"სხვა გზა არ არის, ხე უნდა "მოვიყვანო ცოლად"
"სხვა გზა არ არის, ხე უნდა "მოვიყვანო ცოლად"
"ბევრ ტურისტს ხელუხლებელი, შეურყვნელი ბუნება მოსწონს, ჩვენს სახელმწიფოს კი გზა ისე გაჰყავს, ამ სეგმენტის მოთხოვნებს არც ითვალისწინებს, გამოდის, ტურიზმის განვითარების გეგმა არა აქვს"

წლებია მირიან თედორაძე საქართველოს სხვადასხვა კუთხეში სალაშქროდ დადის. მთელი ქვეყანა შემოვლილი აქვს და ერთ-ერთია მათ შორის, ვინც კარგად იცის, რა უჭირს საქართველოს ბუნებას... ამბობს, რომ წინსვლა არის, თუმცა მოსახლეობის ცნობიერება გარემოს დაცვისთვის მაინც ასამაღლებელია. ამიტომაც გადაწყვიტა, საზოგადოებას მცენარის დანიშნულება სხვა კუთხითაც დაანახოს და ხეზე "იქორწინოს". ეს პერფორმანსის
ნაწილია...

- 2011 წლამდე მე და ჩემი მეგობარი დავით ცაბოშვილი ლაშქრობებზე დავდიოდით, შემდეგ კი კლუბი დავაფუძნეთ. პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევა და სხვა აუცილებელი საკითხები შევისწავლეთ და საქართველოს უფრო კარგად შესწავლა დავიწყეთ.

ზოგიერთ გიდს თუ მოლაშქრეს ვერ წარმოუდგენია, რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს არაპროფესიონალიზმს. ის, რომ მოლაშქრე
ღრუბლის ფერისა და ქარის მიმართულებით უნდა ცნობდეს, წვიმა იქნება, სეტყვა თუ ჭექა-ქუხილი, მხოლოდ გამოცდილებას მოაქვს და წიგნებში ვერ ამოიკითხავ. მნიშვნელოვანია კარვის გასაშლელი ადგილის სწორად შერჩევაც, უსაფრთხოა თუ არა ამა თუ იმ მდინარეში ბანაობა, რამდენად სწრაფად დიდდება, რა პრობლემებს იწვევს მისი ადიდება...

ძალიან კარგია, რომ ესა თუ ის ადგილი პოპულარული ხდება, მაგრამ ამ ყველაფერს ერთი ნაკლი აქვს - არაერთხელ გაფრთხილების მიუხედავად, მოლაშქრეები და მოქეიფეები გარემოს ანაგვიანებენ, ნარჩენებს ტოვებენ. სახელმწიფომ თითქოს გამოსავალი იპოვა - ზოგიერთი ტერიტორია შემოღობა, მაგრამ ისე, რომ მათი სილამაზე ან დაარღვია, ან დაანაწევრა; ზოგიერთ ადგილას ბოძები ჩაარჭვეს, კიბეები გააკეთეს, მაგრამ ისე ნაჩქარევად და დაუფიქრებლად, რომ ბუნებრივი სილამაზე დაიკარგა. მაგალითად, მარტვილის კანიონში ტურისტს ან მოლაშქრეს კანიონის მხოლოდ 40%-ის ნახვა შეუძლია, დანარჩენის სანახავად ვეღარ მიდის...

ვაშლოვანის ნაკრძალში შესვლა 10 ლარი ღირს, კოტეჯი - 50 ლარი, საკარვე ადგილი - 5 ლარი, მანქანის პარკინგი კი 10 ლარი, კემპინგზონაში საპირფარეშო არსად არის. ხალხს ბალახებსა და სადმე მოფარებულში ხეტიალი უწევს, სადაც უამრავი გიურზა დაცურავს.


