"მწერდნენ, მამაშენმა უდანაშაულო ხალხი დახოცაო, უდანაშაულო კი არა, ის ხალხიც არ მოუკლავს, ვინც ტყვიები დაუშინა!" - თენგიზ კიტოვანის ქალიშვილის გულახდილი ინტერვიუ
"მწერდნენ, მამაშენმა უდანაშაულო ხალხი დახოცაო, უდანაშაულო კი არა, ის ხალხიც არ მოუკლავს, ვინც ტყვიები დაუშინა!" - თენგიზ კიტოვანის ქალიშვილის გულახდილი ინტერვიუ
ფოტო:ნათია და თენგიზ კიტოვანები
"გთხოვთ, ნურავინ წამეჩხუბებით მამის სიყვარულის გამო..."

არც ისე დიდი ხნის წინ შვილმა სოციალური ქსელით მამას დაბადების დღე მიულოცა. ამაში არც არაფერია გასაკვირი, თუმცა ამ მილოცვამ სოციალურ სივრცეში რეზონანსი გამოიწვია. ვირტუალური "ხმაურის" საფუძველი მხოლოდ ის გახლდათ, რომ მილოცვის ადრესატი თენგიზ კიტოვანი იყო... ნათია კიტოვანი ახლა სამშობლოდან მოშორებით, რუსეთში ცხოვრობს მეუღლესთან ერთად.

- ქალბატონო ნათია, როგორი ბავშვობა გქონდათ?
- დავიბადე თბილისში. სამი დედმამიშვილი ვართ. ბავშვობა მქონდა მზიანი და თბილი, მიუხედავად იმისა, რომ
ჩემი პატარაობისას დაიჭირეს მამა ავტოავარიის გამო, რომელსაც ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. თენგიზი მაშინ ცხრა წელი იყო ჩამოცილებული ოჯახს.
მამა ამბობდა, რომ ეს ავტოსაგზაო შემთხვევა "
დაუგეგმეს"... მე ოჯახის უმცროსი შვილი ვარ და ჩემთვის დედა იყო მზეც და სითბოც. საოცარი დედა მყავს. მაშინ ის 21 წლის გახლდათ და მის ასაკსაც კი სიხალისე შემოჰქონდა ჩვენი ოჯახის ცხოვრებაში...

- როგორი მოსწავლე იყავით?
- პირველ სკოლაში ვსწავლობდი. სიმართლე გითხრათ, არასდროს გამოვირჩეოდი სიბეჯითით. მიყვარდა და კარგად ვსწავლობდი ქართულს, რუსულსა და ინგლისურს, დანარჩენ საგნებს - ნაკლებად.

- როცა თენგიზი გათავისუფლდა პატიმრობიდან, როგორ გაგრძელდა ოჯახის ცხოვრება?
- მამა რომ დაბრუნდა, ოჯახი გაძლიერდა. არასდროს გვქონია ბევრი, მაგრამ მამას დაბრუნებამ სული მოგვათქმევინა. ფერადი მინის წარმოება დაიწყო თენგიზმა და ბაბუა ამაში ხელს უწყობდა. როგორც ხელოვანს, უნდოდა, რომ მხოლოდ ფერადი მინა კი არა, მხატვრული ელემენტებით გაჯერებული მინის წარმოებაც დაწყებულიყო. ამაზე კომპანიონები არ დაეთანხმნენ და კონფლიქტი დაიწყო. მამამ წარმოება მიატოვა, თუმცა მოწინააღმდეგეები ამას არ დასჯერდნენ - შვიდი ტყვია ესროლეს, ორი თავშიც კი მოხვდა, მაგრამ გადარჩა...

- ბაბუა ახსენეთ, მამას ხელი შეუწყოო. მას ჰქონდა კარგი მატერიალური მდგომარეობა?
- ბაბუა სულ შრომობდა, გამოსდიოდა კიდეც საქმე. მაშინ საქმის მკეთებლებს არ სწყალობდნენ მაინცდამაინც და დაიჭირეს. რუსეთში იყო ციხეში, მაგრამ იქიდან გამოქცეულა და სამოქალაქო პირობებში არალეგალურად ცხოვრობდა... იქვე გაჩნდა მამაჩემის ნახევარდა, რომელიც ახლაც რუსეთში ცხოვრობს. მერე, როცა ლეგალური ცხოვრების უფლება მოიპოვა, ისევ შეუდგა საქმიანობას და ფულიც დააგროვა, თუმცა მამამ თანხა გამოართვა და ეროვნული გვარდიის შექმნას მოახმარა...

