როგორც კი ერს არითმია ემართება... - კვირის პალიტრა

როგორც კი ერს არითმია ემართება...

"პატრიარქი ერთადერთია,  ვისაც შეუძლია ქვეყანა ფეხზე დააყენოს, ამიტომაც ებრძვიან"

"ბოლო დროს ზოგიერთ ინტერნეტ და საგაზეთო თუ ტელემედიაში დაიწყო ანტიეკლესიური კამპანია. გავრცელდა მცდარი ინფორმაცია პატრიარქის კურთხევით მონასტერში ალექსანდრე გირგვლიანის მკვლელობაში ბრალდებულების გაგზავნასთან დაკავშირებით.

მორიგმა დეზინფორმაციამ საზოგადოებაში შეშფოთება გამოიწვია. უნდა განვაცხადოთ, რომ კათოლიკოს-პატრიარქს არც მათ ვადამდე გათავისუფლებასთან აქვს კავშირი და არც რომელიმე მონასტერში გაუგზავნია", - ნათქვამია 7 სექტემბერს გავრცელებულ საპატრიარქოს განცხადებაში.

სამიოდე დღით ადრე კი საპატრიარქოს კიდევ ერთი ბრალდება წაუყენეს, კერძოდ, კრემლის აგრესიულ და იდეოლოგიურ პოლიტიკაში მონაწილეობა: "ტელევიზიით გადაცემულ ვრცელ სიუჟეტში, სადაც განხილული იყო რუსი ჟურნალისტების საქართველოში სტუმრობა და რუსულ-ქართული კომისიის მიერ ჩატარებული კონფერენცია, ითქვა, რომ საქართველოს ეკლესია შეიძლება ძალიან სახიფათო თამაშში იქნეს ჩათრეული და რომ არ არის გამორიცხული, პატრიარქის მაღალი ავტორიტეტი რუსულმა ძალებმა იდეოლოგიური ინტერვენციის გათეთრებისთვის გამოიყენონ. გავრცელდა აზრიც, თითქოს ეკლესია იყო ინიციატორი ამ ვიზიტისა(?!).

გვინდა განვაცხადოთ, რომ ეკლესია არ ყოფილა მომწვევი მხარე, ხოლო რუსულ-ქართული კომისიისგან ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაციით სტუმრების ჩამოსვლის საკითხი შეთანხმებული იყო ხელისუფლებასთან, რისი ერთ-ერთი დადასტურება ისიც იყო, რომ კონფერენცია უნდა ჩატარებულიყო ახალგახსნილ სასტუმრო "რედისონ-ივერიაში". ამ ვიზიტის ორგანიზატორი კი "ჯორჯიან თაიმსის" დამფუძნებელი, მალხაზ გელაშვილი გახლდათ.

ის, რომ საქართველო არის გლობალური პოლიტიკური ინტერესების დაპირისპირების ადგილი და რომ ყველა ძალა სათავისოდ ცდილობს ეკლესიის ავტორიტეტის გამოყენებას, ახალი არ არის, მაგრამ საქართველოს ეკლესია ყოველთვის იყო და დარჩება ქართველი ერის ეროვნული ინტერესების დამცველად და ყველა მისი ნაბიჯი და მოქმედება მხოლოდ ამ მიზნით იყო და კვლავაც იქნება ნაკარნახევი.

ამდენად ბრალდება, ნებსით თუ უნებლიეთ ეკლესიის მიერ უცხო ქვეყნის ინტერესების ხელშეწყობაზე, სრულიად უსაფუძვლოა", - ნათქვამია საპატრიარქოს კიდევ ერთ განცხადებაში. ვის შეიძლება აძლევდეს ხელს ეკლესიისა და პატრიარქის დისკრედიტაცია? საზოგადოება, რომელსაც კარგად ახსოვს კომუნისტური რეჟიმის ბრძოლა ეკლესიასთან, პასუხს ახლო წარსულში პოულობს, - გავლენიანი ინსტიტუტის არსებობა მხოლოდ ხელისუფლებას არ უნდა აძლევდეს ხელს.

