"მე უკვე ჩამომიარეს", ახლა შენი ჯერია?! - კვირის პალიტრა

"მე უკვე ჩამომიარეს", ახლა შენი ჯერია?!

"თქვენს კარზეც აუცილებლად დააკაკუნებენ!" - ამ სათაურით არცთუ დიდი ხანია, ინტერნეტსივრცეში გაჩნდა უამრავი პოსტი, რომლებიც  მოქალაქეებს ამცნობს, რომ ფინანსურ ორგანიზაციებში ყალბი პირადი მონაცემების წარდგენის გამო ოპერმუშაკების სტუმრობას უნდა ელოდოთ.

"თუ ვინმეს ბანკში 500-ლარიანი კრედიტი გაქვთ აღებული  და რომელიმე საბუთი წაიყალბებს, ვთქვათ, მეგობარი დაგეხმარათ და ხელფასის ყალბი ცნობა მოგცათ ან ვინმემ ბეჭედი დაგირტყათ და ა.შ., მოემზადეთ!.. მოაკელით ოჯახს, შვილებს, მშობლებს 5.000 ლარი, რომელიც საპროცესო შეთანხმებისთვის გამოგადგებათ, რომ ციხის კედლების ხეხვა არ მოგიხდეთ. შენიშვნა: ის, რომ ბანკის ვალი პირნათლად გაქვთ დაფარული, არავის აინტერესებს".…

ამგვარი გაფრთხილება გავრცელდა ფორუმ .გე-ზე, რამაც დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. "მე უკვე ჩამომიარეს!" - წერს ერთი ფორუმელი, მეორე კი დასძენს: "ჩემს მეზობელს (ტაქსისტია) ოპერმუშაკებმა ორშაბათს მიუკაკუნეს და  მისი 21 წლის გოგო წაიყვანეს(!). თურმე ამ გოგოს კრედიტის ასაღებად ცნობა დასჭირვებია და დეიდამისმა, რომელიც კერძო კლინიკის მფლობელი იყო, ყალბი ცნობა გასცა, თითქოს  გოგონას 500-ლარიანი სამსახური ჰქონდა.A კრედიტის დაფარვამ მათ მაინც არ უშველა".

ბევრი რომ აღარ გავაგრძელოთ, საქართველოს ვირტუალური სივრცე შიშმა მოიცვა.

ინტერნეტგაფრთხილებას - "თქვენს კარზეც აუცილებლად დააკაკუნებენ!" - მრავლისმთქმელი ქვესათაური ამშვენებს: "ბიუჯეტის შევსების მიზნით".…"ვისაც გაყალბებული აქვს საბუთები, თუ ყველას დაიჭერენ და ციხეში ჩასვამენ, მათ შორის - მეც, გარეთ ვარ და ისე ვერ ვიხდი პროცენტებს, ციხიდან როგორ გადავიხდი?" წერს ერთ-ერთი ფორუმელი. "ყველას თუ დაიჭერენ, ამას  ეფექტი არ ექნება, შიშს ვერ დათესავენ. ამისთვის ადამიანების შერჩევით დაჭერა ზედგამოჭრილია. ვისაც არავინ შეეხება, ბედნიერი იქნება", - ეს ე.წ. პოსტიც "სასოწარკვეთილთა" დასამშვიდებლად გავრცელდა.

აქვს თუ არა აჟიოტაჟს რეალური საფუძველი და რატომ გახდა ეს თემა აქტუალური ახლა, როცა საზოგადოება ოპოზიციის საპროტესტო აქციებს  ელოდება? ამ კითხვით პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის  კომიტეტის წევრს, დიმიტრი ლორთქიფანიძეს მივმართეთ:

კარგად მოგეხსენებათ, რომ ზოგჯერ ამა თუ იმ მოქალაქეს რომელიმე ნივთის, მაგალითად, მობილური ტელეფონის  საყიდლად არ გააჩნდა სრული თანხა და მის შეძენას განვადებით ცდილობდა. ადრე მყიდველს უნდა დაესახელებინა ე.წ. თავდები, ან მიეტანა ცნობა სამსახურიდან. ყალბ ცნობებს უმეტესად შპს-ები გასცემდნენ. იყო შემთხვევები, როცა ამგვარი გარიგებით განვადებით გამოტანილი ტელეფონები მფლობელებმა გაყიდეს, ფინანსური დავალიანება კი არ გადაიხადეს. ასეთი დანაშაული უკვე თაღლითობად კვალიფიცირდება და კონკრეტული პირების სამართლებრივი დევნა დაიწყო სწორედ იმიტომ, რომ მათ თავის დროზე ყალბი დოკუმენტები გამოიყენეს.