დაცული ტერიტორიების სისუფთავეზე პასუხისმგებელი მეც ვარ, როგორც მოლაშქრე, რომელსაც იქ ხალხი შემყავს, მაგრამ ეს სააგენტოსაც ევალება. ოფიციალური წერილითაც მივმართე, პოსტიც დავწერე სოციალურ ქსელში - სანამ ვინმეს შეიწირავთ, ტუალეტების საქმეს მიხედეთ-მეთქი, მაგრამ ყურსაც არ იბერტყავენ. მითხრეს, გავაკეთებთო. როდესაც შევახსენე, ჯერ ვერ ესწრებაო. ეს პრობლემაა თითქმის ყველგან, მათ შორის ყაზბეგის მხარეშიც, ზოგან საპირფარეშო არის, მაგრამ ისეთი ანტისანიტარული, ვერ შეხვალ - კანალიზაცია არ მუშაობს, წყალი არ მოდის...

ახლა, როდესაც სახელმწიფოს ტურისტების მოზიდვა ძალიან სჭირდება, "ერთჯერად ტურისტზე" არ უნდა ვიყოთ ორიენტირებული. ბევრს ძალიან მოსწონს საქართველო, მაგრამ ფასის შესაბამის მომსახურებას ვერ იღებენ და შემდეგ ჯერზე თავს არიდებენ ჩამოსვლას, რაც ქვეყანას აზარალებს.

- ნარჩენების საქმე როგორ არის, ვითარება შეიცვალა?
- უამრავ კემპინგის ზონაში დაგვხვედრია ბოთლები, გადაყრილი პლასტმასის ჭურჭ=ლის ნარჩენები, არადა, იქვეა წარწერა: "ნუ დაანაგვიანებ, ეს შენი სამშობლოა!" ჩვენ ნახევრად ხუმრობით დავამატეთ: "საქართველოში ნაგვის დაყრა ისეთივე ღალატია, როგორიც რუსეთუმეობა".

ერთი რამ უნდა გაგიმხილოთ: ვაშლოვანის ნაკრძალ­ში რეინჯერებს მუდმი­ვად ეჩხუბებიან ტურის­ტები, ინფრასტრუქტურა რატომ არ არის მოგვარებულიო იქ აგვისტოში ძალიან ცხელა, კოტეჯები კი არ გრილდება.­ მათი დასუფთავებაც რეინჯერებს უწევთ, ეს კი მათ სულაც არ ევალებათ.

ახლახან მაღალმთიან აჭარაში, ხიხანის ციხეზე ვიყავი ასული. ამ ტურისტულ ზონაში მიტოვებული სამშენებლო მასალები დაგვხვდა - გახსნილი და უკვე გაქვავებული ცემენტი, ძრავის ზეთის კოლოფები და ა.შ. ეტყობა, რესტავრაციას აპირებდნენ, რამდენიმე კოშკი გაულესავთ, ციხესთან მისასვლელად ხეები გაუჩეხიათ, საბაგიროც გაუკეთებიათ, ალბათ, საშენი მასალის გადასაზიდად. ეტყობოდა, თვეების წინ იყო დაყრილი, რადგან უკვე ნარჩენებად ქცეული მასალები ბუნებას ერეოდა. მივმართე აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს და მიპასუხეს, ვიცით, მაგრამ ნარჩენების ჩამოტანას ვერავის დავავალდებულებთ. მალე ციხის რეაბილიტაციაზე ტენდერი უნდა გამოვაცხადოთ და მოგებულ კომპანიას იქაურობას დავასუფთავებინებთო. მას შემდეგ რამდენიმე თვე გავიდა და არაფერი შეცვლილა.

არავინ ფიქრობს, რა იქნება ხვალ, როგორ აისახება ეს ბუნებაზე, რადგან ნარჩენები წყალსა და ნიადაგს ერევა, ათასგვარ დაავადებას იწვევს. წარმოიდგინეთ, რა შთაბეჭდილებით წავა ტურისტი საქართველოდან. ვინ იცის, კიდევ ჩამოსვლას მოინდომებს თუ არა.

