"იმ დღეს შიშს რომ სისხლი გავუყინე, აღარც აღარასოდეს შემშინებია" - კვირის პალიტრა

"იმ დღეს შიშს რომ სისხლი გავუყინე, აღარც აღარასოდეს შემშინებია"

"დედას ფრონტზე რომ გავეპარე, ერთადერთი იმის მეშინოდა, ცოცხლისთვის ვეღარ მიმესწრო და ვერ ეპატიებინა"

პეკინის ქუჩაზე ერთ პატარა და მყუდრო ეზოში ალექსანდრე გულიაშვილის ბინას თუ იკითხავთ, მაშინვე მისი ფანჯრისკენ აიხედავენ, წეღან ფანჯრიდან იყურებოდა, ახლა, ალბათ, ფორტეპიანოზე უკრავს, კიბეს აუყევით და ხმას გაიგონებთო. ბევრი მეგობარი ჰყავს, მაგრამ ფორტეპიანო მისი საუკეთესო მეგობარია: მალე საუკუნის გახდება, ცხოვრებაში ვინ აღარ დაკარგა, ფორტეპიანო კი მუდამ ადგილზეა და ელოდება.

...თავიდან ვერც დავიჯერე, რომ მალე საუკუნის გახდება. თუმცა თვითონ მითხრა, რა გიკვირს, მართლაც ასეა, იმდენი რამ გამოვიარე, უფრო ნაკლებ დროში როგორ მოვასწრებდიო! მერე გაოცებული თვალები შემატყო და დაამატა, იცი, რატომ ვერ მომერია ვერაფერი? იმიტომ, რომ ცხოვრებაში არაფრის მეშინოდაო. მერე ადგა, ძველი ალბომი მოიტანა, გადაშალა და თავისი ახალგაზრდობის ფოტო ამოიღო, იქ ჯერ ერთ ბიჭს დაადო ხელი და მერე მეორეს - ეს მე ვარ, ეს კიდევ ასტროლოგი რომ გვყავს, მიშა ცაგარელი, იმის მამააო!

- ეს ფოტო მე და მიშას მამამ იმ დღეს გადავიღეთ, როცა გერმანელებთან საბრძოლველად გავყავდით, ვითომ ყველანი ერთად უნდა ვყოფილიყავით, მაგრამ ზუსტად გასვლის წინ ერთმანეთს დაგვაშორეს, ჩემი პირველი ტკივილიც ეგ იყო.

 მარცხნიდან პირველი ზის ალექსანდრე გულიაშვილი. "ბიჭებს ეს ფოტო იმ დღეს გვაქვს გადაღებული, როცა გერმანელებთან საბრძოლველად გავყავდით"

- მერე? - მერე, ფრონტის ხაზს ისე მივადექი, ჩემი ამხანაგებიდან ჩემ გვერდზე არავინ იყო. ამ დროს ორი უზბეკი ბიჭი გამოიყვანეს, ხელში ნიჩბები მისცეს და საკუთარი საფლავის თხრა დააწყებინეს, ჩვენ კი გვაყურებინებდნენ. ბოლოს ესროლეს და იმ გათხრილ ორმოებში ჩაყარეს. რომ ვიკითხეთ, ამ ბიჭებმა რა დააშავეს, რატომ დახოცესო? გვითხრეს, ფრონტიდან გაპარვა უნდოდათ და იმიტომ დახოცეს, დეზერტირობისთვისო. იმ დღეს შიშს რომ სისხლი გავუყინე, აღარასოდეს შემშინებია, რადგან მივხვდი, რომ სიკვდილი პირველად მშიშარასთან მიდის! არც ტყვიის, არც ღალატის, არც შიმშილის, არც წყურვილის და არც გაყინვის - ამქვეყნად აღარაფრის შემშინებია... ასე გავიარე ის სიკვდილის კალო. იმას რა დამავიწყებს, კრასნოდარის აღების წინ მთელი ღამე, 12 საათი, გაყინულ თოვლზე რომ ვიწექი. ვეღარც ხელს ვგრძნობდი და ვეღარც ფეხს, მაგრამ ვერ მაფიქრებინა სიკვდილმა, მოვედი და უნდა წამომყვეო. დილით კი ჩვენს მაშველ ბიჭებს გავყევი და კრასნოდარიდან გერმანელები გავრეკე. იმ დღესაც ბოლომდე გავედი ჩემი გაყინული ფეხებით...

რომ შემშინებოდა, ამხელა შიშს იმ დღეს როგორ დავძლევდი?! დედას ფრონტზე რომ გავეპარე, ერთადერთი იმის მეშინოდა, ცოცხლისთვის ვეღარ მიმესწრო და ვერ ეპატიებინა.

- მერე თუ დაგხვდათ ცოცხალი? - მივუსწარი, მაგრამ ვეღარ ვიცანი, ჩემი ლოდინით ისე ჰქონდა სახე დაბზარული, მეგონა, სხვა ქალი მიყურებდა. არადა, მზესავით დედა მყავდა. ჩემს თაობაში ფორტეპიანოზე დაკვრას ვის ასწავლიდნენ, დედაჩემმა კი მასწავლა. მარტო ეგ არა, შრომაც მასწავლა. ომიდან დაბრუნებულს სად აღარ მეძახდნენ სამხედრო კათედრებზე სამუშაოდ. პოლიტექნიკურ უნივერსიტეტშიც მრავალი წელი ვასწავლიდი სტუდენტებს, - თქვა ბატონმა ალექსანდრემ და ისევ ფორტეპიანოს მიუბრუნდა, მუსიკა თუ გიყვარს, მითხარი და რაც გინდა დავუკრავო. მე კი მისი ცხოვრების უცნაური მუსიკით იმდენად ვიყავი შეძრული, იმაზე დაფიქრება მერჩივნა, თუ როგორ უნდა იცხოვრო ისე, რომ ვერაფერმა შეგარყიოს. არ ვიცი, ამას მიმიხვდა თუ არა და ისე ომახიანად დამემშვიდობა, ყველაფერი კარგად იქნებაო, შევკრთი.

მართლაც, ალბათ, ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, თავად საით წავიყვანთ სიცოცხლეს!