"მანდ რომ ვყოფილიყავი, დემონსტრაციებში აუცილებლად მივიღებდი მონაწილეობას" - კვირის პალიტრა

"მანდ რომ ვყოფილიყავი, დემონსტრაციებში აუცილებლად მივიღებდი მონაწილეობას"

საქართველოზე შეყვარებული დანიელი ივნისის აქციებს ილუსტრაციებით ეხმაურება

ლივია ვიკსნა 25 წლის დანიელი ილუსტრატორია. ხატვა 4 წლის ასაკში დაიწყო. ზოგჯერ თავს ანებებდა, მაგრამ ბოლოს მაინც უბრუნდებოდა საყვარელ საქმეს. ილუსტრაციები სპეციალურად 2019 წლის ივნისის აქციებზეც შექმნა, თუმცა ეს არ არის მისი საქართველოთი დაინტერესების პირველი შემთხვევა. "კვირის პალიტრა" ლივია ვიკსნას ესაუბრა:

- საქართველოში, კერძოდ, რაჭაში, პირველად 2016 წლის ივლისში ჩამოვედი მოხალისედ. არ მქონდა გადაწყვეტილი, რამდენი ხნით დავრჩებოდი, 2 კვირიდან 3 თვემდე ვგეგმავდი, ბოლოს 3 თვე დავყავი. საქართველო ძალიან მომენატრა და ორი თვის შემდეგ ისევ დავბრუნდი, ხოლო 2017 წლის იანვრიდან 2018 წლის მაისამდე თბილისში გადმოვედი საცხოვრებლად.

- ყველაზე მეტად რომელი ადგილი მოგეწონა საქართველოში? - თბილისი მსოფლიოში საუკეთესო, სიცოცხლით სავსე ქალაქია და ჩემს გულშია. აქ ყველა ერთმანეთს იცნობს. მხიარულები და მეგობრულები არიან. ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ადგილია ჭიათურა. ეს საოცრება იყო. რაჭას ტკბილი მოგონებები უკავშირდება.

- საქართველოს შესახებ სერიებზე მანამდეც მუშაობდი, რამ განაპირობა ჩვენი ქვეყნით დაინტერესება?

- 2019 წლის ივნისის აქციებამდეც ვმუშაობდი სერიაზე საქართველოს შესახებ. გაზაფხულზე დიზაინის სკოლაში გავწევრდი და პორტფოლიო უნდა მომემზადებინა. ჩემი და დამეხმარა, სწორედ მან მირჩია პრეზენტაცია საქართველოზე გამეკეთებინა. დანიაში მხოლოდ რამდენიმე ადამიანი იცნობს საქართველოს და ვაჩვენე მათ ქართველი ხალხის ჩაცმულობა, ყოფა, კულტურა, ბუნება... პრეზენტაციის შემდეგ ჩემი ჰობი გახდა საქართველოზე ილუსტრაციების შექმნა, ძირითადად, არქიტექტურისა და ლეგენდების თემებზე ვმუშაობ. თქვენს ქვეყანას ამოუწურავი ისტორია აქვს, ამიტომ სერიის გაგრძელებას ვაპირებ და ასე მგონია, ვერც ვერასდროს დავასრულებ.

- როგორ შეხვდა ქართველი ხალხი და ქართული მედია შენს ილუსტრაციებს? - სოციალური კამპანიის "გაატარე შენი ზაფხული საქართველოში" ჯგუფში გავაზიარე ჩემი ილუსტრაციები და ხალხს ძალიან მოეწონა.

ივნისის აქციების დროს საქართველოში არ ვიყავი, სწორედ ეს იყო ილუსტრაციების შექმნის მიზეზი - მანდ რომ ვყოფილიყავი, დემონსტრაციებში აუცილებლად მივიღებდი მონაწილეობას. გულთბილმა გამოხმაურებამ ძალიან გამახარა. მართლა აღფრთოვანებული ვარ იმ ახალგაზრდებით, რომლებმაც წამოიწყეს ეს სოციალური კამპანია. ტურისტებს ხალხის პოსტები ნამდვილად იზიდავს.

ჯგუფში სპეციალური წესებია, ერთმანეთს უზიარებენ რჩევებს, საქართველოს შესახებ სიყვარულით სავსე ტექსტებს, ფოტოებსა და ვიდეოებს დებენ. საქართველოში მეც ვაპირებ დაბრუნებას, მეგობარმა იანვრისთვის დაბადების დღეზე დამპატიჟა და აუცილებლად ჩამოვალ.

- რას ფიქრობ გავრილოვის პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე დასმაზე?

- ვერ ვიტყოდი, რომ პოლიტიკაში ჩახედული ვარ. როცა ივნისის აქციებზე ვნახე ინფორმაცია, თავიდან ვერ მივხვდი, რამ გამოიწვია ასეთი აგრესია. ვიღაცას უნდა აეხსნა, რატომ იყო ცუდი გავრილოვის პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე დასმა, მაგრამ როცა უფრო ჩავიხედე მოვლენებში, მივხვდი - როცა რუსეთი მსგავს რამეს აკეთებს, ეს 100%-ით საქართველოს ოკუპაციის სიმბოლოა, რაც ძალიან ცუდია. საქართველო დამოუკიდებელი უნდა იყოს. თვალს ვადევნებ მიმდინარე მოვლენებს. ხალხი შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომას ითხოვს. ვნახე, რომ დემონსტრანტები თვალის ასახვევებს ატარებდნენ, რითაც აპროტესტებდნენ პოლიციის მიერ ძალის გადამეტებულად გამოყენებას.

- რას ფიქრობ რუსული ავიარეისების გაუქმებაზე? - ძალიან სასაცილოა. აშკარაა, რუსეთი ძალის დემონსტრირებას ცდილობს. რა თქმა უნდა, ეს ქვეყნის ეკონომიკაზე ცუდად აისახება.

ბევრი რუსული მედიასაშუალება დემონსტრანტებს რუსების მოძულეებად წარმოაჩენს და თითქოს რუსებისთვის საქართველოში ყოფნა საშიშია, მაგრამ ერთი სტატია წავიკითხე, სადაც ქართველი ჟურნალისტები რუს ტურისტებს ეკითხებოდნენ, აქციის დღეებში საქართველოში ყოფნის ეშინოდათ თუ არა და მათი პასუხი იყო "არა"!

- რისი თქმა გსურს ქართველებისთვის? - იმდენი რამის თქმა მინდა, რომ საიდან დავიწყო, არ ვიცი. თქვენი ქვეყანა ძალიან მიყვარს. ჩემი ცხოვრების საუკეთესო ორი წელი საქართველოში გავატარე. მადლობას ვუხდი ქართველებს იმისთვის, რომ ასეთი გასაოცარი ხალხია.

ნათია სიბაშვილი