რა საფუძველს ემყარება კომუნისტურ ეპოქაგამოვლილი საზოგადოების მოსაზრება, ამ თემაზე პოეტ ჯანსუღ ჩარკვიანს ვესაუბრეთ:

- ეკლესიის სასტიკი დევნა გასული საუკუნის 50-იან წლებამდე გრძელდებოდა. შემდეგ ეს პროცესი შერბილდა. მეორე მსოფლიო ომის დროს სტალინის ბრძანებით 1400 ეკლესია გახსნეს. არ ვიცი, რას ემსახურებოდა ეს გადაწყვეტილება, მაგრამ ფაქტია, 50-იანი წლებიდან ეკლესიაში სიარულის გამო არავის ხვრეტდნენ. მე 1952 წელს, 21 წლისა მოვინათლე. ჩვენი მეგობარი გივი სამსონაძე კი მე და ოთარ ჭილაძეს უნდა მოგვენათლა, მაგრამ მაშინ თვითონ ვიყავით მოუნათლავები. ჩვენს უბანში ცხოვრობდა თბილისში ცნობილი კაცი - თენგიზ კეკელიძე და მას ვთხოვეთ ნათლიობა. მოკლედ, თენგიზმა ჩვენ გაგვაქრისტიანა, ჩვენ კიდევ - გივი. უფრო გვიან, მე რაიკომის პირველი მდივნის ქალიშვილი, ნინო ბურჯანაძე მოვნათლე. მერწმუნეთ, შიშის ნატამალი არ გამჩენია, მხოლოდ უხერხულობის განცდა გვეუფლებოდა ხოლმე, კომუნისტური იდეოლოგიის თანახმად ხომ რწმენა გეკრძალებოდა, - კომუნისტი გეუბნებოდა, მე ვარ ღმერთი, მე უნდა მიწამოო.

- დღევანდელ სახელმწიფო იდეოლოგიაზე რას იტყვით?

- ეს იდეოლოგიაა? ასეთი თავკერძა, მიმთვისებელი ხელისუფლება არც კომუნისტების დროს მინახავს და სხვა დროსაც არ მსმენია. ხრავენ ქვეყანას, მაგრამ ერთ დღესაც წააგებენ, რადგან წარსულის ფასი არ იციან. იმას კი, ვინც წარსულს არ აფასებს, აწმყო არ ექნება, აწმყოს გარეშე კი მომავალი არ მოდის.

მხოლოდ აწმყოთი თავკერძა კაცები ცხოვრობენ. არ შეიძლება მხოლოდ შენს თავს გაუწიო ანგარიში და უღვთოდ იცხოვრო. მხოლოდ უღვთო კაცი ვერ მიხვდება, რომ უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ღვთით მოვლენილია საქართველოსთვის.

- მავანნი კი ცდილობენ, ჩირქი მოსცხონ.

- დიახ, ცდილობენ, შეურაცხყონ და დაამცრონ. კომუნისტების ეპოქაში შენგან შეურაცხყოფილი უნდა ყოფილიყო ღმერთი, რომელიც კომუნისტური იდეოლოგიის თანახმად არ არსებობდა. ამიტომაც იყო კომუნისტი აღშფოთებით რომ გეკითხებოდა, როგორ, ღმერთი გწამს, ე.ი. ის არის მთავარი და არა მეო? ახლაც ამ აზრის ჩანერგვა უნდათ, რომ ხელისუფლება არის მთავარი და არა ეკლესია. როგორც მაშინ ჰყავდათ კომუნისტებს მონები, ახლაც ჰყავთ ამა ქვეყნის მბრძანებლებს. მონები მათ გულისნადებს ახმაურებენ. სახელმწიფო მოხელეების 99% მონაა. ერთი პროცენტი მაინც ადგას თავის გზას, მაგრამ რომ ვახსენო, ხვალვე გააცამტვერებენ.

ხელისუფლებამ კარგად იცის, რა ძლიერი იარაღია რწმენა. რას აკეთებს რწმენა? მორწმუნე ერი მრევლია, ურწმუნო კი ბრბო, რომელმაც ქრისტე არ ცნო. თუ გინდა ერის ნაცვლად ბრბო გყავდეს, გამოდის, სახელმწიფოს დანგრევა გნდომებია. ხალხის გამოდებილება უნდათ, ნახეთ, როგორ მომრავლდა ბავშვებში უწიგნურობა. გოგებაშვილის მივიწყებას ცდილობენ, რომ სიტყვა "დედაენაც" წაშალონ ცნობიერებიდან.

- ფიქრობთ, სახელმწიფოს ძლიერების უმთავრეს არტერიებს - ენასა და სარწმუნოებას ემუქრება განადგურება?