სიმართლე გითხრათ, ჩემს არაერთ ახლობელსა და ნაცნობსაც შეექმნა ასეთივე პრობლემა, რადგან ბანკს ყალბი ინფორმაცია მიაწოდეს ანაზღაურების შესახებ ან თავდებად დაუდგნენ სხვას, რომელმაც პირადი მონაცემები გააყალბა, ბანკის ვალის გადახდა კი ვერ შეძლო. შედეგად, იმდენად გაიზარდა  ფინანსური დაწესებულებებისთვის მიყენებული ზარალი, რომ, როგორც ჩანს, ბანკებმა თანხების ამოღება ვეღარ მოახერხეს და სამართალდამცავ ორგანოებს მიმართეს.

დოკუმენტების გაყალბების ფაქტებზე კი, ბუნებრივია, სისხლის სამართლის საქმეები აღიძრა. ხშირად იკვეთება არა მხოლოდ იმ პირის ბრალეულობა, რომელმაც ყალბი ცნობა წარადგინა სამსახურისა და ანაზღაურების შესახებ, არამედ იმ შპს-ებისა და ორგანიზაციების წარმომადგენლებისაც, რომლებმაც ყალბი ცნობები გასცეს.

- უნდა იცავდეს თუ არა ბანკი კლიენტების მონაცემთა კონფიდენციალობას?

- თუ ბანკი დაადგენს, რომ ყალბი დოკუმენტის საფუძველზე გაცემულა კრედიტი, უფლება არა აქვს, არ შეატყობინოს სამართალდამცავ ორგანოებს. შესაძლოა, ფინანსური პოლიცია თავად ადგენდეს, ბანკებმა რა დოკუმენტების საფუძველზე გასცეს კრედიტები. ცხადია, პროკურატურაც და შსს-ც კარგად ხვდებიან, რომ ქვეყანაში არ არსებობს იმდენი სამუშაო ადგილი, მით უმეტეს, მაღალი ანაზღაურებით, რა ინფორმაციასაც კლიენტები ბანკებს აწვდიან. ასე რომ, არ არის გამორიცხული, სამართალდამცავი ორგანოები ამ მარტივი დედუქციის საფუძველზე შედიოდნენ ფინანსურ დაწესებულებებში და ამოწმებდნენ ყველა იმ დოკუმენტს, რომლებიც კრედიტის გაცემის წინა პირობაა.

გია ხუხაშვილი, ეკონომიკის ექსპერტი: - ბანკთან კლიენტის ურთიერთობა კერძო სამართლის საკითხია. როცა კლიენტს ბანკის დავალიანება აქვს, დავა სასამართლო, სააღმსრულებლო გზით უნდა გადაწყდეს და არა - პროკურატურის ჩარევით. თუ ბანკსა და კლიენტს შორის არსებული კონფიდენციალური ურთიერთობის შესახებ მონაცემებს ბანკები სამართალდამცავ ორგანოებს გადასცემენ, ამით თავად დაზარალდებიან. ამ შემთხვევაში Mსაეჭვო ხდება ფინანსური ინსტიტუტების სანდოობა, რაც, ფაქტობრივად, თვითდისკრედიტაციის ტოლფასია. შესაბამისად, ხალხი დანაზოგის დამალვას შეეცდება და ფული  მუთაქებში გადაინაცვლებს.

ხელისუფლებას ერთადერთი მიზანი აქვს: ნებისმიერ წყაროს  ეძებს იმისთვის, რომ ჯიქანგამომშრალი "მეწველი ძროხისგან" კიდევ უფრო მეტი პროდუქტი მიიღოს, ამიტომ კლიენტებსა და ბანკებს შორის დავებს ე.წ. ოპერაციების ჩასატარებლად იყენებს... ის, რომ 2007-2008 წლებში ყოვლად გაუმართლებლად, მხოლოდ პირადობის მოწმობის საფუძველზე გაიცა კრედიტები, ბანკების პრობლემაა. გამოდის, თავიანთივე დაწესებული ნორმებით კლიენტებს ჯერ უბიძგებენ დანაშაულისაკენ და მერე სამართალდამცავი ორგანოების მეშვეობით სთხოვენ პასუხს?! ჩემი აზრით, ამ შემთხვევაში პასუხისმგებლობა ბანკებმა საკუთარ თავზე უნდა აიღონ.

"კვირის პალიტრა" კომენტარისათვის რამდენიმე ბანკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურებს დაუკავშირდა. მათი განცხადებით, ბანკთან კლიენტის ურთიერთობა კონფიდენციალურია, კონკრეტული დანაშაულებრივი შემთხვევები კი ცალკე განხილვის საგანია, რაც მათი კომპეტენციის ფარგლებს სცილდება.