"რა ვქნათ ახლა, აქედან ხელები ვუქნიოთ, ვუყვიროთ "ისტერიჩკა" ქმნილებებივით?!" - რას ამბობს ლევან ვასაძე ლგბტ დროშაზე? - კვირის პალიტრა

"რა ვქნათ ახლა, აქედან ხელები ვუქნიოთ, ვუყვიროთ "ისტერიჩკა" ქმნილებებივით?!" - რას ამბობს ლევან ვასაძე ლგბტ დროშაზე?

ჩვენ მშვიდად ვართ. ეს პროვოკაციები, რაღაცას რომ აფრიალებენ, აჩვენებს, სად არის მათი ადგილი. მათი ადგილი ქართულ მიწაზე არ არის, - ასე გამოეხმაურა ბიზნესმენი ლევან ვასაძე პარლამენტის შენობასთან ლგბტ დროშის გამოჩენას, რომელიც "პრაიდის" მოწინააღმდეგეთა აქციის თავზე დრონის საშუალებით ფრიალებს.

როგორც მან პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე შეკრებილებისადმი სიტყვით მიმართვისას განაცხადა, აქციაზე შეკრებილებისთვის ლგბტ დროშის "ცაში გამოჩენა" შეურაცხმყოფელი არ არის. ამასთან, როგორც მან აღნიშნა, პარლამენტთან აქციას არ შეწყვეტენ, ვიდრე არ დადასტურდება ინფორმაცია, რომ "პრაიდი" აღარ ჩატარდება.

"უამრავი ხალხი მოვიდა. ძალიან კარგია. ვისაც უნდა შემოგვიერთდეს, ვისაც არ უნდა, ნუ შემოგვიერთდება. ჩვენ მშვიდად ვართ. ეს პროვოკაციები, რაღაცას რომ აფრიალებენ, აჩვენებს, სად არის მათი ადგილი. მათი ადგილი ქართულ მიწაზე არ არის. ცაში რომ ცისარტყელა ჩნდება ხოლმე, ჩვენ მანამდეც ვიცოდით და ამის მერეც გაჩნდება ცისარტყელა ქართულ ცაზე. ჩვენთვის ეს არ არის შეურაცხყოფა. ეს არის, მხოლოდ და მხოლოდ მათი უსუსურობის და საცოდავობის დემონსტრირება. ამიტომ, რა ვქნათ ახლა, აქედან ხელები ვუქნიოთ, ვუყვიროთ "ისტერიჩკა" ქმნილებებივით?! მე პირადად განწყობილი ვარ ძალიან დიდი დადებითი ემოციით, ძალიან მშვიდად ვარ. აქ ვხედავ ჩემს უამრავ მეგობარს, უამრავი ხალხი მოდის სამსახურის მერე. ჩვენ აქ იმისთვის არ ვართ, რომ ვინმეს დავუპირისპირდეთ. ამბობენ, რომ ახლა, აქ 19:00 საათზე ვიღაცები მოვლენ, დაგვიპირისპირდებიან. ვინ უნდა დაგვიპირისპირდეს? - მოვიდნენ, რუსეთის ოკუპაციას ვაპროტესტებთ?! კი, ბატონო. მთელი ჩვენი ცხოვრება ვაპროტესტებ რუსეთის ოკუპაციას და ყველაფერს ვაკეთებ იმისათვის, რომ ის შევატრიალო. არ მიმაჩნია, რომ შარვლის ჩახდა და უკანალის ჩვენება დააჩქარებს საქართველოს გამთლიანებას. არ მიმაჩნია, რომ ბილწი და უხამსი სიტყვების ძახილი რამით დაგვეხმარება აფხაზეთისა და ცხინვალის დაბრუნებაში. თვენსავით, თქვენთან ერთად აბსოლუტურად უანგაროდ ვარ თავგადადებული პატრიოტი ჩვენი ქვეყნისათვის", - განაცხადა ვასაძემ.

"ინტერპრესნიუსი"