- ანუ გქონდათ არასტაბილური ფინანსური მდგომარეობა. პირადად თქვენ რას იტყვით, დალხენილად იცხოვრეთ?
- არასდროს მქონია ქონება. მუდამ ნაქირავებში ვცხოვრობდი, ტანსაცმელსაც კი მეგობრები და ახლობლები მაძლევდნენ. ახლაც ასეა, არ გაგიკვირდეთ. უქონლობის და ქირით ცხოვრების მიუხედავად, ყოველთვის ბედნიერი ვიყავი, რადგან მყავს მოსიყვარულე მშობლები, დები, მეუღლე, შვილები, სიძეები და სამი შვილიშვილი. ახლაც რუსეთში მხოლოდ იმის გამო ვცხოვრობ, რომ ქირით ყოფნას ასე მირჩევნია. ეს "იზბუშკა" მამაჩემისაა იმ დროიდან, როცა რუსეთში იძულებით იცხოვრა 18 წელი. ახლაც ზუსტად ისეა, როგორც მამას დროს.
ილია მეორე, ედუარდ შევარდნაძე, თენგიზ კიტოვანი
მოსკოვიდან 70 კილომეტრითაა დაცილებული ეს ქოხი. ტრასიდან ორი კილომეტრი უნდა იარო, "იზბუშკამდე" რომ მოხვიდე. მაშინაც და ახლაც, ჭის წყლით ვარსებობთ, ვთბებით შეშის ღუმლით, ზამთარში უახლოესი მეზობელი 15 კილომეტრის იქითაა... აქ მხოლოდ ზაფხულობით მოდიან აგარაკებზე...

- გამოდის, რომ წლის უმეტეს ნაწილს ადამიანების გარემოცვის გარეშე ატარებთ...
- ასეა. მაგრამ მთავარი ისაა, რომ მყავს ნამდვილი მოსიყვარულე მეუღლე, მაქვს ჩემი საქმე - ვხატავ, ვუყურებ მუდმივად მართლმადიდებლურ ტელეარხს და ვგრძნობ, რომ ვარ ბედნიერი. ვცხოვრობ ქრისტიანულად იმდენად, როგორც შემიძლია. მეგობრები და ნათესავები ხელს მიწყობენ ისევე, როგორც თავის დროზე მამაჩემს. მამას მეგობრები აწვდიდნენ იმდენ ფულს, რომ ჰყოფნიდა კვებასა და შეშის საყიდლად. ხანდახან მაინც მიკვირს, როგორ იცხოვრა მამამ აქ 18 წელი, როცა მას რუსული პენსიაც კი არ ჰქონდა!

- თბილისური ცხოვრების პირველი პერიოდიდან კიდევ რას გაიხსენებთ?
- საოცრად სტუმართმოყვარე ოჯახი გვქონდა. კარს არც ვკეტავდით... ჩვენს ოჯახში დაფუძნდა "ტრადიციონალისტთა კავშირი". ზვიად გამსახურდიამ კარგად იცოდა მამას თვისებები და შესაძლებლობები, ამიტომაც დანიშნა თავდაცვის პირველ მინისტრად... ზვიადი და თენგიზი სკოლიდან იცნობდნენ ერთმანეთს. იცოდა ზვიადმა, რომ მამას ხელი არ წასცდებოდა სახელმწიფოს ფულზე. მამა სულ ამბობდა, როგორ შეიძლება სამშობლოს ჯიბეში ხელი ჩაუყოო...

- ქართული ჯარის შექმნის შესახებ რას გვეტყვით?
- გვინდა თუ არა, ეს რეალობაა: მამამ შექმნა პირველი ქართული ჯარი 70-წლიანი წყვეტის შემდეგ. 16 ათასი კაცის შეიარაღება იოლი არ იყო. თენგიზმა სახლიდან გაიტანა ყველაფერი, რისი გატანაც შეიძლებოდა, ზემოთაც ვთქვი, რომ ბაბუას საკმაოდ კარგი მატერიალური მდგომარეობა ჰქონდა. სამეგობროსაც სთხოვა და ჯარი შემოსა. სწორედ ასე წარუდგინა ზვიად გამსახურდიას, საქართველოს პირველ პრეზიდენტს ქართული ჯარის აღლუმი...