ძალიან ბევრი უცხოელი ტურისტი, რომელთა ჰობიც და ზოგჯერ პროფესიაც ლაშქრობაა, ხშირად მეუბნება, ბუნებამ ამ მრავალფეროვნებით დაგაჯილდოვათ, თქვენ კი ვერ უვლითო.
ხეტყის გაჩეხა წლებია გრძელდება როგორც მაღალმთიან აჭარაში, ასევე ბორჯომში. საინტერესოა, ამისთვის სახელმწიფო ოდესმე მოიცლის? უფრო სწორად, პოლიტიკურ ნებას გამოიჩენს? იქაურებს­ ხელი აქვთ ჩაქნეული, ამბობენ, ამ საქმეში ისინი არიან გარეული, ვინც ტყეს უნდა იცავდესო.

გაჩეხას ემატება მეორე პრობლემაც - დაავადებული ხეები. იგივე ხდება თბილისის გარშემოც,"სადაც წიწვოვანი ტყე დაავადდა, რადგან დაავადებული ხეების გამოხშირვა დააგვიანეს. ეს პრობლემა ძალიან მწვავედ დგას თუშეთშიც, რასაც ხის დახავსებაც ემატება. ასე გვჩვევია, სანამ კატასტროფის წინაშე არ დავდგებით, არავინ იზრუნებს. ამიტომაც გადავწყვიტე პერფორმანსის გაკეთება, სხვა გზა არ არის, ხე უნდა "მოვიყვანო ცოლად" იმის დასამტკიცებლად, რომ ხე ისეთივე მნიშვნელოვანია ადამიანებისთვის, როგორც ჰაერი, წყალი და ნიადაგი, მის გარეშე ვერ ვიარსებებთ. სადაც ხე არ დგას, იქ მეწყრული პროცესები ვითარდება.

პერფორმანსისთვის ხეც შერჩეული მქონდა, თუმცა, რაც უფრო მეტს დავდივარ, უფრო და უფრო ლამაზ ხეებს ვპოულობ და ჯერჯერობით ვერ გამიკეთებია არჩევანი...

- ოჯახმა იცის თქვენი "გადაწყვეტილების" შესახებ?
- კი, იციან, როგორიც ვარ და არაფერს ამბობენ. გასულ ზაფხულს გერმანიაში, დანიაში, შვედეთსა და ნორვეგიაში ვიმოგზაურე, იქაური კემპინგზონების შესწავლა მინდოდა, რათა უკეთ განმესაზღვრა, რა აკლია ჩვენს ქვეყანას. ბევრი რამით, განსაკუთრებით კი ინფრასტრუქტურის განვითარებით, ძალიან ჩამორჩენილი ვართ, რომ არაფერი ვთქვათ წყლისა და საპირფარეშოს პრობლემაზე. კიდევ ერთი - ბევრ ტურისტს ხელუხლებელი, შეურყვნელი ბუნება მოსწონს, ჩვენს სახელმწიფოს კი გზა ისე გაჰყავს, ამ სეგმენტის მოთხოვნებს არც ითვალისწინებს, გამოდის, ტურიზმის განვითარების გეგმა არა აქვს.

- ვიცი, რომ სახელმწიფოსთვის აპირებდით თხოვნას, რომელიმე დაცარიელებული სოფელი გადმოეცათ.
- დიახ, გვქონდა ასეთი პროექტი, მაგრამ რატომღაც უარი გვითხრეს. შემდგომ მიწის ნაკვეთი ვითხოვეთ, მაგრამ გაირკვა, რომ მათი ნაწილი ან სახელმწიფოს საკუთრებაა, ან საპატრიარქოსი.
თბილისელი
15 ივლისი 2019 15:02
აქაც იგივე უნდა ითქვას - ჩვენი ხალხი ბუნებას და შესაბამისად, საკუთარ სამშობლოს ისე ემტერება, როგორც სხვა არავინ დედამიწის ზურგზე - არც ცივილიზებული და არც არაცივილიზებული.

რუბრიკის სხვა სიახლეები