველ სართულზე ცხოვრობდა. პოლიციის კაპიტანი გვიყვება, რომ მას ქურდი შეეჩვია და გაფენილ სარეცხს თოკებიდან უხსნიდა (მათ შორის, ქალის თეთრეულს).

"ერთხელ, გვიან ღამით შუქი ჩავაქრე და ფარდის უკან დავუდარაჯდი. როგორც კი ქურდმა "მუშაობა" დაიწყო, ხოხვით გავიპარე აივანზე, ახალგაზრდა მამაკაცს ხელი ხელში ვტაცე, ძალა მოვიკრიბე და ქურდი მომარჯვებული ხელბორკილით სარეცხის საფენ რკინის ჯოხზე მივაბი. მოულოდნელობისგან სახტად დარჩენილი და თვალებგაფართოებული კაცი მეხვეწებოდა, ჩამომხსენიო... მერე ჩემი თანამშრომელი პოლიციელები გამოვიძახე და განყოფილებაში გადაიყვანეს. როცა მივედი, ისეთი გაუბედურებული და გასაცოდავებული ვნახე, შემეცოდა და საჩივარი აღარ დამიწერია. მას პირობა დავადებინე, რომ ჩემს თეთრეულს აღარ გაეკარებოდა. ასეც მოხდა, მას შემდეგ არაფერი დამიკარგავს".