შესანიშნავი შვიდეულის პეკინური თავგადასავალი - კვირის პალიტრა

შესანიშნავი შვიდეულის პეკინური თავგადასავალი

სწავლის დამთავრების შემდეგ ძალიან დიდი შანსი გვაქვს, რომ ჩინურ კომპანიებთან დავდოთ ხელშეკრულებები და მაღალი რანგის კინოპროდუქცია შევქმნათ

"ეს ახალგაზრდები - მიმი გოგოხია, მიშო იოსელიანი, თემო ძოწენიძე, ბარბარე სუჯაშვილი, თათია გვასალია, გიორგი ჭუმბურიძე, გიორგი ზვიადაძე - პეკინის ცენტრალური დრამის აკადემიაში მეორე წელიწადია გაცვლითი პროგრამით სწავლობენ. ეს ჩინეთისა და საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის, კერძოდ, მისი რექტორის, დრამის ფაკულტეტის პროფესორის, რეჟისორ გიორგი მარგველაშვილისა და ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორის, თეატრმცოდნის, პროფესორ თამარ ცაგარელის ერთობლივი პროექტია," - მეუბნება ამ ჯგუფის ერთ-ერთი წევრი გიორგი ზვიადაძე.

- წლევანდელი სასწავლო წელიც დამთავრდა. როგორია განწყობა?

- წლევანდელი სასწავლო წელი იმდენად დამღლელი არ აღმოჩნდა, რამდენადაც გრძელი. ყველა და ყველაფერი მომენატრა: ოჯახი, მეგობრები, ჩემი ქალაქის ქუჩები, ჩემი უნივერსიტეტი. ჩემს მეგობარს თემო ძოწენიძეს კი შვილი ენატრება, მისი გიორგი 15 ივლისს ოთხი წლის გახდება. აქ ჩამოსვლამდე, სწავლის პარალელურად, ორ წელიწადს მე და თათია პანტომიმის თეატრის მსახიობები ვიყავით, თემო ცხინვალის თეატრის და და სოხუმის მოზარდ მაყურებელთა თეატრის მსახიობი იყო. უდიდესი გამოცდილება შევიძინე დიდი მაესტროს, ამირან შალიკაშვილის გვერდით. ჩემი აქ ყოფნისას წავიდა ბატონი ამირანი. შორს კიდევ უფრო მძიმე ყოფილა შენი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი ადამიანის დაკარგვა. მოკლედ, სამშობლოში დაბრუნება კარგიც არის და ცოტა სევდიანიც, ამ სევდას 20 ივნისის ღამეც ამძაფრებს. ჩვენ, შვიდივე, ფიზიკურად ვიყავით პეკინში, თორემ გონებით თბილისში, რუსთაველის პროსპექტზე ვიყავით.

- ალბათ, თქვენმა ჩინელმა მეგობრებმა იციან საქართველოს შესახებ. საინტერესოა, თუ აღიქვეს, რას ვაპროტესტებთ ქართველები? - ჩვენმა მეგობრებმაც და პედაგოგებმაც საქართველოს შესახებ ბევრი რამ იციან, მაგრამ ბოლოდროინდელი მოვლენები სიღრმისეულად აღიქვეს-მეთქი, ვერ ვიტყვი. ეს ქვეყანა სრულიად ამოუცნობია. ჩინელებს თავისებური მსოფლმხედველობა აქვთ, რომლის გაგებაც ძალიან ძნელია, ოღონდ კარგი ის არის, რომ იციან, აუცილებლად უნდა იცნობდნენ უცხო ქვეყნებს და ცოდნა-გამოცდილება სჭირდებათ. ვფიქრობ, ამიტომაც მუშაობენ აქ ევროპული ქვეყნებიდან მოწვეული სპეციალისტები.

ჩინეთის სახელმწიფო არც ძალას იშურებს და არც სახსრებს, რომ მთელ მსოფლიოში ინტელექტი იყიდოს. რა თქმა უნდა, ამით მოიგებენ, ჩვენ კი რა დაგვემართება, თუკი დაუსრულებლად წავიდნენ ემიგრაციაში გონიერი ქართველები.

ვერც იმას ვიტყვი, რომ ბოლომდე გავიცანი ჩინეთი და ჩინელები, მაგრამ ისინი, ვისთანაც ურთიერთობა გვიწევს, ცნობისმოყვარე და ღიმილიანი ხალხია. მათაც სიამოვნებთ ყურადღება, უხარიათ, როდესაც რამე ქართულს ვაწვდით. როგორც წესი, ეს ერთობლივი ძალით დამზადებული ჩვენი ეროვნული კერძებია. არც ისინი იშურებენ ჩვენთვის საჩუქრებს.

- გამოდის, დრო კერძების დამზადებისთვისაც გრჩებათ? - იმის მიუხედავად, რომ ჩინური სამზარეულო ძალიან მრავალფეროვანია, ჩვენ თავად ვიმზადებთ საკვებს. ჩვენ ერთი დიდი ქართული ოჯახი ვართ, ამიტომ უპირატესობას ქართულ სამზარეულოს ვანიჭებთ, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ჩინური არ მოგვწონს.

- ორი წლის წინ ცხრანი გაემგზავრეთ საქართველოდან, მაგრამ ახლა შვიდნი ხართ. ხომ არ ნანობთ სამშობლოდან ასე შორს ყოფნას? ვინმე კიდევ ხომ არ გეგმავს საქართველოში დაბრუნებას? - თუ ყველაფერი კარგად იქნება, ჩვენი შესანიშნავი შვიდეული არ დაიშლება. ჯერ სტუდენტები ვართ, დიდ კინოსთან თანამშრომლობის უფლება არა გვაქვს, მაგრამ სწავლის დამთავრების შემდეგ ძალიან დიდი შანსი გვაქვს, რომ ჩინურ კომპანიებთან დავდოთ ხელშეკრულებები და მაღალი რანგის კინოპროდუქცია შევქმნათ.

- გამოდის, საქართველოში დაბრუნებას სწავლის დამთავრების შემდეგაც არ გეგმავთ? - თუ შემოგვთავაზებენ და ქართულ ფილმებშიც გადაგვიღებენ, შვიდივე სიხარულით ვითანამშრომლებთ ქართულ კინოსთანაც და თეატრთანაც.

- როგორც ვიცი, ორი სპექტაკლის დადგმა უკვე მოასწარით პეკინში. რა ენაზე თამაშობთ სცენაზე? - ჩეხოვის "ქალი ძაღლით" და ვამპილოვის "უფროსი ვაჟი" ქართულად ვითამაშეთ. წელს შეგვეძლო ჩინურადაც გვეთამაშა, რადგან, ასე თუ ისე, ჩინურ ენას შვიდივე ვფლობთ, მაგრამ მაინც ქართული ვარჩიეთ. არ გვინდა, რომ სცენიდან ქართული სიტყვის თქმა ოდესმე გაგვიჭირდეს. გარდა ამისა, ჩინურს ჩინეთის საუკეთესო პედაგოგი, ლი ჰონგი გვასწავლის, ქართულს კი აღარც არავინ, ამიტომ სპექტაკლისთვის სამუშაო ენად მანამდე ავირჩევთ ქართულს, სანამ ამის უფლებას აკადემია არ შეგვიზღუდავს. მომავალ წელს ჩვენი ქართველი პედაგოგები: პროფესორი გოგი მარგველაშვილი და ხელოვნებათმცოდნე თამარ ცაგარელი პეკინში თეატრალური ინსტიტუტის სტუდენტების დადგმული სპექტაკლით ჩამოვლენ. ბატონმა გოგიმ გვითხრა, რომ იმ სპექტაკლში ჩვენც დავკავდებით. სიხარულით ველით ამას.

- ანუ თბილისთან ძაფები არ გაგიწყვეტიათ? - თამარ ცაგარელი გამუდმებით გვკითხულობს, იცის ყველაფერი ჩვენ შესახებ, აქ თუ რაიმე პრობლემა შეგვექმნება, გვიგვარებს.

- ჩინეთში დრამატული თეატრი მე-20 საუკუნის შუახანებში გამოჩნდა, გაცილებით დიდი და მნიშვნელოვანი გამოცდილება კი ქართულ დრამატულ თეატრს აქვს. ამიტომ გამიჩნდა ეს კითხვაც, რა გამოცდილებას გაძლევთ პეკინში სწავლა? - ჩვენ ჩინეთში განსაზღვრული გამოცდილებით ჩამოვედით, აქ წამოსვლამდე ყველანი თბილისის თეატრალური ინსტიტუტის მაღალკურსელები ვიყავით, მაგრამ აქ, ამ სულ სხვა სამყაროში, ძალიან განსხვავებული სურათი დაგვხვდა.

გამოცდილებას მხოლოდ სწავლით ვერ შეიძენ. ნებისმიერი ხელოვანისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ახალი თვალსაწიერის გახსნა. ჩვენი პროფესია აღმოჩენებზეა დაფუძნებული, ამიტომ რაც უფრო დიდი გასაქანი გაქვს, მით უფრო მეტს ხედავ და მეტსაც აკეთებ.

გარდა ამისა, აქ უზარმაზარი შესაძლებლობებია: მატერიალური ბაზა, პირობები, მთელი მსოფლიოდან მოწვეული ცნობილი მსახიობები და რეჟისორები. ბედნიერი ვიქნები, თუ ჩემს მშობლიურ თეატრალურ უნივერსიტეტშიც იმავეს ვნახავ. მოკლედ, ჩინელები ხელს გვიწყობენ, თუმცა ეს ურთიერთობა ორმხრივია.

როცა ჩვენს სპექტაკლებს ვთამაშობთ, ვხედავთ, როგორ მოსწონთ აქაურ სტუდენტებს ყველაფერი, რასაც სცენაზე ვაკეთებთ. სხვათა შორის, ჩვენთვის ეს დამოკიდებულებაც ერთგვარი გამოწვევაა. ისე გამოდის, რომ აქაურ სტერეოტიპებს ვარღვევთ, ზურგს კი დიდი ქართული კულტურული მემკვიდრეობა გვიმაგრებს, რომელიც სისხლში გვაქვს.

- მსახიობი ხართ, ბუნებრივია, თქვენს რეჟისორებს ახსენებთ, მაგრამ არაფერი გითქვამთ ჩინელ რეჟისორზე. - აქ ჩვენი რეჟისორი ფუ ვეი ფანგია, პროგრესულად მოაზროვნე ადამიანი, 2017 წლის ინტერნაციონალური თეატრალური ფესტივალის გამარჯვებული. განსხვავება ქართველ რეჟისორებთან საკმაოდ დიდია. ის სცენაზე არ გვიშენებს ჯებირებს, პირიქით, მოქმედების სრულ თავისუფლებას გვანიჭებს. ყოველ შემთხვევაში, სანამ ეს სტუდენტური სპექტაკლებია, ასე იქნება - შენ თავად ხატავ შენს გმირს ან რეჟისორი ისე გიბიძგებს, რომ დამოუკიდებლობის სრული ილუზია გაქვს.

- ჩინელ და სხვა უცხოელ სტუდენტებთან როგორი ურთიერთობა გაქვთ?

- მგონი, ჩინელები ჩვენთან უფრო გულღიები არიან, ვიდრე ერთმანეთთან. მათი კულტურა არ აძლევთ ერთმანეთთან გახსნის შესაძლებლობას, მეტიც, ერთმანეთს თვალებშიც არ უყურებენ საუბრისას. ეს აქ უზრდელობად ითვლება, ჩვენთან კი თავს მეტად თავისუფლად გრძნობენ. საოცრად მშრომელი ხალხია. ისე სწავლობენ, გეგონება, მარათონზე დგანან. ლექციას მაღალი სიცხის გამოც არ გააცდენენ. პეკინის კინოაკადემიის სტუდენტები ხშირად გვიწვევენ თავიანთ ფილმებში მონაწილეობის მისაღებად. სხვა მიწვევებიც გვქონდა, მაგალითად,

შვიდივემ ვითამაშეთ პოპულარულ ტელესერიალში სტუდენტებზე, გვიწვევენ ფოტოსესიებზეც. გიორგი ჭუმბურიძემ ჩინელი რეჟისორის სრულმეტრაჟიან ფილმშიც, "ავდივარ ზემოთ", ითამაშა. ახლახან მე, თემო ძოწენიძე, გიორგი ჭუმბურიძე და მიმი გოგოხია დიდ სატელევიზიო პროექტშიც მოვხვდით. გადამიღეს "ჰუავეის" ოფიციალურ რეკლამაში.

მსახიობის პროფესია, რა თქმა უნდა, დიდ ენერგიასა და თავგანწირვას მოითხოვს, მაგრამ უკანაც ბევრ ენერგიას და თვითრწმენას გიბრუნებს, თუ ამას პროფესიონალების გვერდით, ღირსეულ პირობებში აკეთებ.

- ორი წელიწადი ცოტა არ არის, რამე კურიოზს ხომ ვერ გაიხსენებთ? - საახალწლო არდადეგებზე ჩვენს ვიეტნამელ მეგობართან ერთად ვიეტნამში გავემგზავრეთ. კურიოზს ვერ ვიტყოდი, მაგრამ ტრაგიკომიკური რამ კი გადაგვხვდა. ჰანოიში გადაადგილების საშუალებად მოპედები ავირჩიეთ. 350 კილომეტრი უნდა გაგვევლო სოფლამდე. შუა გზაზე მოპედი ამომიტრიალდა და გვარიანად დავიბეჟე, მაგრამ მაინც ავაღწიე იმ სოფლამდე, რომელსაც მაი ჩაუ ერქვა. საავადმყოფოს და ექიმის იმედი იქ არ მქონდა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ საავადმყოფო ჰქონიათ. შენობის შესასვლელში ფეხშიშველი მოხუცები დავინახეთ, ისინი მაშინვე წამოდგნენ და ჩვენ გამოგვყვნენ. ხმამაღლა ლაპარაკობდნენ ჩვენზე. ვინ თქვა, რომ ქართველებს გვიყვარს ჭორაობა? თქვენ ისინი უნდა გენახათ, რა დღეში იყვნენ. გეგონებოდა, ადამიანები კი არა, უცხოპლანეტელები ვიყავით. საავადმყოფოს დერეფნებში, სადაც მზე კედლის ნაპრალებიდანაც აღწევდა, ავადმყოფები იწვნენ, საწოლებს შორის კი ქათმები დარბოდნენ. როგორც იქნა, გამოჩნდა ექიმი, რომლის ვიეტნამური დიდად არც ჩემს ვიეტნამელ მეგობარს ესმოდა. მოკლედ, იმ კაცმა ისეთ ბინძურ ოთახში შემიყვანა, როგორიც მთელი საავადმყოფო იყო.

ამასობაში ორმა ექთანმა საკაცით სადენებზე შეერთებული კაცი შემოაგორა... მოკლედ, სიცხე, ეს მოხუცები, უცნაური ექიმი, ქათმები, დაბზარული კედლები, მომაკვდავი ავადმყოფი, საშინელი სიღარიბე, მძიმე ყოფა, რომელიც მთელ ვიეტნამში თვალში საცემია, იქ განსაკუთრებით გამოჩნდა. ამ ხალხმა ბევრი გადაიტანა და კიდევ ბევრის გაძლება მოუწევს, სანამ მათ ქვეყანას რამე ეშველება.

მოკლედ მოტეხილობას გადავრჩი, მაგრამ პარალელების გავლება დავიწყე ამ ქვეყანასა და ჩემს სამშობლოს შორის და ისეთი ბედნიერი ვიყავი, რომ საქართველოში დავიბადე! ასეა, სადაც უნდა წახვიდე, შენი ქვეყნიდან მთლიანად მაინც ვერ მიდიხარ, რადგან გამუდმებით დაგდევს თან.

დეა ცუცქირიძე