მე უპოვარი ვარ - "კვირის პალიტრის" ექსპერიმენტის მოულოდნელი შედეგი
27-07-2019
მე უპოვარი ვარ - "კვირის პალიტრის" ექსპერიმენტის მოულოდნელი შედეგი
"იმ დღეს, არც მეტი, არც ნაკლები, 2 ლარი და 5 თეთრი შევაგროვე და... კიდევ ერთი ფუნთუშა"

სტატიაში გამოყენებული სიტყვა "უპოვარი" მოკლებულია უარყოფით მნიშვნელო­ბას, აქ ეს სიტყვა ნიშნავს ადამიანს, რომელიც ითხოვს მოწყალებას და საერთოდ არ მოიაზრება დამამცირებელ კონტექსტში.

ქუჩაში გამოსულს ხშირად გსმენიათ: "დამეხმარეთ, ობოლი ბავშვი მყავს, მშია". საქართველოში სიდუხჭირე და ეკონომიკური არამდგრადობა აიძულებს ადამიანს, შემწეობა სხვა ადამიანებს სთხოვოს. თუმცა, ეს ყველასთვის იოლი როდია - ზოგისთვის თუ მათხოვრობა პროფესიაა, ზოგისთვის დიდი ტვირთია
და ქუჩაში გამოსული სახესაც კი იბურავს, რომ ნაცნობმა არ დაინახოს. ზოგსაც სიტყვის "დამეხმარეთ" თქმაც უჭირს და დარცხვე­ნილი, სევდიანი თვალებით ითხოვს მოწყალებას. დღის განმავლობაში უამრავი ადამიანი ჩაივლის მათ წინ, ზოგი უსიტყვოდ გაიღებს მოწყალებას, მაგრამ ზოგი ზიზღით შეხედავს და შეურაცხყოფასაც აყენებს.

გადავწყვიტე, მარჯანიშვილის მიმდებარე ტერიტორიაზე პატარა ექსპერიმენტი
ჩამეტარებინა - ერთი დღით მეც მოწყალების მთხოვნელი გავხდი. მაინტერესებდა, მაინც რა თანხის შოვნა შეუძლიათ დღის განმავლობაში და რამდენად გულმოწყალენი არიან ჩვენი მოქალაქეები.
დილის 10 საათზე უკვე ქუჩაში ვიყავი, მანამდე კი შესაბამისად ჩავიცვი და სარკეშიც კარგა ხანს ვიყურებოდი, ვფიქრობდი, იმედია დამიჯერებენ, ჩემში მათხოვარს დაინახავენ და მოწყალებას გაიღებენ-მეთქი.


აღმაშენებლის პროსპექტზე­ "კათარზისის" შენობა შევარჩიე და ასფალტზე მოვკალათდი. როგორც ყველა მოწყალების მთხოვნელი, მეც ხურდისთვის ჭიქა ფეხებთან დავიდგი და დაველოდე მოვლენების განვითარებას.

პირველი თხუთმეტი წუთის განმავლობაში ხალხს ვაკვირდებოდი, მათ მზერას, და სხვადასხვა განცდა მეუფლებოდა - უპირველესად კი სიბრალული! ძნელი ასატანია იმის დანახვა, როცა არაფრად გთვლიან და ეს ბევრის ზიზღნარევ მზერაში დავინახე.­ მერე სიბრალული გულისტკივილმა შეცვალა - ის ხალხი კი არ შემეცოდა, ვინც მოწყალების მოლოდინშია, არამდე ისინი, ვინც ხელგაწვდილ ადამიანებს არაფრად აგდებს.

"შეხედე, ესეც ახალი მათხოვარი გამო­ჩნდა", - შემომესმა, თავი ავწიე და ჩემი თანა­ტოლი ბიჭის თვალებს წავაწყდი. "აქედან­ რომ დაახვიო, არ გინდა?" - ხმას აუწია ბიჭმა და ძნელი გამოსაცნობი არ იყო, რომ თუ დროზე არ გავეცლებოდი იქაურობას, კარგი დღე არ დამადგებოდა.­ მეც უსიტყვოდ წამოვიზლაზნე, ქუდი შუბლზე ჩამოვიფხატე და ორიოდე ნაბიჯი გადავდგი თუ არა, გინებაც გავიგონე - თვალი გავაპარე და ჩემი დამტერორებელი ვიღაცას ეუბნებოდა, ამ ადგილს რომ შემოეჩვიოს, მანქანას ვეღარ დავაყენებო. მოკლედ, ჩემი მათხოვრობის პირველი წუთები კრახით დამთავრდა და მეც ახალი ადგილის ძებნას შევუდექი - რომელიღაც არაბულ კაფესთან ტროტუარზე დავიდე ბინა.

ცოტა ხანში ჩემკენ მომავალი ირანელი­ შუახნის მამაკაცი შევამჩნიე, ჯერ დამტვრეული ქართულით მომესალმა, მერე ფუნთუშა გამომიწოდა და უკან შეტრიალდა.


აქამდე მეგონა, რომ დრო ძალიან სწრაფად გარბის, მაგრამ იქ, ტროტუარზე მჯდომარემ აღმოვაჩინე, რომ დრო უბრალოდ­ გაჩერდა.
უკვე ბინდდებოდა, როცა წამოვდექი და ფეხებდაბუჟებული და ძალაგამოცლილი მაღაზიის კედელს მივეყუდე.

იმ დღეს სულ 7 კაცი დამეხმარა: მოხუცმა კაცმა, რომელიც ხელჯოხით ძლივს მომიახლოვდა, კარგა ხანს ჯიბეში აფათურა ხელი და რამდენიმე ათთეთრიანი გამოწვდილ მუჭში ჩამიყარა. მერე =თბილად შემომთავაზა მასთან სახლში წასვლა, ცოტას დავილაპარაკებთ, შენ შენსას მეტყვი, მე ჩემსას და იქნებ დახმარებაც შევძლოო. ისე მინდოდა მოხუცისთვის მეთქვა, არ ინერვიულოთ, მათხოვარი არა ვარ, უბრალოდ ექსპერიმენტს ვატარებ-მეთქი, მაგრამ გონს დროზე მოვეგე, დიდი მადლობა, მაგრამ სხვა დროს იყოს, აქ ყოველდღე მოვალ-მეთქი, ვუთხარი და ისიც მძიმე ნაბიჯებით გამშორდა. დანარჩენი ექვსი ქალი იყო და წარმოიდგინეთ, ყველა ხანში შესული. ახალგაზრდები ვერც კი მამჩნევდნენ.
მოკლედ, იმ დღეს, არც მეტი, არც ნაკლები, 2 ლარი და 5 თეთრი შევაგროვე და... კიდევ ერთი ფუნთუშა... ძნელია უყურო ამდენ მოწყალების მთხოვნელ ადამიანს, მით უფრო ძნელია ყველას გაუმართო ხელი, დაეხმარო თუნდაც ერთი თეთრით, მაგრამ თითოეულის უკან მათი ცხოვრების ისტორია დგას, ის, რამაც ქუჩაში სამათხოვროდ გამოიყვანა.

ჩემი "მათხოვარი" კოლეგა


ნათია სიბაშვილი, "კვირის პალიტრის" ჟურნალისტი:
- მე ამ ექსპერიმენტში ჩემი როლი მქონდა - ფოტოაპარატით შეიარაღებულს ზურასთვის თვალი არ უნდა მომეშორებინა და ფოტოები გადამეღო.
ზურა მათხოვრობისთვის რომ ემზადებოდა, ოდნავ ღელავდა, თუმცა ძალიან სერიოზულად მიუდგა ყველა დეტალს: თავდაპირველად მუყაოზე ერთადერთი სიტყვა: "დამეხმარე" დაწერა. უკვე მოწყალების სათხოვნელად რომ დაჯდა, ვიღაც კაცმა "თ" დაამატებინა... ზურა თანდათან როლში შეიჭრა - თავიდან თუ შებოჭილი იჯდა, მერე მოდუნდა და გამვლელებს­ ისეთ სევდიან თვალებს აგებებდა, რომ არ მცოდნოდა, ჩემი კოლეგა იყო, აუცილებლად დავეხმარებოდი.

