"იქ უფრო რთულადაა რძალ-დედამთილობის საკითხი, ვიდრე ჩვენთან..." - ინდოელების ქართველი რძალი - კვირის პალიტრა

"იქ უფრო რთულადაა რძალ-დედამთილობის საკითხი, ვიდრე ჩვენთან..." - ინდოელების ქართველი რძალი

"როცა ინდოელი ინდოელზე თხოვდება, მაშინ აუცილებელია ტრადიციების დაცვა, მე კი, როგორც სხვა რელიგიისა და კულტურის წარმომადგენელს, პატივი მცეს"

35 წლის ქეთევან ზაალიშვილი ყვარელში, სოფელ ახალსოფელში ცხოვრობს თავის პატარა გოგონასთან, ეველინთან ერთად. მისი მეუღლე რამანდიპ ჯავანდა ინდოელია. როგორც ქეთევანმა მითხრა, ქართველები მას უბრალოდ რომას ეძახიან. ერთმანეთი თბილისში გაიცნეს და რამდენიმეწლიანი ურთიერთობის შემდეგ დაქორწინებაც გადაწყვიტეს.

- პროფესიით კავკასიოლოგი ვარ. კავკასიურ ენებს ვსწავლობდი, მათ შორის, აფხაზურსაც, მაგრამ სამწუხაროდ, მათთან კომუნიკაციის დამყარების შესაძლებლობა არასდროს მქონია. ახალსოფელში დავიბადე და გავიზარდე. ბებიაჩემი ყაზახეთიდან იყო, წარმოშობით რუსი. საინტერესოა მისი საქართველოში ჩამოსვლის ამბავი. თურმე გველმა უკბინა ფეხზე, 19 წლის ყოფილა მაშინ და იქაურ ექიმებს უთქვამთ, ფეხი უნდა მოგკვეთოთო. ამას სიკვდილი მერჩივნაო, - ბებიამ. ვიღაცას სოხუმში მიუსწავლებია კარგი ექიმი, იქიდან თბილისში ჩასულა და ერთ-ერთ საავადმყოფოში შემთხვევით გაცნობილ პაციენტს უთქვამს, რომ მისმა ცოლმა იცის გველის ნაკბენზე მკურნალობა. ეს კაცი ახალსოფლიდან ყოფილა. ამაზეა ნათქვამი, სადაც არის ბედი შენი, იქ მიგიყვანს ფეხი შენიო. ეს ხდება იმ პერიოდში, ჯერ კიდევ ცხენებით რომ გადაადგილდებოდნენ. ბებია იხსენებდა, ძალიან მეშინოდა უცხო ქვეყანაში, ენაც არ ვიცოდიო. მოკლედ, ჩამოსულა ამ სოფელში, უნახავს ეს ქალი, რომელსაც ბალახების ნახარშით უმკურნალია. მეორე დღეს ჩიტივით ვიყავიო, იხსენებდა ხოლმე. მოსწონებია სოფელი, თბილი და კეთილი ხალხით დასახლებული და საცხოვრებლად დარჩენილა, ღვინის ქარხანაში დაუწყია მუშაობა. იქ უნახავს პაპაჩემი, რომელიც თურმე თელავიდან აგრონომად იყო გამოგზავნილი. ახალგაზრდები იყვნენ, მოეწონათ ერთმანეთი და დაოჯახდნენ. 5 შვილი შეეძინათ. ბებიამ 50 წელი იცხოვრა საქართველოში, ქართულიც კარგად ისწავლა. ის 2002 წელს გარდაიცვალა. ყოველთვის რუსულად გვესაუბრებოდა შვილიშვილებს და ამის გამო ყველამ კარგად ვიცით ეს ენა.

- ახლა შენზე მომიყევი, სად გაიცანი ინდოელი რამანდიპი? - 2009 წელს თბილისში გავიცანით ერთმანეთი. ბიძასთან ერთად იყო ჩამოსული საქართველოში. ჯართის ბიზნესი ჰქონდათ და რაკი ინგლისური ვიცოდი, სამსახურში ამიყვანეს, აქედან დაიწყო ჩვენი ამბავი.

- ინდოეთში ალბათ, ნამყოფი ხარ... - უკვე ოთხჯერ ვიყავი. პირველად რომ წავედი, წელიწად-ნახევარი დავრჩი. ჩემი მეუღლე ჩრდილოეთ ინდოეთიდან გახლავთ, პენჯაბის შტატიდან, რელიგიით სიქჰია. ყველაზე მეტად კლიმატმა გამაკვირვა, ნოემბრის დასაწყისში საშინელი სიცხე იყო, ჰაერი გაჟღენთილი გახლდათ კვამლითა და გამონაბოლქვით. ქუჩებში რომელი სოციალური ფენის ადამიანს აღარ ნახავდით, იქვე ეძინათ, ძროხები დადიოდნენ ქუჩებში, უსაშველო საცობები იყო... როგორც იცით, ინდოეთი უზარმაზარია - მოსახლეობის რიცხოვნობით მეორე ქვეყანაა მსოფლიოში, ფართობის სიდიდის მხრივ კი - მეშვიდე. 2 მილიარდს აღწევს მოსახლეობა და ძნელია ამხელა ქვეყნის მართვა. მიუხედავად იმისა, რომ მდიდარი სახელმწიფოა, სიღარიბის დონე მაღალია.

- ინდოეთში ღირსშესანიშნაობებიდან შენზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება რამ მოახდინა? - აგრაში ტაჯ მაჰალი ვნახე, საოცარი იყო; რაჯასტანის შტატში ვნახე ვარდისფერი ქალაქი ჯაიპური, მოვინახულე აჯმერი თავისი ისტორიული ადგილებით. როგორც გითხარით, პენჯაბის შტატში ვცხოვრობთ და სიქჰების მთავარ ტაძარში - ოქროს ტაძარში ყოველთვის მივდივართ. ეს ტაძარი ქალაქ ამრიცარში, პაკისტანის საზღვართან მდებარეობს. შარშან ვიყავი ქალაქ კალკუტაში და ვნახე დედოფალ ვიქტორიას სასახლე, სადაც ის ცხოვრობდა, როდესაც ინდოეთი ინგლისის კოლონია იყო.

- ინდური საზოგადოებისთვის დამახასიათებელი ინსტიტუტია კასტობრივი სისტემა, ანუ მოსახლეობის ჯგუფების მიხედვით დაყოფა.

- დიახ, კასტებად იყოფიან წარმომავლობისა და მატერიალური მდგომარეობის მიხედვით. აქვთ ტრადიციები, რომლებსაც მკაცრად იცავენ. მაგალითად, ერთი კასტის წევრებმა არ უნდა იქორწინონ სხვა კასტის წევრებზე. ნაკლებად მკაცრი აკრძალვები ეხება საჭმლის მიღებასაც, ზოგიერთი კასტისთვის ზუსტადაა დადგენილი საქმიანობის სახე. კასტის წევრი დაბადებიდან მთელი სიცოცხლის მანძილზე ამ მოცემულ კასტას ეკუთვნის, თუ რომელიმე კანონის დარღვევისთვის არ მოკვეთეს. ერთი კასტიდან მეორეში გადასვლაც აკრძალულია. იქ არავინ გაიძულებს ატარო ინდური სამოსი, თუ ღრმად ტრადიციული არ ხარ, მაგრამ არიან ოჯახები, სადაც კვების მენიუც კი მკაცრად აქვთ განსაზღვრული. მაგალითად, მონათლულ სიქჰს არა აქვს უფლება ჭამოს ხორცეული, ზოგი კვერცხსაც არ ჭამს. შეიძლება ოჯახის რომელიმე წევრი ჭამს, მაგრამ სახლში მომზადება არ შეიძლება, გარეთ უნდა მიირთვან. სასმელსა და სიგარეტზე აღარაფერს ვამბობ, ჩემი ქმარი 35 წლის კაცია და როცა ეწეოდა, არასდროს დედამისის თვალწინ არ აიღებდა სიგარეტს.

- შენი მეუღლე რომელ კასტას განეკუთვნება? - ჩემი ქმარი ეკუთვნის უმაღლეს კასტას. ჯატების კასტას ეძახიან, მაჰარაჯების შთამომავლები არიან.

- მისი ოჯახის წევრებმა როგორ მიგიღეს ან შენებმა რა გითხრეს, როდესაც თქვენი გადაწყვეტილების შესახებ გაიგეს? - დედას ჰქონდა პროტესტი, მაგრამ ძალიანაც არ შემწინააღმდეგებია. ისეთი პატარაც არ ვიყავი, გადაწყვეტილება ვერ მიმეღო. რამანდიპი მშვიდი ადამიანია, პატივს სცემს ჩემებს. დედაშენი იგივე დედაჩემიაო, - ასე მითხრა. ინდოეთში დედის კულტია, თუმცა იქ უფრო რთულადაა რძალ-დედამთილობის საკითხი, ვიდრე ჩვენთან (იცინის). მე გამიმართლა, რადგან კარგად მიმიღეს. საერთოდ, უყვართ უცხოელები. როცა ჩავდივარ, მთელ სანათესავოს უხარია.

- ინდური ტრადიციული სამოსი, სარი თუ გეცვა? ან თუ გაერკვიე, რომელი ფერის სარი რას აღნიშნავს? - სარს ინდოელი ქალები დღესაც აქტიურად იყენებენ. მის ფერს განსხვავებული დატვირთვა აქვს - თეთრი ინდოეთში სადა ფერადაა მიჩნეული, ამიტომაც მას გლოვის ნიშნად იცვამენ; ლურჯ სარს დაბალი ფენის წარმომადგენელი ქალები ატარებენ, ქორწილში წითელს იცვამენ, რადგან წითელი ბარაქის ფერია, ხოლო ქალი, რომელმაც შვილი გააჩინა, ვალდებულია ერთი კვირა ყვითელი სარით შეიმოსოს. შავი ფერის სარს ინდოელი ქალები იშვიათად იყენებენ, რადგან შავს არასასურველ ფერად მიიჩნევენ. მე სალვარ კამიზი მაჩუქეს - ასე ჰქვია ფართოტოტიან შარვალს გრძელი მოსაცმელით. რამდენჯერმე მეცვა, მაგრამ არაკომფორტული იყო ჩემთვის და აღარავის დაუძალებია. როცა ინდოელი ინდოელზე თხოვდება, მაშინ აუცილებელია ტრადიციების დაცვა, მე კი, როგორც სხვა რელიგიისა და კულტურის წარმომადგენელს, პატივი მცეს.

- ქართული ტრადიციები თუ მოსწონს? - არის რაღაცები, რაც არ მოსწონს. მაგალითად, უზომოდ სმა, მაგრამ პატივს სცემს ჩვენს ტრადიციებს. ქართული ცუდად იცის, რადგან ძირითადად ინგლისურად ვსაუბრობთ.

- რას საქმიანობს საქართველოში? - პროფესიით პროგრამისტია, ერევანში სწავლობდა 6 წელი, მაგრამ ამჟამად ამერიკაში ცხოვრობს და მუშაობს - გადამზიდ კომპანიასთან აქვს დადებული ხელშეკრულება, ტრაილერის მძღოლია. მე და ეველინიც, როგორც კი საბუთების მომზადებას შევძლებთ, ამერიკაში გავემგზავრებით.

ნინო ჯავახიშვილი ჟურნალი "გზა"