ბოჭორნა - ევროპის ყველაზე მაღალი სოფელი - კვირის პალიტრა

ბოჭორნა - ევროპის ყველაზე მაღალი სოფელი

ევროპაში ყველაზე მაღალი სოფლის ნიშნული შეიცვალა! ბოლო დრომდე ამ ნიშას მესტიის ულამაზესი სოფელი უშგული იკავებდა ზღვის დონიდან 2200 მეტრ სიმაღლეზე. 2014 წლიდან უშგული სხვა სოფელმა ჩაანაცვლა, რომელიც მას 145 მეტრით აღემატება.

თუმცაღა ეს ყველაფერი არ არის - რაც ყველაზე საინტერესო და სასიამოვნოა, ევროპის ყველაზე მაღალი სოფელი ისევ ქართულია. ეს ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელია, ზღვის დონიდან 2345 მეტრზე მდებარე სამოთხე. ბოჭორნაში სწორედ 2014 წელს დაფიქსირდა პირველი ოფიციალური მცხოვრები - თანამედროვეობის გმირი, გომეწრის ხეობის სოფლების 76 წლის ექიმი ირაკლი ხვედურაიძე - დაუწერელი თუშური ზღაპრის პერსონაჟი.

- ბატონო ირაკლი, როგორც ირკვევა, ბოჭორნა ოფიციალურად მას შემდეგ გახდა ევროპის ყველაზე მაღალი სოფელი, რაც იქ თქვენი მუდმივად ცხოვრება დადასტურდა.

- სტატისტიკის გარეშე ოფიციალურად ვერაფერს დაადასტურებ, თორემ დაბადებიდან ბოჭორნელი ვარ, ჩემი მამა-პაპის ფესვებიც აქ არის. ბოჭორნის დაცლისას ჩვენც სხვებივით ავიყარეთ და წავედით. ახმეტის საავადმყოფოს ნევროპათოლოგი გახლდით. 1998-ში მითხრეს, საავადმყოფოში ორი ნევროპათოლოგი ხართ, არ გვჭირდებით და ერთ-ერთი წადითო. უფროსი მე ვიყავი, წამოვედი, მერე კი სხვისი მკურნალი თავად ჩავვარდი დეპრესიაში. თუმცა კაცობა არ კვდება, საავადმყოფოში დარჩენილ ჩემს კოლეგას 160 ლარი დაუნიშნეს ხელფასად და იმას მიყოფდა შუაზე. მაშინ მოვიფიქრე, ავალ ბოჭორნაში, ხეობაში ექიმი არა ჰყავთ და მე აქ რა მინდა-მეთქი! მოკლედ, 1998 წელს ამოვედი და მას შემდეგ აქ ვარ... თუმცა მხოლოდ 2014 წლიდან გამაფორმეს ოფიციალურ მცხოვრებად. ამ წლიდან უკვე ბოჭორნაც ევროპის ყველაზე მაღალ სოფლად ითვლება, ეგ კი ორი კაცის დამსახურებაა: გეომორფოლოგ გიორგი დვალიშვილის და ჟურნალისტ გელა მთივლიშვილის.

- გომეწრის ხეობაში ბევრ გასაჭირს ნახავდით. - ენა ვერ იტყვის. რუსეთ-ჩეჩნეთის ომისას ჩეჩნები გადმოდიოდნენ თუშეთში და კინაღამ გამოგვეცალა ეს მხარე ხელიდან. არადა, თუ თუშეთიც დაიკარგა, საქართველოც აღარ იქნება. ისე, იმ დროს უფრო მეტი ხალხი რჩებოდა ხეობაში ზამთრობით... ახლა ძალიან ცოტა რჩება, მაგრამ ნახვა და წამლობა ხომ უნდა. მეც დავდივარ მთელ ხეობაში, 45 კილომეტრს ხან ფეხით გავდივარ, ხან ცხენით... ღვთის განგებაა, ალბათ, თორემ ჩემხელები ფეხითაც ვეღარ დადიან. ხანდახან ვერტმფრენითაც მეხმარებიან ქალაქიდან.

- ჯეროვნად თუ გიფასებთ სახელმწიფო ამაგს? - წლების წინ ღირსების ორდენი მომცეს, მაგრამ ჩემი დაფასება ის იქნება, თუ თუშეთისთვის სამშენებლო კანონს შეცვლიან. ტურისტი გამრავლდა და თუშებიც დაბრუნებას ფიქრობენ, მაგრამ სახლებს ვერ აშენებენ და როგორღა დაბრუნდნენ? მთავრობა მშენებლობაში პროექტებს ითხოვს, პროექტის დამტკიცებას კი წლები სჭირდება. არადა, თუშეთში მხოლოდ 4 თვე შეიძლება მშენებლობა - მაისის ბოლოდან სექტემბრამდე. იმიტომაც გაგვიჩერდა მშენებლობები. ჰოდა, სასწრაფოდ სხვა რამეა მოსაფიქრებელი. თუ თუშეთის აშენება უნდათ, უნდა მოიფიქრონ!