- თუმცა, პირველი სერიოზული უთანხმოება ზვიადსა და თენგიზს შორის მალევე დაიწყო...
- დიახ, ზვიადმა ეროვნული გვარდია მილიციად გამოაცხადა. მამამ ეს ვერ აიტანა და თუ ვინმე დამარწმუნებს ახლაც იმაში, რომ დამოუკიდებელი სახელმწიფო ჯარის გარეშე შეიძლება არსებობდეს, უკან დავიხევ! ჯარის გარეშე ყოფნა სახელმწიფოს გაქრობის ტოლფასია...

- ახლახან თენგიზს დაბადების დღე მიულოცეთ. ელოდებოდით ამდენ აგრესიას?
- მე იმ კაცს მივულოცე დაბადების დღე, რომელიც მიყვარს. მამაშენმა უდანაშაულო ხალხი დახოცაო, - მწერდნენ. მამას უდანაშაულო კი არა, ის ხალხიც არ მოუკლავს, ვინც ტყვიები დაუშინა! თავდაცვის მინისტრი იყო კაცი და შეეძლო, შური ეძია, მაგრამ მამა არ არის ის ადამიანი, რომელიც ხალხს ტყვიას მიუშვერდა!

- რას იტყვით საქართველოს ხელისუფლებაზე?
- ზვიადი პირველი პრეზიდენტი იყო, მისი ხელმძღვანელობით დაიწყო დამოუკიდებლობა საქართველომ. შევარდნაძე იყო პრეზიდენტი, რომელმაც ევროპისკენ გაჭრა ჩვენი ვექტორი. სააკაშვილმა სიბნელიდან გამოგვიყვანა, ივანიშვილმა დემოკრატიას ხარისხი აუმაღლა ჩვენს სამშობლოში. ეს არის სინამდვილე ისევე, როგორც მამაჩემის მიერ პირველი ქართული ჯარის შექმნა. ბოლოს და ბოლოს, წარსულს უნდა დავანებოთ თავი და მივხედოთ მომავალს თუ გავაგრძელოთ ერთმანეთის მიმართ აგრესია? თუ წარსულს არ დავივიწყებთ, მაშინ ობიექტური გამოძიება ჩატარდეს, სასამართლომ განიხილოს ყველას დანაშაული თუ უდანაშაულობა... მე მინდა შერიგება, სიმშვიდე და განვითარება ჩემს ქვეყანაში, მეტი არაფერი. შეიძლება გადამეტებულად ჩამითვალოთ, მაგრამ ჩემი ოჯახი მუდამ ეროვნული იყო და ასე ვიქნებით ბოლომდე!

- მამაზე მხოლოდ დადებითს ამბობთ. ბუნებრივია, მშობელი ყველასთვის ძვირფასია...
- მამა მართლა ისე ცხოვრობდა მუდამ, როგორც ღმერთს უნდა, რომ ცხოვრობდეს ქრისტიანი ადამიანი. მე ეკლესიური ვარ, მაგრამ ვერასდროს შევძლებ იმას, რაც მამას უკეთებია! მას შეუძლია, უკანასკნელი თეთრები დაუფიქრებლად ამოიღოს ჯიბიდან, გასცეს და არ იდარდოს იმაზე, მომავალ დღეს როგორ შეძლებს თუნდაც ჭამას. ის ახლაც უფლის მოთხოვნების მიხედვით ცხოვრობს! და გთხოვთ, ნურავინ წამეჩხუბებით მამის სიყვარულის გამო...

- ვიცი, რომ მამის კვალს გაჰყევით...
- სამივე დას სამხატვრო აკადემია გვაქვს დამთავრებული. დედაც ხელოვანია, მუსიკოსი, მაგრამ ამ პროფილით არასდროს უმუშავია, რადგან შვილებს გვზრდიდა. ახლაც ერთ ნახატს ვასრულებ და ვფიქრობ, ცუდი არ გამოვა...

- ხშირად ახსენებთ უფალს...
- მორწმუნე ვარ. ღმერთს ყოველდღე ვთხოვ, რომ მცირედიც მეყოს და ადამიანების სიყვარული არ გამინელდეს გულიდან. ადამიანებისა და სამშობლოს სიყვარული ჩემთვის უმთავრესია. მადლობა ღმერთს, რომ ასეთი პატრიარქი გვყავს, ძალიან გონიერი და ეროვნული! მისი აზრი უნდა მოისმინოს ქვეყანამ, უნდა დავუჯეროთ, თორემ რამდენ ხანს გავუძლებთ ამ დაძაბულობას, უკვე აღარ ვიცი...

- თქვენი შვილების შესახებაც გვითხარით ორიოდე სიტყვით...
- შვილები ჩემი სიხარული და იმედია. ორი ქალიშვილი მყავს, უფროსი ფსიქოლოგია და როგორც ამბობენ, საოცრად კარგი სპეციალისტი. უამრავი მადლიერი პაციენტი ჰყავს, მოგეხსენებათ, ამ სტრესულ გარემოში რამდენს ესაჭიროება ფსიქოთერაპია... მას სამი შვილი ჰყავს, მათგან უფროსი 15 წლისაა და თითქმის 2 მეტრია სიმაღლეში. უმცროსი შვილი მარკეტოლოგია და ამბობენ, რომ თავისი საქმე ძალიან კარგად იცის.

- დაბოლოს, რას ეტყვით ქართველ საზოგადოებას?
- ქართველებო, გასული საუკუნის 90-იან წლებს თენგიზს აბრალებთ. მე ზვიადს ვაბრალებ... ჯარისთვის სტატუსი არ უნდა შეეცვალა და უფრო მოქნილი დიპლომატიით ემართა ქვეყანა! ვერც "ზვიადისტებს" გავამართლებ. დამერწმუნეთ, მათ კარგი არაფერი გაუკეთებიათ საქართველოსთვის! უამრავი მაგალითის მოყვანა შემიძლია, მაგრამ ეს უნდა დავასრულოთ ან საყოველთაო შერიგებით, ან სამართლის გზით! მამა და ჩემი ოჯახი ამისთვის მზად არის!

- თქვენ თვლით, რომ ხართ ბედნიერი და მაინც, რა არის თქვენთვის ბედნიერება?
- ფანტასტიკური ხალხია ჩემ გარშემო და მეტი არც არაფერი მინდა, ეს არის ბედნიერება. თუმცა მთავარია, ახლა საქართველო წელში გაიმართოს. ვერ ვიტყვი, რომ აპოლიტიკური ვარ. პირიქით, პოლიტიზებული ვარ, მაგრამ მხოლოდ ჩემი სამშობლოს ინტერესებისთვის!

- როდის აპირებთ საქართველოში დაბრუნებას?
- ჯერ ჩემი საკუთარი ქონება არ მაქვს. ქირით ცხოვრებას ისევ აქ ყოფნა მიჯობს. აქ მაქვს ხატვის შესაძლებლობა და ის პირობები, რომელიც მოსიყვარულე მეუღლესთან ერთად გაგაძლებინებს. ამის მერე ეგებ დაიჯეროს საზოგადოებამ, რომ თენგიზს არც ქვეყანა გაუძარცვავს, არც გამდიდრებულა და არც შვილებისთვის დაუტოვებია სიმდიდრე. 18 მძიმე წელი გაატარა მამამ ამ ქოხში და სამშობლოში დაბრუნებაც ძლივს მოახერხა საბუთების ვადის გასვლის გამო...

როლანდ ხოჯანაშვილი
ჟურნალი "გზა"
...
13 ივლისი 2019 22:24
ძალიან კარგი ადამიანი, რომელიც უყვარდა , მამასავით უყვარდა და დღემდე უყვარს ყოველ მის ჯარისკაცს და არა მარტო მათ...მე მხოლოდ კარგის თქმა შემიძლია
...
12 ივლისი 2019 19:12
Cudi mamis kargi shvilia
ლალი
12 ივლისი 2019 18:35
არც მამამისი მიყვარს და არც ჯაბა! შვილს ვერ დაუშლი მამის სიყვარულს, რანაირიც არ უნდა იყოს...

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეაფასებთ ტაქსების მიმდინარე რეფორმას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ ტაქსების მიმიდინარე რეფორმას?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა