"დღეს სიყვარული მაბედნიერებს, მაშინ ვიტანჯებოდი" - კვირის პალიტრა

"დღეს სიყვარული მაბედნიერებს, მაშინ ვიტანჯებოდი"

სულ 10 დღეა, რაც ნუცა შანშიაშვილი თბილისში იმყოფება, მაგრამ უამრავი საქმის გაკეთება უკვე მოასწრო. როგორ გახდა თაღლითი პატარძალი, რის ეშინია ყველაზე მეტად, რომელ დღეს ამოშლიდა საკუთარი მეხსიერებიდან და ვინ ცდილობდა მასში წინათგრძნობის უნარი ჩაეხშო? - ამ ყველაფერს მის მიერ დასრულებული წინადადებებიდან შეიტყობთ.

გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან, რომელიც ჟურნალში "გზა" დაიბეჭდა:

"ჩემს წარმატებაში ყველაზე დიდი წვლილი მიუძღვის ჩემს რწმენას ღმერთის მიმართ. ეს ენერგია და ძალა, რომელსაც მე სიყვარულს ვუწოდებ, არის ღმერთი. ამოუცნობია, ის მატარებს მთელი ცხოვრება და ყოველთვის ჩემს გულში ვგრძნობ. მასთან უხილავი, უწყვეტი კავშირი მაქვს. ყველა პრობლემა ზემოდან მოდის და ვესაუბრები, რომ მოგვარებაში დამეხმაროს. შესაძლოა, ეს ვიღაცისთვის სიგიჟეა..."

"პოლიტიკოსებმა უნდა მიიკეტონ თავიანთი კარები, საქმეები ერთმანეთში ჩვენს გარეშე არკვიონ, მოქალაქეებს თავი დაგვანებონ. მთელ მსოფლიოს მოვუწოდებ, ჩამოვიდნენ საქართველოში და ისიამოვნონ. ამ ქვეყანაში საოცარი ენერგიის აღება შეიძლება. ამ სამოთხეზე ყველგან ვლაპარაკობ, სადაც კი ხმა მიმიწვდება. ვინც აქ ერთხელ მაინც ჩამოსულა, უთქვამთ, სად არ ვიყავით და თვალწინ სულ თბილისი და საქართველო გვიდგასო. მაგალითად, ფლორიდაში სულ ქვიშაა, იმ ადგილის გასაკეთილშობილებლად მილიარდებია დახარჯული და იქ რომ ხარ, სწორედ ამ მილიარდების კომფორტს გრძნობ. ჩვენ ღმერთმა სამოთხე ბუნებრივად მოგვცა..."

"მიუხედავად იმისა რომ მყავს არაჩვეულებრივი შვილი, ქმარი, რომელსაც ძალიან ვუყვარვარ, ტვინით, აზროვნებით მგონია, რომ მამაკაცი ვარ, ქალის სხეულში. ქალი უნდა იყოს ნაზი, ფაფუკი ფისოსავით, სულ სახლში. ქალი არის ბედნიერი, როცა მისი "ხელოვნება" არის სახლი. ჩემი "ხელოვნება" არის ქუჩა, მოგზაურობა, თამაში, ხატვა... მე თავიდან ბოლომდე შემდგარი პიროვნება ვარ, მაგრამ როგორც ქალი - შეუმდგარი..."

"პატარაობიდანვე ამ გრძნობის მეშინოდა. მაშინ ალბათ ბევრ რამეს ვერც ვაცნობიერებდი. დღეს სიყვარული მაბედნიერებს, მაშინ ვიტანჯებოდი. მთელი ცხოვრება მიყვარდა და არ ვიცოდი, რომ ეს გრძნობა ხელოვნებაში უნდა გადამეტანა. რადგან არ ვიცოდი, რა გამეკეთებინა, დამთრგუნველიც კი იყო..."

სტატიას სრულად ჟურნალ "გზის" 11 ივლისის ნომერში წაიკითხავთ.

იხილეთ ასევე: "მიმატოვეს და გამწარებულმა, 5 დოლარით ჯიბეში, დავტოვე საქართველო"

ფოტო აღებულია ნუცა შანშიაშვილის "ფეისბუკ-გვერდიდან"

თამუნა კვინიკაძე