"24 საათი რომ სახლში ვიჯდე და მეუღლეს ველოდო, ვერ გავჩერდები, არ შემიძლია" - კვირის პალიტრა

"24 საათი რომ სახლში ვიჯდე და მეუღლეს ველოდო, ვერ გავჩერდები, არ შემიძლია"

"სულ საქართველოს სახელით ვასპარეზობ და არ მინდა რამე შეიცვალოს"

ზუსტად ორი წლის წინ, ამ დროს, თეოდორა კახიანი ხმლით ფარიკაობაში ევროპის ჩემპიონი გახდა. როგორ წარიმართა მისი სპორტული კარიერა, რა შეიცვალა თეოდორას პირად ცხოვრებაში და რა გეგმები აქვს სამომავლოდ 25 წლის სპორტსმენს, ამაზე ამერიკიდან თბილისში ჩამოსვლისას, ფარიკაობის ფედერაციაში შეხვედრისას გვიამბო. კარგ ფარიკაობასთან ერთად, ჩვენი რესპონდენტი ასეთივე მოსაუბრე და გულწრფელი ადამიანი აღმოჩნდა.

- თეოდორა, ძალიან მომწონს თქვენი სახელი, როგორც ვიცი, "ღვთის საჩუქარი" - ასე განიმარტება. ვინ შეგირჩიათ? სად დაიბადეთ და ვინ არიან თქვენი მშობლები?

- ბულგარეთში დავიბადე. იმ პერიოდში დედა იქ ცხოვრობდა. როგორც ვიცი, მის მეგობარს ერქვა "თეოდორა" და ძალიან მოსწონდა. დიახ, "ღვთის საჩუქარს" ნიშნავს და ასევე წმინდანის სახელია. მამა არ მყავს, ხოლო დედა ახლა საქართველოშია და დაახლოებით 15 წელია სალონში მუშაობს. დედას დავყავდი მუსიკაზე, ცეკვაზე, მაგრამ ყველა წრე ძვირი ღირდა და დედას არ ჰქონდა ამის საშუალება. სწორედ იმ დროს, მას ნაცნობმა უთხრა, რომ მამამისი ფარიკაობის შესწავლის მსურველ გოგონებს ეძებდა და სურდა ხმლით მოფარიკავე გოგონათა გუნდის ჩამოყალიბება. მაშინ ეს სახეობა არ იყო პოპულარული და ცნობილი, თან, გადასახადი არ იყო და ვინაიდან დედას სურდა მე და ჩემს დას სპორტზე გვევლო, ბატონ თამაზ კაკულიასთან მიგვიყვანა. სამწუხაროდ, მასწავლებელი მალე გარდაგვეცვალა. რომ არ გავჩერებულიყავი, ბევრ მწვრთნელთან მომიწია გაკვეთილების გავლამ. მათ შორის იყვნენ: ვიკა პაიჭაძე, ლევან იოსებიძე, ლუდვიგ ღაღანიძე და ბევრი სხვა, ანუ თითქმის ყველა, ვინც ფარიკაობის დარბაზში მუშაობდა. ფარიკაობაზე სიარული რომ დავიწყე, 12 წლის ვიყავი და მე-13 წელია ვფარიკაობ.

- ამერიკაში როდის გაემგზავრეთ?

- ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე ვიყავი, შემოთავაზება რომ მივიღე. თბილისში, მე-4 სკოლა ექსტერნად დავამთავრე და ამერიკაში გავემგზავრე. შემეძლო სპორტსმენი და უნივერსიტეტის სტუდენტი ერთდროულად ვყოფილიყავი და ასეც მოხდა. ორ პროფესიას დავეუფლე. წარმატებით დავამთავრე კომუნიკაციისა ფაკულტეტი, ჩემი მეორადი პროფესიაა - მწარმოებელისა და მეწარმის შორის ურთიერთობა, რასაც ჩვენთან ეიჩარს ეძახიან.

- რა გეგმები გაქვთ ამ პროფესიებთან დაკავშირებით? - სპორტი მთელი ჩემი ცხოვრებაა, მაგრამ ყოველთვის მინდოდა კარგი განათლებაც მიმეღო. მართალია, 13 წელია დღეში ორჯერ ვვარჯიშობ და დღე არ გამიცდენია, სპორტს რომ თავს დავანებებ, მინდა პროფესიით ვიმუშაო. მწვრთნელობა კარგი საქმეა, როცა სპორტსმენს ზრდი, ეს ძალზე დასაფასებელია, მაგრამ მწვრთნელობა არ მინდა. ვფიქრობ მთელი ჩემი ენერგია ფარიკაობას მოვახმარო. ბავშებს დავეხმარო, თან ამას დიდი სიამოვნებით გავაკეთებ. სხვათა შორის, ამერიკაში სხვადასხვა კლუბში არაერთხელ დავეხმარე მწვრთნელებს მოსწავლეებთან მუშაობისას, თუმცა, სხვა გეგმებიც მაქვს. მინდა ჩემი სპორტული კარიერის დასრულების შემდეგ, წარმატებული სხვა სფეროში გავხდე.

- რომელ წლამდე აპირებთ აქტიურ სპორტში ყოფნას?

- ეს ძალიან რთული თემაა. 2017 წელს ევროპის ჩემპიონი რომ გავხდი, მას შემდეგ ბევრი რამ მოხდა. ფინანსური პრობლემები იყო. 1 წლის განმავლობაში მხოლოდ რამდენიმე შეჯიბრებაზე შევძელი გასვლა. ისიც ჩემი ხარჯებით და მერაბ ბაზაძეც მეხმარებოდა, მაგრამ 2-3 შეჯიბრება ცოტაა, გაცილებით მეტია საჭირო. ამიტომ ევროპის ჩემპიონის შემდეგ ჩავარდნა, ჩემთვის ძალიან მძიმე იყო. სახლში ვიჯექი და ცხარე ცრემლით ვტიროდი.

- ევროპის ჩემპიონობის ტიტულის შემდეგ, სულ რამდენ შეჯიბრებაში მონაწილეობდით?

- წელიწად-ნახევარში 3 შეჯიბრებაში ვმონაწილეობდი, მაგრამ როცა წლის განმავლობაში 10-15 ტარდება, 3 არაფერია. უბრალოდ, გული მწყდება, რომ მას შემდეგ, რაც ევროპის ჩემპიონი გავხდი, ყველანაირ ხელშეწყობას ველოდი, მაგრამ ასე არ მოხდა. საბედნიეროდ, წელს იანვრიდან ბევრი რამ გამოკეთდა და ამაში დიდი წვლილი მერაბ ბაზაძეს მიუძღვის. მიმდინარე წელს მხოლოდ ერთი შეჯიბრება გამიცდა და ისიც იმიტომ, რომ ვიზის გაკეთება დროში ვერ მოესწრო. უახლოესი თვეების განმავლობაში ჩემს გეგმებში მხოლოდ დღეში ორჯერ ვარჯიში და ძილი შედის (იღიმის). საქართველოდან 15 ივნისს მივემგზავრები და 17-ში ევროპის ჩემპიონატზე უნდა ვიფარიკავო. წინ მსოფლიო ჩემპიონატია - ეს სეზონი მსოფლიო ჩემპიონატით დაიხურება, რომელიც უნგრეთში გაიმართება.

- კარგია, რომ ასე კარგად აეწყო ყველაფერი და კვლავ აქტიური ხართ... თეოდორა, მეუღლეც გაგვაცანით, ლამაზი ქორწილი გქონიათ სანაპიროზე...

- დიახ, ქორწილი წელს თებერვალში, ლონგ ბიჩიზე გვქონდა. კალიფორნიაში ვცხოვრობთ. ჩემი მეუღლე პიტერ მექლინგია, პროფესიით ინჟინერი, მაგრამ თავადაც ფარიკაობდა. ერთმანეთი 2015 წელს ერთ-ერთი შეკრებაზე გავიცანით და უკვე 4 წელია ერთად ვართ. ჩემი მეუღლე ახლა ერთ ძალიან კარგ პროექტზე მუშაობს - ლოს-ანჯელესში ოლიმპიურ სტადიონს აშენებენ. ძალიან ბევრს შრომობს და მთელი დღე სამსახურშია. როცა ასეთი მშრომელი ადამიანი გყავს გვერდში, ეს გადამდებია. 24 საათი ყველაფერს ისე აკეთებს და გეგმავს, ხელი შემიწყოს, რომ ჩემი ქვეყნის სახელით ვიფარიკავო. მისი ამგვარი გვერდში დგომა, ჩემთვის ყველაზე დიდი ბედნიერებაა.

- ახლა რომ სხვადასხვა ქვეყანაში გიწევთ ყოფნა, არ გიჭირთ? - თავიდანვე შეჩვეული ვართ ერთმანეთისგან დისტანციაზე ყოფნას და ამ რეჟიმს, რადგან ის კალიფორნიაში ცხოვრობდა და სანდიეგოს უნივერსიტეტში სწავლობდა, მე პენსილვანიის უნივერსიტეტში. 24 საათი რომ სახლში ვიჯდე და მეუღლეს ველოდო, ვერ გავჩერდები, არ შემიძლია. თან დიდი ხნით არ ვართ ხოლმე ერმანეთისგან შორს. ორივე ჩვენ-ჩვენი საქმით ვართ დაკავებული და მონატრების შეგრძნებაც ჩნდება, რაც ვფიქრობ, კარგიც არის.

- მეც მიმაჩნია, რომ ასე უფრო საინტერესოა... - მართლა ჯობია. მან იცის, რომ ფარიკაობის გარეშე არ შემიძლია. ჩემთვის ყველაზე მთავარი ისაა, რომ პიტერი ყველანაირად მიწყობს ხელს ჩემი საყვარელი საქმე ვაკეთო.

- ევროპის ჩემპიონი მეუღლით ალბათ ამაყობს... - დიახ, ამაყობს (იღიმის). ბევრჯერ, როცა ფინანსური პრობლემები იყო და ვტიროდი, ჩემმა მეუღლემ, დედამ და დამ - ოთხივემ ერთად გავაირეთ ის რთული პერიოდი. ის, რომ დღეს მე კიდევ ვვარჯიშობ და ვფარიკაობ, სამივე მათგანის დამსახურებაა და ასევე ამერიკაში ჩემი ახალი მწვრთნელის - მათეო გალოსის. მას შემდეგ, რაც საქართველოს ფარიკაობის ფედერაციაში გამოჩნდა დაფინანსება, მათეო გალოსთან ვემზადები.

- თქვენი მეუღლე საქართველოში ნამყოფია? - არა, პირველად წელს ივლისის ბოლოს ჩამოვა. მინდა საქართველო და ჩვენი ლამაზი კუთხეები დავათვალიერებინო.

- სანაპიროზე ხელის მოწერა ვისი იდეა იყო?

- თავდაპირველად ლას-ვეგასში ვაპირებდით ხელის მოწერას, მაგრამ ბევრი მსჯელობის შემდეგ სხვაგვარად გადავწყვიტეთ. ჩვენი ქართული ხასიათიდან გამომდინარე, მინდოდა ოჯახის წევრები გვერდში გვყოლოდა. სამწუხაროდ ჩემს დას ვიზა არ ჰქონდა და ცერემონიას ვერ დაესწრო, მაგრამ ჩამოვიდა დედაჩემი, ჩემი მეუღლის მშობლები, მული და მეჯვარეები. ვინაიდან ზღვასთან გვქონდა ქორწილი, ლურჯი ვარდების თაიგული შევარჩიე. ფოტოებიც ლამაზი გამოვიდა, მიუხედავად იმისა, რომ ფოტოგრაფი არ გვყავდა აყვანილი. მოკლედ, ეს არ იყო პომპეზური ცერემონია, ძალიან სადა და მყუდრო ქორწილი გამოვიდა.

- თეოდორა, ფინანსური პრობლემების დროს, არასოდეს გიფიქრიათ სხვა ქვეყნის სახელით გეასპარეზათ?

- სულ საქართველოს სახელით ვასპარეზობ. არ მინდა რამე შეიცვალოს. მე ქართველი ვარ და სულ მინდა საქართველოს სახელით ვიასპარეზო. დედას ვფიცავარ, ხუთჯვრიან დროშით რომ ვფარიკაობ, ეს ჩემთვის ყველაზე დიდი სტიმულია. თუ ფინანსური ხელშეწყობა იქნება, 2020 წლის ოლიმპიადაზე მინდა გამოვიდე და ასევე მომდევნო ოლიმპიადაზეც წარვდგე 2024 წელს, რადგან ფარიკაობა ისეთი სპორტია, ამის საშუალებას იძლევა.

იხილეთ ასევე: "ხმლიანი ქალი კი ვარ, მაგრამ არც ისე საშიში..." - თეოდორას ოქრო, ანუ მოფარიკავე გოგონას ისტორიული ჩემპიონობა

ანა კალანდაძე ჟურნალი "გზა"