"ვიცოდით, განწირული ვიყავით, მაგრამ ვერ გავიქცეოდით" - კვირის პალიტრა

"ვიცოდით, განწირული ვიყავით, მაგრამ ვერ გავიქცეოდით"

ჩერნობილის ტრაგედიის დროს მაშინდელმა მთავრობამ ქართველი ახალგაზრდები დაუნდობლად გარეკა სასაკლაოზე. ზაზა ბარაჩაშვილი ასაკით ყველაზე უმცროსი ქართველი იყო, რომელიც ჩერნობილში გაუშვეს, რამაც მისი ცხოვრება სრულიად შეცვალა.

- 22 წლის ვიყავი, როდესაც 1987 წლის 5 მაისს მივედი კომისარიატში, სამსახურს ვიცვლიდი და ბეჭდის დარტყმა მინდოდა. კომისარმა მითხრა, შენ გეძებთ, სამხედრო შეკრებაზე ხარ წასასვლელიო. მოკლედ, ჩამავლეს ხელი და "ჩორნი ვარონით" წამიყვანეს. ორი წლის ჩამოსული ვიყავი რუსეთის ჯარიდან. ერთი შვილი მყავდა, მეორეს ველოდებოდი. ათასი კაცი ვიყავით საქართველოდან. გასათხოვარი გოგონებიც იყვნენ, არ ვიცი, როგორ გაიმეტეს. დაახლოებით ერთი კვირა თბილისში, სამხედრო ჰოსპიტალში ვყავდით, მერე ფორმები ჩაგვაცვეს და გაგვიშვეს. სად გაიქცეოდი, სამშობლოს ღალატი იყო, შეიძლებოდა დაეხვრიტეთ კიდეც.

აზერბაიჯანმა და სომხეთმა ე.წ. მოხალისეები არ გაუშვა, ამიტომ მხოლოდ სამხედროები იყვნენ. გზაში ავტომატებით გვხვდებოდნენ წითელფორმიანი სამხედროები, რომ არ გავპარულიყავით.

- სად ცხოვრობდით? - მკვდარ ქალაქში, სადაც ორად ორი მოხუცი ცხოვრობდა. სკოლა აღვადგინეთ და აპარატურა შევიტანეთ, ჩვენთვის კი კარვები გავშალეთ. ჰოსპიტალში პაციენტებს იღებდნენ, ოპერაციებს უკეთებდნენ. იქ ყველა ჯოჯოხეთის მსხვერპლი ვიყავით.

- დასხივება რით გამოიხატებოდა?

- პირის სიმშრალით, კანის გამოშრობით... ერთ ადგილას რომ იდექი, ვითომ არაფერი, მაგრამ ნაბიჯს რომ გადადგამდი, იქვე გეძინებოდა. ბევრი ანომალიური რამ ვნახე: ორთავიანი თევზები, რომ ვიჭერდით, თავებს არ ვჭამდით. ჭის წყალი გავსინჯეთ, გვითხრეს, ვარგისიაო, მაგრამ ისეთი მოძველებული აპარატურა ჰქონდათ, სულ ნორმას აჩვენებდა. უზარმაზარი, სამკილოგრამიანი კიტრები და პამიდვრები იზრდებოდა, ჩვენ კი სიამოვნებით ვჭამდით. წარმოიდგინეთ, სოკოები მანქანისხელა იზრდებოდა.

- როგორ რისკავდით იქ მოყვანილი ბოსტნეულის და თევზის ჭამას?

- აბა, რა გვექნა, კიევიდან კი შემოდიოდა პროდუქტი, მაგრამ რა მნიშვნელობა ჰქონდა. ვიცოდით, მაინც განწირული ვიყავით. ცხოველები და ფრინველები ამოწყვეტილი იყვნენ.

მოხუცებს ჰყავდათ ძროხები, მაგრამ ისეთი უზარმაზარი იზრდებოდნენ, შეგეშინდებოდა. ჩვენთან სოხუმელი გოგო და ბიჭი იყვნენ, იქ ქორწილიც გადავუხადეთ და ძროხა ვიყიდეთ. ერთი თვის არ იყო და რომ დავკალით, ას კილოგრამს იწონიდა.

- გარდა ჰოსპიტალში მსახურობისა, რას აკეთებდით?

- იმ სოფელში ერთი ქართველი მფრინავი გმირის საფლავი იყო, იმას ვასუფთავებდით. სხვათა შორის, რეაქტორზეც ვიყავი ტყვიის ტანსაცმლით. ვიფიქრე, მაინც აქა ვარ, რა მნიშვნელობა აქვს-მეთქი.

- რამდენი ხანი დაჰყავით ჩერნობილში? - ექვსი თვე უნდა ვყოფილიყავით, მაგრამ ოთხი თვე გამაჩერეს, დანარჩენებმა ექვს თვემდე მოიხადეს. როგორც წარჩინებულ კომენდანტს, ერთკვირიანი შვებულება მომცეს, საქართველოში რომ ჩამოვედი, ტანსაცმელი დავწვი.

- როგორ ფიქრობთ, რამ გადაგარჩინათ? - ორი ტონა სპირტი გვქონდა წაღებული, ჰოსპიტალს ხომ სჭირდებოდა, და ვსვამდით.

- ჯანმრთელობა არ შეგერყათ? - თავის ტკივილის გამო კედელს ვურტყამდი თავს. ბოლოს გულმა მიმტყუნა და ოპერაცია გავიკეთე.

კბილები დამცვივდა, რამდენჯერაც ჩავისვამ, არ მიჩერდება. რომ წავედი, თმა გადავიპარსე და იქ არ ამომდიოდა. არც ფრჩხილები მეზრდებოდა. საქართველოში რომ ჩამოვედი, თმა მერე ამომივიდა. რომ წამოვედით, გაგვაფრთხილეს, ცხრა წელი შვილი არ იყოლიოთო. მე შევიკავე თავი, მაგრამ ვინც გააჩინა, ავადმყოფი შვილები შეეძინათ.

ჩერნობილში იყო ერთი გოგო, თამრიკო ბაღდასაროვი, რომ ჩამოვიდა, გათხოვდა, შვილი შეეძინა და ორ დღეში ბავშვი დაიღუპა. ჩემი მესამე შვილიც ავადმყოფობდა, მაგრამ ნელ-ნელა სპორტის წყალობით გამოჯანმრთელდა, თუმცა მხედველობის პრობლემა აქვს.

- სამშობლოში დაბრუნების შემდეგ როგორ გააგრძელეთ ცხოვრება? - სამსახურებში რომ მივდიოდი, არც ვამბობდი, რომ ჩერნობილში ვიყავი ნამყოფი. პენსიის დანიშვნას ვერც ვითხოვდი, მრცხვენოდა, ბოლოს შევარდნაძის დროს დავინიშნე, მაგრამ სააკაშვილის დროს მომიხსნეს, ახლა კი ისევ აღმიდგინეს.

იხილეთ ასევე: რა მოხდა ჩერნობილში და რატომ მოიკლა თავი აკადემიკოსმა ლეგასოვმა?!

ნინო გასვიანი