მერე მცირე ინციდენტი მოხდა და ამიტომ ადგილი შევიცვალეთ...

ექსპერიმენტის მიზანი არ იყო არც ფულის და არც საკვების შოვნა. ჩვენ ხალხის რეაქცია გვაინტერესებდა. ბევრჯერ მსმენია და მეც მეგონა, რომ მოწყალების მთხოვნელები დღეში, სულ ცოტა, 20 ლარს მაინც აგროვებენ, სანამ ეს ჩვენ არ გამოვცადეთ.


როგორც ჩანს, მოწყალების თხოვნასაც თავისი დრო აქვს. სიცხის გამო დილის საათებში არცთუ ბევრმა ადამიანმა ჩაუარა ჩემს "მათხოვარს" (მოგვიანებით დავასკვენით, რომ მეტროში დგომა გაცილებით სარფიანია). თუ ისე გამგმირავად არ მოთქვამ, როგორც სადგურის მოედანზე ერთი შავგვრემანი ქალი, ვერ გამჩნევენ.

მე განზე ვიდექი და ხალხის რეაქციას ვაკვირდებოდი, თან ფოტოაპარატით ვაფიქსირებდი. ზურას ცნობისმოყვარედ აკვირდებოდნენ არა მარტო გამვლელები, არამედ ავტობუსების, სამარშრუტო ტაქსებისა და ავტომობილების მგზავრები. რა დამავიწყებს იმ ქალების სახეებს, რომლებიც ქუჩის მოპირდაპირე მხარეს გაჩერებაზე ისხდნენ და წარბშეკრული იყურებოდნენ, თითქოს ბიჭს საყვედურობდნენ, აქ ჯდომას, ჯობია იმუშაოო, მეც მიბღვერდნენ, რადგან ფოტოებს ვუღებდი. ერთმა მოხუცმა კაცმა დახმარებაც შესთავაზა, ირანელმა მამაკაცმა კი მაღაზიიდან ფუნთუშა გამოუტანა, რაც იმას ნიშნავდა, რომ სულ რომ ვერაფერი შეგვეგროვებინა, ჩვენი მთავარი გმირი იმ დღეს შიმშილით არ მოკვდებოდა. როგორც კი უცხოელი თვალს მოეფარა, ზურამ ფუნთუშა "კონკურენტ" ბებოს აჩუქა.

სანამ ზურა თავჩახრილი იჯდა მტვრიანი კეპით, ხურდის შესაგროვებელი ჭიქით, წყლით, შემოხეული ჯინსითა და მაისურით, გადავწყვიტე ჩვენს "კონკურენტ" ბებოს დავლაპარაკებოდი... რომ ვუთხარი, ჟურნალისტი ვარ-მეთქი, უნდობლად შემომხედა, მაგრამ რომ არ მოვეშვი, მთხოვა, ხალხი რომ ვერ გაიგონებს, ისეთ ადგილზე დავდგეთ და ყველა კითხვაზე გიპასუხებო.

ქალს ლალა ჰქვია, ასე 70-75 წლის იქნება და ორწელიწად-ნახევარია ქუჩაში ცხოვრობს. დედა პოლონელი, მამა კი უკრაინელი ჰყოლია, თუმცა თვითონ საქართველოში დაბადებულ-გაზრდილია. სუფთა, მოწესრიგებულ, ცისფერთვალა მოხდენილ მოხუცს სულ არ ეტყობოდა, რომ ყოველდღე მოწყალების სათხოვნელად გამოდის გარეთ, უფრო სწორად, სულ გარეთ არის. არც სახლი აქვს და არც ნათესავი ჰყავს. არაბულ რესტორნებში ცოტაოდენ საჭმელს და ჩაის აძლევენ.

