"ვერ დავმშვიდდები, სანამ ეს განძი საქართველოს არ დაუბრუნდება" - კვირის პალიტრა

"ვერ დავმშვიდდები, სანამ ეს განძი საქართველოს არ დაუბრუნდება"

მომავალ კვირაში ჟურნალ "გზასთან" ერთად ლევან სანიკიძის "წიგნი მოწამეთას" მეორე ტომს მიიღებს მკითხველი. ჩვენ კი გთავაზობთ ამონარიდებს ამ წიგნიდან, რომელშიც, როგორც საქართველოს მატერიალური საგანძურის მძიმე ბედი ჩანს, ისე მისი სულიერი საგანძურის - ერისათვის მოწამებრივად მცხოვრებთა და დიდ საქმეთა აღმსრულებელ შვილთა ცხოვრებაც...

...1921 წელი. მენშევიკური მთავრობა გარბის საქართველოდან. გარბის და თან მიაქვს განძი საქართველოსი.

განძი, რომლის შეგროვებასა და გადარჩენაში ამდენი ოფლი, სისხლი და ცრემლი აქვს ჩაქცეული სწორედ ექვთიმე თაყაიშვილს.

და, იგი უნდა გაჰყოლოდა მისივე სიცოცხლის განუყოფელსა და ყველაზე არსებით ნაწილს, და გაჰყვა კიდეც, თავის ერთგულ და თავდადებულ მეუღლესთან, ნინო პოლტორაცკაიასთან ერთად.

დიდის ვაი-ვაგლახით ჩააღწიეს საფრანგეთს განძმა და მეგანძურმა. სულ 39 ყუთი, თვითონ ექვთიმეს მზრუნველი ხელით ჩალაგებული და შეკრული, შესანახად ჩააბარეს მარსელის ბანკს.

ლტოლვილმა ქართველობამ თავის საკოლონიო საცხოვრებლად, სოფელ ლევილში (პარიზიდან 20 კილომეტრზე) მამული შეიძინა და იქ დასახლდა. იქვე ორი მცირე ოთახი ექვთიმემ და ნინომ დაიჭირეს.

ქართული განძი მარსელში აკაკი ჩხენკელის სახელზე იყო გაფორმებული და ამდენად, საქართველოს საუნჯეთა ბედ-იღბალი ისევ ემიგრირებული მენშევიკური მთავრობის ხელში იყო. საქართველოში დაბრუნებისა და ისევ ძალაუფლების ხელში აღების იმედიც არ ელეოდათ ემიგრანტ მენშევიკებს.

ამასობაში ქართული განძის ამბავი მსოფლიოში გახმიანდა და მაშინვე აფუსფუსდნენ უნიკალურ ნივთებზე მონადირე ცალკე კოლექციონერები თუ ნაციონალური მუზეუმები.

ამ დროს ქართული მინანქრების ერთი ძვირფასი კოლექცია ისედაც უკვე ნიუ-იორკის მუზეუმში მოხვედრილიყო. ადრე, იმპერატორ ალექსანდრე მესამის მოხელეს, ზვენიგოროდსკის მოეგროვებინა საქართველოში ძვირფასი მინანქრები და ორასი ათას მანეთად მიეყიდა ამერიკელებისათვის. და ახლა ნიუ-იორკის მუზეუმს მადა გახსნია, საქართველოს საგანძურის მინანქრებიც შეესყიდა და ამისათვის წარმომადგენელიც გამოეგზავნა მენშევიკთა ლიდერთან. მაგრამ შეიტყო ეს ექვთიმემ, მიუვარდა თავმჯდომარეს და ააღებინა ხელი განძთან დაკავშირებულ ყოველგვარ ყიდვა-გაყიდვის ლაპარაკზე.

შემდეგ ბრიტანეთის მუზეუმის მესვეურებმა გამოიდეს თავი საქართველოს საჭურჭლეთა ხელში ჩასაგდებად, მაგრამ ეს მოლაპარაკებაც ჩაშალა ქართველმა მეჭურჭლეთუხუცესმა.

ყველაზე დიდი საფრთხე კი ქართულ საუნჯეებს შეუქმნა ე.წ. "ობოლენსკაიას საქმემ".

ჯერ გავიხსენოთ სამეგრელოს მთავართა, დადიანთა ბოლო რტო - დავით დადიანი და ეკატერინე ჭავჭავაძე, მერე ამათი ძე ნიკო, სამეგრელოს უკანასკნელი მთავარი, რომელსაც რუსეთში იცნობდნენ "მინგრელსკის" გვარით. მერე ნიკო მინგრელსკის შვილები  - ნიკო ("პატარა ნიკო") და სალომე, ხოლო, სალომე ცოლად ჰყავდა გრაფ ობოლენსკის, რომელიც ბოლოს ოჯახით ცხოვრობდა პარიზში. ჩვენთვის საინტერესო ჟამს, თვითონ ობოლენსკი გარდაცვლილიყო და დარჩენილიყო ქვრივი სალომე ობოლენსკაია.

და აი, ერთ "მშვენიერ დღეს", სალომე დადიან-ობოლენსკაიამ შეიტყო, რომ მარსელში დაბინავებული ქართული განძის დიდი ნაწილი ეკუთვნის დადიანებს - დიდი ნიკოდან პატარა ნიკოს, ხოლო რაკი ამჟამად აღარც "დიდი" და აღარც "პატარა" ცოცხალი აღარაა, დადიანების განძი ეკუთვნის მას, სალომე ობოლენსკაიას!

და მოითხოვა ობოლენსკაიამ მენშევიკური მთავრობისგან "თავისი კუთვნილის" დაბრუნება. ამაზე უარი მიიღო, იმ მოტივით, რომ 1920 წლის 31 დეკემბრის დეკრეტით, დადიანების მემკვიდრეობა სახელმწიფო საკუთრებად ყოფილა გამოცხადებული. მაშინ სალომე ობოლენსკაიამ სასამართლოს მისცა საქმე გასარჩევად და სამართლიანობის დასადგენად.

პროცესი კი შვიდ წელიწადს გაგრძელდა.

შვიდ წელიწადს გაგრძელდა ექვთიმე თაყაიშვილის ბრძოლაც საქართველოს საუნჯეთა, ახლა "ობოლენსკური საფრთხისაგან" გადასარჩენად.

საქმე იმანაც გაართულა, რომ საფრანგეთის მთავრობამ მენშევიკური მთავრობა უკვე მთავრობად აღარ ცნო და ამდენად შეიძლებოდა საფრანგეთის ხელისუფლებას თვითონვე მოეხდინა "უმთავრობოდ" და "უპატრონოდ" დარჩენილი განძის კონფისკაცია. მაგრამ არ ცხრებოდა ექვთიმე თაყაიშვილი. მან საქართველოს მთავრობას წარუდგინა მტკიცედ დასაბუთებული ახსნა-განმარტება, რომ განძი ეკუთვნოდა არა რომელიმე "მენშევიკურ მთავრობას", არამედ თვითონ საქართველოს.

ბოლოს და ბოლოს, 1935 წელს, ობოლენსკაიას ქვრივს მის საჩივარზე უარი ეთქვა. მაგრამ აქვე სასამართლომ გამოიტანა დადგენილება, რომ ქართული საგანძურები შესანახად მიენდო ფრანგ მოხელეს, პიერ ჟოდონს, რომელსაც აქამდე მიბარებული ჰქონდა რუსეთიდან ემიგრირებული განძი. და, ბოლოს და ბოლოს, ისევ ჟოდონის ინიციატივით, ქართული განძი, 39 ყუთი, მარსელიდან პარიზში ჩამოიტანეს და ბანკში დააბინავეს.

ობოლენსკაია დამარცხდა. მაგრამ ქართულ განძს ახალი საფრთხე გასჩენოდა, რამდენადაც იგი საკონფისკაციოდ გამზადებული რუსული ქონებისთვის მიუერთებიათ. მაგრამ ისევ არ ეძინა ექვთიმე თაყაიშვილს. მან 1935 წლის 9 აპრილს საქართველოში წერილი აფრინა განათლების კომისარიატის სამეცნიერო დაწესებულებათა უფროსთან, პროფესორ ვუკოლ ბერიძესთან. ჯერ დაწვრილებით სწერდა, რაც გადახდა განძს საქართველოდან წაღების დღიდან ამ წერილის დაწერის დღემდე და განაგრძობდა: "ნივთები უპატრონოდ არის გამოცხადებული.

მე აღარა მაქვს საშუალება და უფლება ნივთების დაცვასა და ჯეროვნად შენახვას მეთვალყურეობა გავუწიო, ნებაც რომ მქონდეს, ფიზიკური მდგომარეობა არ მაძლევს ამის საშუალებას. მოვხუცდი, ფეხიც დამიშავდა, ძლივს დავდივარ. დღეს ვარ, ხვალ აღარ ვიქნები და ჩემთვის მეორე სიკვდილი იქნება, თუ ის ნივთები ან მისი ნაწილი დაგვეკარგება; თქვენ უწყით, თუ რა წილი მიდევს მე მათ შეკრებაში და მათი დღევანდელი მდგომარეობა მტანჯავს, ვერ დავმშვიდდები, მანამ ის ნივთები საქართველოს არ დაუბრუნდება და მუზეუმს არ ჩაბარდება..."

გასაოცარი იყო მისი გაუტეხლობა - სიღატაკეში მცხოვრები მოხუცი ხეიბრისა, მარტოხელა ამბოკარისა (მეუღლე, ნინო, გარდაეცვალა 1931 წელს). მაინც რომ ყველაფერს ასწრებდა, ყველაფერს ეხმაურებოდა - იქაც, "საფრანგეთის ქართველობაში" და აქაც. "ნამდვილ საქართველოში". იმავე 1935 წელს თბილისის უნივერსიტეტს ბიბლიოთეკა გამოუგზავნა - ბორჯომიდან ადრე წაღებული ბიბლიოთეკა.

