"ლარის კურსი გარბის მხოლოდ ერთი მიზეზით..." - კვირის პალიტრა

"ლარის კურსი გარბის მხოლოდ ერთი მიზეზით..."

კომერციულ ბანკებში ერთი აშშ დოლარის ღირებულება 2.97 ლარს აჭარბებს. ლარის კურსთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" უფროსი ანალიტიკოსი ბესო ნამჩავაძე.

"ლარის კურსი გარბის მხოლოდ ერთი მიზეზით: რუსეთისგან მოსალოდნელმა სანქციებმა გამოიწვია პანიკა - რუსეთიდან დოლარები რომ აღარ შემოვა, ლარი გაუფასურდება და ჯობია დღესვე ვიყიდო. თუმცა, ვინც ეხლა გარბის და 2.95-ად ყიდულობს, ნუ იქნება დარწმუნებული, რომ ახლო მომავალში უფრო იაფად ვერ იყიდდა.

ლარის კურსი არ არის დამოკიდებული მხოლოდ რუსეთიდან შემოსულ დოლარზე, ყველა ქვეყნიდან ჯამურად შემოსულ დოლარზეა დამოკიდებული. ასევე, ქვეყნიდან გასულ დოლარზე არანაკლებადაა დამოკიდებული, მეტად თუ არა.

შესაბამისად, რუსეთიდან მოსალოდნელ დანაკლისს თუ გადაფარავს სხვა ქვეყნიდან დოლარის შემოსვლის ზრდა (თუნდაც სესხების), ეს დანაკლისი დაბალანსდება. ამასთან, ლარის კურსის დაცემა შეამცირებს იმპორტს, ანუ ქვეყნიდან დოლარის გასვლას. ამიტომ, ეხლა მთავრობის დუმილი კი არა, საჭიროა აქტიური ქმედება და საუბარიც, რას აპირებენ," - წერს ნამჩავაძე "ფეისბუკში". (წყარო)