მიამბო, როგორ მოჰპარა სხვა მათხოვარმა პარკი, რომელშიც ტანსაცმელი და შეგროვებული ფული ჰქონდა. პოლიციაშიც რამდენჯერმე განცხადება დაუწერია, თუმცა უშედეგოდ. ერთხელ არაბების ნაჩუქარი 350 ლარიც მოჰპარეს (ხშირად ჩუქნიან რესტორნებთან მდგარს), მაგრამ, რადგან საბუთები არა აქვს (პირველად რომ გაქურდეს, ჩანთაში ედო), პოლიციელებმა პასუხისმგებლობა მოიხსნეს. ვკითხე, "კათარზისში" რატომ არ მიდიხართ-მეთქი და ნაღვლიანი თვალებით ამომხედა - ორი სუფრის კოვზი წვნიანი ვითხოვე, ხორცს არც ვჭამ, მაგრამ ისიც ვერ გაიმეტეს, იმიტომ, რომ საბუთები არა მაქვს და პირველი ჯგუფის ინვალიდი არა ვარო. მართალია, დარსა თუ ავდარში გარეთ არის, მაგრამ ჯანმრთელია და არაფერს უჩივის, გარდა იმისა, რომ სიარული უჭირს. ისიც გამიმხილა, აი, იმ წყაროსთან ღამით ვბანაობ ხოლმეო. კითხვაზე, რამდენს აგროვებს დღეში, საუბარმოწყურებულს პასუხის გაცემა დაავიწყდა. აქ, პარკში მძინავს ხოლმე, ან ზოგჯერ "ორ ნაბიჯთან", იქ გრძელი დასაჯდომია და დაძინების უფლებას მაძლევენო. დავემშვიდობე ლალა ბებოს და ისევ ზურასთან დავბრუნდი.

შებინდებისას მე და ჩემმა "მათხოვარმა" ექსპერიმენტი დავასრულეთ, მოწყალებით აღებულიც გადავთვალეთ - 2 ლარი და 5 თეთრი. გულდამძიმებულები სკვერში სკამზე ჩამოვსხედით და კიდევ ერთხელ დავფიქრდით - წარმოიდგინეთ, რამდენი ადამიანი დგას გარეთ და ყველას განსხვავებული, მაგრამ ტრაგიკული ისტორია აერთიანებს.

ზურა სოლომნიშვილი
მაკა
26 აგვისტო 2019 01:15
ვაიი,ვაიი ის მაგივრად,რომ წინ წავიდეთ უკან-უკან მივდივართ!თან ძალიან უკან.ხალხი არ იცვლება,მენტალიტეტი ისევ ისეთი დაბალი გვაქ,რანაირად არ უნდა გაუმართო ხელი მოხუცს,რომელსაც ქუჩაში სძინავს?!ირანელს და არაბს უფრო მაღალი უნდა გქონდეს შეგნება?საქართველოში არ ვცხოვრობ,სადაც ვცხოვრობ აწ,ამ ქვეყანაში ძალიან ბევრი უცხო ქვეყნის წარმომადგენელია და საჭმელი და ტანსაცმელი ყველასთვის ხელმისაწვდომია და არავის გაუკვურდეს,რომ ქართველი თავის ქვეყნიდან საჭმლის და ტანსაცმლის არქონის გამო გარბის!
ლაშა
30 ივლისი 2019 09:14
ვერ გაგიკეთებიათ სწორი ექსპერიმენტი. არსებობს ეგ.წ. კასტა "მათხოვრების" რომლებსაც ბიზნესად აქვთ გადაქცეული ეს საქმე.ორ ლარს კი არა მინიმუმ ას ლარს აკეთებენ დღეში. ადგილებს გააჩნია.გზაჯვარედინებზე ალბათ გინახავთ ინვალიდის კალიასკაში მჯდარი კაცები.
,რომლებიც ვითომ ინვალიდები არიან. თან კატაობენ თან მათხოვრობენ.საღამოს გარაჟში შეაყენებენ ჩაიცვავენ ტყავის ქურთუკს და მიდიან სახლში. რუსთავი 2 ზეც იყო სიუჟეტი.ასე რომ ნაღდი მათხოვრები ძნელი ამოსაცნობი.
მარიკოო
29 ივლისი 2019 16:27
ორი სუფრის კოვზი წვნიანი როგორ უნდა დაგენანოს მოხხუცისთვის,ასე რამ გაგიქვავათ ხალხო გული,როგორ არ გრცხვენიათ..

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები