მედიაფობიით შეპყრობილები - კვირის პალიტრა

მედიაფობიით შეპყრობილები

ფობიას ერთი თვისება აქვს, კერძოდ, სულ ამაზე საუბრობ და ამტკიცებ, რომ არაფრისაც არ გეშინია. დაახლოებით ასე იქცევა საქართველოს ხელისუფლება, რომელსაც “თავისუფალი მედიის ფობია”აქვს.

ეს მძიმე დაავადებაა - მედიაფობიით შეპყრობილი ხელისუფლება მუდმივად მედიის თავისუფლებაზე გაჰყვირის,  სიტუაცია კი დღითი დღე მძიმდება.

მოდით, მივმართოთ ევროპულ მეთოდს და ხელისუფლება ცოტა ხნით ამ ფობიის პირისპირ დავტოვოთ. კერძოდ, წარმოვიდგინოთ - ხვალ გავიღვიძეთ და აღმოვაჩინეთ, რომ ყველა ტელევიზია თავისუფალია და მათი მეპატრონე ოფშორული კომპანიების უკან მოკალათებული ხელისუფლება არ არის.

მთავარი შედეგი ის იქნება, რომ ხელისუფლება რეალობას დაუბრუნდება. პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და სახელმწიფო კანცელარიაში აღარ ეგონებათ, რომ რასაც ტელევიზია არ გადმოსცემს, ის არ ხდება. შესაბამისად, როდესაც ადამიანი ლტოლვილთა სამინისტროს წინ თავს დაიწვავს, საინფორმაციო გამოშვებების მთავარი თემა  ინდონეზიაში ამოფრქვეული ვულკანი არ იქნება.

პრეზიდენტს შეუძლია მშვიდად იყოს - მას თავისუფალი საინფორმაციო სივრცე არ მოაკლდება, მაინც მუდამ ყურადღების ცენტრში იქნება. სამაგიეროდ,  ტელევიზიებს ცოტა რეიტინგი შემოეძარცვებათ.  მაგალითად,  "რუსთავი 2"-მა, "საზოგადოებრივმა მაუწყებელმა" და “"იმედმა" - ზარ-ზეიმით ამცნეს ქვეყანას, რომ  IღI-ს გამოკითხვის შედეგების მიხედვით, 2013 წელს მიხეილ სააკაშვილის გაპრემიერმინისტრებას რესპონდენტთა 56% ემხრობა.

თავისუფალი ტელევიზია რომ გვქონდეს, ის მაყურებელს  IღI-ს რეალურ მონაცემებს გააცნობდა, ანუ იმას, რომ სააკაშვილის გაპრემიერებას მხარს სრულად 32% უჭერს, ნაწილობრივ კი - 24%. საინფორმაციო გამოშვების შემდეგ ნორმალური ანალიტიკური გადაცემის წამყვანი განუმარტავდა მაყურებელს, რომ სიტყვა "ნაწილობრივ" საორჭოფო ტერმინია; ეს  ნიშნავს, რომ არც "ჰოს" ამბობ და არც - "არას".

მაყურებელს იმასაც განუმარტავდნენ, რომ  ანალოგიურ შედეგს მივიღებდით, თუკი ჩავატარებდით გამოკითხვას: ხართ თუ არა თანახმა, მიხეილ სააკაშვილი გახდეს ჩინეთის იმპერატორი? პირველი რეაქცია ასეთი იქნება: კი ბატონო, გახდეს, მაგრამ ეს ხომ სიგიჟეა! ანუ ნაწილობრივ თანახმა ხარ, არა? - ჩაგეკითხებოდნენ გამოკითხვის ჯგუფის წევრები. თუ მთლად “დესტრუქციული” ოპოზიციონერი არა ხარ,  იტყვი, რომ  ნაწილობრივ თანახმა ხარ.

შემდეგ, სხვადასხვასაათიან "კურიერებსა" და "ქრონიკებში" გვამცნობდნენ: - მოსახლეობის 38% ნაწილობრივ მხარს უჭერს, რომ სააკაშვილი ჩინეთის იმპერატორი გახდეს!

თავისუფალი ტელევიზიების პირობებში პრეზიდენტის პრესსპიკერი მანანა მანჯგალაძე ტელეპათიის უნარს დაკარგავდა, ანუ, როდესაც მას ბრიფინგზე ტელეჟურნალისტები კითხვას დაუსვამდნენ, მზა პასუხებს თავის ფურცელში ვეღარ წაიკითხავდა.

სააკაშვილთან ერთად, ძალიან ბევრ კითხვაზე პასუხის გაცემა თბილისის მერ გიგი უგულავასაც მოუწევდა. ერთია, როდესაც დაკვეთილ სიუჟეტებში პოზიორობ წინასწარ დაზეპირებული ტექსტით და მეორეა, როდესაც პირდაპირ ეთერში შეგეკითხებიან: - ბატონო გიგი, თქვენ და თქვენი შეფი თბილისელებზე ექსპერიმენტს ატარებთ, თუ ეს მორიგი გენიალური მიგნებაა? რას გულისხმობთო, რომ იკითხავდა, ვუპასუხებდით:

- ახალ წესს, ჩემო ბატონო, რომლის მიხედვითაც, თუ ნაგვის გადასახადის გადახდას ერთი დღით დააგვიანებს მოქალაქე, მას ავტომატურად შეუწყდება ელექტროენერგიისა და გაზის მიწოდება. ნეტავ, რას გვეტყოდა? არ ვიცი!

აღარ გავაგრძელებთ, არ გვინდა, ხელისუფლების შიშს თვალები გავუფართოოთ, თუმცა, თუ იქ ერთი-ორი პატრიოტი მაინც არის, ისინი მიხვდებიან: დღეს ტელემედია მოერგო ხელისუფლების მიერ შექმნილ ვირტუალურ რეალობას, მაგრამ თუკი ხელისუფლება ანგარიშს გაუწევს თავისუფალი მედიის მიერ ასახულ სინამდვილეს, შესაძლოა, მართლაც გვეშველოს რამე.

გიორგი კვიტაშვილი