- დიახ, სწორედ ამას აკეთებს ხელისუფლება, ეს არის მისი მიზანი და გარედანაც იმავე დავალებით იმართება. ქართლ-კახეთის რუსეთთან შეერთების დროს იმერეთის მეფე სოლომონი ჩამოვიდა ერეკლესთან და სთხოვა, ჩემი თავიც შეავედრე რუსსო. მოიცა, ჯერ საქართველოსთვის ვერ მომივლიაო, უპასუხა ერეკლემ. იმერეთი საქართველოდ არ ჩათვალა. იმერეთს რატომ უნდა ჰყოლოდა თავისი მეფე? მუდამ ასე ვიყავით, კუთხე-კუთხე, სამეფოებად დაყოფილები. ვერ შევერთდით. ამიტომ იმას კი არ უნდა ვკითხულობდეთ, ვინ გვებრძვის გარედან, არამედ იმას, რატომ ვებრძვით ერთმანეთს. უნდა გავერთიანდეთ და მაშინ ვინც უნდა დაგვიპირისპირდეს, ვერაფერს დაგვაკლებს. თუ არა და მტერს რა დალევს ამ ქვეყანაზე, მით უფრო, როცა ისეთ ადგილზე ცხოვრობ, როგორზეც საქართველო მდებარეობს.

- ზოგიერთს მიუღებლად მიაჩნია უწმინდესისგან იმის უთქმელობა, რომ რუსეთი ჩვენი მტერია, მათთან მეგობრობსო...

- ამას მხოლოდ ურწმუნო თუ იტყვის, ვისაც მხოლოდ თავისი აზრი მიაჩნია ჭეშმარიტებად. უწმინდესი როგორ გეტყვის, რუსეთი შენი მტერიაო, როცა ქრისტიანული მორალი მოგიწოდებს, მტერი შენი შეიყვარო, როგორც თავი შენი. პატრიარქისგან განკითხვის მომლოდინეებს უჯობთ, იკითხონ მისი ეპისტოლეები და მიხვდებიან, როგორ უგდებს უწმინდესი ყურს ერის გულისცემას. როგორც კი ირევა ცხოვრება და ერს არითმია ემართება, სულიერი მწყემსი მყისვე გვკარნახობს კალაპოტში დასაბრუნებელ გზას, წამალს. საინტერესოა, რას ფიქრობს ხალხი, რაზე ესაუბრება საქართველოს კათოლიკოსი რუსეთის ეკლესიის მთავარსო? რუს პოლიტიკოსებსაც იგივე სჭირთ, რაც მათ ქართველ კოლეგებს, მხოლოდ საკუთარი გეზით დადიან, ამიტომაც ილია II სთხოვს რუსეთის პატრიარქს, ეგებ რუს პოლიტიკოსებს შეაგნებინოს ჭეშმარიტება და გადარჩეს საქართველო დაღუპვას. სხვას რას ელით უწმინდესისგან? ის რუსებს ახსენებს, რადგან მართლმადიდებლობის გზა აირჩიეთ, გახსოვდეთ, რა გზას ადგახართ და დაიცავით ღვთისმშობლის წილი ქვეყანაო. ამას გინდა პოლიტიკური დატვირთვა მიეცი, გინდა, ნუ მისცემ. თუ მაინც პატრიარქს შეურაცხყოფენ, ამას იმიტომ აკეთებენ, რომ კომუნისტებივით კარგად იციან, - ის არის ერთადერთი, ვისაც შეუძლია, საქართველო ფეხზე დააყენოს, ამიტომაც ებრძვიან... მარტო ის არ კმარა, აღდგომა დღეს და სხვა დღესასწაულებზე მიხვიდე ეკლესიაში, აქაოდა, მორწმუნე ვარო. ეკლესიაში მიდიან, რათა ხალხს მოაჩვენონ თავი, ჩვენ აქ ვდგავართო. მაშინ ეკლესიიდან გამოსულმა მართალი კაცი გამოუშვი ციხიდან.

სიყრუით იღუპება ქვეყანა. მორწმუნე კაცი დაუჯერებს უწმინდესს და იქით არ დააბრალებს სისულელეებს, - პატრიარქმა მკვლელები გაათავისუფლებინაო. წესიერი ხელისუფლება დაუძახებდა ამ სიცრუის მთქმელს და სიმართლეს ეტყოდა ხალხს, მაგრამ როგორ აღიარებენ სიმართლეს. ამას წინათ ტელევიზიით ვუსმენდი, - რომელიღაც საერთაშორისო ორგანიზაციის კვლევებით, სიტყვის თავისუფლების ხარისხით საქართველო ასმეოცე ადგილზეაო. თუ გინდა, ერი თავის თავს ეყუდნოდეს, სიტყვა თავისუფალი უნდა ჰქონდეს. უფლის პირველი საჩუქარი სიტყვაა და არავის აქვს ადამიანისთვის მისი წართმევის უფლება.