ქართველი ხიზანი დაბეჯითებით უმტკიცებდა საფრანგეთის ხელისუფალს, რომ ქართული განძი არ ეკუთვნის მენშევიკურ მთავრობას, არამედ მხოლოდ ქართულ მუზეუმებს. ქართულ განძს არც არავითარი კავშირი არა აქვს უპატრონოდ დატოვებულ რუსულ ქონებასთან, რადგან იგი დროებით ევაკუირებულია არა რუსეთიდან, არამედ დამოუკიდებელი საქართველოდან, თანაც ევაკუირებულია საფრანგეთის დესპანის რჩევით და ხელშეწყობით, და ბოლოს და ბოლოს, ქართული განძი უნდა დაუბრუნდეს თავის კანონიერ პატრონს, ქართველ ხალხს, საქართველოს მუზეუმებს.

საფრანგეთის მთავრობის თავმჯდომარემ დუმილით უპასუხა. სამაგიეროდ, პასუხი მიიღო საქართველოდან. ვუკოლ ბერიძე ატყობინებდა,  "უკვე გადაიდგა სათანადო სასწრაფო ნაბიჯი აღნიშნულ სიძველეთა საბჭოთა საქართველოში დაბრუნებისათვის". თან, ქართველი მეცნიერების სახელით ეს უკვე მესამედ სთავაზობდნენ, შენ თვითონაც მობრუნდი სამშობლოშიო.

მაშინვე მოსწერა წერილი ვუკოლ ბერიძეს: მთავარი ჩემი დაბრუნება კი არ არის, არამედ - "ერთადერთი მიზანი ეხლა ჩემი ის არის, როგორმე ეს ნივთები უკლებლად ჩაგაბაროთ და ჩემი მისია გათავებული იქნება", მე კი სადაც არ უნდა ვიყო, სულით და გულით თქვენთან ვარ; მანდაც რაღას გამოგადგებით, დავბერდი, დავძაბუნდი და თქვენთვის ზედმეტი ბარგი ვიქნებიო...

...დრო კი ვიდოდა.

1940 წლის 14 ივნისს გერმანელები შედიან პარიზში. დგება შიმშილი. ყინვა. ავადმყოფობა.

მოხუცი ქართველი დადგენილი 100 გრამი პურის ამარად დარჩა. შიმშილობდა, ავადმყოფობდა, მიწას მაინც აწვალებდა, კარტოფილისთვის, მწვანილისთვის, პამიდვრისთვის, როგორც იქნა, თხა გაიჩინა ერთადერთ მარჩენლად.

გერმანელებს უკვე შეეტყოთ ქართული განძის არსებობა, ექვთიმეს ჩაგონებით, ჟოდონმა ქართული განძი ბანკიდან იდუმალ გააპარა და ვერსალის სასახლის ერთ ბნელ სარდაფში ჩააწყო და ზემოდან ნაფოტით, ნაგვით და ნაშალი ბათქაშით დაფარა.

...1944 წლის დეკემბერი.

მოსკოვში ჩადის საფრანგეთის ახალი ხელისუფლების მეთაური, გენერალი შარლ დე გოლი. შეხვედრა სტალინთან.

თვითონ დე გოლმა ჩამოუგდო სიტყვა სტალინს საფრანგეთში დაცულ ქართულ საგანძურთა თაობაზე...

...1945 წლის 11 აპრილი.

თბილისის აეროდრომზე ეშვება პარიზიდან მომავალი თვითმფრინავი. ტრაპზე მძიმედ ეშვება დიდებული მოხუცი, და ამბობს მთრთოლვარე ხმით: "ახლა შემიძლია ვთქვა, რომ შევასრულე ჩემი ვალი სამშობლოსა და ხალხის წინაშე".

დასრულებულიყო წამება ქართული საგანძურებისა. დასრულებულიყო წამება ექვთიმე თაყაიშვილისა. ახლა უკვდავება იწყებოდა...

1863 წლის 5 იანვარი. გურია, ოზურგეთის მაზრა. სოფელი ლიხაური. აზნაურ სვიმონ თაყაიშვილის ოჯახში დაიბადა მესამე ძე, რომელსაც სახელად დაარქვეს ექვთიმე.

მოწამებრივი ცხოვრებით სვლა დაბადებითვე ბედად დაჰყვა ახალნაშობ ყრმას. დაბადებიდან მეხუთე დღეს მოუკვდა მამა, მეხუთე წელს დედა მის ლოგინში, მისსავე მკერდზე მიხუტებული მოკვდა და ამრიგად, დედობის ღვთაებრივი მადლისაგან მისი გაცივებული სხეულის განცდის გარდა სხვა აღარაფერი შემორჩენია.

და კიდევ - ყრმობის ჟამსვე, სამი წლისამ, მარჯვენა ფეხი მოიტეხა, და სამუდამო კოჭლადვე დარჩა. დედმამიშვილებსა და სანათესავოს მისი კოჭლობისა ეუხერხულებოდათ და სტუმრად "გამოჩენა" ერცხვინებოდათ...