"სამარცხვინო მონა ხარ, ქალბატონო თინა" - როგორ მიმართა დიანა ღურწკაიასა და თინა კანდელაკს "პალიტრანიუსის" წამყვანმა - კვირის პალიტრა

"სამარცხვინო მონა ხარ, ქალბატონო თინა" - როგორ მიმართა დიანა ღურწკაიასა და თინა კანდელაკს "პალიტრანიუსის" წამყვანმა

"პალიტრანიუსის" გადაცემის NEWSROOM წამყვანმა კოკა კვირკველიამ მონოლოგში, რუსეთში მცხოვრებ ქართველებს თინა კანდელაკსა და დიანა ღურწკაიას მიმართა, რომლებმაც გაბუნიას სკანდალური განცხადების შეფასება საჯაროდ გააკეთეს და პუტინს დაუჭირეს მხარი.

გიორგი გაბუნიას განცხადებებს რუსეთში მოღვაწე ჟურნალისტი თინა კანდელაკი ასე გამოეხმაურა:

"ერთ-ერთი გადაცემის წამყვანმა ბინძურად, ქუჩურად გალანძღა ჩემი ქვეყნის პრეზიდენტი - ისე, როგორც აკეთებენ ტვინგაყინული რადიკალები, რომლებიც საქართველოში ყველაზე სასტიკი დანაშაულების უკან დგანან.

მივიჩნევ, რომ ჩვენს პრეზიდენტს არა მხოლოდ "რუსთავი 2"-მა უნდა მოუხადოს ბოდიში, არამედ - საქართველოს ხელისუფლებამაც. არ მგონია, ვლადიმერ პუტინს ბოდიშები სჭირდებოდეს, თუმცა ეს ერთადერთი საშუალებაა, სახის "ნარჩენები" შეინარჩუნოს ქვეყანამ, სადაც ასეთი გადაცემა გადის ეთერში.

უკვე 10 წელია, ვამბობ, რომ მიხეილ სააკაშვილი დამნაშავე და გარეწარია. მისი ადგილი არა ცივილიზებულ საზოგადოებაში, არამედ ციხეშია - იმის გამო, რაც საქართველოს და ქართველ ხალხს გაუკეთა. მისნაირი ადამიანები, რომლებიც სისხლისმღვრელი ომების მიზეზი ხდებიან, უკან მხოლოდ ნანგრევებს ტოვებენ. მას მთელი ქართველი ხალხის სახელით ჯოჯოხეთის ცეცხლში დაწვას ვუსურვებ," - დაწერა კანდელაკმა "ტელეგრამზე".

დიანა ღურწკაიას განცხადებით კი, საქართველოს ხელისუფლებამ ოფიციალურ დონეზე ბოდიში უნდა მოიხადოს: "ეს ძალიან სამარცხვინოა... მსგავსი გამონათქვამები ნებისმიერი ადამიანის მისამართით ტელევიზიაში უბრალოდ დაუშვებელია. სრულიად არ აქვს მნიშვნელობა, ჟურნალისტს ფსიქიკური პრობლემები აქვს თუ ეს შეგნებული პროვოკაციაა სახელის მოსაპოვებლად. მისი [გიორგი გაბუნიას] საქციელი საქართველოს ხელისუფლებამ და სამართალდამცველმა ორგანოებმა უნდა შეაფასონ... ამ შემთხვევაში სტანდარტულად სინანულის გამოხატვა საკმარისი არ იქნება. საქართველოს ხელისუფლებამ ოფიციალურ დონეზე ბოდიში უნდა მოიხადოს“, – აცხადებს დიანა ღურწკაია.

თინა კანდელაკისა და დიანა ღურწკაიას "პალიტრანიუსის" გადაცემის NEWSROOM წამყვანმა მიმართა:

"კანდელაკმა და ღურწკაიამ ტრადიციულად ყველას დაასწრეს. ისე კი, თინა კანდელაკზე პირდაპირ ვიტყვი, ბანძი გაბუნიაც კი არა, ამ შემთხვევაში სამარცხვინო მონა ხარ, ქალბატონო თინა. თქვენ და დიანა ღურწკაია არასოდეს არ ქართველობდით და რაღა ახლა გესირცხვილებათ საქართველო და რაღა ახლა ითხოვთ ბოდიშს მისი ხელისუფლებისგან, ვინც არ უნდა იყოს მის სათავეში?! იყავით თბილად სადაც ხართ და უფრო უცენზუროდაც შემიძლია მოგმართოთ, მაგრამ მე ხომ გაბუნია არ ვარ!"

იხილეთ ვიდეო