გამარჯობა, გურამ! - კვირის პალიტრა

გამარჯობა, გურამ!

მიჭერენ (ძველ ამბავს ვყვები, არ შეგეშინდეთ), შემბოჭეს უკვე კუდელებმა. ხელები გაკავებული მაქვს, თან ზუსტად იმ ტიპებმა გამაკავეს, სანდრო გირგვლიანი რომ მოკლეს ექვსი თვის შემდეგ. ძალიან შეშინებული ვარ, დაბნეული ვიყურები აქეთ-იქით. ამ აურზაურში მაინც ვამჩნევ დონაძეს, რომელიც მითითებებს აძლევს ჟურნალისტებს, საიდან და რა უნდა გადაიღონ.

მახსენდება, რომ სულ ცოტა ხნის წინ მას სტატიაში "დოქსოპულო" ვუწოდე. სახეზე ცინიკური ღიმილის გამოსახვას ვცდილობ და ვესალმები: "გამარჯობა, გურამ". ისიც მიღიმის და ნაზად მპასუხობს:“"გამარჯობა, შალვა" და აგრძელებს თავის საქმეს.

არა, დონაძეს არ დავუჭერივარ. ახლაც არა მაქვს პირადი ანტიპათია ამ ტიპისადმი. ამ ახალციხელმა ყმაწვილმა მოახერხა და საკუთარი სახელის დემონიზაციაც შეძლო. დონაძე უკვე სავაჭრო ნიშანია ტელენაკეთობების ბაზარზე. გურამი ჩალიჩობს იმას, რაც იცის. ხანდახან ოპოზიციას საცვლებს უქექავს. მართალია, მისი "რეალTV" ტენდენციური, მიკერძოებული, უნიჭოა და  ეს ყველაფერი ცხადია და უდავო, მაგრამ ამაზე არ მინდა ბევრი ლაპარაკი. უბრალოდ, ერთ ტენდენციაზე მინდა გესაუბროთ.

ხელისუფლებას ჰყავს ნაციონალური მაუწყებლები. როცა მიშას ვითარება ეძაბება, ეს ტელევიზიები შეთანხმებულ პიარბრძოლას უმართავენ მტერს - ძირითადად, ოპოზიციას, თუმც დიდი ტელევიზიები ეთიკურ ზღვარს არ გადადიან. ალბათ, დასავლეთის ერიდებათ ან იქნებ ოდნავ ნამუსიანი ჟურნალისტები ჰყავთ. არ ვიცი, ამის გარკვევა არ არის ჩემი ამოცანა. სწორედ ამიტომ ხელისუფლებას სჭირდება ისეთი, თუნდაც არარეიტინგული, პატარა ტელევიზიუკა, საიდანაც გაავრცელებს ჭორებს, მოაწყობს ვიდეოპროვოკაციებს და ა.შ. გათვლა სწორი და ზუსტია. მიუხედავად იმისა, რომ ყველასათვის ცხადია, ვისია "რეალTV", მისი შხამის ერთი წვეთი მაინც ეფექტურად მოქმედებს.

აგერ, ვიღაც ტიპებს აჩერებენ ქუჩაში და ეკითხებიან, ღორს რომელი პოლიტიკოსი  გაგონებსო. ასეთი რესპონდენტი უამრავია, ხუთასი მილიონი პასუხი შეიძლება მიიღო. მერე მონტაჟი და მისი ჯანი და აჰა, გამოცხვა აზრი იმის თაობაზე, რომ ღორს ჰგავს რომელიმე ოპოზიციონერი. შემდეგ ეს საოცარი "სოციოლოგიური გამოკითხვა" მთავრდება და იწყება მულტფილმი, რომელშიც მიშა სააკაშვილი ლომია, გიგი უგულავა - ფუტკარი, ოპოზიციონერები კი - აფთრები, ვირები და კურდღლები, მაგრამ ყველაზე ცინიკური ის არის, რომ ამ ნახელავში ხალხი ჭიანჭველებად ჰყავთ გამოყვანილი.

ცხადია, ასეთი უხეში ბალაგანური პროპაგანდა ტენდენციურია, ყველა ხვდება, რომ ტელედივერსიას უყურებს, მაგრამ საქმე მაინც კეთდება, ინფორმაციული ბაცილა გამოფრენილია  და ვირუსი ვრცელდება. თუმცა აქ არის ერთი "მაგრამ" - ბაცილის გამავრცელებელი ეს აგრეგატი საჭირო მხოლოდ მაშინ არის, როცა კონკრეტული სამიზნე გყავს, როცა რაღაც ხდება პოლიტიკურ სივრცეში.

ხოლო თუ იქ სრული შტილია, "რეალTV", დონაძე და მისი გუნდი უსარგებლო რამ გახლავთ. შესაბამისად, როცა პოლიტიკური პროცესი  მიკნავლებულია, "რეალTV" იძულებულია სალაღობო გადაცემები გააკეთოს ნადირობაზე ან მისთანა ნეიტრალურ თემებზე. შეიძლება ითქვას, რომ თუ შტილი გაგრძელდა, "რეალTV"-ის არსებობა გაუმართლებელი გახდება? თუ "მაესტრო" ასეთივე ურეიტინგო იქნება, როგორიც ახლაა, "რეალTV"-ის აღარ მისცემენ ფულს? ალბათ, ასეა.

"რეალTV" ხომ "მაესტროს" საპირწონედ შექმნეს? ამ არხით ნათლად გამოჩნდა ხელისუფლების დამოკიდებულება ოპოტელევიზიებისადმი. ნათელია, რომ ხელისუფლება ზუსტად ისე აღიქვამს "კავკასიასა" და "მაესტროს", როგორიც "რეალTV" გახლავთ.

დონაძის კანტორა ხსენებული ტელეკომპანიებისათვის დაბრუნებული ხურდაა. ამიტომ, ბუნებრივია, როცა არ გირტყამენ, ხურდასაც ვერავის უბრუნებ. ამიტომ შეიძლება მალე მომსწრენი გავხდეთ სამთავრობო ტელევიზიების მასობრივი სეკვესტრირებისა (მათზე ხომ დიდი ფული იხარჯება). "მზეს" ასეთი რამ დამართეს უკვე. იმედი ვიქონიოთ, რომ დონაძეც არ დარჩება უმუშევარი. მისი ნიჭი ყოველთვის იქნება ამათთვის საჭირო.

შალვა რამიშვილი